"ქართული ყველი მსოფლიოს უძველეს რძის ნაწარმად იქნება აღიარებული“ - კვირის პალიტრა

"ქართული ყველი მსოფლიოს უძველეს რძის ნაწარმად იქნება აღიარებული“

რუსეთის მიერ ქართულ რძის პროდუქტებზე ემბარგოს მოხსნა და ექსპორტის პროცესში ქართული ბიზნესის შესაძლო მონაწილეობა ქართველმა საზოგადოებამ ქვეყნის ღალატად შეაფასა. ბუნებრივია, ქართული რძის პროდუქტების სტატისტიკით დავინტერესდით. სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში წარმოებული რძის პროდუქტები არათუ საექსპორტოდ გვეყოფა, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც ვერ აკმაყოფილებს. ამის გამო ქვეყანაში დაახლოებით 70 მილიონი დოლარის რძის პროდუქტები შემოდის. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის რძის პროდუქტებიდან ექსპორტზე, უმთავრესად, ყველი გადის, ისიც - მცირე რაოდენობით და ცალკეული მწარმოებლების ინიციატივით. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი დარგი მესაქონლეობა კვლავ მოუვლელი და განუვითარებელია.

ათეული წლების განმავლობაში ეს დარგი წინ ძალზე ნელი ტემპით, ზოგჯერ კი საერთოდ არ მიიწევს, განსაკუთრებით - ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც პანდემიამ სოფლის მეურნეობის სექტორში მძიმე სიტუაცია შექმნა. ამ საკითხის შესახებ ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს ვესაუბრეთ. ქალბატონი ანას მუშაობის შედეგად საქართველოში თითქმის 360 სახეობის ყველია აღმოჩენილი. ამისთვის ის საქართველოს რეგიონებში დაუღალავად მოგზაურობს და რძის პროდუქტების წარმოების მდგომარეობასაც ეცნობა.

- ქალბატონო ანა, დღეს რუსეთისგან ქართული რძის პროდუქტებისთვის ემბარგოს მოხსნა საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, რასაც თქვენც შეუერთდით, თუმცა, როგორც ამ სფეროს მკვლევარმა, ცხადია, იცით, რეალურად რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წველადობისა თუ რძის პროდუქტების რაოდენობის თვალსაზრისით.

- ცხადია, ვიცი. ჩემი მოწოდება ზუსტად იმავე მიზნით იყო განპირობებული, რითაც დანარჩენი საზოგადოებისა - ამ თემაზე დღეს ხელი არავის უნდა წაუცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნამდვილად აღიქმება ქვეყნის ღალატად. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ხუთი ფერმაა, რომელთაც იმდენი და იმ ჯიშის პირუტყვი ჰყავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ რძის პროდუქტები ასე თუ ისე სერიოზულად იწარმოება. მაგრამ ადგილობრივ მოთხოვნას ესეც ვერ აკმაყოფილებს. დანარჩენ მცირე საწარმოებს კი თვითონაც არ გააჩნიათ რძის ის ნაწარმი, რომლითაც იმპორტზე იფიქრებდნენ, ასე რომ, ჩვენს პირობებში რძის ნაწარმის რუსეთში გატანაზე ფიქრიც ზედმეტია, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვაქვს საფიქრალი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მეცხოველეობა და რძის პროდუქტის წარმოება ვერ ვითარდება. ამ დონეზე, დიდი ხანია, უცხოეთის არც ერთი მეცხოველეობის ქვეყანა აღარ არის. რომელ რძის პროდუქტების ექსპორტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა ჩვენ ვერ მოვაგვარეთ ისეთი ძირეული პრობლემა, როგორიც პირუტყვის სეზონური წველადობაა. ზამთარში ყველის წარმოება მცირდება, ან საერთოდ აღარ გვაქვს. ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი მაკეობის გამო წველადობას ამცირებს ან საერთოდ წყვეტს. როცა ეს გამოსწორდება და გვექნება იმ ჯიშის პირუტყვის ინტენსიური ფერმები, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად იწველებიან, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ რძის ნაწარმის ექსპორტზე. ის მცირე რაოდენობის ყველი, რომელიც დღეს ექსპორტით გადის, ცხადია, ზღვაში წვეთია. ჩვენი რძის პროდუქტებით ადგილობრივ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ და უცხოეთიდან შემოგვაქვს.

- რასაც ადგილობრივი მეწარმეები ქართული რძის გაქრობის ხელშემწყობად მიიჩნევენ. რამდენიმე წლის წინ თქვენც იბრძოდით სპარსეთიდან რძის ფხვნილის შემოტანის წინააღმდეგ, რაც მართლაც გაანადგურებდა ადგილობრივ წარმოებას.

