"ამ ჭურვების ცვენასა და სისხლის ღვრაშიც კი ბედნიერია უკრაინელი ერი, რადგან სამაგალითოდ შეკრულია და ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს!“
"ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკან არ დაიხიონ“
მწერალი ირაკლი ლომოური იმ თაობის შვილია, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ქართული ენის დასაცავად მაშინდელ რეჟიმს დაუპირისპირდა და არაფერი დაუთმო. რა და როგორ შეიცვალა ახლა ქვეყანაში, მის გარეთ, ამის შესახებ ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა.
- რაც უკრაინაში ხდება, ისეთი საშინელი, შემზარავი, წარმოუდგენელი და სიურრეალისტურია, რომ აპოკალიფსურ დროებად წარმომიდგება - ბოლო ჟამის წინა დღედ. მართლაც შეიძლება იფიქრო, რომ სამყარო შეიშალა და ღმერთმა მიატოვა... გამოჩენილ ინდოელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს, რაბინდრანატ თაგორს აქვს ნათქვამი, სანამ ბავშვები ჩნდებიან, ღმერთს ჯერ არ ჩაუქნევია ხელი ადამიანზეო, ასე რომ, ჯერ კიდევ არსებობს იმედი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რუსებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ანუ უფლის ნებით, ბავშვები ჩნდებიან, მაგრამ ახლა ადამიანი თვითონ ხოცავს მათ. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 60 ბავშვი დაიღუპა. რა შეიძლება ამაზე ვთქვა? ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, მივჩერებივარ ლეპტოპის ეკრანს და ცრემლებს ვერ ვიკავებ. თითქოს სრულიად აუხსნელი სიგიჟე სჭირს სამყაროს, მაგრამ დავფიქრდეთ, სამყარო შეიშალა თუ ერთი ბუნკერში გამოკეტილი ადამიანი?! მთელი დემოკრატიული დასავლეთი უკრაინის გვერდითაა. ევროპა ასეთი ერთსულოვანი, მგონი, არასდროს ყოფილა. შვეიცარიაც კი, რომელიც 1815 წლიდან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და არც ერთ მსოფლიო ომში არ მიუღია მონაწილება, ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა. ფინეთი, რომელიც მეორე მსოფლო ომის შემდეგ მიუმხრობლობის პოლიტიკას ატარებდა, დღეს ნატოში შედის. აშშ-ისგან უკვე შეისყიდა 60 ერთეული უახლესი, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი F-35A, რომელიც ერთი 78 მილიონი დოლარი ღირს. ნატო განმტკიცდა, გაძლიერდა, შეკავშირდა და უკრაინას რეალურ სამხედრო დახმარებას უწევს. მართალია, უკრაინის დაჟინებულ მოთხოვნას, ქვეყნის თავზე დახურონ ცა, არ აკმაყოფილებენ, რადგან ეშინიათ, თუმცა სიტუაცია იცვლება. ამერიკელებმა სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ აშშ-ის მოსახლეობის 74% უკრაინის ცის დახურვას ემხრობა. იმავე აზრის არიან ავტორიტეტული ფიგურები - გენერალი ბრედლავი და დიპლომატი ვერშბოუ. პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელი საზოგადოების განწყობას ურეაქციოდ ალბათ ვერ დატოვებს და უფრო აქტიურად ჩაერევა ომში. ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკან არ დაიხიონ. ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელობამ კონგრესში საჯაროდ განაცხადა, რომ "პუტინს არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს, დამარცხდეს", რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ბოლო მომენტში თითი "წითელ ღილაკსაც" დააჭიროს და ატომური იარაღი გამოიყენოს. ანუ პუტინი არაადეკვატური მანიაკია და ძალიან საშიშიც, თავის გამოგონილ რეალობაში ცხოვრობს. მაგრამ მაინც მგონია, ბირთვულ ომთან დაკავშირებით ბლეფს აწყობს... მთავარია, უკან არ დაიხიონ და არაფერი დაუთმონ.
- ამ ქაოსში ჩვენი ადგილი სად არის? თქვენი ერთ-ერთი პერსონაჟი, დვალიშვილი, მეტროს ბაქანზე ჩადის, თითქოს ვიღაცას ელოდება. ჩვენ რას უნდა ველოდოთ?
