"კლინიკაში შემოყვანისას 9 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო" - სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს - კვირის პალიტრა

"კლინიკაში შემოყვანისას 9 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო" - სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვი გორში, კლინიკა "გორმედში" ჩატარებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, კატასტროფული მედიცინის ჯგუფმა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადმოიყვანა.

"გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს.

"კლინიკაში შემოყვანისას 9 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო, ფიქსირდებოდა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ღვიძლისა და ელენთის დაზიანებით. ბავშვს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც მოხდა მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტის მდგომრეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

შეგახსენებთ, გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან, დღეს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 8 წლის ბავშვია. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.