"ამ სტრუქტურის შექმნა სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ "ოცნებას“ ე.წ. გახარიას კომპლექსი უფრო არ დაამძიმებს“
ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით ყოფილი პრემიერის პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლებას საგანგებო სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას სთავაზობს. მათი აზრით, ამ სააგენტოს დასავლეთში პოზიტიურად მიიღებენ და ეს იქნება ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ვროკავშირმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაიწყო პროცედურები გაწევრებასთან დაკავშირებით, ამიტომ იგი მოუწოდებს „"ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და გაერთიანდნენ უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების შესაბამისად.
- ეს არის გიორგი გახარიას ინიციატივა. სანამ ის გადადგებოდა, რამდენიმე თვით ადრე ვმუშაობდით ამ სტრუქტურის შექმნაზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციის სააგენტო პრემიერს უნდა დაქვემდებარებოდა. დღეს ასეთი დეპარტამენტი არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ კი გვინდოდა მისი გადმოტანა პრემიერის კაბინეტში, რომ ის ყოფილიყო სააგენტოს პოლიტიკური ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებდა სხვადასხვა უწყების კოორდინაციას, ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობას.
- და რას მოგვიტანს ეს სააგენტო?
- ვფიქრობ, ამ სტრუქტურის შექმნას ევროკავშირის ოფიციალური პირები პოზიტიურად გამოეხმაურებიან.
- ევროპასთან ინტეგრაციისთვის რომ რეფორმებია საჭირო, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის ნათქვამი და ისედაც ყველამ იცის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი უფუნქციო ბიუროკრატიული სააგენტო?
- ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტში ნახსენები რეფორმები არის ე.წ. დამხმარე გზამკვლევი, რომ ბრიუსელში მომწიფდეს პოზიტიური აზრი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ დოკუმენტის შესრულებას თუ დავიწყებთ, ბრიუსელის გამოხმაურება უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე დღეს არის.
- მაგრამ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა...
- ვფიქრობ, ამ უარით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა ახლა დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია და თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, უნდა გადახედოს სტრატეგიას ამ დოკუმენტთან და იქ ნახსენებ რეფორმებთან დაკავშირებით. ევროკავშირი გადაღლილია მიმდინარე კრიზისებით, ამიტომ შენ, როგორც სახელმწიფომ, დასავლეთს უნდა დაანახო, რომ საუკეთესო ხარ რეგიონში და გაქვს დიდი პოტენციალი. საქართველომ ეს უნდა დაამტკიცოს ახალი რეფორმების ჯაჭვით. წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, აღმოვჩნდეთ მაჩანჩალა სახელმწიფოების რიგში. შეიძლება კანდიდატის სტატუსიც გვქონდეს, მაგრამ წევრობა ათწლეულობით გაიწელოს. აქ დიდი როლი ენიჭება პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილი სწორად იქცევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მისი მხარდაჭერა გაიზრდება, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის კონკრეტული რეფორმები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების განსახორციელებელია.
- ამ სტრუქტურის შექმნას არ ეთანხმებიან თქვენი ოპოზიციონერი კოლეგებიც...
- ძნელი სათქმელია, ღარიბაშვილი რას იზამს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუ ე.წ. გახარიას კომპლექსი უფრო არ დაამძიმებთ. სხვაგვარად კოორდინაცია გაჭირდება, ეფექტიანი კოორდინაციის გარეშე კი სერიოზული რეფორმების განხორციელება შეუძლებელია. ეს არ უნდა იყოს ბიუროკრატიული აპარატი, პირიქით, თავის დროზე ვფიქრობდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო უშუალოდ პრემიერს დაქვემდებარებული მობილური სააგენტო, რომლის ხელმძღვანელი დირექტივებს მიიღებდა პრემიერისგან ან ვიცე-პრემიერისგან.
- ანუ ამ უწყებით უკეთ გამოჩნდება, რომ მთვარობა მუშაობს და ეს დადებითად განაწყობს დასავლეთს?
- რა თქმა უნდა, ამით დასავლეთი დარწმუნდება, რომ შენ მზად ხარ რეფორმების განხორციელებისთვის.
- გასაგებია, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე რას ფიქრობთ?
- თუ სახელმწიფოს არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ რეფორმები სწრაფად განხორციელდეს, მაშინ ამ ინსტიტუციის შექმნას აზრი არა აქვს. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას, ისევე, როგორც ოპოზიციას, მართებთ ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან არსებობს რისკი, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეფორმების ჩავარდნა ოპოზიციას დააბრალოს - ეს არაერთხელ გაუკეთებიათ და მათი ნდობა არ შეიძლება. ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი ამ პროცესს და მართველ პარტიას მოსთხოვონ კონკრეტული რეფორმების გატარება კონკრეტულ დროში.
- როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიუსელში ახლა, როცა განაცხადი ოფიციალურად გავაკეთეთ?
- იმედი მაქვს, უკრაინის და გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩვენც გვექნება ბედნიერება, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამის შემდეგ კი უკვე საქართველოს მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ეფექტიანად იმუშავებს და დააჩქარებს თუ არა გაწევრების პროცესს. მაინც მგონია, რომ დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება რეალურია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობიან, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან არაერთხელ "გადააგდო" პარტნიორები.