"მხრებზე ტვირთით დავბრუნდი, რაც დღესაც არ მასვენებს" - გურამ პეტრიაშვილი უკრაინელ ხალხსა და იქ გატარებულ 20 წელზე - კვირის პალიტრა

"მხრებზე ტვირთით დავბრუნდი, რაც დღესაც არ მასვენებს" - გურამ პეტრიაშვილი უკრაინელ ხალხსა და იქ გატარებულ 20 წელზე

ალბათ, ბევრს ახსოვს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე მწერალი გურამ პეტრიაშვილი, პრეზიდენტთან ერთად განდევნილი სამშობლოდან, სადაც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა. ეს დრო მან უკრაინაში გაატარა. ულუკმაპურო და უსახლკარო მწერალი უკრაინამ იმ დროს მიიღო, როცა თავადაც ძალიან უჭირდა. მწერალი უკრაინელებს, მათ ხასიათსა და მოყვასის სიყვარულს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ამ ხალხს თავისუფლების სიყვარულს ვერაფერი ჩაუკლავს.

- ბატონო გურამ, თქვენ ქართველების დაპირისპირების გამო იქეცით ლტოლვილად, უკრაინელები კი ლტოლვილებად რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო იქცნენ, თუმცა, ლტოლვილობა, რა მიზეზითაც უნდა იყოს, მუდამ მწარეა...

- იმიტომაც ვნერვიულობ ჩემს უკრაინელებზე ახლა, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვარ - უკრაინელები თავიანთი ლტოლვილობიდან სამშობლოში ამაყები დაბრუნდებიან, თავად კი მხრებზე ტვირთით დავბრუნდი, რაც დღესაც არ მასვენებს. სანამ ლტოლვილებად ვიქცეოდით, ზვიად გამსახურდიამ უკრაინაში საქართველოს ელჩად გამამწესა. როდესაც ვკითხე, პოლიტიკა არ ვიცი და უკრაინაში რა უნდა ვაკეთო-მეთქი? მიპასუხა, რასაც აქ აკეთებ - ქართულ ენას ემსახურები, იქაც უკრაინულ ენას ემსახურეო. ამ ქვეყანაში მანამდეც ვცხოვრობდი, უკრაინული ენაც ბრწყინვალედ ვიცი. სამწუხაროდ, მერე ბევრი რამ აირია და უკრაინაში ჩასვლისთანავე განადგურებულმა უკრაინელ მწერლებს მივაკითხე. ისინი, რომ იტყვიან, ტყავში გაძვრნენ და გვერდით დამიდგნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის წლები უკრაინისთვისაც მძიმე იყო, მათაც უჭირდათ. უკრაინელმა მწერლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის პარტიასთან დამაკავშირეს, სადაც უამრავი მეგობარი გამომიჩნდა. ამ პერიოდში ჩემი ერთადერთი საკვები მწერალთა კავშირის უფასო სასადილოში იყო, სადაც მშიერ შემოქმედებს აპურებდნენ, თუმცა, შიმშილთან ერთად, უკრაინაში ერთი ბედნიერება მაინც დამხვდა - მშვიდობა. უკრაინელებს მაშინ აზრადაც არ მოსვლიათ, ებრძოლათ ერთმანეთთან ან თუნდაც იქ მცხოვრებ რუსებთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ემოციური ხასიათით ჩვენ, ქართველებს, ძალიან გვგვანან და ჩვენსავით რომანტიკოსები და არაპრაგმატულები არიან.

- რით გვგვანან? ჩვენსავით შიდა დაპირისპირებით უკრაინელებს სამშობლო ხომ არასოდეს დაუზიანებიათ...

