"როდის დადგება დარაბებს მიღმა გაზაფხული? - როცა პუტინი აღარ იქნება!“
არქივი, ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2022-03-20
იშვიათად მეგულება ქართველ მსახიობებს შორის ისეთი თავმდაბალი ადამიანი, როგორიც ბატონი რეზო ჩხიკვიშვილია, რომელიც უკვე 28 წელია, სამშობლოდან შორს, გერმანიაში, ესენის, გრილოს სახელობის თეატრში მოღვაწეობს. ბატონი რეზო გერმანიაში ცხოვრობს მეუღლე ხათუნა ჩაგელიშვილსა და ორ ვაჟთან - სანდროსა და ლევანთან ერთად. ჩვენ მას გერმანიაში დავუკავშირდით.
- მოგესალმებით, ბატონო რეზო! როგორ ბრძანდებით? როგორ მიდის ცხოვრება გერმანიაში იმის გათვალისწინებით, რაც ახლა უკრაინაში ხდება?
- მოგესალმებით. დიდი მადლობა, ჩემზე რომ იფიქრეთ. მე, როგორც ყველა, თავს დათრგუნვილად ვგრძნობ იმ მოვლენების გამო, რაც დღეს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ხდება. თითოეული ჩვენგანისათვის ეს პირადი ტრაგედიის ტოლფასია. წლების განმავლობაში, შრედერით დაწყებული, მერკელის კანცლერობის პერიოდის ჩათვლით, გერმანიას რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამ ფონზე ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო კანცლერ შოლცის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსებზე იყო დამოკიდებული, მისი ნაბიჯი დადებითად შეფასდა. აქ ძალიან დიდი სოლიდარობა იგრძნობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მასობრივი გამოსვლებია ქუჩაში, არანაკლები, ვიდრე საქართველოში და ამის შენელება არ შეიძლება! ყველა, როგორც შეუძლია, ისე ეხმარება უკრაინას. ჩვენი თეატრიდანაც ბევრი დაეხმარა. ამ მოვლენების მერე ძილი საერთოდ დავკარგე, არადა, რამხელა ძალა და ენერგია მჭირდება ჩემი პრემიერებისა და სპექტაკლების სათამაშოდ... საბედნიეროდ, ჩემი ხელოვნება მეხმარება ამ სტრესის გადატანაში. ახლა მქონდა პრემიერა ჯონათან საფრან ფოერის პიესად გადმოკეთებული რომანის "უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს". ჩემი გმირს აქვს ომიდან გამოყოლილი უდიდესი სევდა და ტკივილი, ამიტომ გამიასმაგდა ომის ემოციები - სპექტაკლშიც და ცხოვრებაშიც. გერმანელი მაყურებელიც იცრემლება დარბაზში, თითქოს განტვირთვას ვცდილობთ დღევანდელი უმძიმესი ემოციებისაგან.
- დარწმუნებული ვარ, პანდემიამაც სირთულეები შექმნა... ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
- გერმანია ნელ-ნელა ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები მთელი დატვირთვით მუშაობს. გუშინ პრემიერა გვქონდა და გადაჭედილ დარბაზში აღფრთოვანებული მაყურებელი ტაშით და ოვაციებით გვამკობდა, თუმცა ყველა პირბადით იყო.
- რა განსხვავებაა ქართულ და გერმანულ თეატრებს შორის?
- საქართველოში მეტი დრო ეთმობოდა სამაგიდო მუშაობას, ხასიათების ძებნას, იმპროვიზაციას; ძალიან ბევრია დამოკიდებული რეჟისორზე. გერმანულ სცენაზე მეტი დემოკრატიაა, მეტი თავისუფლება აქვს მსახიობს, რომელიც, ძირითადად, თვითონ ქმნის და ძერწავს პერსონაჟს და თავის ხედვას სთავაზობს რეჟისორს, რომელიც წყვეტს, რას დატოვებს ამ შემოთავაზებული ვარიანტებიდან. აუცილებელია, მსახიობს უკვე მეორე რეპეტიციაზე ტექსტი კარგად ჰქონდეს ნასწავლი, რომ სცენაზე მუშაობის და მოქმედების დროს რეჟისორს შეეძლოს, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეს... წელიწადში დაახლოებით14-15 პრემიერას ვდგამთ. ეს ძალიან დიდი შრომაა.
- თუ გიფიქრიათ, მანდ ყველაფერი მიგეტოვებინათ და სამშობლოში დაბრუნებულიყავით?
