"რუსეთს ან საფლავში ჩავყვებით, ან გადავრჩებით“ - კვირის პალიტრა

"რუსეთს ან საფლავში ჩავყვებით, ან გადავრჩებით“

"კარგი ომი და ცუდი მშვიდობა არ არსებობს" - ამბობდა ბენჯამინ ფრანკლინი.­ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში უკრაინის მოვლენებმა დაგვარწმუნა. ამ ომმა რამდენიმე დღეში ათასობით ადამიანის სიცო­ცხლე შეიწირა და უამრავი ბავშვი დააობლა. "კვირის პალიტრა" ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქარაძე ესაუბრა:

- რუსეთს რამდენჯერმე შერჩა ასეთივე­ ავანტიურა: ჯერ იყო 2008 წელი, როცა საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო რუსეთს პასუხი არავინ მოსთ­ხოვა. ამას მოჰყვა 2014 წელი, როცა ამ ქვეყნის მთავრობამ საერთაშორისო სამართალს გვერდი აუარა და ყირიმი პირდაპირ შეუერთა რუსეთს. ამის გამო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა მას ძალიან მსუბუქი სანქციები დაუწესეს.

- გარდა იმისა, რომ უკრაინელებს ვგულშემატკივრობთ, ახლა ჩვენი საფიქრალია, რას მოუტანს საქართველოს ეს დაპირისპირება.

- რამდენიც უნდა ვეცადოთ, საქართველო ამ დიდი კონფლიქტისგან გარიყული ვერ იქნება. ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტო­რიებზე რუსული ჯარი დგას და მისი პოზიციები ჩვენთან უფრო ძლიერია, ვიდრე უკრაინაში. რუსეთს ჩვენი სამშობლოს მიმართაც ექნება ულტიმატუმი, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გახდეს და დასავლეთისკენ სვლაზე უარი თქვას. თუ რუსეთი ამ ომში გამარჯვებული გამოვა, ყველანაირად ეცდება, საქართველო რუსული გავლენის სფეროში მოაქციოს. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ამას თავიდან ვერ ავიცილებთ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რა გზას დავადგეთ. ჩვენ ორი გზა გვაქვს: ან რუსეთს საფლავში ჩავყვებით, ან გადავრჩებით. რა თქმა უნდა, ლავირებაც საჭიროა, მაგრამ რუსეთთან ზედმეტი კუდის ქიცინი იმას გამოიწვევს, რომ საქართველო დასავლურ სამყაროს ჩამოშორდება და ჩრდილოელ მეზობელს პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვება... თუ ცივილიზებული მსოფლიო ამ ბოროტ ძალას არ დაამარცხებს, ის მომავალში უფრო მეტ საშინელებას ჩაიდენს.

- რუსული ჯარი მშვიდობიან მოსახ­ლეობასაც­ არ ინდობს - ბავშვები, ქალები, მოხუცები იღუპებიან...

- რუსი ჯარისკაცები ისე იქცევიან, როგორც ყოველთვის იქცეოდნენ. დიდი ჰუმანიზმით არ გამოირჩეოდნენ­ საკუთარი­ მოსახლეობის მიმართაც კი. რუსული საინფორმაციო საშუალებები მოწინააღმდეგეებს­ უწოდებენ ფაშისტებს, ნაცისტებს და მოსახლეობაც ამ პროპაგანდის გავლენას განიცდის. რუსეთი ცუდად იქცევა, რადგან ამის გამო შესაფერის პასუხს არავინ სცემს, თუმცა კარგია, რუსული არმია ამ ომში სათანადოდ მოტივირებული რომ არ არის. წლების განმავლობაში მათ ასწავლიდნენ, რომ უკრაინელები მათი ძმები არიან, ამის გამო უკრაინასთან ომში რუსი ჯარისკაცის მოტივაცია დაბალია. ამას ისიც ემატება, რომ მსოფლიო უკრაინის მხარესაა. ამ და სხვა ფაქტორების გამო, მე მგონია, რუსეთს ამ ომის მოგება ძალიან გაუჭირდება.

ვფიქრობ, ამ ბოროტ ძალას თავისივე ხალხი მოუღებს ბოლოს. ეს როდის მოხდება, არავინ იცის, არც ის ვიცით, მანამდე რუსეთი რა ბოროტებას ჩაიდენს, თუმცა, მჯერა, ერთ მშვენიერ დღეს პუტინს თავად რუსები მოაშთობენ. დასასრულ, უნდა ვთქვა, რომ უმძიმეს რეალობაში ვცხოვრობთ, ყველაზე მძიმე მაინც ის არის, რომ ჩვენ, მშვიდობიან ადამიანებს, ამ რეალობის შეცვლა არ შეგვიძლია!

ხათუნა ჩიგოგიძე