"ოკუპანტმა რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში იოლად ვერ გამოისეირნებს“­ - კვირის პალიტრა

"ოკუპანტმა რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში იოლად ვერ გამოისეირნებს“­

"ვინმემ იცის, ხვალ რომ პუტინმა ორი ბომბი ჩამოგვიგდოს, რა უნდა გავაკეთოთ?! ნუთუ მართლა ფიქრობენ, რომ რუსულ აგრესიას "ოცნების“ ჩიქორთული საუბარი შეაჩერებს?“­

"ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ყველა­ გონიერი ადამიანისთვის ცხადია,­ რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს­, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ საქართველოს თავს დაესხმებიან, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას", - ასე უპასუხა­ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით­ უსუფა­შვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით უსუფაშვილს წამოსცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა - საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა.

- ხელისუფლება, რომელიც აჩენს განცდას, რომ ჩვენ სუსტები ვართ, რუსეთი ძლიერია, დიდი ტანკები ჰყავს და თუ დაქოქეს, რა გვეშველება, ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია საჭიროებისას ქვეყნის მოსახლეობის მობილიზება, ისე, როგორც ეკადრება­ თავმოყვარე ერს, უნდა წავიდეს სახლში. დიახ, მზად უნდა ვიყოთ­ ქვეყნის დასაცავად. მთავრობას ერთნაირად ევალება სამშობლოს უსაფრთხოება,­ ომის თავიდან­ აცილება და ომის შემ­თხვევაში ქვეყნის დაცვა. გვყავს შეიარაღებული ძალები, გვაქვს ინფრასტრუქტურა და ჩვენი­ კონსტიტუციური­ ვალია სამშობლოს დაცვა. აი, ეს ვთქვი მე და ახლაც ასეთია ჩემი პოზიცია­. ეს მთავრობა ისე გაიხლართა ვითომ სიფრთხილით გადადგმულ ნაბიჯებში და ისე დაიბნა, ვეღარც კი აცნობიერებს, რომ იმ უდიდესი საფრთხის პირობებში, რომელიც მსოფლიოს ემუქრება, ჩვენ გვჭირდება მორალური კლიმატის გაუმჯობესება, იმის დემონსტრირება, რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.­

- როგორი რიტორიკაც უნდა გვქონოდა,­ რუსეთს მაინც ექნებოდა ინფორმაცია ჩვენი­ რეალური შესაძლებლობების შესახებ. "ქართულ ოცნებას" შეეძლო თუ არა ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ ისეთი ვითარება შეექმნა, რომ დღეს სხვაგვარად გველაპარაკა?

- დიახ, ეს ძალიან იოლად შეიძლებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველი დღიდანვე თხოვნით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგვეწვია საგანგებო სესია და განგვეხილა ის საკითხები, რომელთა მოგვარებით ქვეყანა უნდა გაგვეერთიანებინა. "ლელომ" განაცხადა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება მინიმუმამდე უნდა შეგვემცირებინა და ერთად გვეზრუნა ქვეყნის გაძლიერებაზე. როდესაც­ პარლამენტიდან უარი მივიღეთ, მივმართეთ პრეზიდენტს და კი იცით, რითიც დასრულდა ეს ყველაფერი. პრეზიდენტის მოწვევით რომ შეკრებილიყო პარლამენტი და ყველას ერთად­ გამოგვეხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა, ეს იქნებოდა თანხმობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და ამ რთულ ვითარებაში ერთად გავაგრძელებდით ოპტიმალური გამოსავლის ძიებას. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ დაპირისპირების გაღრმავება და პოლუსებს შორის ახალი ბზარების გაჩენა დაიწყო. ავტობუსში მდგომი ადამიანები მოულოდნელი დამუხრუჭებისას ერთმანეთს ხომ ჰკიდებენ ხელს?! ამ მთავრობას ასეთი ადამიანური ინსტინქტიც კი არ აქვს, ისიც კი არ შეუძლია, ასეთ რთულ ვითარებაში მაინც წაგვავლონ ხელი და ერთად გადავირჩინოთ თავი. მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ რთულ მომენტში სახელმწიფო მათ გვერდით არ დადგება და თავად მოუწევთ საკუთარი თავის მიხედვა. სხვათა შორის, სწორედ ასეთი განცდის შედეგია ის ისტერიკა, რაც რუსეთიდან შემოსული ადამიანების მიმართ გაჩნდა. ოკუპანტმა რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში იოლად ვერ გამოისეირნებს.­ სანქციებთან დაკავშირებით "ლელოს" საინტერესო ინიციატივა ჰქონდა - გვინდოდა, ანალოგიური შეზღუდვები დაგვეწესებინა ლუგანსკსა და დონეცკთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და ცხვინვალში გვაქვს. ამ ფორმით არც ეკონომიკას დავაქცევდით, სანქციებსაც შევუერთდებოდით და პირნათელიც ვიქნებოდით შინ და გარეთ. სახელმწიფო ინტერესის დაცვაა პოტენციური აგრესორისთვის იმის ჩვენება, რომ უკრაინელებზე არანაკლებად შეგვიძლია საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა. არავინ ამბობს,­ რომ რუსეთს თავს უნდა დავესხათ, ან დრო ვიხელთოთ და აფხაზეთისკენ გავქანდეთ, მაგრამ ჩირგვებში ჯდომაც არ დაგვაყრის ხეირს. დღეს ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, ეს ქართველები რას შვრებიან, ჯერ დარბოდნენ და ყველას გვეხვეწებოდნენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოგვეღო,­ ახლა კი ამბობენ, სანქციებს აზრი არ აქვსო. რაც შეეხება ქართულ არმიას, მე ყურმოკრული ინფორმაცია კი არ მაქვს, დაზუსტებით ვიცი, ძალიანაც კარგად მომზადებული, პროფესიონალი ჯარისკაცები გვყავს, მათ მხოლოდ მორალურ-პოლიტიკურად სათანადოდ მომზადებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერი სჭირდებათ. ნახეთ, რა მოხდა უკრაინაში! ოპოზიციონერი ლიდერ­ები, რომლებსაც დაპატიმრება ელოდათ, დღეს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამხარ იბრძვიან. ზელენკიმ შეძლო კრიტიკულ მომენტში საზოგადოების გაერთიანება. რაც შეეხება­ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებულებას, მესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა შეუძლებელია, ჩვენ კი არა, მთელი ევროპა იყო რუსე­თზე დამოკიდებული და ახლა ცდილობენ მისგან­ თავის დაღწევას. ჩვენი შეცდ­ომა ის არის, რომ ზედმეტად დამოკიდებული გავხდით რუსეთზე. დივერსიფიცირებისთვის გვჭირდებოდა ისეთი სწრაფი რეფორმები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას ევროკავშირის ეკონომიკასთან დააკავშირებდა. ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესაბამისი რეჟიმიც სწორედ ამისთვის გვინდოდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. იქ, სადაც სასამართლო სისტემა კოჭლია, არ შევა ინვესტიციები; იქ, სადაც ანაკლიის მსგავსი­ უსერიოზულესი პროექტები ჩერდება, პერსპექტივა კვდება და იზრდება რუსეთზე დამოკიდებულება. ახლა რომ ანაკლიის პორტი მუშა­ობდეს, უზარმაზარი ჯაჭვით ვიქნებოდით დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. ესენი კი დილით რომ იღვიძებენ,­ იმაზე ფიქრობენ, ოპოზიციას როგორი ტალახი ესროლონ, როგორ დამაკავშირონ მე "ნაციონალებთან".

