საფერავი, ახაშენი და მუკუზანი "ფაფრის მინდვრის“ ვენახებიდან - კვირის პალიტრა

საფერავი, ახაშენი და მუკუზანი "ფაფრის მინდვრის“ ვენახებიდან

„ჩემთან ვენახში ცუდი სიტყვა რომ თქვა, არ შეიძლება. იქ რომ შედიხარ, უნდა იმღერო, იღიღინო - მასთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. ვენახი გამორჩეული ადგილია, აქ ყველაფერი ცოცხალია, მგრძნობიარე... ღვინოს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია - ყურძენი საიდან არის, რამდენი ხნის ვენახია, რა ხელით არის დაკრეფილი...“

ექიმი-ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ ინგლისის, შემდეგ ავსტრალიის ცნობილ კლინიკებში, არცთუ დიდი ხნის წინ კი ოთხი შვილის მამა სამშობლოში დაბრუნდა და სოფელ ახაშენში მეურნეობას უვლის. მეღვინე-მევენახეობას კარგად აუღო ალღო და გამოცდილებაც დაუგროვდა. საქმეს 88 წლის მამასთან, გურამ ანდრონიკაშვილთან ერთად უძღვება. ბიოვენახი გამორჩეულ მიკროზონაში, "ფაფრის მინდორზე" აქვთ.

ლევან ანდრონიკაშვილი:

- ეს მიწა 15 წლის წინ შევიძინეთ - ჩვენი წინაპრებისთვის ჩამორთმეული მამულები დავიბრუნეთ. იმის მერე მამა იქ არის და შრომობს. საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, მისი იდეით წამოვიწყეთ - ღვინო ძველი კახური ტრადიციით ჩვენც დავაყენოთო.

- თუმცა ფერმერობამდე ინგლისსა და ავსტრალიაში კლინიკებში დიდი გამოცდილება მიიღეთ...

- მანამდე აქ ნევროლოგი გახლდით, პოლიკლინიკასა და ნევროლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. მერე კლინიკურ ნევროლოგიაში ერთწლიანი კურსის გავლა შემომთავაზეს. გამოცდები ჩავაბარე და სასწავლებლად, ოთხი ბავშვით და მეუღლით, ინგლისში წავედი. იქ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, საბჭოთა კავშირიდან კი მე ერთადერთი ვიყავი. შემდეგ სამსახურიც ვიშოვე, სადაც ფსიქიატრიით დავინტერესდი. მომეწონა, რაღაც სხვაგვარი მიდგომა იყო და არც მეგონა, თუ ამდენი ფსიქიატრიული დაავადება არსებობდა.

1997 წელს ავსტრალიაში აღმოვჩნდი. იქ გასამგზავრებლად სერიოზული გამოცდის ჩაბარებამ მომიწია და ოჯახთან ერთად ისევ გზას დავადექი. მოვხვდი უძველეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ეს დარგი ავსტრალიაში უფრო მომეწონა, განსაკუთრებით - ფსიქიატრიულ პაციენტებთან მიდგომა.

საქართველოში 2021 წელს დავბრუნდი, დედის ჯანმრთელობის გამო. ბავშვები ავსტრალიაში გაიზარდნენ, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეები არასდროს ვყოფილვართ, სულ კონტრაქტით ვმუშაობდი. რამდენიმე წელიწადი სამ-სამი თვით ყურძნის დაკრეფა-დაბინავების დროს ჩამოვდიოდი. როცა საბოლოოდ დავბრუნდი, ღვინის სხვადასხვა კურსი გავიარე.

gvino2-1647170102.jpg

- ფსიქიატრიის შემდეგ ღვინოს სწავლობთ. როგორია მისი "ფსიქიკური" მდგომარეობა?

- ჩემთან ვენახში ცუდი სიტყვა რომ თქვა, არ შეიძლება. იქ რომ შედიხარ, უნდა იმღერო, იღიღინო - მასთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. ვენახი გამორჩეული ადგილია, აქ ყველაფერი ცოცხალია, მგრძნობიარე... ღვინოს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია - ყურძენი საიდან არის, რამდენი ხნის ვენახია, რა ხელით არის დაკრეფილი... მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

ჩემი ოჯახის გამოცდილებით ასეა - ბაბუაჩემი ყოველთვის სადილზე ერთ ჭიქა წითელ ღვინოს სვამდა, მერე კი საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ჰყვებოდა. ერთი ჭიქა წესიერად და კარგი გულით დაყენებული ღვინო წამალივით არის. ეს არის ის, რაც არ დაგვაზიანებს, ჩვენს ფიქრებს, ემოციურ მდგომარეობას, ნერვებს უფრო ფილოსოფიურად მომართავს. დაგვანახებს, რომ რაზეც ზოგჯერ უაზროდ ვნერვიულობთ, მართლაც არ არის სანერვიულო; რომ საფიქრალი უფრო სხვა რამ არის. ფასეულობებს გადაგახედებს, საკუთარ თავში ბევრ რამეს შეგაგრძნობინებს და ახალს აღმოგაჩენინებს.

- თქვენი მეურნეობა ბიომიმართულებისაა?

- მამაჩემმა, როცა ამ საქმეს იწყებდა, თქვა, თუ რამეს გავაკეთებთ, უნდა შევინარჩუნოთ ვენახის ძველი ტრადიციებიო. ვენახსაც და ღვინოსაც ბიოსერტიფიკატი აქვს. ორგანიზაცია, რომელმაც ეს მოგვანიჭა, წელიწადში რამდენჯერმე მოდის, ხან მიწის ანალიზს იღებს სხვადასხვა ადგილას და სერტიფიკატი ყოველწლიურად ახლდება.

gvino3-1647170102.jpg

- როგორ უვლით ბიომეურნეობას?

