"2008-ში ომი არ იყო? მაშინ გარბოდნენ თბილისიდან და ახლა გახდნენ გმირები?“
"რატომ მაშინ არ ამოვიღეთ ხმა, როდესაც აქედან გაქცეული ყველა ნაძირალა შეიფარა უკრაინამ?“
რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიო და რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური რადიკალიზმი, ამ საკითხებზე პოეტი თემურ ჩალაბაშვილი გვესაუბრება:
- პანდემიას უკვე უწოდეს მესამე მსოფლიო ომი. გამოდის, მსოფლიო მეოთხე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დგას. რაღაც უჩვეულო ხდება, მაგრამ რაც უფალმა დაუშვა, იმას უფალივე რომ განაგებს, ესეც კარგად ვიცით. მტრულად მოვექეცით დაავადებასაც და, მგონია, ამიტომაც გამძვინვარდა კიდევ უფრო ვირუსი. ჩვენი წინაპრები ასეთ სახადებს უმღერდნენ და ასე, ღიღინ-ღიღინით აცილებდნენ. პოეტური თუ ბავშვური გულუბრყვილობით, მგონია, რომ აგდებით მივუდექით თავს დატეხილ განსაცდელს. ეს ხომ არც ქართული ფენომენი იყო, არც ამერიკული, არც გერმანული ან ფრანგული. ახლაც, საზარბაზნე ხორცი სხვაა, თორემ, სინამდვილეში კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ორ დიდ ქვეყანას შორის რაღაცების გარკვევა/გადალაგების პროცესი მიდის, რაშიც მთელი მსოფლიო შეიძლება ჩაითრიონ. მაგრამ ერთია ის, რაც შენგან დამოუკიდებლად მოხდება და მეორე ის, რომ ძალით არავის უნდა შევუვარდეთ ხახაში.
- რას გულისხმობთ?
- დღეს მთავარი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს და გული მწყდება, როდესაც არეულობის მცდელობას ვხედავ. მოხალისედ გამიშვიო, მთავრობას სთხოვენ. წადი, მაგრამ ვისაც მართლა უნდა ბრძოლა, ოჯახშიც კი არ ამბობენ, ისე იპარებიან. რად უნდა ამას ამხელა ამბის ატეხა? რაც სწორია და რაშიც შეიძლება სიკეთე დაინახო, ყველაფრის გამო თვალში ნაცარი კი არ უნდა მივაყაროთ! როგორ შეიძლება, ყველაფერში ცუდს ვხედავდეთ, ყველა მოქმედებაში, ყველა გადაწყვეტილებაში? თანაც, დაუკვირდით, ვინ ჩხუბობს?! ვინც თანამდებობები დაკარგა უკრაინაში. მე არ ვამბობ, რომ მათი ტკივილი უცხო უნდა იყოს ჩვენთვის. ერთი ღამე არ მიძინია ნორმალურად, რაც ეს ომი დაიწყო, მაგრამ არ მინდა, ჩვენი ენითა და მოწოდებებით ომში ჩავერთოთ, არც ეს მიმაჩნია პატრიოტიზმად. ხომ ხედავთ, რა დღეშია ხალხი, პროდუქტს ეზიდებიან სახლში...
2008-ში ომი არ იყო? მაშინ გარბოდნენ თბილისიდან და ახლა გახდნენ გმირები? არასდროს დამავიწყდება, ჩემი ფანჯრების წინ წითელი ხიდისკენ მიმავალმა დატვირთულმა მანქანებმა რომ ჩაიარეს. გამოვაღე ფანჯრები, ვუყურებდი და ჩემს ცოლს ვეუბნებოდი, ნეტავ, სად მიდიან, როგორ ჩამოვხსნა კედლიდან გალაკტიონის სურათი ან ილიას სურათს რა ვუყო, მტერი თუ მოვა, ისევ ის მირჩევნია, აქ დავხვდე-მეთქი. ვინც დღეს ბევრს ყვირის პატრიოტიზმსა და ომზე, პირველ რიგში, ეგენი გაიქცევიან და უშველიან თავს.
- საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების განცხადებები და პოზიცია სიფრთხილეზე კი არა, სიმხდალეზე მიუთითებს...
- როგორ შეიძლება ასეთ დროს თანაგრძნობა არ გამოხატო უკრაინის მიმართ?! და, ვფიქრობ, გამოხატა კიდეც ყველამ - ხალხმაც, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც, მაგრამ ძახილი, რატომ არ მივდივართ ყველა ერთად ომშიო, არ ნიშნავს ქვეყნის სიყვარულს. არ ვიცი, რას ემსახურება ეს საბრძოლო პათოსი და მოწოდებები. რა გვინდა, ომში ჩაებას ქვეყანა, რომელიც ისედაც ომშია და რომელსაც ერთ ნაბიჯში ჰყავს ჩასაფრებული მტერი?
