"იწინასწარმეტყველეს, რომ გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი, წმინდა რუსეთი: რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი - მერე საქართველოში აღდგება მეფობა, ვილოცოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს"
ამ დღეებში მოვისმინე, ძალიან ცუდად და ძალიან მრისხანედ ახსენებენ რუსეთს, ვფიქრობ, ეს არის შეცდომა, არაფრით არ შეიძლება ქართველებმა ასე გააკეთონ, - ამის შესახებ სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნაწინასწარმეტყველებია, რომ უკრაინაში ომი იქნებოდა, შემდეგ კი ერთი დიდი, „წმინდა რუსეთი იქნება, რომელსაც სამწმინდას ეძახიან, ეს არის რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი“.
ამასთან, მეუფე სპირიდონის თქმით, მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინის კონფლიქტში რომ არ ჩაერია და არ შეუერთდა სანქციებს. მისი შეფასებით, „ეს უკვე მხარედ წარმოჩენა იყო“.
„მთელი ტრაგედია და მთელი უბედურება ის არის, რომ ახლა ძმები ერთმანეთს ეომებიან. მესამე ძალებმა წააქეზეს ისინი და შედეგად მივიღეთ ის, რომ ომია. ღმერთმა ქნას, ყველაფერი დასრულდეს, დაწყნარდეს, შერიგდნენ და მათ შორის სიმშვიდე, სიწყნარე იყოს. სხვათაშორის, იცით, რომ არის დიდი წინასწარმეტყველებები ძალიან დიდი მამების მიერ, ესენი არ არიან უბრალო მამები, ძალიან დიდი მამების მიერ, საუკუნეების წინათ, 1-2-3 და მეტი საუკუნეების წინათ იწინასწარმეტყველეს, რომ ეს მოხდებოდა, შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი, წმინდა რუსეთი, სამწმინდას ეძახიან, ეს არის რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი. ეს გაერთიანდება და ერთი მეფე ეყოლებათ, მერე საქართველოში აღდგება მეფობა, იქ იქნება რომანოვი მეფე, აქ ბაგრატიონი აღდგება და ერთმანეთთან მეგობრულად იქნებიან. ამას მამა გაბრიელი და ძალიან დიდი რუსი წმინდანები პირდაპირ წინასწარმეტყველებენ. ვილოცოთ, რომ ეს ასე მოხდეს. ვის უნდა ახლა ომი? ალბათ მარტო ბოროტ ადამიანს უნდა ომი და ის, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავდნენ. ამიტომ, ვილოცოთ, რომ შერიგდნენ და მშვიდობა იყოს.
რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ ამ საკითხში არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. რატომ? იმიტომ, რომ ახლა ძმები ერთმანეთს ეჩხუბებიან“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
მისი თქმით, რუსები და უკრაინელები შერიგდებიან და არ შეიძლება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველო ჩაერიოს.
„ჩვენ თუ ჩავერევით, უნდა ჩავერიოთ რით? როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი, მსოფლიო მოციქული აკეთებს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გავუგზავნოთ მშვენიერი საჭმელი, სასმელი, ჰუმანიტარული ტვირთი და ვილოცოთ, რომ მშვიდობა იყოს. პატრიარქმა პირდაპირ განაცხადა, ილოცეთ, რომ მშვიდობა იყოს. ეს არის ქრისტიანობა და მხარედ რომ წარმოაჩენ შენს თავს, ეს უკვე ქრისტიანობა არ არის იმიტომ, რომ შენ ამით ერთს მეორეზე აქეზებ“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
მისი თქმით, „არ შეიძლება ერთის გამტყუნება და მეორის გამართლება, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის“.
„ძმები არიან ისინი, ერთი სისხლი და ხორცია, ეთნიკურად ერთი, ისინი ერთი არიან. საცოდავი და სამარცხვინო არ არის, მართლმადიდებლები რომ ერთმანეთს ხოცავენ?! აი, ეს უნდა ეშმაკს, მერე ხელებს იფშვნეტს, იარაღს აძლევს ამას და იმას, მიდით, აბა კარგად დახოცეთ ერთმანეთიო და თვითონ სიცილით კვდება. ეშმაკი ცოდვას ჩაადებინებს კაცს და მერე დასცინის. ამ დღეებში მოვისმინე, ძალიან ცუდად და ძალიან მრისხანეთ ახსენებენ რუსეთს, ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა, ეს არის ჩემი პირადი აზრი. არაფრით არ შეიძლება ქართველებმა ასე გააკეთონ. ამასთან ერთად დავძენ, რომ მივესალმები ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ამ კონფლიქტში არ ჩაერია და არ შეუერთდა სანქციებს იმიტომ, რომ ეს იყო უკვე მხარედ წარმოჩენა და ეს ნიშნავს ერთის მეორეზე წაქეზებას, არაფრით არ შეიძლება, ეს ძალიან მძიმე ცოდვაა“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
"ინტერპრესნიუსი"