"ახლა გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებელია ჩვენთვის“ - კვირის პალიტრა

"ახლა გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებელია ჩვენთვის“

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე ქართველი პოლიტიკის თავისებურებებსა და პოლიტიკოსების პოზიციებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- აშშ-ის ელჩმა ძალიან საყურადღებო­ რამ თქვა. მან აღნიშნა, რომ ნათლად იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინი­სადმი, რაც მისასალმებელია და ასევე მისასალმებელია ფრთხილი პოლიტიკა. სოცქსელებში კი ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილს ფრთხილი პოლიტიკა შიშად მიაჩნია და ეს როგორ გვეკადრება­ ქართ­ველ­ე­ბსო, გაიძახის. თავგა­ნწირვა გამართლებულია რამდ­ენიმე შემთხვ­ევაში: როდესაც ადამიანი­ პიროვნულად სწირავს თავს, თორემ მთელი­ ერის გაწირვა კრიტიკას იმსახურებს და მეორე - როდესაც მტერი არ გეკითხება, თავს გაწირავ თუ არა, თავს გესხმის, ქვეყანას აოხრებს, თავგანწირვა ერთადერთი გამოსავალი ხდება. უკრაინელებს­ სწორედ ასეთი მდგ­ომ­არეობა აქვთ. საქართველოში რუსეთმა ასაოხრებელი უკვე ააოხრა და თუკი ახლა საქართველო ნებით მიიყვანს მდგომარეობას იქამდე, რომ ისევ შემოგვიტევს, ეს რუსეთს რამეს დააკ­ლებს? ამით რუსეთის დამარცხების შანსი გაიზრდება?

- ხელისუფლების განც­ხადებების ფორმა­ ამ კონტექსტს მიესადაგება? ეს არ იყო რუსეთის ინტერესების გამომხატველი?

- რა თქმა უნდა, ამ განცხადებებისთვის­ გაცილებით მისაღები ფორმის მოძებნა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმაა. მეორეა, ამ ფორმის ჯიბრით ომში ჩართვა მოითხოვო. ეს წარმოუდგენელია! არ ვიცი, გაცნობიერებული აქვთ თუ არა ეს ამ მოწოდებების ავტორებს, მაგრამ სწორედ ასეთი განცხადებებია რუსეთის საქმის კეთება­. რუსეთი, რომელიც უკრაინაში მარცხდება, ეცდება, გადაინაცვლოს იქ, სადაც წარმატება უფრო გარანტირებული ექნება და პრეტენზიებიც იგივე შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მიმართ, რადგან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას ჩვენც ვითხოვთ. თუკი აქედან რაღაც საბაბს შევაშველებთ, ეს გამორიცხული არ გახლავთ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადებებია რუსეთის საქმის კეთება და არა - ხელისუფლების თუნდაც მცდარი ფორმით, მაგრამ სწორი შინაარსით ნათქვამი.

- მხარდამჭერი აქციები ოპოზიციის­ ნაწილისგან ხელისუფლების გადადგომის მოთ­ხოვნაში გადაიზარდა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს გამართლებულია?

- ომის დროს ხელისუფლების გადადგ­ომის მოთხოვნა ადეკვატურია თუ არა, არ ვიცი, მით უმეტეს, იმ ჯგუფის მიერ, რომლის ლიდერმა და თავად ამ გუნდმა­ დიდი როლი ითამაშეს საქართველოს დამარცხებაში. სხვათა შორის, მაშინ მოსახლეობას არ გამოუცხადებია, ხელისუფ­ლ­ება გადადგესო. ახლა ამის მოთხოვნაც რუსული საქმეა, რადგან ისევ რუსულ არხებზე ისმის, რომ საზოგადოება უკმაყოფი­ლოა ხელისუფლებით, ეს კი ის ხელისუფლებაა, რომელსაც თვალი ნატოსკენ უჭირავს.

- სად გადის ზღვარი?