- საქართველოს ადგილი ცივილიზებულ, დემოკრატიულ, დასავლურ სამყაროშია. ვიმსახურებთ თუ არა ამას და ვართ თუ არა მზად, სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენი ადგილი რუსულ, ისლამურ და ჩინურ სამყაროში ნამდვილად არ არის... თუმცა ამ კითხვაზე, ალბათ, უფრო ეგზისტენციალურ ჭრილში უნდა გიპასუხოთ და არა - გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ჩემი მოთხრობა "შემთხვევა", რომლის პერსონაჟიც არის დვალიშვილი, 21 წლისამ დავწერე. ეს მაშინ ბოლომდე გაუაზრებელი, ემოციური გამოძახილი იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს აბსურდულ რეალობაში ცხოვრებისა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ეს მოთხრობა სინამდვილეში გაქცევაზეა, უფრო ზუსტად - გაქცევის შეუძლებლობაზე... აქლემების ქარავანი, ანუ ფანტასტიკური პარალელური განზომილება, იქ მთავარი არ არის, მთავარია, გავაღწიოთ ამ ბნელი, ცრუ, ყალბი, ქაოსური რეალობიდან, მაგრამ საით ან როგორ, ამ კითხვაზე ყველამ თავად უნდა გასცეს პასუხი... ჩემთვის პასუხი რწმენის ძიებაშია, რომელიც ღვთისა და მოყვასის თავგანწირულ სიყვარულს ქადაგებს...
ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ, ახლა სხვა თემაზე მსჯელობის უნარი არ მაქვს. ახალგაზრდობა მუდმივად იყო ქვეყნის მამოძრავებელი ძალა 80-იანი წლების მიწურულს და შემდეგაც. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი დღე იყო 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც სტუდენტები გავედით დემონსტრაციაზე ქართული ენის სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად. გავედით, მიუხედავად იმისა, რომ უფროსები, ლექტორები არ გვიშვებდნენ, გვაფრთხილებდნენ და გვაშინებდნენ, რომ გვესროდნენ, სისხლი დაიღვრებოდა, თაობა დაიღუპებოდა. ჩვენ მაინც გავბედეთ და ეს იყო მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, მთავარს მოკლედ ვიტყვი - ყოველი თაობის ახალგაზრდობა კრიტიკულ სიტუაციაში თავის საუკეთესო სახეს ავლენს, რაც გვაიმედებს, რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს.
- ამბობენ, რომ ისტორია საუკეთესო მასწავლებელია, ჩვენს ქვეყანას კი უახლესი ისტორიის მანძილზე რამდენიმე სხვადასხვა მასშტაბის ომის გადახდა მოუხდა. ქართველ საზოგადოებას სწორად აქვს გაცნობიერებული და განსაზღვრული პრიორიტეტები?
- საქმე ის არის, რომ სხვადასხვა მასშტაბის ომებმა ანუ მძიმე წარსულმა ქართველებს, მგონი, არაფერიც არ გვასწავლა. სამოქალაქო საზოგადოება დღემდე ჩამოყალიბების პროცესშია. იმის თქმა მინდა, რომ ღირებულებები არათუ სწორად არ გვაქვს განსაზღვრული, ბოლომდე ისიც კი არ გაგვიცნობიერებია, რა უნდა განვსაზღვროთ სინამდვილეში და არც გაცნობიერების სურვილი შეიმჩნევა მაინცდამაინც. ამასთან, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლებით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, ღირებულებებს დემაგოგიურად, ლოზუნგების დონეზე აცხადებს, საქმით კი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად აძლევს ხელს. ვფიქრობ, ქართველი პოლიტიკოსებისთვის მთავარი საკუთარი, თავკერძა, ეგოისტური ინტერესია. ამიტომ არც ხელისუფლებას ვენდობი და არც - ოპოზიციას.
