"სამყარო ასეთი აბსურდული არასდროს ყოფილა“
როგორც ყოველთვის, თავისუფალი სამყარო პოულობს გამოსავალს, თავისუფალი ადამიანები კი - გზას თავიანთი მისიის თუ ნების გამოსახატავად. ფოტოხელოვანები გურამ წიბახაშვილი, თინა კიღურაძე და ლევან ხერხეულიძე ომში ვერ წავიდნენ, თუმცა კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში თავიანთი წვლილის შეტანას მაინც ახერხებენ - ყიდიან იმას, რაც წლების განმავლობაში შექმნეს, ისტორიად აქციეს, ამბად მოიტანეს; ყიდიან იმისთვის, რომ თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლოსათვის მებრძოლებს ზურგი გაუმაგრონ, გაამხნევონ. ამ ამბავზე, ფოტოხელოვანების პოზიციებსა და დამოკიდებულებაზე მეტს გურამ წიბახაშვილთან საუბრისას შევიტყობთ.
- ჩემმა კოლეგამ, თინა კიღურაძემ, ლევან ხერხეულიძესთან ერთად მოიფიქრა პლატფორმის შექმნა, სადაც ფოტოგრაფების, მათ შორის - ჩემი ნამუშევრებიც გამოქვეყნდება, გაიყიდება და შემოსული თანხა უკრაინაში წავა. ქართველი ფოტოგრაფები სხვადასხვაგვარად ვცდილობთ უკრაინელების დახმარებას. ერთი ნაწილი უკრაინაში წავიდა, ჟურნალისტი ფოტოგრაფების სტატუსით აშუქებენ რეალობას და ამით ებრძვიან რუსულ სიყალბეს, მეორე ნაწილმა, რომელსაც ფრონტის ხაზზე წასვლა არ შეგვეძლო, გადავწყვიტეთ, ფულით დავხმარებოდით, ფულის შეგროვების ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად კი ჩვენი ნამუშევრების გაყიდვა მივიჩნიეთ. ასე თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელებსაც ვეხმარებით და ქართველებსაც მაგალითს ვაძლევთ. იმედი გვაქვს, ჩვენი ინიციატივა სხვებისთვისაც სტიმული გახდება და ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ეცდება რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას.
- ჩვენ ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის თითოეული თქვენი ნამუშევარი. რა განცდა გაქვთ ახლა, რას ფიქრობთ?
- ყველა ფოტოგრაფს გვაქვს ნამუშევრები, რომლებთან განშორებაც გვიჭირს, მაგრამ ახლა არის მომენტი, როცა ყველანი ვფიქრობთ, ნეტავ საქმეს ეშველებოდეს და ყველა ნამუშევარს გავიტანდითო... ჩვენი აქცია არ არის ერთჯერადი, ეს ხანგრძლივი პროექტია. უკრაინამ ძალიან დიდი ზიანი მიიღო, გარდაცვლილ ადამიანებს ვეღარაფერი დააბრუნებს, თუმცა ქვეყანას დასჭირდება დახმარება, როდესაც ფეხზე წამოდგომას დაიწყებს. მახსენდება 90-იან წლებში რუსების "დამსახურებით" დაქცეული ჩვენი ქვეყანა. რამდენი დრო დაგვჭირდა, სახელმწიფოს რომ დავმსგავსებოდით. ძალების მოკრება და ფეხზე დადგომა უკრაინასაც გაუჭირდება და ჩვენ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა დავეხმაროთ.
- როგორია თქვენი ობიექტივიდან დანახული დღევანდელი სამყარო?
- მგონია, რომ სამყარო ასეთი აბსურდული არასდროს ყოფილა, დედამიწა ასეთ საფრთხეში არასოდეს აღმოჩენილა. საფრთხის მეტი რა ჰქონდათ ცალკეულ ქვეყნებს და ცალკეულ ადამიანებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ვითარებაა - ერთი ქვეყნის ერთი ლიდერი მთელ მსოფლიოს ემუქრება და იმ ერთ კაცს ექიმი, ან, არ ვიცი, რაღაც დახმარება სჭირდება...
- რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი განვითარებული სამყარო გააერთიანა, ჩვენ კი, პირიქით, ეს ურთიერთდაპირისპირების ახალ მიზეზად ვაქციეთ. რა გვჭირს ქართველებს?
- ყველას თავისი პოზიცია აქვს და ეს გასაკვირიც არ არისო, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. დღეს, როდესაც მთელი გონიერი სამყარო ერთ მხარეს დგას, მეორე მხარეს დგომა პუტინისა და ოკუპანტი რუსეთის გვერდით დგომას ნიშნავს და ეს არ არის განპირობებული განსხვავებული აზრით, პოზიციით, ამის ერთადერთი მიზეზი ფულია. დიახ, თუ შენ განვითარებული სამყაროს პოზიციას არ იზიარებ და მხარს უჭერ ოკუპანტს, ე.ი. რუსეთი ფულს გიხდის, თუმცა მინდა ასეთ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ფული მათ ვერ დაეხმარება, რადგან ხვალ თუ არა ზეგ რუსეთი შენ დაგიწყებს ომს, შენ წაგართმევს იმ ფულით მოპოვებულ კეთილდღეობას, სახლს, შვილების სიცოცხლეს... ძალიან მიკვირს როგორც "ალტ ინფოს" თანამშრომლების, ასევე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია. ნუთუ რუსულ ფულს იღებენ?! აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნა მათი პოზიცია?! არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც რუსეთის მხარეს დგომას ამართლებს. რატომ ავიწყდებათ, რომ რუსებმა აფხაზეთი და ცხინვალი წაგვართვეს, ახალგაზრდები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაგვიხოცეს, აგვისტოს ომი მოგვიწყვეს და სულაც 200 წელია, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ?! დედამიწა წაღმა ტრიალებს, რუსებს კი უნდათ, უკუღმა იტრიალოს, ასე არ გამოვა!