- სახელმწიფო ინტერესები ზიანდება თუ არა მაშინ, როცა ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციას საერთაშორისო მასშტაბით ცდილობს?

- ეს ხალხი მიიჩნევს, რომ მთელ სახელმწიფო მანქანას, საელჩოებს, დიპლო­მატიურ სამსახურებს, ძალაუფლებას, მილიარდიან ბუჯეტს, რომელსაც თავიანთ პიარს ახარჯავენ, ვიღაც, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციონერის ლაპარაკი გადაწონის! ბრიუსელშიც, ლონდონშიც და გაეროშიც ამ ხელისუფლების კრიტიკა რომ ისმის, ამხელა თანამდებობის კაცი, შარლ მიშელი­ თბილისში რომ ჩამოვიდა და საკუთარი ხელით მოგვიხაზა, რა უნდა გაგვეკეთებინა, ეს, თურმე, ოპოზიციონერების ტყუილების შედეგი ყოფილა. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რომ რუსეთი ვერ ახსენეს, ესეც ოპოზიციის ბრალია?! ე.ი. ჩათვალეს, რომ რადგან რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენეს, ქვეყანა ომს გადაარჩინეს?! ოპოზიციის "ომის პარტიად" გამოცხადება საქმეს არ უშველის.­ მეტი სახელმწიფოებრივად აზროვნებაა საჭირო. ვინმემ იცის, ხვალ რომ პუტინმა ორი ბომბი ჩამოგვიგდოს, რა უნდა გავაკეთოთ?! ნუთუ მართლა ფიქრობენ, რომ რუსულ აგრესიას "ოცნების" ჩიქორთული­ საუბარი შეაჩერებს?­ ვერც კი საზღვრავენ, რომ მათი მაამებლური პოლიტიკა რუსეთს სტიმულს აძლევს, თუ უკრაინაში მიზანს ვერ მიაღწევს,­ ხელს საქართველო გააყოლოს­. მერე რას ვშვრებით?! იყვედრებიან, ჩვენი ხელისუფლების დროს ომი არ ყოფილაო. რა გამოდის, ჩვენი ტერიტორიების 20% რომ დავკარგეთ, ამას შევეგუეთ?! სინამდვილეში, ჩვენ განუწყვეტელ ომში ვართ, იმიტომ, რომ განგრძობითი ოკუპაციის რეჟიმით ვცხოვრობთ. ის ტანკები, ახლა რომ ცხინვალთან ან გაგრასთან დგანან, საქართველოს ტერიტორიაზე არ არიან?! დღეს ჩვენს ყოფას მშვიდობა არ ჰქვია. მშვიდი ძილის საშუალება მხოლოდ მაშინ გვექნება, როდესაც გარანტირებული, სტაბილური მშვიდობა გვექნება და ეკონომიკური თუ დემოკრატიული მაჩვენებლები გაიზრდება. აი, დღეს ევროკავშირის კარი ოდნავ შეიღო. გამოვიყენებთ ამ პატარა შანსს?!

ხათუნა ბახტურიძე