დიახ, ისტორია კარგი მასწავლებელია, მაგრამ ჩვენ მთავარი მტრის გავლენისგან, რომელიც ხან იარაღით გვებრძოდა, ხან ყველაზე საშიში ძალით - იდეოლოგიით, ვერა და ვერ გავთავისუფლდით. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენი მთავარი მტერი რუსეთია - მე ასე მესმის, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ჰგონიათ, რომ სწორედ რუსეთმა გადაგვარჩინა და გაგვაერთიანა. ამ თემაზე კამათს არ დავიწყებ, მაგრამ მგონია, გეორგიევსკის ტრაქტატი რომ არ დაგვედო, ერთხანს კიდევ რომ გაგვეძლო, უამრავ უბედურებას ავიცილებდით თავიდან, ვინაიდან XIX საუკუნეში სპარსეთი და ოსმალეთი ისე დასუსტდნენ, რომ ნახევრად კოლონიურ სახელმწიფოებად იქცნენ. სწორედ მაშინ გათავისუფლდა საბერძნეთი თურქეთის უღლისგან ევროპელების, მათ შორის, ლორდ ბაირონის დახმარებით. ჩვენი დიდი შეცდომა ის იყო, რომ ბრძოლა შევწყვიტეთ და გადარჩენა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა რუსეთის იმპერიას ვთხოვეთ, არადა, უკვე საკმარისად ბევრი ისტორიული ფაქტი გვქონდა, ჩვენი წინაპრები მიმხვდარიყვნენ, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლებოდა. მასთან დადებულ ხელშეკრულებას იმ ქაღალდის ფასიც კი არ აქვს, რაზეც არის დაწერილი. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ჩემი სიძის, პოეტისა და ექიმის, ცხონებული ბიძინა მინდაძის ლექსი მახსენდება: "ბევრი ვიომეთ, დავმარცხდით,/ შევცდით, როცა არ ვიომეთ..." ჰოდა, ახლა უკრაინის თავგანწირვას რომ ვუყურებ, რუსეთის იმპერიის დაშლის ბოლო ეტაპი მგონია და პუტინმა ეს პროცესი თავისდა უნებურად დააჩქარა, რადგან სახელმწიფოთა ახალი, "ევრაზიული კავშირის" შექმნა განიზრახა; სურდა, ისტორიაში შესულიყო, როგორც "რუსული მიწების" გამაერთიანებელი, ამიტომაც ლამობს უკრაინის დაპყრობას, სასტიკად სჯის "მოღალატე" უკრაინელებს, თუმცა უკვე აშკარად ჩანს, რომ პუტინი მარცხდება.
- რა დაგვანახა უკრაინელმა ხალხმა სამაგალითო ერთიანობით და უტეხად დგომით?
- უკრაინელებმა თავიანთი შემართებით, თავგანწირვით, გამბედაობით, სიმტკიცით, ბრძოლის უნარით მთელ მსოფლიოს დაანახეს, რა შეუძლია ერს, რომელიც ერთიანია და გულით იბრძვის თავისუფლებისათვის! ის მზად არის თავგანწირვისთვის, ოღონდ დაიცვას ქალი, ბავშვი, მოხუცი, ოჯახი, თავისი მიწა-წყალი. ოკუპირებულ ქალაქებში რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ უკრაინელების გამოსვლა შიშველი ხელებით და ეროვნული დროშებით ნამდვილი გმირობაა! უკრაინელების თავგანწირული ბრძოლის შემხედვარე ადამიანს საკუთარ ხალხსა და ქვეყანაზე გული თუ არ შეუტოკდა, წყალწაღებულია და ვერაფერს გააგებინებ... უკრაინელები მხოლოდ თავიანთი ქვეყნისთვის კი არა, ფაქტობრივად, ევროპის, თავისუფალი სამყაროს გადასარჩენად იბრძვიან, რადგან შეპყრობილ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციით" ამერიკას, მთელ დასავლურ სამყაროს ებრძვის. უკრაინის შემდეგ, ალბათ, ბალტიისპირეთს მიადგება... ასე რომ, ამ ჭურვების ცვენასა და სისხლის ღვრაშიც კი ბედნიერია უკრაინელი ერი, რადგან სამაგალითოდ შეკრულია და ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს! ინგლისის პარლამენტში მის გამოსვლას, ალბათ, ყველამ მოუსმინეთ. იქნებ ოდესმე ჩვენც გვეღირსოს ასეთი პრეზიდენტი. ან იქნებ ოდესმე ერთად დგომა ვისწავლოთ უკრაინელებივით... ბოლო დროს ხშირად ვსვამთ კითხვას - რა გვაკლია ქართველებს? ყველაზე მთავარი, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარული, საკუთარი ხალხისთვის თავდადებისთვის მზადყოფნა გვაკლია, ამის გარეშე კი ვერც ერი ვიქნებით, ვერც საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით და შეშინებულ, დამფრთხალ, არაფრის მაქნის ბრბოდ დავრჩებით...
- ბოლო ხანებში კამათობენ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ?
- აუცილებლად უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან. სად გაგონილა, ქვეყანას, რომელმაც ტერიტორიის 20% წაგართვა, საზღვარი გაუხსნა და მოიპატიჟო?! უკრაინას არ ტოვებს ბრძოლისუნარიანი მოსახლეობა, ოჯახები გაჰყავთ და უკან ბრუნდებიან. რუსებმაც კეთილი ინებონ, ხელისუფლება და ოპოზიცია გვერდიგვერდ დადგნენ და საერთო მტრის, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლონ. თუმცა გულის სიღრმეში არ მჯერა, რომ თავიანთი ქვეყნიდან რეჟიმს გამოექცნენ...