- როგორ ავხსნა ეს, არ ვიცი, თუმცა კითხვას შემოვაბრუნებ: პირადად თქვენ სად უფრო შეუბოჭავად იგრძნობთ თავს თქვენი ხასიათით, მაგალითად, გერმანელებთან, ებრაელებთან თუ უკრაინელებთან? ეჭვიც არ მეპარება, ამ კითხვაზე ქართველების უმეტესობა მიპასუხებს, რომ უკრაინელებთან უფრო ლაღად და თავისუფლად იქნება. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ უკრაინელები ჩვენსავით უფრო რომანტიკულები არიან, ვიდრე, მაგალითად, გერმანელები; უკრაინელებს ისევე ძალიან უყვართ პოეზია, როგორც ჩვენ. შეიძლება ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ უკრაინულ ფოლკლორში 400 000-ზე მეტი ლექსია. წარმოგიდგენიათ, ამდენი ლექსი ერთმა ერმა დაწეროს?!

უკრაინელი გლეხის ეზო ისეთივე კოპწიაა, როგორიც, მაგალითად, ჩვენი გლეხისა. უკრაინაში მეგობარი მყავს, მიხეილ სოპილნიკი. ამ სოპილნიკმა თავის სოფელში წამიყვანა. იქ, რასაკვირველია, ცოტა დავლიეთ და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, როგორ ოთახში მაძინებდნენ, თუმცა დილით რომ გავიღვიძე და ოთახში მიმოვიხედე, გაოცების შეძახილი აღმომხდა - სახლის პატრონს ქათქათა თეთრი ოთახი მთლიანად წითელი ვარდებით მოეხატა. აი, მაშინ დავფიქრდი, როგორ უნდა გრძნობდეს ეს უკრაინელი გლეხი სილამაზეს, რომ სახლის მოხატვაზე ამდენი დრო დახარჯოს! აი, ასეთი სილამაზის მოტრფიალეები არიან უკრაინელები და თანაც - სტუმრისა და მეგობრის მოყვარულები. ხომ ვთქვი, როდესაც უკრაინაში ჩავედი, ძალიან ჭირდა. ეს დამოუკიდებლობის პირველი წლები იყო და მათაც უჭირდათ პრობლემებთან გამკლავება. სამუშაო რომც გქონოდა, ძალიან ცოტას გიხდიდნენ. როდესაც ჩემი უკრაინელი მეგობარი რამეს იშოვიდა, მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდა და მეც მივყავდი იმ თავის ნაშოვნ სამუშაოზე. აღებულ თანხას თითქმის მთლიანად ცოლ-შვილს ვუგზავნიდი ჩერნიგოვში, მე კიევში ვიყავი, რათა სამუშაო მეშოვა. რამდენადაც მწარედ მახსოვს ეს პერიოდი, იმდენად მადლიერი ვარ ჩემი უკრაინელი მეგობრების. ერთხელ წნევის ისეთი კრიზი დამემართა, სანახევროდ მკვდარი მიპოვეს, კლინიკაში წამიყვანეს და გადამარჩინეს. თან გვერდიდანაც არ მომშორებიან. ეს კრიზი ექიმებმა კვებას დააბრალეს. საქმე ის იყო, რომ მრავალფეროვან საკვებს ვერ ვიღებდი, არ იყო ამის საშუალება, ამიტომ მთელი დღეების მანძილზე მცირეოდენ კარაქსა და პურს ვჭამდი, რამაც ჰიპერტონიული კრიზი დამმართა.

- თუ არ ვცდები, სწორედ უკრაინელმა მწერალმა შეგარქვათ 21-ე საუკუნის ოსკარ უაილდი.

- უკრაინაში ჩემი ზღაპრებიც ოთხჯერ გამოიცა. ბოლო პრეზენტაცია საქართველოში ჩემს გამომგზავრებამდე ორი დღით ადრე გაიმართა. ის 20 წელიწადი, რომელიც ჩემს უკრაინელებთან ერთად ვიცხოვრე, უდიდეს ტკივილთან ერთად, ალბათ, ჩემთვის ბედის საჩუქარიც იყო, რადგან ნამდვილი ხალხის გვერდით ვიყავი. რაც უნდა მოხდეს, მათ ვერაფერი დაამარცხებს, რადგან მონობას არასოდეს შეეგუებიან.