"ოპოზიცია იცლის იმისთვის, რომ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააჩაღოს“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია იცლის იმისთვის, რომ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააჩაღოს“

"გული მწყდება, რომ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიამ ჩრდილი მიაყენა უკრაინისადმი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას“

"საქართველოში მიდის ჰიბრიდული­ ომი ხელისუფლების წინააღმდეგ. ოპოზ­იციაში­ ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების დისკრედიტირებით ქვეყნის დისკრედიტირებასაც ახდენენ",­ - აცხადებს­ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.­

- მაშინ, როდესაც უკრაინა ომის ქარცეცხლშია გახვეული და მთელი მსოფლიო განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ოპოზიცია იცლის იმისთვის, რომ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააჩაღოს. მათ სურთ, შექმნან განწყობა, თითქოს მართლაც არსებობს კითხვები,­ სად დგას საქართველო. სინამდვი­ლეში ასეთი კითხვები­ არ არსებობს, რადგან საქართველო დგას უკრაინის გვერდით, ხელისუფლება სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ამის შესახებ ვლაპარაკობთ ყველა საერთაშორისო­ ტრიბუნიდან. ამ ომთან დაკავშირებული ჩვენი პოზიცია გამოიხატა­ ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სარჩელის თანაავტორობით. ამაზე ცხადი პოზიცია არ არსებობს. ასევე, საქართველომ მხარი­ დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან. საქართველო უკრაინას უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით არის მკაფიო.სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ოპოზიციური მედიის ზოგიერთი წარმომადგენელიც აღმოჩნდა­ ჩათრეული­ ხელისუფლების წინააღმდეგ წამოწყებულ ჰიბრიდულ ომში. მთავარი არხის ჟურნალისტმა თავისი შეკითხვით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგა საქართველოს უფრო დიდი პატრიოტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ოპოზიციური მედია. ბატონმა პრაისმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიის სავარაუდო შედეგი ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ისე, როგორც საქართველოს, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის დაპყრობითი ომის მსხვერპლი და ძალიან ბევრ ქართველს მკაფიოდ ახსოვს ეს ყველაფერი. მე შემიძლია წარმოვიდგინო, ქართველები, მათ შორის - მთავრობის წევრებიც და უბრალო ადამიანებიც, როგორი სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართო...

- მაგრამ ასე არ ფიქრობენ უკრაინაში.­ რადას თავმჯდომარე რუსლან სტეპანჩუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მეგობრობის გზიდან გადაუხვია.

- სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ოპოზიციის მართულ ჰიბრიდულ ომზე ვლაპარაკობდი. მათ შეცდომაში შეჰყვათ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები და ამით ქვეყანას აზიანებენ. გული მწყდება,­ რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა­ და დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიამ ჩრდილი მიაყენა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. მე ბატონ სტეპანჩუკს და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა. საქართველოსა და უკრაინას შორის არაფერი შეცვლილა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა გვაერთიანებს; ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. 1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ 2008 წელს საქართველომ სისხლის ფასად პირველმა­ გამოცადა რუსული სრულმასშტაბიანი­ სამხედრო აგრესია.

ათწლეულებია, გრძელ­დება რუსული­ ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის სრულმასშტაბიანი­ აგრესიის. საქართველომ მოძმე უკრაინისადმი მხარდაჭერა 2014 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგაც გამოხატა. ფაქტია, ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების­ ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ მათი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის.

- ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ ასეთ კრიტიკულ მომენტშიც კი არ გაქვთ სურვილი,­ აღადგინოთ ჩატეხილი ხიდი და საზოგადოება საერთო გამოწვევის ირგვლივ გააერთიანოთ.

- როგორ უნდა მოვახერხოთ ჩახეტილი ხიდის აღდგენა, როდესაც ოპოზიცია გამუდმებით გვადანაშაულებს რუსული ინტერესების დაცვაში და საერთაშორისო მასშტაბით ცდილობს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას? იქნებ ამაზეც დაფიქრებულიყვნენ?!

- ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ახლოს ახორციელებენ პროექტს, რომლითაც ღამურები ბიოიარაღის მატარებლად განიხილება. ხომ არ არის მოსალოდნელი, ლუგარის ლაბორატორია რუსული აგრესიის საბაბად იქცეს?

- ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა. ეს ლაბორატორია ნახა არაერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის - რუსებმაც. ჩვენ დღეს საქმე გვაქვს გლობალურ დაპირისპირებასთან. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა ნაბიჯი, თუმცა­ საფრთხემ ნამდვილად მოიმატა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ოპოზ­იცია საკუთარი ხელისუფლების დი­სკრედიტაციასა და ქვეყნის შეჯანჯღარებას კი არ ცდილობდეს, არამედ მთავრობის გვერდით დადგეს.

ხათუნა ბახტურიძე