"უკრაინა იბომბება და ისეთი განცდა გაქვს, რომ შენც გბომბავენ“ - კვირის პალიტრა

"უკრაინა იბომბება და ისეთი განცდა გაქვს, რომ შენც გბომბავენ“

"ხილული ომი იქნება თუ უხილავი, ყოველთვის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ. სიტუაციას უნდა გრძნობდე, რადგან ეს არის შენი ცხოვრება. ვისურვებდი, არასდროს მომიწიოს ომის გაშუქებამ, მაგრამ ასეთია ჩემი პროფესიული არჩევანი. ის ზოგჯერ რისკს მოითხოვს და თუ ეს არ შეგიძლია, უნდა დადო კამერა და წახვიდე“

ომის კადრებს ტელეოპერატორები სიცოცხლის რისკის ფასად იღებენ. ობიექტივში ხედავენ ადამიანებს, რომელთა დახმარება არ შეუძლიათ და ცდილობენ შეინარჩუნონ ზღვარი სიფრთხილესა და პროფესიულ თავდადებას შორის. "რუსთავი 2"-ის ოპერატორ ნიკა ლეჟავას­ კონფლიქტების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცის, რა წესები უნდა დაიცვას გადაღების დროს.

- 18 წელია, რაც "კურიერის" ოპერატორი ვარ. ამ პროფესიაში მხოლოდ ხედვა არაფერს ნიშნავს - ჩვენ ხომ ფილმს არ ვიღებთ? აუცილებელია რაღაც ახლის დანახვის უნარიც და ექსკლუზივის მოპოვების წყურვილიც. შინაგანი მოტივაცია უნდა გქონდეს, ყოველთვის მოვლენების შუაგულში უნდა ტრიალებდე და აღბეჭდო კადრი, რომლის გადაღებასაც სხვა ვერ შეძლებს.

- რუსეთ-უკრაინის ომამდე აგვისტოს ომში იყავით, მერე - ყარაბაღში. რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა, ოპერატორმა, ვისაც ცხელ წერტილებში უწევს მუშაობა?

- სხვა კონფლიქტურ ზონებშიც ვარ ნამყოფი... მომზადებული უნდა წახვიდე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ფსიქოლოგიური ფაქტორი უფრო რთულია, განსაკუთრებით - როდესაც პირველად მიდიხარ. ასეთ დროს რამდენიმე ვარიანტს ვუშვებ: წავედი და დავბრუნდი მშვიდობით, წავედი და ჩავრჩი დიდი ხნით და მესამე - წავედი და ვერ დავბრუნდი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდე, თუ სპეციალური ტრენინგი არ გაიარე და მზად არ ხარ. ომის გაშუქებას თავისი წესები და კანონები აქვს, რომელთაც უპირობოდ უნდა დაემორჩილო. ჟურნალისტიც და ოპერატორიც კარგად უნდა აცნობიერებდეს საფრთხეს. როდესაც კომენდანტის საათია, ან გეუბნებიან, რომ დღეს გადაღება არ შეიძლება, ან რომელიღაც კონკრეტული ადგილი არ გადაიღოო, უნდა დაემორჩილო. კადრებში ადგილმდებარეობა არ უნდა ჩანდეს. არ შეიძლება სამხედრო ან სახელმწიფო ობიექტების გადაღება. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა შეძლო და ექსკლუზივების მოსაპოვებლად იმუშაო. ადრე სამხედრო მოქმედებებს ბრძოლის ხაზიდან უფრო ხშირად აშუქებდნენ, მაგრამ მერე მიიჩნიეს, რომ ეს ვნებდა ფრონტს. შენი მიზეზით ესა თუ ის ადგილი არ უნდა აღმოაჩინონ. ეს არის კანონის დარღვევა, რასაც შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს. ეს გამოცდილება მივიღე ყარაბაღში. გვთხოვდნენ, არ გადაგვეღო საერთო ხედები, კონკრეტული ადგილები, რადგან მერე ზოგჯერ სწორედ ეს ადგილები იბომბებოდა. იშვიათია, ჟურნალისტები ფრონტის ხაზზე უშუალოდ ბრძოლის კადრებს იღებდნენ. შეიძლება ის უნებურად მოჰყვეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილას და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რასაც შეძლებს, გადაიღებს. ყარაბაღში ყოფნისას უცებ ჩაირთო განგაშის სიგნალი და დაიბომბა ხიდი, რომელიც, ხუთი წუთიც არ იყო, რაც გადმოვიარეთ. კამერა ჩართული მქონდა და ვიღებდი. სხვა ამბავია, როდესაც ფაქტს შეესწარი და ხელიდან არ გაუშვი. თანაც შეიძლება ეს შენთვის ბოლო კადრიც კი აღმოჩნდეს.

