"სადღაც ბუნკერში რომ იქნებიან, მე ამ იმედით ვცოცხლობ დღეს" - მარიუპოლში ქართველ ბავშვებს და მათ დედას ეძებენ - კვირის პალიტრა

"სადღაც ბუნკერში რომ იქნებიან, მე ამ იმედით ვცოცხლობ დღეს" - მარიუპოლში ქართველ ბავშვებს და მათ დედას ეძებენ

"ვინც დამეხმარება, ყველასი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება, ჩათვალეთ, რომ ცხოვრება ახლიდან დამეწყება"

"დათო და მარიამი დედით უკრაინელები არიან, მამით ქართველები, ბავშვებზე ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს ბავშვების მამას, გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, იქნებ ვინმეს ახლობელი, ნაცნობი, ნათესავი იყოს ამ ქალაქში და ვინმემ რამე იცოდეს მათზე - როგორ არიან, სად არიან და ბავშვების მამას გავაგებინოთ რამე. ბოლოს ისინი იმყოფებოდნენ მისამართზე: მარიუპოლი, მშენებელთა პროსპეკტი, 177. ბინა 55 და ბავშვების დედას ანიას უკავშირდებოდნენ ნომერზე +380 935440147, თუმცა 5 მარტის შემდეგ ვეღარ ხდება მათთან კონტაქტი. ბოლოს აღარც საკვები ჰქონდათ, არც ბუნებრივი აირი და არც დენი. გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. ვისაც გყავთ ამ მხარეში ვინმე და თუ რამე ინფორმაციას გაიგებთ, დაუკავშირდეთ ბავშვების მამას ნიკოლოზ ბურჭულაძეს ფეისბუქ გვერდზე, ან ტელ : +995597970286.

ერთად დავეხმაროთ ნიკას თავისი პატარების პოვნაში. იქნებ ვინმესთან, თქვენს ნაცნობთან ერთად არის სადმე ბუნკერში და უბრალოდ, ტელეფონი აღარ აქვთ, გთხოვთ, კარგად დააკვირდით ფოტოს და მათი ამოცნობის შემთხვევაში დაუკავშირდით ბავშვის მამას", - ეს სტატუსი დღეს სოციალურ ქსელში ალბათ უამრავმა ადამიანმა ნახა და წარმოუდგენელია, ეს ამბავი გულთან არ მიიტანო. მით უფრო, როცა რამდენიმე დღეა მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე მედია მუდმივად საუბრობს და ყველამ იცის, რომ სიტუაცია იქ ურთულესია.

ukraina-1647157751.jpg

ვიცით, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას. ამ დრომდე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნკერებს აფარებს თავს, კომუნიკაცია ქალაქთან არ არის და ამიტომ, ბევრ ადამიანს ოჯახის წევრებზე არა აქვს ინფორმაცია. ძალიან ღელავს საქართველოში მყოფი ნიკოლოზ ბურჭულაძე. ის 5 მარტიდან ეძებს უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში მყოფ თავის ორ მცირეწლოვან შვილს და მეუღლეს. მან აბსოლუტურად ყველა გზას მიმართა იმისთვის, რომ მათი ადგილსამყოფელი გაეგო, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ეძებს ოჯახის წევრებს და ყველას დახმარებას სთხოვს.

ნიკოლოზ ბურჭულაძე:

- ბოლოს 5 მარტს ვეკონტაქტე მათ. სახლში იყვნენ, ამ დროს დაბომბილი არ იყო მარიუპოლი, მაშინ დაიწყო აფეთქებები და სროლები, მაგრამ ქალაქიდან გამოსვლა ვერ ხერხდებოდა. სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდე ვეუბნებოდი მეუღლეს გამოსულიყვნენ, მაგრამ არ სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მერე უკვე, ისეთი ვითარება შეიქმნა, ვეღარ ახერხებდნენ გამოსვლას. მარიუპოლში, შიგნით ქალაქში არიან. ახლა ისინი სად იმალებიან, არ ვიცით. მე რომ ბოლოს ველაპარაკე, სახლში იყვნენ. რომ ვიცოდე ბუნკერში არიან, ასეთ ხმაურს არ ავტეხდი. 2 დღე რომ ვერ დავეკონტაქტე, კონტაქტზე რომ ვერ გამოდიოდნენ, მერე ავტეხე განგაში. იქ ყველა ნაცნობს დავეკონტაქტე, მაგრამ არავინ არაფერი იცის. სახლი გადაამოწმეს, საბედნიეროდ სახლი დანგრეული არ არის, ირგვლივაც დგას სახლები, მაგრამ იმ ბინაში მისულებს იქ არავინ დახვდა. არსად არიან, ალბათ იმალებიან სადმე და ვეძებთ, მაგრამ ჯერ კვალს ვერ მივაგენით.

