ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია
დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. ის ქართლის (იბერიის) სამეფოს შექმნიდანვე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. დვალეთი ქართლის მთიანეთს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არის მოქცეული.
დვალეთი, როგორც საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთ მოსაზღვრე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან ბუნებრივ-გეოგრაფიულად ორგანულად იყო დაკავშირებული 11 გადასასვლელით, რომელთა შორის მიმოსვლა შიდა ქართლის, ხევისა და რაჭის გავლით ხშირად ზამთარშიც არ წყდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან კასრის კარით საქართველოში შემოსასვლელ გზას ქართულ წყაროებში "გზა დვალეთისა" ეწოდებოდა. დვალეთი ექვსი ხევის, თემის/საზოგადოების ერთობლიობას წარმოადგენდა (კასრისხევი, ზრმაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა).
მთიულური გადმოცემებით, არსებობს ლეგენდა დვალების მეკობრეობის შესახებ, რომელთაც მეთაური "სალბი" ჰყავდათ.
დვალეთში ქრისტიანობა მე-6 საუკუნიდან გავრცელებულა. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთით მცხოვრებმა ოსებმა, რომელთა განსახლების არეალი დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე იყო. ჭარბმოსახლე ოსეთის მკვიდრებმა თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველი მთიელი დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში განსახლებულიყვნენ.
ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში, ძირითადად, XVI საუკუნეში მოხდა. ეს პროცესი აქ XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. ოსთა დვალეთში მიგრაციას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი შავმა ჭირმა გაწყვიტა და მათ სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მოთარეშეებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსური ენობრივ-ეთნიკური სამყაროს გავლენით გაოსდა. დვალები გაქრნენ, როგორც ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი/ლოკალურ-ტერიტორიული ერთეული.
ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნის მეორე ნახევარი) დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. დვალეთს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის დანიშნული მოურავები განაგებდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობას უთავსებდა.
შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში არსებობდა მხოლოდ მაღრან-დვალეთის რეგიონი (თემი), რომელიც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა, ისე, რომ ჟბის ხევი და როკი მის მიღმა რჩებოდა. იგი შეიქმნა შედარებით გვიან (X-XI სს. შემდეგ), დვალეთიდან დვალების გადმოსახლების შედეგად.
დვალეთში ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგან მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. დვალეთი წარსულში, ისევე, როგორც საქართველოს მთის სხვა პროვინციები, კოშკებით იყო დაფარული. დვალები რომ ქართველი მთიელები და, ამავე დროს, ქრისტიანები იყვნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტია ისიც, რომ აქ არ არსებობდა მიწისზედა დასაკრძალავი ნაგებობები - აკლდამები. XVIII საუკუნეში ტრადიციით დვალთა ხსენება კვლავ გრძელდება, თუმცა ისინი უკვე ეთნიკურობაშეცვლილი ოსები არიან.
მეცნიერებაში დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულებაა გამოთქმული. ქართული წყაროების მიხედვით, ისინი ჩვეულებრივი ქართველი მთიელები იყვნენ, ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანი პროვინციებისთვის დამახასიათებელი სოციალური, რელიგიური თავისთავადობა.საქართველოს ისტორია ჩვენი წარსულია, რომელიც უნდა ვიცოდეთ. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ახალ პროექტში ქართველ მკვლევართა რამდენიმე თაობის საუკეთესო წარმომადგენელი გააერთიანა. ისინი საქართველოს ისტორიის შესახებ ყველაფერს მოგვითხრობენ!