"მეგონა, ის საშინელი წლები უკან მოვიტოვეთ, მაგრამ... ისევ დევნილობა, ბომბები, ტყვიების წვიმა“ - კვირის პალიტრა

"მეგონა, ის საშინელი წლები უკან მოვიტოვეთ, მაგრამ... ისევ დევნილობა, ბომბები, ტყვიების წვიმა“

რუსეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო იერიშს უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა, უფრო მეტი დაშავდა, მილიონზე მეტი კი, დევნილად იქცა, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ოკუპანტი ქვეყანა არ წყვეტს ინტენსიურ სარაკეტო, საარტილერიო დარტყმებს, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად უტევს ქვეყანას, ფაქტობრივად, უარს ამბობს ჰუმანიტარულ დერეფნებზე. უკრაინის მოქალაქეები ტყვიების ზუზუნში ცდილობენ, სამშვიდობოს გამოაღწიონ. რაც მთავარია, არავინ იცის, ეს უთანასწორო ბრძოლა როდის დასრულდება. ასობით ათას უკრაინელ ლტოლვილს შორის არიან ის ქართველებიც, ვინც ეს ყველაფერი 30 წლის წინ ნახეს, სამშობლოდან გადახვეწილებმა ცხოვრება თავიდან დაიწყეს, ფეხზე წამოდგნენ, ახლა კი ისევ ყველაფერი დაკარგეს."კვირის პალიტრა" უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა.

"თითქოს ბედისწერაა - ჩემი შვილიც 14 წლის არის, მეც ამ ასაკისამ დავტოვე სოხუმი"

ბეჟან გაგუა: - 2014 წლიდან ომისთვის მზადებაში ვიყავით... ყველამ იცოდა, რომ პუტინი მხოლოდ დონბას-ლუგანსკს არ დასჯერდებოდა. მეუღლე და ბავშვი სამშვიდობოს გავაცილე, მე დავრჩი, ქვეყანა უნდა დავიცვა. ყოველი შემთხვევისთვის, პირველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსამზადებელი კურსი გაიარა ჩემმა მეუღლემაც. ბავშვს როგორც კი საიმედოდ დავაბინავებ, დავბრუნდებიო, მაგრამ არ მინდა დაბრუნდეს, ჯერ არ გვიჭირს ასე. მას ბრონქული ასთმა აქვს, რთული ფორმით. გარდა ამისა, თითქმის ყოველდღე გვიერთდებიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც პროფესიონალი სამხედროები, ასევე ის ხალხი, ვისაც ზურგში დახმარება შეუძლია. გარდა ამისა, ოდესელები აპირებენ, ბოლომდე დადგნენ. აქ ისეთებიც არიან, ვისაც შვილებიც არ გაუყვანიათ, ქალაქთან ახლოს, გარეუბანში ჰყავთ დაბინავებული.

- აფხაზეთიდან დევნილი ხართ, არა?

- 14 წლის ასაკში მეც ის გზა გამოვიარე, რაც უამრავმა ჩემმა თანატოლმა, ვისაც 90-იან წლებში ბავშვობა წაართვეს. მამაჩემი სოხუმის დაცვისას დაიღუპა. მისი უკრაინელი მეგობრები, რომლებიც მანამდეც ჩამოდიოდნენ სოხუმში, ომის დროს მოხალისედ ჩამოვიდნენ და ქართველების გვერდით იბრძოდნენ... ერთი დაიჭრა კიდეც. მერე რა ბედი ეწიათ, არ ვიცი, რადგან მას შემდეგ ვითარება სოხუმშიც დაიძაბა. მე, ჩემი და და დედა, მამის მოლოდინში, ქალაქის დაცემამდე, ალყაშემორტყმულ სოხუმში დავრჩით. შემდეგ, როცა სოხუმის აღება უკვე გარდაუვალი იყო, დედამ, იმ ტანსაცმლით, რაც გვეცვა, პორტისკენ წაგვიყვანა. ისეთი ხალხმრავლობა იყო, ჭყლეტა და ჯოჯოხეთი ტრიალებდა, არ მახსოვს, როგორ მოახერხა, რომ მე და ჩემი აღრიალებული პატარა და გემზე მყოფ ხალხს გადაგვცა. დედა კი დავკარგეთ, ვერ ამოვიდა. ეს ის უკრაინული სამხედრო გემი იყო, რომელიც შემდეგ უკრაინაში ვიცანი, ამ გემს კი არასდროს დავივიწყებ. ის იყო ჩვენი გადამრჩენელი...

