"ამერიკის პრეზიდენტების პირადი მკერავი საკონცენტრაციო ბანაკიდან“ - კვირის პალიტრა

"ამერიკის პრეზიდენტების პირადი მკერავი საკონცენტრაციო ბანაკიდან“

"მახსოვს მამაჩემის ბოლო სიტყვები: "არ იტირო ჩვენ გამო. წადი, იცხოვრე. დაგვაფასებ მაშინ, თუ შენ გააგრძელებ ცხოვრებას“

მარტინ გრინფილდი 1928 წლის 9 აგვისტოს სოფელ პავლოვაში (დასავლეთი უკრაინა), ებრაულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, წლების შემდეგ კი ამერიკის საუკეთესო მკერავ კაცად აღიარეს. ამჟამად მარტინ გრინფილდი 93 წლისაა. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი პრეზიდენტების მკერავი ამჟამად მედიასთან არ თანამშრომლობს, მაგრამ მინდა მისი ინტერვიუების მიხედვით გრინფილდების ოჯახის შესახებ გიამბოთ. 15 წლის იყო, როდესაც ნაცისტებმა ოჯახს სამუდამოდ მოსწყვიტეს და ოსვენციმში გადაასახლეს. იქ მან პირველად აიღო ხელში ნემსი და ძაფი, რომ გაეკერა შუცშტაფელის პერანგი, რომელმაც მარტინს სცემა (შუცშტაფელი 1934-1945 წლებში იყო დამოუკიდებელი, პარამილიტარისტული ორგანიზაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში, რომლის შემადგენელი ორგანიზაციები ჰოლოკოსტის მთავარი დამნაშავეები იყვნენ). მოგვიანებით გრინფილდმა კოსტიუმები შეუკერა პრეზიდენტ ეიზენჰაუერს, ბილ კლინტონს, ბარაქ ობამას, დონალდ ტრამპს, კოლინ პაუელს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს,­ თითქმის ყველას. გრინფილდი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იხსნეს. ამის შემდეგ სრულიად უფულო ამერიკაში ჩავიდა და ბრუკლინში, ტანსაცმლის ფაბრიკაში იატაკების წმენდით დაიწყო თავის რჩენა. გამოხდა ხანი, მან ეს კომპანია შეიძინა და ამერიკის პრეზიდენტების პირადი მკერავი გახდა.

შეხვედრა "სიკვდილის ანგელოზთან“

გრინფილდმა ტერორის ყველაზე საშინელი პერიოდი გამოიარა და შეხვდა ისეთ სასტიკ პიროვნებას, როგორიც იყო იოზეფ მენგელე (ნაცისტური გერმანიის ოფიცერი და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ექიმი. სისასტიკის გამო ცნობილია მეტსახელით "სიკვდილის ანგელოზი").

"როდესაც ოსვენციმში ჩავედით, აზრზე­ არ ვიყავი, სად მოვხვდით, არც მენგელეს შესახებ მსმენოდა რამე. შაბათი ღამე იყო, როდესაც ჩავედით მთელი ოჯახი. ისეთ ოთახში მოგვათავსეს, სადაც არ იყო სველი წერტილი. ხელჩაკიდებულები ვისხედით და ველოდით, რა მოხდებოდა. დადგა ის მომენტი, როდესაც მენგელეს წინაშე წარვდექით. თავდაპირველად მის ფეხსაცმელს შევხედე. დედას არ სურდა ჩემი 4 წლის ძმისთვის ხელი გაეშვა. მე მარჯვნივ დამაყენა, მამასაც - მარჯვნივ დადექიო, მითითება მისცა. ასე აღმოვჩნდით მე და მამა მარჯვნივ და დანარჩენი ოჯახი - მარცხენა ფლანგზე. პატარა და მყავდა ქერა, ცისფერთვალება. რომ დააკვირდა მენგელე, ისიც მარჯვნივ გადმოიყვანა. შემდეგ ჩვენ, მარჯვნივ მყოფთ, გვიბრძანეს, მთლიანად გავშიშვლებულიყავით. მამა გაპარსეს. ჩვენ წაგვიყვანეს და ტატუები გაგვიკეთეს. მე ვიყავი 84406 - ეს იყო ჩემი სახელი. მაშინ გავიგე, რომ მენგელე ბავშვებს თავისი სასტიკი ცდებისთვის იყენებდა."

