"საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს სხვადასხვა დაპირისპირების არეალი და ობიექტი“ (ექსკლუზივი)
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სერდარ ჩამი: "საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების (მათ არ დავასახელებ) ინტერესებიდან გამომდინარე კი ძალიან დიდია სხვადასხვა მანიპულაცია და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, საზიანო მიზნებისთვის გამოიყენონ ქვეყანა. ნათქვამია, აქლემების ჩხუბში კოზაკი გაიჭყლიტაო...“
როდესაც თურქეთის საელჩოდან დამირეკეს და ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად თურქეთში მიმიწვიეს, არ გამკვირვებია, რადგან თურქეთის თემებით ჩემი დაინტერესება არახალია ("კვირის პალიტრა", უკვე 15 წელია, აშუქებს ჩვენს მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოში მიმდინარე ყველა იმ პროცესს, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისთვის). მართალია, წვიმიან თებერვალში სტამბოლის სტუმრობა მაინცდამაინც მაცდუნებლად არ მომეჩვენა, მაგრამ როცა შევიტყვე, რომ ვიზიტის საქმიანი ნაწილისას საშუალება მექნებოდა, თურქეთის კულტურის მინისტრს ან მის მოადგილეს შევხვედროდი, გადავწყვიტე, შანსი ხელიდან არ გამეშვა. თურქეთში ჩვენი მასპინძლები ორგანიზაცია "ჟურნალისტიკის გლობალური საბჭო" და "იუნუს ემრეს ინსტიტუტი" გახლდნენ. მკითხველის ყურადღებას ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მივაპყრობთ.
თურქეთში 23 თებერვალს გავემგზავრეთ. სამწუხაროდ, 24-ში დილით უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამ არა მარტო მსოფლიოს, არამედ ჩვენი პატარა ჯგუფის გეგმებიც შეცვალა. მართალია, 25 თებერვალს ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრა ვეღარ შევძელით, მაგრამ ჩვენმა მასპინძლებმა ყველაფერი იღონეს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა მოგვეხერხებინა.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სერდარ ჩამი:
- თურქეთში კულტურული მემკვიდრეობის საკითხი ორ უწყებას ეხება, რომლებიც ჩვენს სამინისტროს ექვემდებარება. მოგეხსენებათ, ანატოლია უძველესი ცივილიზაციების ადგილია და სადაც უნდა ამოჩიჩქნოთ მიწა, შეიძლება ყველგან ახალი ისტორია აღმოაჩინოთ. ათიათასობით ძეგელია ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, ყველა ისტორიული ძეგლი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ჩვენი ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა კი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ 85 რაიონში გვყავს ჩვენი წარმომადგენლობა და მათი მეშვეობით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევინარჩუნოთ. ართვინის რეგიონში იშხნის რესტავრაცია დასრულდა. ასევე დასრულებულია თამარის ხიდების რესტავრაციაც. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ოშკთან დაკავშირებული სამუშაოები დაიწყო და გრძელდება. ამჟამად ველოდებით ტენდერის გამოცხადებას, რომ უფრო მასშტაბური მუშაობა დავიწყოთ. კულტურული მემკიდრეობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისტორიულ ძეგლს უნდა ჰქონდეს ფუნქციაც, თუკი მას ჰყავს მრევლი, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. ვფიქრობ, შესაძლებელია ეს ძეგლები გახდეს მოქმედი როგორც ტაძრები, ისე - მეჩეთები(?!). იმედი მაქვს, ოშკის პროექტი დასრულდება და აქვე ყველას ჩამოგართმევთ სიტყვას, რომ აუცილებლად ჩამოხვალთ გახსნაზე.
- ძალიან გვიხარია, რომ ოშკის რეაბილიტაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და ტენდერის შემდგომ სამუშაოც განახლდება, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთ-საქართველოს 2017 წლის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ქართველი ექსპერტები დროულად ჩაერთონ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გარჯა წყალში ჩაგვეყაროს. მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა მხარემ ძალიან დიდი შრომა გასწია იშხნის რეაბილიტაციისთვის, ჩვენ გვაქვს კითხვები რესტავრაციისას ხარვეზებთან დაკავშირებით და იმედია, მსგავსი რამ ოშკში არ მოხდება. განახლდება თუ არ საქართველო-თურქეთის კულტურული თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც 2017-2021 წლებს მოიცავდა და იქნება თუ არა ის მოქნილი?