ორი კვირა ფოთში, რაღაც შენობაში ვიყავით სხვა ბავშვებთან ერთად, მათი მშობლები გვივლიდნენ. ჩემი და ყოველღამე მეკითხებოდა, დილით რომ გავიღვიძებთ, დედიკო და მამიკო აქ დაგვხდებიან და სოხუმში წაგვიყვანენო? შემდეგ მამიდაჩემი მოვიდა და თბილისში წამოგვიყვანა. დედის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სახლის ტელეფონზე (ქალაქის სატელეფონო ქსელი ომის შემდეგაც დიდ­ხანს მუშაობდა) აფხაზურად პასუხობდნენ. ასე გავიდა რამდენიმე კვირა. მამიდა თანდათან გვაგუებდა, რომ მშობლების დაბრუნების იმედი არ გვქონოდა. თბილისში, მეტრო "დელისთან" ვცხოვრობდით. ერთ დილით მე და ჩემი და, რომელიც ერთ ნაბიჯითაც არ მშორდებოდა იმის შიშით, მეც არ დავეკარგე, პურის საყიდლად ჩავედით. ვიღაც, დედაჩემის მგავსი ქალი შევნიშნეთ. მის აჩრდილს უფრო ჰგავდა - საშინლად გამხდარი, გაყვითლებული, დაბნეული სახით აქეთ-იქით იყურებოდა. ჩემი და მისკენ გაქანდა. მართლაც დედაჩვენი იყო. მან იცნო, მე ვერ ვიჯერებდი... კოდორის ხეობით გადმოსულა, ფეხით, ზუგდიდამდე, შემდეგ ფოთში ჩასულა ჩვენს საძებნელად და ბოლოს უთქვამთ, რომ თბილისში ვიყავით შეფარებული... მამაზე დიდხანს ვერაფერი გავიგეთ. ვიდრე "წითელმა ჯვარმა" უგზო-უკვლოდ დაკარგულების სიით არ იპოვა, მისი საფლავიც არ ვიცოდით...

ერთხელაც დედას მამაჩემის უკრაინელი მეგობრები დაუკავშირდნენ და ჩამოსვლა შესთავაზეს. წავედით. მათ თანხა შეეგროვებინათ და ოროთახიანი ბინა გვიყიდეს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, ფრონტის ხაზზე მიმავალმა დავკეტე. დედაჩემი ჩემმა დამ წლების წინ წაიყვანა გერმანიაში. იქ მუშაობდა და გათხოვდა დედით უკრაინელ შვედზე... ახლა სწორედ მასთან წავიდნენ ჩემი მეუღლე და შვილი. თითქოს ბედისწერაა - ჩემი შვილიც 14 წლის არის, მეც ამ ასაკისამ დავტოვე სოხუმი, მაგრამ ახლა ტვინის ყველა უჯრედით მჯერა, რომ ეს ხანგრძლივი განშორება არ იქნება ჩემს საყვარელ და მეორე მშობლიურ ქალაქთან. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე?

- ეს არის პოზიციური ომი. რუსული არმია ვერც ერთი ნაბიჯით ვერ აღწევს წარმატებას... რუსებმა სრულად დონბასის კონტროლიც ვერ შეძლეს. უკრაინა უმძიმესი დანაკარგის, შრომის ფასად, მაგრამ მაინც დგას. შეიძლება ითქვას, აქ გავიზარდე, მაგრამ ამ ხალხის გაცნობას ახლა ვიწყებ. არ მეგონა, თუ ამდენის ამტანი და მომთმენი იყვნენ. მშვიდობიანი მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება ყველას და ყველაფერს. რუსები ერთმანეთს გადაეკიდნენ - ნაწილს რუსეთთან უნდა, სხვები დამოუკიდებელი უკრაინისთვის იბრძვიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ამას წინათ მოხუცი ცოლ-ქმარი დააკავეს - იმათი სია ჰქონდათ, ვინც მათ სამეზობლოში უკრაინული არმიის რიგებში იბრძოდა, ვინც დივერსანტები დააკავა ან გამოააშკარავა, რუს სამხედროებს საკვები არ მისცა... ვიდრე პოლიცია მივიდოდა, აქაურებმა სახლიდან გამოათრიეს, რუსებისგან დაცხრილულ შენობაში შეიყვანეს და "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს. ეს იყო მაგალითი, რომ ყველა მოღალატეს ეს დღე ელის. აქ მშობლები დღემდე ელოდებიან ომში წასულ შვილებს და სახლს მხოლოდ რამდენიმე საათით, სარაკეტო დაბომბვისას ტოვებენ... ოდესაში უამრავი სომეხი ცხოვრობს. ხუმრობით თავს მათ სტუმრებსაც კი ვუწოდებდით. მათ შორისაც გაიყო პოზიციები - ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგიც რუსებს შეუერთდა, ნაწილი კი უკრაინელების მხარეს იბრძვის.

bavshvebi2-1647174759.jpg

"რუსეთი არ გაჩერდება, სანამ არ გააჩერებენ"

