"როგორ გული დამწყვიტე, ხვალ შენი დაბადების დღეა, ცრემლები მომდის" - ვინ არიან ავტოავარიაში დაღუპული პოლიციელები - კვირის პალიტრა

"როგორ გული დამწყვიტე, ხვალ შენი დაბადების დღეა, ცრემლები მომდის" - ვინ არიან ავტოავარიაში დაღუპული პოლიციელები

დღეს, დილის საათებში უმძიმესი ტრაგედია მოხდა რიკოთის უღელტეხილზე. ავტოავარიაში იმერეთის საპატრულო ეკიპაჟის წევრები მოყვნენ და ამ უმძიმეს ფაქტს სამწუხაროდ, სამი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი ძალოვანი, მათი კოლეგა დაშავდა და ახლა ის კლინიკაშია გადაყვანილი, ასევე დაშავებულია მეორე ავტომანქანის მძღოლიც. ორივე მათგანი კლინიკაში იმყოფება.

მომხდარი ავარიის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ. პროკურატურამ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა:

"12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანისა და FORD TRANSIT“-ის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

სოციალური ქსელი უკვე გაივსო ტკვილიანი სტატუსებით. დაღუპულებს შორის არის პოლიციელი, ბაღდათელი კახა ბაღდავაძე. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში.

275280941-642074266885154-205575689803921488-n-1647114520.jpg

"ნათელში იყოს შენი სული უფროსო მეგობარო და ოქრო ადამიანო. თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ამბის გაგება. ახლაც ვერ ვიჯერებ და შოკირებული ვარ. ღირსეული პიროვნება და საამაყო პოლიციელი იყავი. მე, როგორც მომავალი სამართალდამცველი, ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი მაგარი ადამიანი იყო და იქნება მუდამ ამ დიდი ოჯახის ნაწილი. მუდამ გვემახსოვრები და მუნდირს ისე ღირსეულად დავიცავთ და ვატარებთ, როგორც ამას შენ აკეთებდი. როგორც შენ გაგიხარდებოდა.

ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას, ჩვენს სტრუქტურას და საქართველოს", - წერს სოციალურ ქსელში მისი ერთი კოლეგა ჯუნა ბახტაძე.

როგორც სტატუსებიდან ჩანს, კახას ხვალ დაბადების დღე ჰქონდა. "კახა, ჩემო გულით მეგობარო, როგორ გული დამწყვიტე, ხვალ შენი დაბადების დღეა, ცრემლები მომდის, საავადმყოფოში ვარ, ცუდათ გავხდი ჩემო როლანდიჩ", - წერს კახას მეგობარი - გელა ლეჟავა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით კახას ნათესავს, რომელიც შეძრულია ამ ამბით:

"საოცრად კარგი ადამიანი იყო კახა. ჩემი ნათესავია, შეძრული ვარ ამ ამბით. უდიდესი ტკივილია და დაუჯერებელია, რომ სიცოცხლით სავსე კახა ცოცხალი აღარ არის. სოციალური ქსელით შევიტყვე მისი გარდაცვალების ამბავი, ფოტო დაიდო და მერე მითხრეს, რომ ეს სიმართლეა. კახა მთელი სანათესაოს ტკივილია. ყველას სული და გული, პატიოსანი და ერთგული ადამიანი იყო, ოჯახის საოცრად მოსიყვარულე. ისეთი წყნარი და მშვიდი ბუნების იყო... კახა ბაღდათელია, იქ ცხოვრობს მისი ოჯახი. ძალიან გვატკინა გული", - გვითხრა მან.

275423623-1237987239941237-7436653072513979364-n-1647114521.jpg

"ყველაზე თბილი და მორიდებული კაცი იმერეთის საპატრულოში კახა და მასთან ერთად გარდაიცვალა მიშა მაჩიტიძე"- წერს კიდევ ერთი პოლიციელი.