- მადლობა ღმერთს, ეს იმპორტი აღარ განხორციელდა, რისი მიზეზიც არა - ბიზნესმენთა დაფიქრებულობა, არამედ ამერიკული ემბარგო იყო, რომელიც სპარსულ რძის ნაწარმს დაუწესდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სანამ ამერიკული ემბარგო ამოქმედდებოდა, ქართულ რძის მრეწველობას მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც, რომელმაც ყველსა და მაწონში სპარსული ფხვნილი კატეგორიულად აკრძალა.

- თუმცა ადგილობრივი, სეზონური წველადობის პირუტყვი ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციაა, თანაც, გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ჩვენი სეზონური პირუტყვი იძლევა გამოყვანილი, უხვი წველადობის ჯიშებთან შედარებით გემრიელ რძეს. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ადგილობრივი ჯიშების ინდუსტრიულით ჩანაცვლება გონივრულია?

- დიახ, ჩვენი, ადგილობრივი პირუტყვის რძე გაცილებით გემრიელია, ვიდრე ახალი ჯიშებისა. მეტსაც ვიტყვი - სტუმრად მყოფი უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მართლაც ბედნიერი ხალხი ვართ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ფურ-კამეჩი ზაფხულობით საძოვარზეა, ზამთარში კი გამხმარი თივით ან ჩალით იკვებება, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ინდუსტრიალიზაციის პირობებში, სადაც აუცილებლად გვჭირდება თავის დამკვიდრება, გვჭირდება შემოსავალი, რომელსაც რძით მივიღებთ. ასევე საჭიროა ახალი ფერმები, სადაც ახალი, არასეზონური ჯიშის პირუტყვი გვეყოლება და მიღებულ რძის ნაწარმს უცხოეთში გავიტანთ. ამისთვის ჩვენ გვაქვს სათანადო პირობები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს გარემოში წელიწადში თუნდაც ოთხჯერ შეგვიძლია ბალახის დათესვა და თივის მიღება, ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ადგილობრივი ჯიში და მისი ენდემური რძის ნაწარმი.

თუ იკითხავთ, ინტენსიურ ფერმებში ენდემის შენარჩუნება რთული იქნება თუ არა, გიპასუხებთ, რომ ეს არ იქნება რთული. უპირველესად, ამის გარანტი ჩვენი ბუნება, მისი მთაგორიანი რელიეფია. სოფლად მოსახლეობა ნამდვილად არ აირჩევს პირუტყვს, რომელიც სულ შინ ჰყავს, საძოვარზე არ გადის და ასე კვებავს. საძოვარზე გასული პირუტყვი ჩვენი სოფლებისთვის დროის დაზოგვაა. გარდა ამისა, ძალიან სერიოზულია ფინანსური მექანიზმიც - ჩვენი ხარისხიანი რძის ნაწარმის უფრო მაღალი ფასი, რომლის გემო მომხმარებელს უფრო მოსწონს, ვიდრე ინტენსიური ჯიშების რძის ნაწარმისა. მაგალითად, როდესაც მუშაობა დავიწყე, ტენილი ყველი 5 ლარი ღირდა, დამბალხაჭო - 10 ლარი, დღეს კი ტენილი ყველი 45 ლარი ღირს, ხოლო დამბალხაჭო - 55 ლარი. ეს ნიშნავს, რომ უკეთესი ხარისხი ფასდება, რაც ჩვენს ენდემს გადარჩენის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ ეს ნიშა უსათუოდ უნდა შევინარჩუნოთ. ფრანგ გენერალ დე გოლს აქვს ნათქვამი, ვერავინ დაამარცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც 250 სახეობის ყველი აქვსო. რა თქმა უნდა, ის გულისხმობდა, რომ საფრანგეთს უძველესი ფესვები აქვს და მას ვერავინ დაამარცხებს, ჩვენ კი მეტი სახეობის ყველი გვაქვს. დღეისთვის 360 სახეობის ქართული ყველი მაქვს აღმოჩენილი და შესწავლილი, მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში კი ეს რაოდენობა 400-მდე ავა. ეს ჩვენს უძველეს ფესვებზეც მეტყველებს. დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ჩვენ, როგორც ღვინის, ასევე უძველესი ყველის ქვეყანაც ვართ. ამ თემაზე ჩემი ინიციატივით მეცნიერებთან ერთად უამრავი კვლევაა ჩატარებული და დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ქართული ყველი მსოფლიოს უძველეს რძის ნაწარმად იქნება აღიარებული. ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქართული რძის ექსპორტსაც. თუმცა, მანამდე ბევრი შრომა გვაქვს გასაწევი, რადგან საქართველო ნამდვილად უნდა გახდეს რძის ექსპორტიორი.