ლელა ტაკიძე: - 30 წლის შემდეგ მეორედ გამოვცადე დევნილობა... მანამდე რამდენიმე დღე და ღამე სამ პატარა შვილთან ერთად მეტროში ან სარდაფში გვიწევდა ყოფნა. შუათანა ეტლით მოძრაობს, ცერებრული დამბლის დიაგნოზი აქვს. კიევში მე-13 სართულზე ვცხოვრობდით. როგორც კი სირენები ირთვებოდა, ყველა ერთად გამოვრბოდით თავშესაფარში. ჩემს მეუღლეს შუათანა გოგონა მოჰყავდა, მე - დანარჩენი ორი. ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელიც არასდროს დამავიწყდება... როდესაც გაგრიდან წამოვედით, ეს ჩემი ოჯახისთვის ისეთი სტრესი იყო, დედამ ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა. მე და მამა მარტო­ დავრჩით. შემდეგ კიევში წავედი სამუშაოდ და იქაურ ქართველზე გავთხოვდი... მეგონა,­ ის საშინელი წლები უკან მოვიტოვეთ, მაგრამ... ისევ დევნილობა, ბომბები, ტყვიების წვიმა... ჩემს მეუღლეს ქალაქის დასაცავად დარჩენა უნდოდა, მაგრამ თავად უკრაინელმა მეგობრებმა­ უთხრეს, წადიო. მე მარტო სამ ბავშვს ვერაფერს მოვუხერხებდი.

3000 კილომეტრი ვიარეთ, უზარმაზარ საცობში. მანქანაში გვეძინა, იქვე ვაჭმევდი და ვუცვლიდი ბავშვებს. ხუთი დღე გზაში­ ვიყავით და როგორც იქნა, ჩავაღწიეთ გერმანიამდე, სადაც ახლობლებმა შეგვიფარეს. ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ჩემი გული და სული კიევში დარჩა. იქ უამრავი ჩვენი მეგობარი, ახლობელი და ნათესავი იმალება სარდაფებსა და მეტროებში. შიათ, სცივათ, მშვიდი ძილი ენატრებათ...­ მათი სატკივარი გვტკივა. ჩემი მეუღლის ძმები კიევს იცავენ, მაშინვე ჩაეწერნენ მოხალისეთა რიგებში. ჩვენი კორპუსი ჯერჯერობით დგას, მაგრამ არავინ იცის, როდემდე, რუსეთი არ ისვენებს, არ ჩერდება, სანამ არ გააჩერებენ.

"ვუყურებდი, როგორ არავის ინდობდნენ რუსები და სოხუმი მახსენდებოდა..."

ელისო ლოგუა: - ხარკოვი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს. რუსმა ტყვემ, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა აიყვანეს და შიშით კანკალებდა, თქვა, ჩვენი მეთაურობა გაგიჟებულია, არც ერთი დიდი ქალაქი ჩვენს ხელში არ არის, ვერც ერთ მათგანში ხელმძღვანელობის შეცვლა ვერ მოვახერხეთ, ეს ჩავარდნაა და ყველაფერს ელოდეთო. ამაზე მეტს, არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ. ჰუმანიტარულ კორიდორს არ ხსნიან, ყველაზე მეტი სამშვიდობო სწორედ გასვლის მცდელობისას დაიღუპა. ჩემს მეზობლებს დამიზნებით ესროლეს, რამდენიმე მათგანი დაიჭრა და ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი იქვე მოკლეს... საავადმყოფო გადავსებულია, ექიმები ფეხზე ვერ დგებიან, ისეთი გადაღლილი არიან, მაგრამ უძლებენ, ისე, როგორც ქალაქი და მთელი ქვეყანა უძლებს. რუსი მაროდიორები თავს ესხმიან მაღაზიებს, ეძებენ საკვებს, ალკოჰოლურ სასმელს და ქუჩაში გამოსულები უმისამართოდ ან სულაც კორპუსებისკენ ისვრიან. ჩვენთან "მშრალი კანონია" შემოღებული, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სისხლი გამუდმებით სჭირდებათ დაჭრილებისთვის და არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება და კიდევ - სიფრთხილისთვის, რადგან ალკოჰოლი ათამამებს ადამიანს. ვუყურებდი, როგორ არავის ინდობდნენ და სოხუმი მახსენდებოდა - ასე დაწანწალებდნენ იქაც... ომში ადამიანები არ იცვლებიან... მეორედ დავტოვე სახლი ერთი ჩემოდნით და ლვოვში, ნათესავებთან გავიხიზნეთ, მაგრამ უკრაინის შემთხვევას 90-იანი წლების აფხაზეთს ვერ შევადარებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით. უკრაინელი ხალხი ჯერჯერობით არაფერს თმობს და არც დათმობს. მათ უდიდესი სისხლისა და მსხვერპლის ფასად შეძლეს და მსოფლიო გამოაღვიძეს. რუსეთი უნდა დაიშალოს. ვიცი, რომ ჯერ ამაზე ფიქრიც ნაადრევია, მაგრამ გავიგეთ, რომ აფხაზეთიდან ერთი სატანკო ბატალიონი უკრაინისკენ წამოიყვანეს, ანუ გაუჭირდათ და პირველად 30 წლის განმავლობაში სოხუმში დაბრუნების იმედი გამიჩნდა...