ნუთუ ჩვენ 1993 წლიდან ომში არ ვართ? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალი წაგვართვა და იქ გაჩერდა?! დღე არ გავა, საოკუპაციო საზღვარი არ გადმოსწიონ, ქართველი არ მოიტაცონ... ნუთუ ეს ომი არ არის?! ნუთუ თქვენ, თბილისში მშვიდად რომ გძინავთ, არ განაღვლებთ იმ ქართველების ბედი, საოკუპაციო ხაზთან რომ ცხოვრობენ და არ იციან, ხვალ ისევ საქართველოში გაიღვიძებენ თუ რუსეთს მათი სახლ-კარიც მისაკუთრებული ექნება? გგონიათ, თბილისში დიდხანს მოგიწევთ მშვიდად ძილი?! Aარა, თუ რუსეთმა სადმე კისერი არ მოიტეხა, მცხეთამდე და მერე თბილისამდეც ჩამოვა.
- გამოსავალს სად ხედავთ? ჩვენ ხომ მართლაც არ გვაქვს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის რესურსი?
- უპირველესად, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია! ნახეთ, რა ხდება! რუსეთმა თავის დროზე სანქციები დაგვიწესა, დღეს კი გაუჭირდა და გვეუბნება, ფრენებს აღვადგენთ, რძეს და ყველს გაგაყიდვინებთო... ანუ ახლა მე მიჭირს, ფულს გაძლევ და შენ მომემსახურეო. რა გამოდის, მეძავები ვართ და ვიყიდებით?! ჩემი აზრით, ეს უნდა გავაცნობიეროთ და როგორც თავმოყვარე ერმა, რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ არ გვინდა მასთან მეგობრობა. ამ ხალხმა არც მეგობრობა იცის, არც - გატანა და არც - დანდობა. დღეს ბავშვების მკვლელი რუსეთი მორალურადაც დამარცხებულია, ფიზიკურადაც და უფსკრულში მიექანება. ჩვენ რატომ მივყვებით, ვალი გვაქვს მისი?!
- ფიქრობთ, რომ რუსეთის პრობლემა მხოლოდ ეს ერთი კაცია?!
- ფაქტია, რომ დღეს ეს ერთი კაცი შეპყრობილია განდიდების მანიით და გვერდით ჰყავს ისინი, ვინც მისი პოლიტიკის წყალობით ფულს აკეთებს.
- ისევ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს დავუბრუნდეთ. იქნებ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, თამამი გადაწყვეტილებების მიღება, მკაფიო პოზიციის გამოხატვა იმიტომაც უჭირს, რომ ოპოზიციური სპექტრის პროვოკაციის ეშინია?
- პოლიტიკური გუნდი, რომელიც უკვე ცხრა წელია, ქვეყანას მართავს, ყველა პრობლემას ისევ სხვას აბრალებს. მათ არა აქვთ უფლება, ჩემი სახელით ილაპარაკონ. ჩემი დაკვეთა არ არის, რუსეთისთვის უფსკრულში ჩაყოლა. მე დღეს ვდგავარ უკრაინელების გვერდით ჩემი შეხედულებით. სიმართლე უკრაინელების მხარესაა და მე არ მინდა, ოკუპანტი, ბავშვების მკვლელი ქვეყანა თავის მეგობრად მომიხსენიებდეს. ძალიან მეწყინა ჩემი ხელისუფლებისგან, რომ რუსეთს ამის თქმის საბაბი მისცა.
- რას ფიქრობთ იმ რუსებზე, რომლებიც, როგორც ამბობენ, საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოექცნენ?
- ისტორია გვეუბნება, რომ მშვიდობის სახელით შემოსულ რუს ხალხს უკან რუსული ტანკები მოჰყვება. ძალიან მაშფოთებს რუსების მასობრივი შემოსვლისადმი სახელმწიფოს, შესაბამისი ორგანოების გულგრილობა. ნუთუ ამ პროცესში საფრთხეს ვერ ხედავენ?! შეიძლება ამ ხალხს შორის ზოგი მართლაც პუტინის რეჟიმს გამოექცა, მაგრამ ასე ჩირგვში ჯდომით როგორ უნდა გაარკვიო, ვის რა განზრახვა აქვს?! შემოგზავნილებს და აგენტებს თავი დავანებოთ, ეს ხალხი ისეთ ზარალს გვაყენებს ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ არა მგონია, ომზე ნაკლებ საფრთხეს გვიქმნიდეს. ასეთია ჩემი განწყობა და შიში, რომელსაც ჩემი ქვეყნის ხელისუფლება შესაბამისად ვერ პასუხობს.
ხათუნა ბახტურიძე