- ჩვენი მოვლის წესები მაინცდამაინც არ განსხვავდება ჩვენი„ წინაპრების მოვლის წესებისგან. იწამლება კირით, შაბიამნით. ვენახში მიწას არ ვხნავთ. ნიადაგთან ნებისმიერი ასეთი შეხება იქიდან გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს, რაც მცენარეს სჭირდება. არ მინდა, ნიადაგმა ნივთიერებები დაკარგოს. თავიდან გვეუბნებოდნენ, ამას ვერ გააკეთებთო, არადა, უკვე 12 წელიწადია, ბიოსერტიფიკატი გვაქვს.

რამდენიმე წლის წინ შვეიცარიიდან ჭიამაიები შემოვიყვანეთ - ვენახის მავნებლების კვერცხებს ანადგურებენ, და პატარა სპეციალური ჭიებიც, რომლებიც ვირუსული დაავადებისგან იცავენ.

- ესე იგი, ასე მკურნალობთ?

- არ ვმკურნალობთ. თუ მკურნალობა დასჭირდა, ესე იგი, პრობლემა უკვე შორს არის წასული. საქმე იქამდე არ მიმყავს, რომ სამკურნალო გახდეს...

- თურმე არც რწყავთ...

- არა და ამიტომაც არის, რომ 1 ჰექტარზე 3,5-4 ტონა ყურძენი მოდის. ვინც რწყავს, 15 ტონა მოჰყავს. კარგი ღვინო მხოლოდ კარგი ხარისხის ყურძნისგან იწურება. ჩვენი მიკროზონა ამაში ხელს გვიწყობს. ტრადიციული ქართული ჯიშები - საფერავი, რქაწითელი და ქისი გვაქვს. საფერავი წითელი ღვინოა, რქაწითელი და ქისი - თეთრი. ვენახი სულ 9 ჰექტარზეა.

- მიკროზონა ახსენეთ და ეს არის "ფაფრის მინდორი", რომელიც, როგორც ჩანს, ყურძნის გემოზე დიდი გავლენას ახდენს.

- დიახ, სპეციფიკური მიკროზონაა... ეს ადგილი ახაშენს ეკუთვნის. აქ მოყვანილი ყურძნიდან შეიძლება დადგეს როგორც "საფერავი", ისე - "ახაშენი" და "მუკუზანი". ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს ერთნაირი ხარისხის, ერთნაირი სიმჟავისა და სიტკბოს ყურძენს ვერ მიიღებ. ამას აქაური მიკროკლიმატი განსაზღვრავს. ალაზნის ველიდან და ცივგომბორიდან მონაბერი ნაკადები ისეთ კოქტეილს ქმნის, რომ ყურძენი ყოველ წელს სხვადასხვანაირია, ამიტომ ღვინოც ყოველთვის განსხვავებულია.

- საექსპორტოდ გზავნით?

- ცოტას. ექსპორტზე ერთნაირი ღვინოები სჭირდებათ. ვინაიდან ჩვენთან ღვინო გემოვნების მიხედვით ცვალებადია, ამიტომ იგზავნება მხოლოდ იქ, სადაც უკვე იციან მისი გემო. მაგალითად, საფრანგეთში ჩვენი მორაგბეები როდესაც თავისუფალ დროს იკრიბებიან, ჩვენს ღვინოს მიირთმევენ.

- მარანი მიკროსაწარმოსავით გაქვთ მოწყობილი.

- დიახ, ჩვენი მარანი მართლაც ღვინის მინისაწარმოს ჰგავს. კარგი ქვევრები გვაქვს, ცალკე - სადუღარები და შესანახები. მარანში არის მუხის კასრები და ცისტერნები. ვენახი მარნიდან 25 მეტრშია. ტრაქტორს ხუთ წუთში მოაქვს დაკრეფილი ყურძენი. უკანა კართან ხვდებიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან და ყურძენს ახარისხებენ. დაჭყლეტილი ყურძენი პირდაპირ ქვევრებში ჩაედინება. ეს არის ტრადიციული კახური ღვინო.

- მედიცინისთვის თუ იცლით?

- ისე აქტიურად არა, თუმცა კერძო პრაქტიკა მაქვს. იმიტომ კი არა, რომ პაციენტთან მუშაობა მენატრება, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მაქვს, დასაკარგავად მენანება და არასწორადაც მიმაჩნია. ზოგჯერ ახალგაზრდები, დამწყები ექიმები, შვილის მეგობრები მეკითხებიან აზრს, თუმცა ამ ეტაპზე მაინც უფრო მეღვინე-მევენახე ვარ.

- ღვინო როდის გადადის "საზღვრებს"?

- ღვინომ მაშინ იცის გადარევა, როდესაც დუღილს იწყებს. შეიძლება ისე გადაირიოს, გაოცდე. ამიტომ უნდა მოეფერო, ეს მოფერება კი მისი ნელ-ნელა მორევაა. ამ პერიოდულ მორევას მოფერებას ვეძახით.

- მეურნეობაში ვინ გეხმარებათ?

- ხალხის მოძებნა ჭირს. ორი სანდო ადამიანის მოძებნაც კი რთულია, უმეტესობას თავზე დადგომა უნდა...

ნებისმიერი დაავადების პრევენციისთვის სოფლად მიწაზე მუშაობა შეუდარებელი რამ არის. რაღაც პროდუქტი უნდა მოიყვანო, ამით დატკბე და სხვებს გაუზიარო. ეს საჭიროა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ეს საქმე ბევრ რამეში გეხმარება, ამიტომ მიწასთან შრომა არ უნდა დავიზაროთ.