- არა, აქ ყველაფრის მიტოვებაზე არ მიფიქრია, რადგან საქართველოდან ყველა მიწვევას ვთანხმდებოდი და ხშირად მქონდა ჩამოსვლის საშუალება. ჩემს ნოსტალგიასაც დღემდე ასე ვუმკლავდები. საქართველოში დასასვენებლად არასოდეს ჩამოვსულვარ. შვებულების დღეებსაც კი შემოქმედებითად ვატარებ, მერე კი თითქოს სულიერად დამშვიდებული თუ ვალმოხდილი ვბრუნდები უკან, რომ რაღაც პატარა შევმატე კინოს, თეატრს და, საერთოდ, ქართულ ხელოვნებას.
- თქვენი შვილები თუ აპირებენ საქართველოში დაბრუნებას?
- ჩემს შვილებს, სანდროსა და ლევანს, მიუხედავად იმისა, რომ სულ აქვთ საქართველოსთან, თავიანთ მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობა, ჯერჯერობით გერმანიაში აქვთ საქმე. ორივეს სამსახურის გამო მთელ ევროპაში უწევთ მიმოსვლა. როგორი სევდიანიც უნდა იყოს ჩემი გულწრფელობა, ამ ეტაპზე ისინი აქ ცხოვრებას და საკუთარი თავის განვითარებას ამჯობინებენ, თუმცა, იმედი მაქვს, მიწის ყივილი ჩემს ორივე ვაჟს მოუხმობს, იმიტომ, რომ საქართველოში არიან დაბადებული და ბავშვობის წლები, იქაური სიყვარული და სითბო არასდროს დაავიწყდებათ.
65 წლის ვხდები და მალე თეატრის დატოვება მიწევს, რადგან ოფიციალურ პენსიაზე გავდივარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმიანობას თავს ვანებებ. ამის შემდეგ კი უკვე ვგეგმავ საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებას. კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი: სანამ პენსიაზე გავალ, ჩემი 28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში პირველად ჩემი თეატრის სცენაზე დავდგამთ სპექტაკლს ნინო ხარატიშვილის - გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგის, რეჟისორისა და მწერლის რომანის, "მერვე სიცოცხლის", მიხედვით, სადაც ბრილკას ვთამაშობ. ძალიან მიხარია ქართველი ავტორის ნაწარმოების დადგმა გერმანულ სცენაზე.
- საშუალება რომ იყოს, ქართველ ახალგაზრდებთან იმუშავებდით?
- მე საოცრად კარგი პედაგოგი მყავდა - ქალბატონი ლილი იოსელიანი და თუ ჩემს პროფესიაში ვივარგე, სწორედ მისი დამსახურებაა. ცხადია, მინდა, ჩემი დიდი, ინტერნაციონალური თეატრალური გამოცდილება ახალგაზრდებს გადავცე.
- ხომ არ გახსენდებათ გერმანიაში ცხოვრების დროინდელი თუნდაც პატარა ამბავი, რომელიც საქართველოს უკავშირდება?
- გასახსენებელი მართლაც მაქვს - სამჯერ გავმართე საქველმოქმედო საღამო, რომ გურიას დავხმარებოდი და ამით სული დავიმშვიდე, საკუთარ კუთხეს, საიდანაც ჩემი მშობლები იყვნენ წარმოშობით, დახმარების ხელი გავუწოდე და მოხუცებისა და ბავშვების მიმართ შეძლებისდაგვარად მზრუნველობა გამოვიჩინე. შეიქმნა ოზურგეთის საკონსულტაციო-სამკურნალო ცენტრი "ძლევაი", რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
- როდის დადგება ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხული"?
- როდის დადგება დარაბებს მიღმა გაზაფხული? მაშინ, როცა პუტინს მოვიცილებთ, როცა ეს აგრესორი, თავისი დამნაშავე მთავრობით აღარ იქნება, როცა მას დავამარცხებთ! მთელი დედამიწისათვის მაშინ დადგება გაზაფხული.
- დაბოლოს, ყველაზე მეტად რას ისურვებდით ახლა, ამწუთას?
- მშვიდობას უკრაინასა და მთელ მსოფლიოში! მე კი ყოველთვის ვიცოდი, რომ გურულების საყვარელი მშვიდობის სადღეგრძელო ყველაზე ბრძნული სადღეგრძელო იყო, მაგრამ ახლა ყველა დავრწმუნდით, რომ მშვიდობის ფასი არაფერია.
რუსუდან შაიშმელაშვილი