- ეს ტექნიკური საკითხია. ვფიქრობ, თუ საჭირო იქნება ოქმის განახლება, რა თქმა უნდა, განახლდება, თუმცა ეს არის ქაღალდი, დოკუმენტი და თუ ორივე ქვეყანას სურს, გააგრძელოს თანამშრომლობა, ჩვენ შეგვიძლია, რეალურ საქმიანობას მივხედოთ. თურქეთში ძეგლების რეაბილიტაციის დაწყებამდე, პირველ ეტაპზე, პროცესში ერთვებიან სხვადასხვა აკადემიური წრის სპეციალისტები, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძეგლის ისტორიული იერსახე. მეორე ეტაპზე ტარდება ტენდერი, შემდეგ კი იწყება პროექტის განხორციელება - ასეთია ჩვენი მუშაობის პრინციპი. რაც შეეხება წინადადებას, რომ საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ სპეციალისტებმა საქართველოდან და მათ კონსულტაცია გაუწიონ ჩვენს მეცნიერებს, რა თქმა უნდა, საქართველოს შესაბამისი უწყების სურვილის შემთხვევაში მზად ვართ, განვიხილოთ ეს წინადადება. რადგან ფიქრობთ, რომ იშხანთან დაკავშირებით ქართველ სპეციალისტებს აქვთ პრეტენზიები და მოსაზრებები, შესაძლებელია ქართველი და თურქი სპეციალისტების შეხვედრა. ისაუბრონ, იკამათონ და შეთანხმდნენ. შესაძლოა საკითხის გადახედვაც, თუ ამას სამეცნიერო საფუძველი ექნება. მე, როგორც TIKA-ს ყოფილ ხელმძღვანელს, მაქვს სხვადასხვა ძეგლის პროექტის განხორცილების გამოცდილება. ესენი იყო როგორც ეკლესიები, ასევე - მეჩეთები, აბანოები და სხვა. ამ საქმიანობისას ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევნიშნე: მუშაობის დროს არც ერთი ექსპერტი არ იზიარებს მეორე ექსპერტის მოსაზრებას (ვგულისხმობ თურქ ექსპერტებს). მათ შორის ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა. არც ერთი მეცნიერი არ არის მზად, დაეთანხმოს მეორის პოზიციას კონკრეტულ საკითხზე და ამ წრეებში გამუდმებით ჩხუბი და კამათია, ამიტომ თუ ბურთი და მოედანი მათ დავუტოვეთ და ჩვენ არ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები კონკრეტული პროექტების გადასარჩენად, განუხორციელებელი დარჩება და ძეგლები ჩამოიქცევა.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა იმ ბინძური პროპაგანდის გამო, რომელსაც, მისივე თქმით, ვხედავთ როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, განსაკუთრებით თურქეთის ხელისუფლების, უწყებებისა და ქვეყნის პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებული პროექტების მიმართ. რამდენიმე მაგალითთან ერთად მან საქართველოც ახსენა.
- ერთ ფაქტს გავიხსენებ. ბოლო პერიოდში გაკეთდა თამაში დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გარკვეულწილად, მხარი დაუჭირა საქართველოს კულტურის სამინისტრომ. იქ ნაჩვენებია, როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ თურქები ქართველებს. მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა ისტორია სწორად ისწავლონ და ის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის საზიანოდ არ გამოიყენონ. თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია რელიგიური თავისუფლება, რელიგიური და ენობრივი მრავალფეროვნება. ამ პრინციპებს ეყრდნობა თურქეთის ისტორია. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ერთი ციდა საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას, მით უმეტეს, ახლა, როცა მსოფლიოში რელიგიის მნიშვნელობა იკლებს და იზრდება ყველანაირი აღვირახსნილობა. ჩვენი ინტერესიცაა, რომ საქართველო იყოს უფრო რელიგიური. სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ბევრი ეკლესია აღვადგინეთ. თუ არიან ეკლესიაში წასვლის მსურველები, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სალოცავი. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი რელიგიის მრავალფეროვნების და არც განსხვავებულ ენასა და რელიგიას ვამცირებთ. არანაირი დისკრიმინაცია! - ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული პრინციპი. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების (მათ არ დავასახელებ) ინტერესებიდან გამომდინარე კი ძალიან დიდია სხვადასხვა მანიპულაცია და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, საზიანო მიზნებისთვის გამოიყენონ ქვეყანა. ნათქვამია, აქლემების ჩხუბში კოზაკი გაიჭყლიტაო, ანუ საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს სხვადასხვა დაპირისპირების არეალი და ობიექტი.