"ჩემ თვალწინ მოხდა ეს საშინელი ავარია, ღმერთო, ეს არ მენახა და არ მომხდარიყო საერთოდ, ვუსამძიმძიმრებ მათ ოჯახებს, უფალმა დაუმკვიდროს მათ სასუფეველი", - წერს კიდევ ერთი ადამიანი.

კახა ბაღდავაძესთან ერთად გარდაცვლილები არიან მიშა მაჩიტიძე და მურმან ლეჟავა. სამივე მათგანი საპატრულო პოლიციის იმერეთის ეკიპაჟის თანამშრომლები იყვნენ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, ავარიის მიზეზებს სამართალდამცვები დაადგენენ.

"ფეისბუქგვერდზე" 112 Police Officers 911 პოსტი ვრცელდება, რომელიც დღეს დაღუპულ პოლიციელებს ეძღვნება.

“ამ ბიჭებმა დღეს ბევრ კითხვას გასცეს პასუხი… ამ ბიჭებმა დღეს დაამტკიცეს ბევრი რამ… ეს ბიჭები გმირები არიან… ამ ბიჭებმა სამშობლოს ერთიანობას, სამშობლოს მართლწესრიგის დაცვას და მშვიდობიანი ქვეყანისთვისთვის ბრძოლაში დაკარგეს თავიანთი სიცოცხლე, ფორმა ჩაიცვეს, ოჯახებიდან გავიდნენ და ვერ დაბრუნდნენ და რატომ იცით? იმიტომ, რომ ყველა თქვენგანისთვის ეზრუნათ, ყველა თქვენგანს დაგხმარებოდათ, ყველა თქვენგანის ჭირი გაეზიარებინათ და ერთად მოგეგვარებინათ ყველა პრობლემა.

ყოველთვის ვიძახოდი, რომ პოლიციელი გმირია. ყოველთვის ამაყი ვიყავი საქართველოს პოლიციით და ეს ყოველთვის ასე იქნება. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და გავიზარდე.

ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან თავი გასწირონ ნებისმიერი ადამიანის გადასარჩენად და ვინც ამ ყველაფერს ვერ ხედავს, უბრალოდ არაფერი მაქვს მათთან სალაპარაკო.

ამ ბიჭებსაც ხომ უნდოდათ სიცოცხლე, ამ ბიჭებსაც ჰყავდათ ოჯახები, მაგრამ ეგ არის ჩვენი მინუსი _ დაუფასებლობა, უკმაყოფილება, თვალში ნაცარის შეყრა და კიდევ უამრავი ნეგატიური განწყობა პოლიციის მიმართ.

როდესაც ადამიანი პოლიციელის ფორმას იცვამს, მას კარგად აქვს გააზრებული, თუ რა შეიძლება მოხდეს. როგორი მუშაობა შეიძლება ჰქონდეს. ისიც იცის, ნებისმიერი გამოძახების შემდეგ შეიძლება სახლში ვერ მივიდეს და ოჯახს ვერ მოეფეროს, შვილებს, დედას, მამას, დას, ძმებს. ვიბრძვი იმიტომ, რომ მინდა დააფასოთ ეს ხალხი. მინდა შეხედოთ იმ კუთხით, როგორც მე ვუყურებ ამ ხალხს. მინდა დაინახოთ, უბრალოდ, ის, რასაც აკეთებენ, მეტი არაფერი. არაფერი გადამეტებული.

ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, ბიჭებო, გმირები ხართ, ჩემსა და კიდევ უამრავი ადამიანის თვალებში. გმირებად დატოვეთ ამქვეყნიური წუთისოფელი”.

„მიშიკო შენნაირი ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ, ყველას ტკივილი ხარ“_ წერს მიშიკო მაჩიტიძის ახლობელი.

უამრავ ტკივილიან სტატუსს წავაწყდი: „ყოველთვის ტკბილად გაგიხსენებ, მასწავლებელო, მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - წერს მიშიკოს ერთ-ერთ მოსწავლე.

როგორც შევიტყვეთ, მიშიკო მაჩიტიძე ადრე სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა და ყველა მოსწავლეს უყვარდა. მთელი საქართველო გლოვობს მათ.

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, კოლეგებს და ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)