არავინ იცის, ხვალინდელი დღე როგორი იქნება. ხომ შეიძლებოდა, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები ცოტა ადრეც გამართულიყო, მაგრამ ამაზეც ვერ შეთანხმდნენ. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეს, იცით, რას ჰგავს? ცოლ-ქმარი რომ წაიჩხუბებს და კარის მეზობელი აიმედებს, ნუ გეშინია, მოვალ და შეგარიგებთო, მაგრამ მერე თვლის, რომ ეს მაინც ცოლ-ქმრის საქმეა,… მეზობელი და მეგობარი ერთხანს მოგეხმარება, მაგრამ მალე მტერს პირისპირ შერჩები. მსოფლიო წაეკიდა ერთმანეთს, ცეცხლში გაეხვია ყველაფერი და უკრაინაში დანთებული ეს ცეცხლი ყველას დაწვას უქადის. ასეთ დროს, რაც საქართველოში ხდება, არასწორია. რატომ მაშინ არ ამოვიღეთ ხმა, როდესაც აქედან გაქცეული ყველა ნაძირალა შეიფარა უკრაინამ? რომ გარბოდნენ, მაშინ ეკითხებოდნენ რამეს მთავრობას, ახლა თვითმფრინავებს რომ სთხოვენ? ორი ერთმორწმუნე, ერთ ფუძეზე დაყრდნობილი ერი იბრძვის და ცოტა მოზომილი ნაბიჯებით უნდა ჩავდგეთ მათ შორის. ეს უნდა გავითვალისწინოთ, თორემ განა საერთო გასაჭირი არ გვაქვს? მაგრამ ყველაფერს ტაქტი სჭირდება. ძალიან მტკივნეულია ის, რაც იქ ხდება... ასეთ დროს რომ გიკიჟინებენ, ჩვენი ომიცაა და ჩვენც უნდა შევიტანოთ წვლილიო, უხერხულობას გრძნობ, თითქოს დამნაშავე ხარ. ჯერ ერთი, როგორ ვიომო ამ ასაკში და მეორეც, საომარი აქ არ გვაქვს? აღშფოთდნენ, არამეგობრული ქვეყნების სიაში რატომ არ ვართო და დაავიწყდათ, რომ კარგა ხანია, მაგ სიაში ვყავართ რუსეთს. ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნის 20% და როგორ, მეგობრად გვთვლიან?
- რა შეეძლო გაეკეთებინა და ვერ ან არ გააკეთა ხელისუფლებამ?
- არასდროს მიკერძოებული არ ვყოფილვარ, ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული. როდესაც იქაც დავინახე შემთხვევით მიტმასნილი ხალხი, ვინც ზვიადის გულუბრყვილობას სათავისოდ იყენებდა, აღარც გავკარებივარ "მრგვალ მაგიდას". ზვიადს კი ვუთხარი, არც ერთი პარტიის წევრი არ მინდა ვიყო, რადგან, უპირველესად, შემოქმედი ვარ-მეთქი. არც მე გამიჭირდებოდა ყველა მოწვევის დეპუტატი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. შეიძლება, დავაშავე კიდეც, არ ვიცი. არავის მხარეს არ ვარ, მაგრამ არა მგონია, ამ სიტუაციაში, რაც ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა, იმ პოზიციის გარდა, სხვანაირი მიდგომა გამოგვდგომოდა.
- რადიკალიზმი, ემოციების სიჭარბე, გონიერების ნაკლებობა, საფრთხეა ქვეყნისთვის?
- 2008 წლის აგვისტოში, იმ დღეს, როდესაც პარლამენტის წინ დიდი ტაშფანდურა გაიმართა, ვახუშტი კოტეტიშვილის გამოსვენება იყო ქაშუეთიდან. არავის შემოუხედავს ქაშუეთში. არასდროს დამავიწყდება, ცხონებული გურამ საღარაძე გამოვიდა მაშინ და წაიკითხა ლადო ასათიანის ლექსი "სალაღობო". გამიკვირდა ძალიან. რომ შევხვდი, ვუთხარი, მიშას რომ ლექსი წაუკითხეთ, ლადო ასათიანმა მას არ დაუწერა და იმ საღამოზე როგორ წაიკითხეთ-მეთქი? იცით, როგორ ჩაფიქრდა? ცოტა ხნის შემდეგ კი, მართალი ხართო, მიპასუხა. აი, ეს შეუძლია ემოციების აყოლას. პატარა გოგო-ბიჭები ტრიბუნას რომ ხედავენ და სამშობლოს სიყვარულზე გაჰყვირიან, განა არ უყვართ სამშობლო, რამდენი ჩვენზე კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ არაფერი რომ არ წაგიკითხავს და თავის გამოსაჩენად გაჰყვირი, ეს არ მომწონს. ემოცია რომ არ მქონდეს, ლექსს რა დამაწერინებს, მაგრამ ზედმეტიც არაფერი ვარგა. ცხვირს თუ წაგვატეხინებს, თორემ კარგს არაფერს მოგვიტანს. მეც და ჩემი კოლეგებიც ხშირად ვსაუბრობთ ამ თემებზე, მაგრამ ესენი მწერალს როდის უსმენენ? მწერალი არც ერთ ეპოქას, არც ერთ მთავრობას არ სჭირდება, რასაკვირველია, გარდაცვლილი მწერლების გარდა! აბა, ერთი მაჩვენოს ვინმემ დაფასებული მწერალი! მე არ ვგულისხმობ კარის მწერლებს, რომლებიც მათ ზურგზე სოკოებივით მომრავლდნენ და მათვე აგინებენ...
ნინო ჯავახიშვილი