- სად გადის ზღვარი სიფრთხილესა და პროფესიულ თავდადებას შორის?

- ამას ადამიანი თვითონ ადგენს. ზოგი უფრო გაბედულია, ზოგი - არც ისე. როდესაც ხედავ, რომ შენი გადარჩენის შანსი მცირეა, გარისკვა არ ღირს. მაყურებელს ინფორმაცია უნდა და არა - შენი სიკვდილი.

- თქვენი თვალით დანახული რეალობა უკრაინაში...

- ამჯერად ემოცია ისეთი მძაფრი აღარ ყოფილა, როგორიც აგვისტოს ომში. რუსული თვითმფრინავი ბომბავდა გორს და მშვიდობიან მოსახლეობას და ამის შემდეგ აღარაფერი მიკვირს.

როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეი­ჭრა, მას შემდეგ ყველანაირ შედეგს ველოდი. პირველივე დღეს კიევის შემოგარენი და აეროპორტის ტერიტორია დაიბომბა. მერე კომენდანტის საათი იყო და გარეთ გასვლა გვეკრძალებოდა. გაფრთხილებენ, რომ დივერსანტები იყვნენ ქალაქში. ალბათ, მაინც სხვანაირი ემოცია გაქვს, როდესაც შენი ქვეყანა იბომბება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაზე ნაკლებად ვწუხვარ. ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ბევრ უკრაინელს ვიცნობ, ჩვენი თანამემამულეებიც იბრძვიან იქ... უკრაინა იბომბება, მაგრამ ისეთი განცდა გაქვს, რომ შენც გბომბავენ, შენც გეომებიან. მაკვირვებდა ამ ადამიანების ვაჟკაცობა და გამარჯვების, ქვეყნის არდათმობის წყურვილი - ამაყი ვიყავი, რომ მათთან ერთად მიწევდა ყოფნა. საოცარი ამბები გვესმოდა. მაგალითად, როგორ შეიპატიჟა მოხუცმა ქალმა რუსი ჯარისკაცი, საჭმელში კუჭის ამშლელი ჩაუყარა, მერე კი, როცა ბე-ემ-პეში დაიგულა, ბენზინი გადაასხა და დაწვა.

ქუჩაში ე. წ. ძველმა ბიჭებმა მოახერხეს და ბე-ემ-პეში მსხდარი რუსები დაიჭირეს (გზას კითხულობდნენ, თურმე), ბე-ემ-პე კი უკრაინის ჯარს ჩააბარეს. უბანში თუ უცხოს დაინახავენ, ამოწმებენ, ქალებსაც კი, რადგან ისინი დადიან და დასაბომბ ადგილებს ნიშნავენ.

- თქვენი ცხოვრების ასეთი რეჟიმი და უკრაინაში წასვლაც ყველაზე რთული, ალბათ, ოჯახის წევრებისთვის არის...

- ასეთ დროს ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მათთვის იოლი არ არის, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას ხომ შეგნებულად იღებ!

მჯეროდა, რომ მშვიდობიანად დავბრუნდებოდით უკან. ერთია, როგორი ჩანს ომი შორიდან, სინამდვილე კი სულ სხვაა, თუმცა თანდათან ყველაფერს ეჩვევი: სირენების ხმასაც, დაბომბვასაც... მთავარია, განგაშის დროს სწორად მოიქცე. დაახლოებით ხუთი წუთი გაქვს, რომ თავშესაფარში ჩახვიდე, თუმცა ბევრი უკვე თავშესაფარში ცხოვრობს, დღისითაც აღარ ადიან ბინებში, რადგან მაღალი სართულებიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ.

ჩვენი საქმე მოითხოვს, ხილული ომი იქნება თუ უხილავი, ყოველთვის წინა ხაზზე ვიყოთ. ოპერატორის და, საზოგადოდ, ჟურნალისტის პროფესია ძალიან საინტერესოა. სიტუაციას უნდა გრძნობდე, რადგან ეს არის შენი ცხოვრება. ვისურვებდი, არასდროს მომიწიოს ომის გაშუქებამ, მაგრამ ასეთია ჩემი პროფესიული არჩევანი. ის ზოგჯერ რისკს მოითხოვს და თუ ეს არ შეგიძლია, უნდა დადო კამერა და წახვიდე.

ნინო ჯავახიშვილი