"ჭკვიანად რომ ვიყოთ, ეს რუსეთისთვის კოჭის გაგორება კი არა, სახელმწიფოებრივად აზროვნებაა“
"ზელენსკის გამოსვლებით აშკარად ვხვდები, რომ მას სულ მალე უგანებენ. გარემოცვაში რომ აგენტები ეყოლება, არც ამაში მეპარება ეჭვი (როგორც დასავლეთის, ისე - რუსეთის). არ გამოვრიცხავ მის ლიკვიდაციასაც. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია აქვს აშშ-ის სპეცსამსახურებს და ამიტომ იყო, რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა რომ განაცხადა, ზელენსკის შევთავაზეთ ლვოვში ჩასვლა და იქიდან საერთოდ გაყვანაო. ცუდად მენიშნა უკრაინიდან ეუთოს გასვლა. ქვეყანა დატოვა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც. ეს კაცი განწირულია და ძალიან მეცოდება", - ამბობს სახელმწიფო და კორპორაციული უსაფრთხოების სპეციალისტ-ანალიტიკოსი, გენერალ-მაიორი თენგიზ ენდელაძე, რომელიც "კვირის პალიტრას" ესაუბრება.
- მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო... ძალიან მეცოდებიან არა მარტო უკრაინელები, არამედ ის პირტიტველა რუსი მეომრებიც, რომლებიც იღუპებიან, ან ტყვედ არიან. მსოფლიოში არც ერთი ომი, ან თუნდაც ერთი ქვეყნის მეორეში მშვიდობიანი შეღწევაც კი სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა. მMეტიც - ისინი სამიზნე ქვეყანაში ერთგვარ პლაცდარმს ქმნიან დამფინანსებელი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ზოგჯერ თითქოს ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფოები აქტიურად თანამშრომლობენ და ამას აკეთებენ ფარულად, თავიანთი სპეცსამსახურების მეშვეობით. ამის ნათელი დასტურია საქართველოს უახლესი ისტორია, სსრკ-ის დაშლიდან მოყოლებული (უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარეშე რომ არ დაიშლებოდა, დამეთანხმებით): საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მოკვლა, ქვეყნის სათავეში სამხედრო ხუნტის მოყვანა, შევარდნაძის მობრუნება მოსკოვიდან, ძმათა შორის ომი (რასაც ჩვენ სამოქალაქო ომს ვეძახით), "ვარდების რევოლუცია" და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, 2008 წლის ომი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პოლიტიკოსების საზღვარგარეთ გაშვება (როგორც უკრაინაში, ისე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში). ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ხელდასხმით ხდება. ისინი თავის საქმეს ზოგჯერ მესამე ქვეყნის დროშით აკეთებენ. მათი დამსახურებაა კოაბიტაციის თავს მოხვევაც. დღეს რომ ხელისუფლებას არ ვუწონებთ, რომ კორუმპირებულია, არ აღადგინა სამართლიანობა, ვერ მართავს ისე, როგორც საჭიროა, ეს სწორედ კოაბიტაციამ განაპირობა. დღეს ყველა სფეროში, სახელმწიფო სტრუქტურებში, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უამრავი "ნაცმოს" წევრია. მათ, ვისაც კონკრეტიკა აინტერესებს, ვურჩევ, წაიკითხოს შევარდნაძის ბოლო ინტერვიუ თემურ ქორიძესთან, რომელსაც სთხოვა, ეს ინტერვიუ ხუთი წლის შემდეგ გამოექვეყნებინა. მანაც თხოვნა შეუსრულა. ინტერვიუში შევარდნაძე ამბობს, ესენი (სააკაშვილის რეჟიმი) არიან ამერიკელებისა და რუსების ერთობლივი პროექტი. ამის შემდეგ რომ მოვლენ, ისინიც უცხო ქვეყნის ხელდასხმულები იქნებიანო (ოღონდ არ აკონკრეტებს - ვისი). ჟურნალისტის კითხვაზე, მათ შემდეგ (ანუ "ოცნების" შემდეგ) რომ იქნებიან, ისინიცო? შევარდნაძე პასუხობს, მაგდენი აღარ ვიციო.
- სწორად მოიქცა ხელისუფლება, როცა რუსეთის მიმართ სანქციებს არ შეუერთდა?
- ვეთანხმები ხელისუფლებას. სხვათა შორის, ამერიკის და ევროპის ოფიციალური პირები ამის გამო არ გვსაყვედურობენ იმიტომ, რომ მათ კარგად იციან ჩვენი მდგომარეობა და ისიც, რა გველის. სანქციებს რუსეთს კი არა, ჩვენს თავს დავუწესებთ. ოპოზიცია რასაც "აწვება", მათ შორის - შემოსულ რუსებთან დაკავშირებით, ესეც ჭიქაში ქარიშხლის ატეხა მგონია.
რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი, რომლებიც წელიწადში 2 მილიარდს გზავნიან აქ და სანქციებს თუ დავაწესებთ, ეს თანხა არ შემოვა... თავი დაანებონ იმაზე ლაპარაკს, რომ რუსებს თუ შემოვუშვებთ, აგენტები შემოვლენ. ჩვენს სპეცსამსახურებს, დაზვერვას და კონტრდაზვერვას აქვთ როგორც ტექნიკური, ისე ინტელექტუალური შესაძლებლობები. არის რამდენიმე ათეული ნიშანი, რომელთა მიხედვით, კაცი თუ მხედველობის არეში გყავს, შეგიძლია დაასკვნა, არის თუ არა ის აგენტი. მე, პენსიონერმა თუ ვიცი ეს ნიშნები, დღევანდელ სუს-სა და დაზვერვის სამსახურს არ ეცოდინება? თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რატომ ვფიქრობთ, რომ ვინც შემოდის, მათი დიდი ნაწილი აგენტია? ან გამოვრიცხავთ, რომ მათ შორის არა რუსეთის, არამედ სხვა, მესამე ქვეყნის აგენტები იყვნენ? ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანაში აგენტებს, ტერორისტებს, დივერსანტებს და ათასი ჯურის ხალხს იქ მასობრივ შეღწევამდე გზავნის, მანამდე აძლევს დავალებებს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ საჭირო არ არის ყვირილი, სუს-ი არაფერს აკეთებსო. ან რატომ მარტო სუს-ი? დაზვერვაზე რატომ არაფერს ამბობენ? ჯერ დაზვერვამ უნდა გაარკვიოს, აღრიცხული უნდა ჰქონდეს, ვინ შემოდის, ჰქონდეს ინფორმაცია მათზე და მათ კავშირებზე, იცოდეს, რა მიზნით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. ეს მათ ევალებათ. რადგან სახელმწიფო ამბობს, რომ ჯერჯერობით სავიზო რეჟიმის შემოღება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ (რაშიც ვეთანხმები), ესე იგი, არ არის საჭირო. ძალიან მაინტერესებს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურმა შემოიყვანა სააკაშვილი და რომლისამ ჩაუშვა, ანუ შეგვატყობინა მისი აქ ყოფნა. თეორიულად დავუშვათ, რომ სააკაშვილი გარეთ ყოფილიყო. რა პრობლემები ექნებოდა საქართველოს, მით უმეტეს, გადატრიალება რომ მოეწყო? შევარდნაძის ინტერვიუ ვახსენე, რომელშიც ის ამბობს, რომ სააკაშვილი რუსეთ-ამერიკის ერთობლივი პროექტია. მაინტერესებს, ერთი სპეცსამსახურის ნამოქმედარია მისი შემოყვანაც და ჩაშვებაც, თუ ერთმა შემოიყვანა, მეორემ კი გაიგო და ჩაუშვა? ამათ ავიწყდებათ, რომ ამერიკასა და მთელ დასავლეთში 30 წლის შემდეგ სპეცსამსახურები არქივებს ხსნიან (ყველაფერს - არა, მაგრამ ძირითადს - კი, ბატონო). მოესწრებით ამ მასალების გახსნას, გამიხსენებთ და იტყვით, ვიყავი თუ არა მართალი.
- მანამდე ჰაკერული დაჯგუფება "ანონიმუსი" იმუქრება ჯაშუშების ვინაობისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით...
- სია ხომ გამოქვეყნდა! თანაც პარტიები იყო მითითებული, მაგრამ არც "ნაციონალური მოძრაობიდან" და არც "ოცნებიდან" არავინ იყო დასახელებული, რაზეც ხმამაღლა გამეცინა. გგონიათ, ამ ორ პარტიას აგენტები არ ჰყავს? ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - ყველა სპეცსამსახურს, განსაკუთრებით - დაზვერვას, ჰყავს ინტელექტუალთა დანაყოფები, რომლებიც მუშაობენ, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც პრეზიდენტებად უნდა მოიყვანონ. ამ ხალხს თვითონ არჩევენ, მერე კანდიდატურებს წარადგენენ და მერე ხელისუფლების სათავეშიც მოჰყავთ. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი პირების მოყვანაშიც და გაშვებაშიც სპეცსამსახურები მონაწილეობენ. რაც შეეხება სააკაშვილს, როგორც ვხედავ, მისმა მომყვანებმა მასზე ხელი დაიბანეს. დღეს მისი ციხეში ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე გარეთ, რადგან კაცმა არ იცის, ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა.
- პუტინმა არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შეგვიყვანა. ეს რაზე მიანიშნებს? დღეს, როცა რუსული პროპაგანდა მძვინვარებს საქართველოში, რის მიღწევას ცდილობს ქვეყანა, რომელიც, წლებია, ჰიბრიდულ ომს არ წყვეტს? რის წინაშე ვდგავართ და საით მივდივართ?
