"რუსეთთან ერთად, ჩვენც იზოლაციაში ვექცევით?..“ - კვირის პალიტრა

"რუსეთთან ერთად, ჩვენც იზოლაციაში ვექცევით?..“

"მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის მოლოდინში რეაგირებას სთხოვს­ თავის „ხელმძღვანელობას“ და ვარაუდობს, რომ „დიდი ალბათობით, რუსეთი არ აპირებს, თავისი მარაგი ხელგაშლილად არიგოს...“

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას უკვე შეუქმნა ეკონომიკური პრობლემები, რადგან აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, საპენსიო და სახელფასო შემოსავლებით, ფაქტობრივად, რუსეთზეა დამოკიდებული. აფხაზეთის მოსახლეობის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონში ცვლილებები შეინიშნება, კერძოდ, ადგილობრივი "ხელმძღვანელობა" აცხადებს, რომ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნაა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონი დატოვა რუსეთის ერთმა სატანკო ბატალიონმა. "დანარჩენი ძალების გაყვანა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო პროცესების გაგრძელებაზეა დამოკიდებული და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, იქ რუსეთის ძალებს არ ულხინთ..." - ამბობენ აფხაზები. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ვერც ერთმა "ხელმძღვანელობამ" ვერ შეძლო, "რუსეთზე ეკონომიკური­ ბმა 60%-მდე მაინც შეემცირებინა" და ახლა ხალხი, გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, ებრძვის კატასტროფულ სიძვირეს.

"რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციის წამოწყების თავი არ აქვს“

გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი: - რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, თითქოს აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ნაწილები შეჰყავდათ, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა, გაიყვანეს. სულაც არ არის გამორიცხული, რაც მეტად გაუჭირდებათ, უფრო მეტი ძალა გაიყვანონ. აფხაზეთშიც, მაგრამ უფრო ცხინვალის რეგიონში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რისკი იზრდება და "აფხაზური" და "ოსური" საჯარისო ნაწილების მობილიზაციაზე დაიწყო ლაპარაკი. თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ არავითარი "ოსური საჯარისო ნაწილები" არ არსებობს. 2014 წლიდან დაიწყო "ოსური სამხედრო ნაწილების რუსულთან შერწყმა". აფხაზური ე.წ. არმია რუსეთის ჯარს სრულად არ შეერწყა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში არც მათი ბიუჯეტი გაზრდილა და არც სამხედრო ტექნიკური საშუალებები შეუძენიათ. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთსა და ცხინვალში ხალხსაც და პოლიტიკურ "ელიტასაც" გაუჩნდა შიში, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ფედერაციაში დეზინტეგრაციული პროცესები დაიწყება და ამის პარალელურად, ამ რეგიონების მიმართ ქართული მხარეც გააქტიურდება.

- პროცესების კვალდაკვალ გაათმაგებულად მუშაობს რუსული პროპაგანდაც.

- დიახ, ქართულ სოცქსელებშიც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი პირი აცხადებს, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ჩვენ აფხაზეთისკენ დავიძვრებითო... ამას დაემატა უკრაინის რადას დეპუტატის­ განცხადება, ქართველებო, ხომ არ არის დრო, სოხუმისკენ, აფხაზეთისკენ გაისეირნოთო, რამაც რეგიონების მოსახლეობის დაძაბულობა გამოიწვია... მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ახლა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციის წამოწყების თავი არ აქვს. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ქართული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივას არც კი განიხილავს, ამას ახლა კიდევ ერთხელ განვაცხადებ. ვერ ვიტყვი, რომ ეს მოსახლეობას დაამშვიდებს, მაგრამ ჩვენგან მაინც კარგი ჟესტი იქნება. ორივე რეგიონში, განსაკუთრებით - აფხაზეთში გამწვავდა სოციალური ფონი. ისინი, ოსებისგან განსხვავებით, ამის შესახებ საუბარს არ ერიდებიან. აფხაზეთი კარგად აცნიობიერებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან მალე აისახება მათ "ეკონომიკაზე". 2014 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა იერიში მიიტანა დონბასსა­ და ლუგანსკზე, რუსეთიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში გადმორიცხვები მკვეთრად შემცირდა, ახლა კი, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად მათ უფრო გაუჭირდებათ. ამასთან, რუსული პასპორტი, რომელიც ადრე აფხაზსაც და ოსსაც მიმოსვლაში ეხმარებოდა, ახლა მათ პრობლემას შეუქმნის. ადრე იმ პასპორტის დახმარებით სოჭის აეროპორტიდან სხვადასხვა ქვეყანაში მიფრინავდნენ, ახლა კი იმავე აეროპორტიდან, რუსეთის გარდა, კარგა ხანს ვერსად გაფრინდებიან... ამავე დროს, მათ ახსოვთ, რომ არსებობს ქუთაისის აეროპორტი და შესაძლებელია, მათთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავარია, საქართველოს მთავრობამ ფეხი აუწყოს ამ სიტუაციას, თუმცა ჩვენი ხელისუფლება პასიურობით გამოირჩევა.