ამბავი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან

ბუხენვალდში, საბრძოლო ხელსაწყოების ქარხანაში იმ 15 ადამიანს შორის ვიყავი, რომლებიც სამუშაოდ აარჩიეს. მერის სახლი იყო დაბომბილი და ჩვენ გაგვგზავნეს სახლიდან ავეჯის გამოსატანად. მე სარდაფის ნაწილი შემხვდა და იქ აღმოვაჩინე ცოცხალი კურდღლები. არ შემეძლო მათი დატოვება, ამიტომ ავიღე ხელში გალია და წამოვიყვანე. ისეთი მშიერი ვიყავი, რომ კურდღლების განკუთვნილი სტაფილო ჩავკბიჩე. ისე გადიოდა დღეები, არაფერს გვაჭმევდნენ. მე, ალბათ, იმან გადამარჩინა, რომ ფერმაში გავიზარდე და ბოსტნეულით ვნაყრდებოდი. ერთხელ დაინახა მერის ცოლმა, როგორ ჩავკბიჩე სტაფილო, დამასმინა. იმის მაგივრად, მადლობა ეთქვა კურდღლების გადარჩენისთვის, მან ერთი ლუკმა ბოსტნეულისთვის ჩემი დასჯა მოინდომა და გამოუვიდა კიდეც, დამსაჯეს. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ქალს სამაგიეროს გადავუხდიდი და ამის შესაძლებლობაც მომეცა. ეს იყო გათავისუფლების ზუსტად მეორე დღე, 1945 წლის აპრილი, როდესაც მეგობართან ერთად იარაღით ხელში დავბრუნდი, რომ შური მეძია ამ ქალზე. ბავშვთან ერთად იყო. მან დამინახა, მაგრამ როგორც კი თვალებში შევხედე, ჩემში ადამიანმა გაიღვიძა და მივხვდი, რომ შური არ უნდა მეძია. მშობლებმა ასე გამზარდეს - არ უნდა მომეკლა არავინ და ღვთის რწმენა ყოველთვის შემენარჩუნებინა. „მე არ ვარ მენგელე. მე გაცოფებული ვარ იმის გამო, რაც გააკეთეთ, მაგრამ არ შემიძლია თქვენი მოკვლა", - ეს ვუთხარი და წამოვედი.“

"შეხვედრა პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან“

„საკონცენტრაციო ბანაკიდან პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გამათავისუფლა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. მე ჩემი ჩეხი მეგობრების წყალობით გადავრჩი. მათ მითხრეს, შენ ხარ ჩეხი, არ ხარ ებრაელი, დარჩი ჩვენთანო და ასე გადავრჩი ერთადერთი ებრაელი.

ეიზენჰაუერი ებრაელებს ეძებდა. - ებრაელი ხარ? - დამიძახა მან. კი, მე ებრაელი ვარ, - ვუპასუხე. მომიახლოვდა და გამომელაპარაკა. შეგიძლია მიპასუხო? ეს ჩემს 4 წლის ძმას ეხება, რომელიც, ვიცი, რომ დაწვეს. სად იყო ღმერთი ამ დროს? მე შეიძლება შევცოდე და ვიმსახურებდი აქ ყოფნას, მაგრამ ჩემს 4 წლის ძმას ხომ არ შეუცოდავს? სად იყო ღმერთი მაშინ, როდესაც წვავდნენ? რატომ არ უშველა მას? - ვკითხე სასოწარკვეთილმა ეიზენჰაუერს. არ შემიძლია გიპასუხო, ამ კითხვისთვის მზად არ ვიყავი, - მითხრა ეიზენჰაუერმა და მე ავტირდი.“

ომის შემდეგ გრინფილდი თავის ამერიკელ ნათესავებს შეხვდა.

"ჩემი სამი ბიძაშვილი, სამი პატარა გოგო, ტიროდა, როცა ვუამბე, რაც გამოვიარე. მაშინ ვიფიქრე, ამერიკაში რომ მეცხოვრა და ეს სხვა თანატოლს მოეთხრო, ალბათ, არ დავიჯერებდი-მეთქი და გადა­ვწყვიტე, აღარავისთვის მომეყოლა. მახსოვს მამაჩემის ბოლო სიტყვები: "არ იტირო ჩვენ გამო. წადი, იცხოვრე. დაგვაფასებ მაშინ, თუ შენ გააგრძელებ ცხოვრებას". წლების მანძილზე ვდუმდი იმის შესახებ, რაც გადამხდა. ჩემი მომხმარებლების უმრავლესობამ არც იცოდა, ვინ ვიყავი, რომ ჰოლოკოსტს გადავურჩი... მე ყოველთვის გულღია ღიმილით ვხვდები ჩემთან მოსულ ადამიანებს. არასდროს მილაპარაკია ამაზე მანამდე, სანამ ვაშინგტონში ჰოლოკოსტის მუზეუმი არ გახსნეს. მაშინ ყველამ დაიწყო თავისი ამბის მოყოლა. მე ჩავწერე ჩემი ისტორიის აუდიოვერსია, ჩემმა შვილმა კი მისი ბეჭდური ვერსია გააკეთა. 86 წელი დამჭირდა, რომ წიგნი დამეწერა იმის შესახებ, რაც გადამხდა.“