- საქართველოს საელჩოს უკვე აცნობეთ?

- აბსოლუტურად ყველა საქმის კურსშია, უკრაინის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთელი ქართველი მებრძოლები ჩავრთეთ, იქნებ მათი დახმარებით გვეპოვა ისინი. ყველა საქმის კურსშია და ყველა ეძებს, ყოველდღე ამოწმებენ სახლებს მარიუპოლში, მაგრამ ვერსად პოულობენ. მარიუპოლში მათ სახლთან ახლოს იყო აფეთქებები და ეტყობა გადაწყვიტეს სადმე შეეფარებინათ თავი. თავის შეფარებას ვვარაუდობ, მაგრამ რა ვთქვა, არ ვიცი. ამ დრომდე ვერ ვპოულობთ.

- რამდენი წლის არიან თქვენი შვილები?

- გოგონა, მარიამ ბურჭულაძე 8 წლის არის, დავითი - 6 წლის. უნდა წამოსულიყვნენ აქეთ, მაგრამ მეუღლემ არ დაიჯერა, რომ ეს მოხდებოდა.

- სადმე სოფელი ხომ არ აქვთ, ან იქნებ რომელიმე ახლობელთან შეაფარეს თავი?

- აგარაკი აქვთ, მაგრამ ის ადგილი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის და იქ არ გადავიდოდნენ. მეუღლე 2014 წლიდან მარიუპოლში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც დონეცკის ამბები დაიწყო, იძულებულები გახდნენ დონეცკში სახლი მიეტოვებინათ და მარიუპოლში ბებიასთან და ნათესავებთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად. მერე სახელმწიფომ სახლი მისცა მარიუპოლში და იქ იყვნენ, ხან აქ, საქართველოში ჩამოდიოდნენ, ხან მე ჩავდიოდი იქ. ნათესავები, მეგობრები ყველა ერთმანეთს ვეკონტაქტებით, მაგრამ მათზე არავინ არაფერი იცის.

- იქნებ სატელეფონო კავშირია გაწყვეტილი, ბუნკერში არიან და იმიტომ ვერ გიკავშირდებიან?

- ყველამ იცის, რა ვითარებაა მარიუპოლში. ქალაქი მთლიანად იბომბება. ვერ ხერხდება იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა. ყველა საელჩო მზად არის მარიუპოლიდან ხალხი გაიყვანოს, მაგრამ არც ერთ მოქალაქეს არ აქვს ამის საშუალება. ახლა როგორც ვიცი, ერდოღანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ქალაქიდან თურქების გასაყვანად, როგორ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, არ ვიცი. თუ თურქების გაყვანა მოხდება, იქნებ, სხვებმაც შეძლონ იქიდან ხალხის გამოყვანა. მარიუპოლში კავშირიც გაწყვეტილია. აბსოლუტურად დახშულია ყველაფერი.

თუ ბუნკერში არიან, ფიზიკურად ამდენი ხანი ტელეფონიც ვერ გაძლებდა, დაუჯდებოდათ მობილურები. როგორც ვიცი, ახშობენ მობილურ კავშირს მარიუპოლში რუსი ოკუპანტები და დენიც რომ მოვიდეს, ტელეფონიც რომ დატენონ, შეიძლება კავშირი მაინც ვერ აღდგეს. სადღაც ბუნკერში რომ იქნებიან, მე ამ იმედით ვცოცხლობ დღეს.

ყველას ვთხოვ დახმარებას, ვინც დამეხმარება ყველასი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება, ჩათვალეთ, რომ ცხოვრება ახლიდან დამეწყება, ეს იქნება ჩემთვის უდიდესი დახმარება.

პ.ს. იქნებ ვინმემ შეძლოს ამ ოჯახის დახმარება. იმედია, ეს გაურკვევლობა მალე დასრულდება, სახელმწიფო და ადამიანები ამ ოჯახს დაეხმარება და მალე, სამშვიდობოს იქნებიან უვნებელი და ჯანმრთელები მარიამი, დათო და მათი დედა.

(სპეციალურად საიტისთვის)