აშშ-ს ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს - კვირის პალიტრა

აშშ-ს ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს

აშშ-ს ჰელსინკის კომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად (MNNA) დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი ავრცელებს.

ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

"იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებს“, - წერს კომისია.

კომისია წერილში ასევე რეკომენდაციას აძლევს, რომ ადმინისტრაციამ განიხილოს სტატუსის გავრცელება ნატოს სხვა არაწევრებისთვის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე: ფინეთი, მოლდოვა და შვედეთი.

ამასთან წერილის თანახმად, ქვეყნის MNNA სტატუსის მინიჭება გამოიწვევს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის გაზიარების გაადვილებას. ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ასევე თბილისს. ნატოს წევრობისგან განსხვავებით, MNNA-ის სტატუსი არ შეიცავს რაიმე ორმხრივ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულებებს.

ჰელსინკის კომისია, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, დაარსდა 1976 წელს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო. კომისია შედგება აშშ-ს კონგრესის 18 წევრისაგან.

"ინტერპრესნიუსი"