"ჩვენი თავშესაფრების მდგომარეობა სავალალოა, უმეტესობა გასულ საუკუნეში გაძარცვა მოსახლეობამ - მოწყობილობა გასაყიდად გაიტანეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი თავშესაფრების მდგომარეობა სავალალოა, უმეტესობა გასულ საუკუნეში გაძარცვა მოსახლეობამ - მოწყობილობა გასაყიდად გაიტანეს"

რუსეთ-უკრაინის ომმა არაერთი თემა გაააქტიურა, მათ შორის - საომარი თავშესაფრების, რომელიც ამ ომში უკრაინელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი საომარ თავშესაფრებს ყველგან ინტენსიურად აშენებდა, მათ შორის - უკრაინასა და საქართველოშიც. როგორ მდგომარეობაშია დღეს თავშესაფრები დედაქალაქსა და მთელ საქართველოში? საინტერესოა, რომ ეს თემა, სახელმწიფო სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლად, ახალგაზრდა დიგერებმა (მიწისქვეშა ობიექტების ახალგაზრდა მკვლევრები) შეისწავლეს. სწორედ მათ იციან ყველაფერი ჩვენი თავშესაფრებისა და მიწისქვეშა გვირაბების შესახებ. ერთ-ერთი მათგანია თორნიკე კაპანაძე.

- თავშესაფრების შენება საბჭოთა კავშირის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. მათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ობიექტის მიმდებარედ აგებდნენ, რათა საომარი მოქმედებებისას იქ მოსახლეობას თავი შეეფარებინა. ვინაიდან საომარი დარტყმის ძირითადი ობიექტები ქალაქებია, თავშესაფრები ყველგან და საქართველოშიც დიდ ქალაქებში შენდებოდა, ასე რომ, დღეს თავშესაფრები გვაქვს თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში... ისინი განლაგებულია სკოლებთან, კლინიკებთან, სამთავრობო ორგანიზაციებთან, საცხოვრებელ კორპუსებთან და ა. შ. უკანასკნელი თავშესაფარი თბილისში გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, სულ კი დედაქალაქში მეტ-ნაკლები სიდიდის თითქმის 500 მიწისქვეშა ნაგებობაა. მათგან ყველაზე დიდი ორი კილომეტრი სიგრძისა და 80 მეტრის სიღრმის 135-ოთახიანი ბუნკერია, სადაც საომარი მოქმედებების დროს შეიძლება 1500 კაცი მოთავსდეს.

tavshes2-1647188828.jpg

- როგორც ცნობილია, მათი უმეტესობა გაძარცული და დაზიანებულია.

- სამწუხაროდ მათი უმეტესობა გასულ საუკუნეში გაძარცვა მოსახლეობამ - მათ ამ თავშესაფრების მოწყობილობა გასაყიდად გაიტანეს. ამ აღჭურვილობის მცირე ნაწილს დღესაც შეხვდებით მშრალი ხიდის ბაზრობაზე. თავშესაფართა მხოლოდ მცირე ნაწილია შედარებით ნორმალურ მდგომარეობაში. თავშესაფრებს სავენტილაციო მილები, ჰერმეტულად დახურული კარი და რამდენიმე სათადარიგო გამოსასვლელი ჰქონდა. ასევე, ბუნკერები მომარაგებული იყო ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით.

- ჰერმეტულად დახურული კარი, ალბათ, ყველაზე უკეთ იცავს ბირთვული თავდასხმისას.

- ჰერმეტულად დახურული კარი ნებისმიერი სამხედრო თავდასხმისას საჭიროა, მაგრამ ის აუცილებლად ბირთვულ შეტევაზეც უნდა იყოს გათვლილი. დღეს თავშესაფართა უმეტესობაში ეს კარი აღარ არის, თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და, ვფიქრობ, ახლო მანძილიდან დღევანდელ ბირთვულ დაბომბვებს ვერც ერთი თავშესაფრის კარი ვერ გაუძლებდა. შესაბამისად აღჭურვილი თავშესაფრები ომის დროს მართლაც არის სიცოცხლის დაცვის გარანტი. ყველა სამხედრო ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო-საჰაერო თავდასხმის დროს გარეთ არ უნდა გაჩერდე და თავშესაფარს მიაშურო.

მართალია, ჩვენი თავშესაფრების მდგომარეობა მართლაც სავალალოა, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში გარეთ ყოფნას მაინც ამ თავშესაფრებში ყოფნა აჯობებს. დღევანდელ სიტუაციაში საუკეთესო, ტექნიკურად გამართული თავშესაფარი მეტროა. თავის დროზე მეტროები ამ მიზნითაც შენდებოდა. მათ, საუკეთესო გვირაბმშენები აშენებდნენ და იქ თავდაცვის ყველა აუცილებელი საშუალებაა.

- ნაგებობის დაბომბვისას რა გარანტიაა, რომ თავშესაფრის კარიც არ დაიგმანება და ბუნკერიდან ამოსვლა შესაძლებელი იქნება?

- როგორც წესი, ყველა თავშესაფარს რამდენიმე სათადარიგო კარი ჰქონდა, რომ ერთის დახშობის შემთხვევაში ხალხი მეორიდან ამოსულიყო, მაგრამ დღეს, როდესაც ქალაქები ქაოსურმა მშენებლობებმა მოიცვა, ძნელია ამ საკითხის გარკვევა.

- რას იტყვით მუნიციპალიტეტებში არსებულ თავშესაფრებზე?

- ყველა ჩვენს ქალაქში თავშესაფრებში, სამწუხაროდ, ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც დედაქალაქში. ზოგი მათგანი სარდაფადაც არის გადაკეთებული ან კერძო საკუთრებაშია, თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას და, საჭირო რომ გახდეს, რასაც გამოვრიცხავ, ამ ობიექტების გამოყენება, ალბათ, ჩვენთანაც ისევე შეიძლება, როგორც უკრაინაში.