- თქვენ ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემას შეეხეთ. ჩვენს ხალხს ბევრი უსიამოვნო ისტორია აკავშირებს. დიახ, ჩვენ გვაქვს დიდგორი, მაგრამ თქვენ გაქვთ ართვინის გამარჯვება... რაც შეეხება ფაქტების დამახინჯებას, ბოლო დროის პოპულარულ თურქულ სერიალებში, მაგალითად, როგორიც არის "დიდებული საუკუნე" და "სელჩუკები", რომლებმაც, ფაქტობრივად, მსოფლიოს ხელახლა გააცნო თურქეთი, საქართველოს ისტორიის არაერთი ფაქტია დამახინჯებული.
- რაც შეეხება სერიალებს, ეს არის მხატვრული ფილმები, რომლებთანაც ჩვენც გვაქვს პრეტენზიები. იქ ბევრი რაღაც გაზვიადებულია, უფრო რომანტიკულად არის ნაჩვენები, მაგრამ ვითვალისწინებთ, რომ ეს არის მხატვრული კინემატოგრაფია.
- ასე "დიდგორიც" მხოლოდ თამაშია...
- თუ რომელიმე მხარე უშვებს შეცდომებს, ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ და ეს ერთმანეთს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ შეცდომები გამოსწორდეს ან მომავალში აღარ დავუშვათ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეცდომები დაშვებულია ოფიციალური უწყების ჩარევით, ჩვენ ეს არ გვაბრაზებს, უბრალოდ, ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ყველაფერი გამოსწორდეს.
P. S. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროში შეხვედრის ფორმატი არ იძლეოდა საშუალებას, მიმეღო პასუხები კითხვებზე, მაგალითად: როგორ აპირებს თურქული მხარე იშხნის უნიკალური მოზაიკური იატაკის შენარჩუნებას? ან: რატომ არის მთავარი ტაძრის საკურთხეველი რესტავრაციის შემდეგ მეტისმეტად მაღალი? დაუბრუნდება თუ არა ოშკის რესტავრაციის დროს გაბნეული რელიეფები (რომელთა ნაწილი ერზერუმის მუზეუმშია დაცული, ხოლო ერთი, რატომღაც, რაიონის პოლიციის განყოფილებაშია) თავის ადგილს? თუმცა, იმედია, როგორც "კვირის პალიტრას" დაჰპირდნენ, ამ კითხვებზე პასუხს უკვე ქართველი სპეციალისტები მიიღებენ. მე კი მინდა მადლობა გადავუხადო "ჟურნალისტიკის გლობალურ საბჭოს" და "იუნუს ემრეს ინსტიტუტს" საქმიანი და შთაბეჭდილებებით აღსავსე ვიზიტისთვის.
ნიკოლოზ ანთიძე: „ოშკი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით, გუმბათის ყელი და როდის ჩამოვარდება, არ იციან. თავად თურქებს ეჩქარებოდათ სამუშაოს დაწყება, თუმცა, ჩვენ არც ამჯერად ჩაგვრიეს...“
ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი 2014-2021 წლებში: - 2008 წელს კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რაღაც ნაბიჯები გადაედგა ტაო-კლარჯეთის ძეგლების გადასარჩენად და ამ მიზნით თურქებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ქართულ მხარეს თურქეთში ძეგლების რეაბილიტაცია სურდა (განსაკუთრებით ოშკის), თურქული მხარე კი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ითხოვდა. ამ ხელშეკრულების განზრახულობათა ოქმზე ხელის მოწერაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთო პროცესში და განაცხადა, რომ ბათუმში გამორიცხული იყო რამის აშენება. გარდა ამისა, აზიზიეს მეჩეთი ძეგლების ნუსხაში ვერ შევიდოდა, რადგან ის დღეს არ არსებობს და მის სავარაუდო ადგილას სახლები დგას.
სიმართლე გითხრათ, ხელშეკრულება თავიდანვე განწირული იყო ერთი შეცდომის გამო: თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოს არა აქვს რომელიმე კონკრეტული ობიექტის დაფინანსების ან რეაბილიტაციის უფლება, ამიტომ დიდი იყო საფრთხე, ჩვენ იქ არავის შევეშვით და ხელშეკრულება მხოლოდ ცალმხრივად განხორციელებულიყო. მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა.
