"8 წლის ნიკოლოზი, გარდაცვალების წინა დღეს მასწავლებელთან მისულა, ჩაეხუტა და უთქვამს..." - რას ჰყვებიან შავშვებთან დაღუპული ექიმის ოჯახზე ახლობლები - კვირის პალიტრა

"8 წლის ნიკოლოზი, გარდაცვალების წინა დღეს მასწავლებელთან მისულა, ჩაეხუტა და უთქვამს..." - რას ჰყვებიან შავშვებთან დაღუპული ექიმის ოჯახზე ახლობლები

საქართველოს ავტობანზე ერთდროულად მომხდარმა ორმა ავტოკატასტროფამ, რა დროსაც 7 ადამიანი გარდაიცვალა (3 პოლიციელი და ექიმ ვალერი ნინიკაშვილის ოჯახის 4 წევრი), უამრავი ადამიანი შეძრა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

ავტოკატასტროფის დროს ექიმ ვალერი ნინიკაშვილის ავტომანქანა სოფელ შავშვებთან გადავარდა ავტობანზე მოძრაობისას. შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ოჯახის ხუთი წევრიდან ოთხი დაიღუპა: ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი დედა ლია ნინიკაშვილი, მეუღლე თეა კაპანაძე და უმცროსი ვაჟი, 8 წლის ნიკოლოზ ნინიკაშვილი. დღეს ზესტაფონში, სადაც ამ ოჯახს ყველა იცნობდა, გლოვაა. აქ ამ ტრაგედიის სიტყვებით გადმოცემა უჭირთ.

როგორც თეა კაპანიძის კოლეგამ, თეო თელიამ გვითხრა: "ამ შოკის გადმოცემა შეუძლებელია, მხოლოდ ოჯახს კი არა, მთელ რაიონს ვუსამძიმრებ ამ ტრაგედიას. შემიძლია გითხრათ, რომ არ მეგულება ამ ოჯახის და პირადად თეას გვერდით მყოფი ადამიანი, რომლისთვისაც თეას დახმარების ხელი არ გაეწვდინოს. თავად მე სულ რაღაც პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც გვერდით დამიდგა და ჩემი საქმე შემაყვარა; მისი სახით, მთელი სიცოცხლე სანიმუშოდ დამრჩება, როგორი უნდა იყოს ადამიანი, კოლეგა, დედა და მეუღლე".

ასევე უჭირთ ამ ტრაგედიის გადმოცემა, ზესტაფონის საყავრიას უბანში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა და სადაც მათზე ასევე ერთ-ერთი ახლობელი (რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა) საუბრობს:

- ასეთ ტრაგედიებზე სიტყვების მოძებნა მართლა ძნელია. დღეს ამ ოჯახის ახლობლებიდან არც მეგულება ვინმე, რომელიც მათი ადამიანობის თუ პროფესიონალიზმის შესაფერის სიტყვებს გამოძებნის. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ზესტაფონს ის ხალხი დააკლდა, რომელიც დღეს, ადამიანური სიკეთის გამომჟღავნების დეფიციტის პირობებში, უშურველ სიკეთეს არიგებდნენ ირგვლივ. ვალერის, როგორც ექიმის სახელზე უამრავი გადარჩენილი სიცოცხლეა, მაგრამ არანაკლები სიკეთის გამცემი იყო, მისი მეუღლე თეა. მას საერთოდ, მთელი ზესტაფონი იცნობდა. არც კი მეგულება ადამიანი, რომელსაც მისთვის მიუმართავს და არ დახმარებია ან რჩევით, ან ფიზიკურად მხარში დგომით. რაც უნდა დაღლილი ყოფილიყო, თეას ღიმილი ან კეთილი სიტყვა არ ენანებოდა. ყოველთვის ამბობდა, - ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და არ მესმის, რატომ არ უნდა მოვეფეროთ ერთმანეთსო.

თავად ხომ ყველას ეხმარებოდა, რაც შეეძლო, მაგრამ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი, თავის პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში, სხვისი შვილისთვის დახმარებასაც ითხოვდა. მისი შვილებიც ასეთები იყვნენ, ბავშვებს რომ ვუყურებდი, თითქოს სიკეთით ბრწყინავდნენ, მზად იყვნენ, რომ სითბო გაენაწილებინათ.

8 წლის ნიკოლოზი, რომელიც ახლა უკვე თავის დედიკოსთან არის იმქვეყნად, გარდაცვალების წინა დღეს მასწავლებელთან მივიდა და ჩაეხუტა - მას, არ იდარდო, მე ვიცი, რომ უკრაინაში ომი დამთავრდებაო. როგორც ჩანს, ბავშვმა მასწავლებელს ამ ამბავზე დარდი შეატყო და მისი დარდი გაინაწილა.

ზოგადად, ამ ოჯახს ისედაც გაჰყვა ამ ომის დარდი - თეას და უკრაინაში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად და დღეს განსაცდელშია. თითქოს მთელი ზესტაფონი ცდილობდა, რომ სოციალურ ქსელში ამ უბედურებაზე არ დაეწერა, რომ უკრაინაში თეას დას ამაზე არ გაეგო, მაგრამ ასეთი ტრაგედიები არ იმალება…

- რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავტოკატასტროფის მიზეზი?

- ამას ექსპერტიზა დაადგენს. მე რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ვალერი მოძრაობის წესებს არასოდეს დაარღვევდა, ეს გამორიცხულია. მით უფრო, რომ შვილები, ოჯახი იჯდა ავტომანქანაში. ისინი, თუ არ ვცდები, თბილისში მიდიოდნენ, ვალერის დისშვილის ნიშნობაზე. ალბათ, ავარიის მომენტში ვალერის ჯანმრთელობაში მოხდა რაღაც... მანქანა ისე ამოტრიალდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერავინ შეძლო.

- ოჯახის უფროსი შვილის, 10 წლის მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- როგორც ვიცი, საბედნიეროდ, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საბედნიეროდ, მას არ ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მოტეხილობები. ეს ერთადერთი შვებაა ამ ტრაგედიაში.

(სპეციალურად საიტისთვის)