"ოპერაციებს სირენების ხმაზე ვაკეთებდით“ - კვირის პალიტრა

"ოპერაციებს სირენების ხმაზე ვაკეთებდით“

"პაციენტების ნაკადი არ წყდებოდა­, მაგრამ ექიმები ისე იყვნენ მომზადებული და ყველაფერს ისე კარგად­ ართმევნდენ თავს, რომ რიგები არ დამდგარა“

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსუ­ლი ბომბების წვიმაში, ადგილობრივ მოსა­ხლეობასთან ერთად, ახალგაზრდა ქართველი ექიმიც არაერთხელ მოხვდა. ქირურგი­ ანზორ ქვრივიშვილი­ ხარკოვში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც რუსული აგრესიის სამიზნე საავადმყოფოებიც გახდა, ქალაქის დატოვება მოსთხოვეს...

- ხარკოვში 14 დეკემბერს ჩამოვედი, რეზიდენტურაში ჩავაბარე და ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე მუშაობა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, რომ არა ომი. ორი წელი ვაპირებდი დარჩენას. ომის დაწყების წინა დღიდან კლინიკაში ვიყავი და ორი კვირის განმავლობაში გარეთ არ გამოვსულვარ. ჩემი განხრა ყბა-სახის ქირურგიაა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება მქონდა და იქ საქმიანობაც გამიადვილდა.

როგორც კი ომი დაიწყო, ორჯერ შემომთავაზეს საქართველოში დაბრუნება, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი. გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და კოლეგებს დავხმარებოდი­. გაქცევა გამოსავალი არ იქნებოდა, ჯობდა, საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვითარება უფრო დაიძაბა, მომთხოვეს ქალაქი დამეტოვებინა...

- რა პირობებში გიწევდათ მუშაობა?

- დაძაბული ვით­არება­ იყო. განგაშის სიგნალი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩართულიყო. თუ ამ დროს საქმე არ გვქონდა, სარდაფს ვაფარებდით თავს, მაგრამ თუ ოპერაციაზე ვიყავით, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვრჩებოდით, სირენების ხმაზე ვაკეთებდით ოპერაციებს, აბა პაციენტს ბედის ანაბარა ხომ არ მივატოვებდით. ღამე უფრო ხშირი იყო დაბომბვა და სარდაფს ვაფარებდით თავს; პაციენტებიც, ვისაც სიარული შეე­ძლო, იქ ჩაგვყავდა. ვის ჩაყვანასაც ვერ ვახერხებდით, პალატაში ვტოვებდით და მათთან რომელიმე ექიმი რჩებოდა. ამ ხნის განმავლობაში პაციენტების ნაკადი არ წყდებოდა­, მაგრამ ექიმები ისე იყვნენ მომზადებული და ყველაფერს ისე კარგად­ ართმევნდენ თავს, რომ რიგები არ დამდგარა. ყველა შესაბამის განყოფილებაში გადაგვყავდა და რაც საჭირო იყო, ვუკეთებდით. მაღალი დონის პროფესიონალები არიან.

- რუსი ჯარისკაცებისთვის თუ აღმოგიჩენიათ დახმარება?

- მე რუსი ჯარისკაცი არ მინახავს, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები კი შემოჰყავდათ.

- იქ მყოფ ქართველებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?

- იქ მხოლოდ ერთ ქართველს ვიცნობდი. ექიმი იყო, ოღონდ სტომატოლოგი და მასაც სთხოვეს, რომ ქვეყნიდან წასულიყო.

- როგორც ვიცი, ხარკოვი დატოვეთ.

- როგორც გითხარით, წამოსვლა არ მინდოდა, ამიტომ გამომგზავრების საბუთებიც არ მქონდა მზად. კომენდანტის საათის გამო ღამით ქალაქიდან ვერ გამოვედით, დილით კი მოხალისე ტაქსისტმა გამოგვიარა მე და ჩემს ქართველ მეგობარს და ახლა ლვოვში მივყავართ. მერე ჩავალთ პოლონეთში, იქიდან კი საქართველოში გამოვფრინდებით.

- კლინიკაში ყოფნის პერიოდში რამე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ, თუნდაც ჰუმანიტარული?

- კლინიკა სურსათით და საკვებით ყოველდღიურად მარაგდებოდა. ამ მხრივ პრობლემა არც პაციენტებს და არც მედიკოსებს არ შეჰქმნიათ. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ ცოტა გაუჭირდათ, რადგან ბევრი სავაჭრო ობიექტი და ბაზარი დაიკეტა, ზოგიც განადგურდა. მოსახლეობა კრიზისს ნამდვილად განიცდის. ფულიც რომ გქონდეს, გარეთ ვერაფერს იყიდი.