- ჩვენი მოსახლეობა ძალიან ტენდენციურია. ვისაც არ უყვარს ივანიშვილი, იტყვის, რომ ყველაფერში მართალია "ნაცმოძრაობა" და პირიქით, ვისაც სააკაშვილი არ უყვარს, იტყვის, რომ "ოცნებაა" ყველაფერში მართალი. საღ აზრს თუ გავყვებით, დავინახავთ, რომ აქტიური ჩარევის გარეშეც ვახერხებთ, უკრაინას დავეხმაროთ და მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ სიტუაციასაც ვინარჩუნებთ. ფაქტია, რუსეთს ელოდება ძალიან მძიმე­ ეკონომიკური მომავალი და ემუქრება გარდაუვალი დეფოლტი. დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ის უკვე დაფინანსებას ამცირებს. ამ ფონზე ჩნდება პერსპექტივა, რომ ეკონომიკურ გასაჭირში მყოფ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობის იდეა გაუჩნდეთ. ამ დროს ხელისუფლების შეცვლა, დესტაბილიზაცია, ქვეყნის ინტერსებს დააზიანებს­ და ეს ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.

- აქ მხოლოდ ოპოზიცია ხომ არ არის! ხელისუფლება ამაზე ფიქრობს, კონკრეტულ ნაბიჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ?

- შესაძლოა, არც ფიქრობს და ძალიან­ კარგი. ჯობს, სიტუაცია თავისით მომწიფდეს­. ზედმეტი მოძრაობით, შესაძლოა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები დავაზიანოთ. ახლა ჩვენთვის გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნაა აუცილებელი ყველა თვალსაზრისით.

- ევროკავშირში გაწე­ვრების განაცხადის­ შემდეგ­ ჩნდება ვარაუდი, თითქოს ეს ხელისუფლებამ­ ახლა იმიტომ გააკეთა, რომ უკრაინას ხელი შეუშალოს და ეს არის რუსეთის დავალება.

- არა მგონია, ეს მოსაზრება საზოგადოებამ სერიოზულად მიიღოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ამას არ იტყვის. სხვათა შორის, კულებამაც რაღაც მსგავსი იგულისხმა, როდესაც თქვა, ჩვენ ვთვლით, რომ ახლა მხოლოდ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრებასო, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, თითქოს უკრაინის გაწევრებას ჩვენი განაცხადის გამო ხელი შეეშლება, ღიმილის მომგვრელია, რადგან ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე რთული ახლა ევროკავშირში უკრაინის მიღება უნდა იყოს. ჯერ ერთი, ქვეყანა გაგანია ომშია და ევროკავშირს ომის გამო ამა თუ იმ ქვეყნის მიღება უჭირს, რადგან მერე მას მოუწევს ამ ომში არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით - დევნილების შეკედლება და ეკონომიკური დახმარებაც მისი პასუხისმგებლობა იქნება. უკრაინასთან დაკავშირებით ახლა ბევრი ისეთი საკითხი იჩენს თავს, როგორიც არ არის საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში, ასე რომ, საქართველო ვერ იქნება უკრაინისთვის ხელის შემშლელი. სხვათა შორის, ოპოზიციის ნაწილი ძალიან­ კონსტრუქციულად იქცევა. მაგალითად, გიორგი ვაშაძე არის უკრაინაში, ძალიან პოზიტიურ და ადეკვატურ შეფასებებს აკეთებს და თავისი იქ ყოფნაც არავისთვის დაუყვედრებია. ჩანს, ოპოზიციაშიც ნელ-ნელა მკვიდრდება ნორმალური ოპოზიციონერობის სტილი, რომელიც აღარ იქნება აგებული დოსთვის მარილის დაკლების პრინციპზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კრიზისში საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა მშვიდობიანად ჩაივლის, მერე კი, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თავისი ტერიტორიიდან გააძევებს, ბევრ საკითხზე საერთო პოზიციების შემუშავებაც მოხერხდება.

რუსა მაჩაიძე