2014 წლის თებერვალში, როდესაც სააგენტოს ხელმძღვანელად დავინიშნე, პირველი ვიზიტი მაისში სწორედ თურქეთში შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თურქ კოლეგას შევთავაზე, პარიტეტზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა, შესაბამისად, არ გვესაუბრა ისეთ ობიექტზე (აზიზიეს ვგულისხმობ), რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მეტიც - არც არსებობდა და მის აღდგენას ვერც ერთი საერთაშორისო ნორმა ვერ განსაზღვრავდა. მე და საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე ვცდილობდით, როგორმე პროცესი გამოგვეცოცხლებინა.
ამის შემდეგ დავიწყეთ ვერსიების დამუშავება. პროცესში ჩაერთო ყველა უწყება, მათ შორის - რელიგიის სააგენტო, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. 2016 წელს სტამბოლში, იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე (სხვათა შორის, მაშინ მცხეთა დავაბრუნეთ იუნესკოს ნუსხაში), მე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამ თემაზე სასაუბროდ შევხვდით მის თურქ კოლეგას.
2014-2017 წლებში დროგამოშვებით ისევ გვიწევდა აზიზიეს მეჩეთზე საუბარი და მტკიცება, რომ საერთაშორისო ნორმებით არარსებული ძეგლის რესტავრაცია წარმოუდგენელია.
ბოლოს და ბოლოს, 2017 წელს, ქართული მხარის სამწლიანი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ხელი მოაწერეს 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას, რომელშიც პარიტეტული თემის გარეშე, მკაფიოდ არის განსაზღვრული (ეს იყო, ერთგვარად, ისტორიული გარღვევა), რომ ჩვენ ვსწავლობთ მათ ტერიტორიაზე ქართულ მემკვიდრეობას და თურქულ მხარეს ვთავაზობთ, როდესაც ისინი ძეგლების რესტავრაციას გადაწყვეტენ, პროცესში ჩვენი სპეციალისტებიც ჩართონ. Aამასთანავე, ჩვენ საქართველოში შევისწავლით ოსმალურ მემკვიდრეობას და თუ კონკრეტული ობიექტების რეაბილიტაციას გადავწყვეტთ, პროცესში მონაწილეობისთვის თურქ სპეციალისტებს მოვიწვევთ (მუხლი 7). ეს მუხლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იმ პერიოდში მიმდინარეობდა იშხნის რეაბილიტაცია და იმის გამო, რომ ჩვენი ექსპერტები სამუშაო პროცესში ვერ მონაწილეობდნენ, ძეგლის რესტავრაცია ხარვეზებით ჩატარდა.
ძეგლების რაოდენობა განსაზღვრული არ ყოფილა. ერთობლივი თანამშრომლების შედეგად უნდა გამოგვეყო ის ტაძრები, რომლებიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, უპირველესად კი - ოშკი, ოთხთა, პარხალი.
ხელმოწერის შემდეგ უკვე ველოდებოდით კონკრეტულ ქმედებებს. თურქულ მხარეს არაერთხელ შევახსენეთ კიდეც, რომ ველოდებოდით ოშკის პროექტს (რომელიც მათ 2008 წლის შემდეგ ჰქონდათ მომზადებული), რათა განგვეხილა და ჩვენი პოზიცია გამოგვეხატა. რაკი საქმე ქრისტიანულ ძეგლებს ეხება, რა თქმა უნდა, მათი რესტავრაციის გამოცდილება ჩვენთან მეტია. პარხლის რესტავრაცია თავად ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი და სასიკეთო ის იყო, რომ როცა აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს, მე და მინისტრი დიდი დელეგაციით ჩავედით და მართლაც კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა. შევთანხმდით, რომ ჩვენს რესტავრატორებს ძეგლზე მუშაობის საშუალება ექნებოდათ. მერე ნანა კუპრაშვილის ჯგუფი ჩავიდა და პარხლის კედლისა და ქვის კონსერვაციაზე იმუშავეს.