- წლების წინ, როცა ჰიბრიდულ ომებზე დაიწყო ლაპარაკი, ერთმა ამერიკელმა გენერალმა მიგვანიშნა, თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ, მათ თავიანთი საქმე აქვთ და თუ სახელმწიფო ხართ, თქვენ უნდა აჯობოთო. სანქციებზე რომ ვლაპარაკობთ, მოდი, მისი შედეგების დათვლა მივანდოთ რუსეთსა და დასავლეთს, ამერიკიანად. რა გგონიათ, რუსეთიდან ამდენი ბიზნესი და კომპანია რომ გამოვიდა, ისინი ფულის საკეთებლად არ იყვნენ იქ შესული და მარტო რუსეთი განიცდის ზარალს? ზარალს განიცდის დასავლეთიც. სხვათა შორის, ამერიკაში უკვე გამოსვლებია, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ სანქციებს შევერთებოდით, რა იქნებოდა! უკრაინა კარგა ხანს ვერაფერს მოგვაწვდის, რადგან ეჭვი მეპარება, ეს ომი მალე დამთავრდეს. ჭკვიანად რომ ვიყოთ, ეს კოჭის გაგორება და პრორუსულობა კი არა, სახელმწიფოებრივად აზროვნებაა. სააკაშვილს მისმა პატრონმა ზურგი აქცია და ამ საშიშროების წინაშე დგას ზელენსკიც. მისი გამოსვლებით აშკარად ვხვდები, რომ მას სულ მალე უგანებენ. გარემოცვაში რომ აგენტები ეყოლება, არც ამაში მეპარება ეჭვი (როგორც დასავლეთის, ისე - რუსეთის). არ გამოვრიცხავ მის ლიკვიდაციასაც. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია აქვს აშშ-ის სპეცსამსახურებს და ამიტომ იყო, რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა რომ განაცხადა, ზელენსკის შევთავაზეთ ლვოვში ჩასვლა და იქიდან საერთოდ გაყვანაო. ცუდად მენიშნა უკრაინიდან ეუთოს გასვლა. ქვეყანა დატოვა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც. ეს კაცი განწირულია და ძალიან მეცოდება.
- რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის ხსენება რაზე მიანიშნებს? რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო ხომ არ იქნება?
- უკრაინაში იყო ექვსი ლაბორატორია, მაგრამ როდესაც რუსები იქ შევიდნენ, ისინი უკვე დაცლილი იყო და შტამებიც - გატანილი. შემოჭრის საბაბი რუსს უამრავი აქვს და მომიტინგეებს მივმართავდი, ღმერთი არ გაუწყრეთ და ომის მოწოდების მსგავსი არაფერი დაიძახონ, თორემ ამ მოწოდებებმა და ურაპატრიოტიზმმა რაც მოგვიტანა, კი ვიცით. ახლა სოცქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლები და ფოტოები პროპაგანდისტული მოწოდებებით. ამ შემთხვევაში სუს-მა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, დაადგინოს, ვინ არიან ისინი და ყველას თავისი მიაგოს.
- რით და სად დასრულდება რუსეთის დამპყრობლური ომი?
- არც ერთი ქვეყნის სასარგებლოდ ეს ომი არ დამთავრდება. საბჭოთა კავშირმა კი გაიმარჯვა სამამულო ომში, მაგრამ ნახეთ, როდის მოითქვა სული - 70-იანი წლების ბოლოს! და წელი მოიდგა თუ არა, სახელმწიფო დაამხვეს. ასეა, მტერი ყოველთვის ჩასაფრებულია. ის ერთი ხელით ანგრევს, მეორით - აშენებს. ჯერ ვიღაცის გეგმით დაანგრიეს იქაურობა და ახლა "მარშალის გეგმით" უნდათ, ააშენონ. ერთნი ანგრევენ და ფულს აკეთებენ, მეორენი აშენებენ და ისინიც ფულს აკეთებენ...
რუსი, უკრაინელი და ბელორუსი სლავები ძმები არიან და სადაც მათ შორის ასეთი რამ ხდება, წარმოიდგინეთ, თუ გავაგიჟეთ, ჩვენთან რა შეიძლება ჩაიდინონ! გამორიცხული არ არის, პუტინის რეჟიმი შიგნიდან დაინგრეს, თორემ ნახეთ რუსული საიტები და რუსი ხალხის გამოხმაურება - მათი უმრავლესობა პუტინის მომხრე და მხარდამჭერია! არ გამოვრიცხავ, პუტინმა დაასწროს და რამდენიმე გენერალი ციხეში გაუშვას (ვითარების ჩაცხრობამდე, ან მერე). სპეცსამსახურების წმენდაც დაიწყება, თუ, რა თქმა უნდა, პუტინი ცოცხალი გადარჩება.