ამის შემდეგ თურქულმა მხარემ დაიწყო ოშკის პროექტის კორექტირება - უფრო დაწვრილებით შესწავლა და, სამწუხაროდ, ამის შემდეგ პროცესი ისევ გაჩერდა. მიუხედავად არაერთი ცდისა, გაგვერკვია, რას და როგორ სწავლობდნენ, არაფერი გამოგვივიდა. ვერც იქ ჩასვლა და ნახვა მოვახერხეთ. შემდეგ პანდემია დაიწყო და დღეს არ ვიცით, რა ხდება ოშკში. ნანახი გვაქვს ტაძრის პირველი პროექტი, რომელიც უფრო ესკიზური იყო. საბოლოო ვერსია აქვთ თუ არა, არ ვიცით. ძეგლის კვლევა მიმდინარეობს, არქეოლოგიური შესწავლაც დაიწყეს. ამ პროცესში ჩვენი სპეციალისტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხერხდება.
პანდემია ერთ-ერთი ხელის შემშლელი მიზეზი იყო, მაგრამ არა - მნიშვნელოვანი, რადგან სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორი მანამდეც არსებობდა. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ გაცვლითი სამუშაო ვიზიტების გამართვა. ვთავაზობდით, ჩავსულიყავით, ისინიც ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ვერც ეს მოვახერხეთ.
იშხნის აღდგენითი სამუშაოები 2012-2013 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ჩვენები რამდენჯერმე ჩავიდნენ და თურქულ მხარეს სამუშაოში მონაწილეობა შესთავაზეს, თუმცა ძეგლის კონკრეტულ ნაწილებში ეს უკვე გვიანი იყო და ტაძრის ე.წ. მკლავები (კალთები) სახეცვლილი გამოვიდა. ეს ხარვეზები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პროექტში იყო შეცდომები. შედეგად სამხრეთის და ჩრდილოეთის ფერდები აღმოსავლეთის ფერდთან შეუსაბამო მივიღეთ.
ხელშეკრულების თანახმად, ქართველი ექსპერტები არა მხოლოდ რესტავრაციის პროცესში უნდა ყოფილიყვნენ ჩართული, არამედ დასრულების დროსაც ყველაფერი უნდა ენახათ. იშხანში ფანტასტიკური მოზაიკური იატაკი აღმოჩნდა. დღეს პარხალიც დამთვრებულია. სამწუხაროდ, არაფერი ხდება ბანაში, დოლიწყაროში, ხანძთაში... სხვათა შორის, იქ გზა უნდა გაეკეთებინათ, რადგან ძალიან ცუდი მისასვლელი იყო. ახლა რა მდგომარეობაა, არ ვიცი. ასევე არაფერი ვიცით ოთხთაზე.
რაბათში მუნიციპალიტეტთან ერთად დავაფინანსეთ წყვილი აბანოს პროექტი, ოფიციალურად, ჩვენი კეთილი ნების ნიშნად, გადავეცით თურქულ მხარეს და ოშკის პროექტის ჩვენება ვთხოვეთ, თუმცა - ამაოდ. ოშკისთვის ბაგრატის ხარაჩო წავიღეთ და ახალციხეში შევინახეთ. ვთავაზობდით, ბაგრატის ძალოვან ხარაჩოს (ოშკის სიმაღლისაა) ჩამოვიტანთ და ჩვენვე ავაწყობთო, რადგან მნიშვნელოვანი იყო, ოშკში გამართული ხარაჩო მდგარიყო, მაგრამ უარი გვითხრეს. ხარაჩოს პროექტი მოგვეცითო, შემოგვითვალეს. ორჯერ გავუგზავნეთ და ბოლოს მივიღეთ პასუხი, ჩვენ თვითონ გავაკეთებთო. ბაგრატის ხარაჩოს ახლა აწყურში ვიყენებთ.
ოშკი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით, გუმბათის ყელი და როდის ჩამოვარდება, არ იციან, ამიტომ თავად თურქებს ეჩქარებოდათ სამუშაოს დაწყება, თუმცა, როგორც ჩანს, არც ამჯერად ჩაგვრიეს.
თურქულ მხარეს შევთავაზეთ რამდენიმე ოსმალური ძეგლის ინვენტარიზაციაც. ესენი იყო საყუნეთი და ზიკილია. თუ თანახმა იქნებოდნენ, პროექტსაც გავაკეთებდით, მაგრამ ვერც ამაზე მივიღეთ კონკრეტული პასუხი. ასე რომ, კითხვა, სამწუხაროდ, ბევრია, პასუხების კი რა გითხრათ...