"ასეთ ომს იგებს ხალხი “ - კვირის პალიტრა

"ასეთ ომს იგებს ხალხი “

უკრაინელი ხალხის გმირული სულისკვეთება ოკუპანტ რუსეთთან უთანასწორო­ ბრძოლაში და უდიდესი დანაკარგის ფასად­ შენარჩუნებული ერთიანობა საერთაშორისო საზოგადოების გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ყოველი დღე ახალი ტრაგიკული ამბებით თენდება, მაგრამ უკრაინა არ ნებდება. გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის რუსეთის დამარცხების მთავარი წინა პირობა.

- უკრაინელი ხალხი ასე მედგრად რომ დგას, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - ბოლო წლების განმავლობაში მათ ნამდვილი თავისუფლების გემო გაიგეს, აირჩიეს პოპულარული მთავრობა და აცნობიერებენ, რომ თავიანთი თავის განმკარგავი თავად­ არიან. მეორე მხრივ, მათ დაინახეს, როგორ მოექცა რუსეთი, ანუ დამნდობი არ იყო და ამისთვის თანდათან, მაგრამ საფუძვლიანად მოემზადნენ. უკრაინის მოქალაქეების ის ნაწილიც კი, ვინც ანტირუსულად არ იყო განწყობილი, საბრძოლველად განეწყო. არაერთი თანამედროვე ომის მომსწრე ვართ, მაგრამ ასეთი თავგანწირვა, როგორსაც უკრაინელი ხალხი მშობლიური მიწის ყოველი გოჯის დასაცავად იჩენს, არ გვინახავს. რუსული არმია ფაშისტებივით იქცევა. უკრაინელ სამხედროებთან რომ ვერაფერს გახდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას მიადგნენ: ხოცავენ ფეხმძიმე ქალებს, ჩვილ ბავშვებს, ბომბავენ სამშობიარო სახლებს. წარმოუდგენელ სისასტიკეს სჩადიან, მაგრამ ხალხი ვერ გატეხეს.

- ზელენსკის კიევში დარჩენამ, ალბათ, ბევრი რამ განსაზღვრა...

- ბევრი რამ კი არა, ყველაფერი. ზელენსკიმ არ მიატოვა კიევი, ხალხი, ქვეყანა და ამერიკის­ შეთავაზების მიუხედავად­, არსად წასულა... ძირითადი ბრძოლები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ხარკოვსა და მარიუპოლში მოსახლეობის უმეტესობა რუსულენოვანია, მაგრამ უკრაინის სწორედ რუსულენოვანმა ნაწილმა გაუმართა უმძიმესი ბრძოლები და მტერს არ დანებდა. გასულ კვირას ზელენსკიმ ხელი მოაწერა­ კანონს, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უფლებას აძლევს, რუს ოკუპანტებს პირდაპირ ესროლონ. ომში ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ზელენსკიმ ამას ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა. ეს არის ერთადერთი გზა გამარჯვებისთვის. ორმხრივმა შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ომი დიპლომატიური გზით ვერ დამთავრდება.­ სერგეი ლავროვი მხოლოდ ხელისუფლების პოზიციას ახმაურებს, რომელიც არარეალურია - ყირიმის აღიარებას, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობასა და უკრაინის ნეიტრალიტეტს ხელს არავინ მოუწერს, მით უფრო, მაშინ, როდესაც ამ ომში რუსეთი მარცხდება.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ეს ხანგრძლივი ომი იქნება. რუსეთს შეიარაღება და სხვა რესურსიც საკმარისად დარჩა, მაგრამ ასეთ ომს იგებს ხალხი, შემდეგ კი - ეკონომიკა, ინდუსტრია. თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობას, რუსეთის წინააღმდეგ კი მთელი დასავლეთია გაერთიანებული. ტაქტიკური ოპერაციები, შეტევები და ნგრევა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი იბრძვის. პუტინს ეგონა, ორ-სამ დღეში მიაღწევდა სამხედრო უპირატესობას, რის შედეგადაც, უკრაინის მთავრობას გააქცევდა, მაგრამ ახლა შოკურ მდგომარეობაშია. რუსებს ძალიან უჭირთ მარცხის აღიარება, ამიტომ მოთხოვნებს არ ცვლიან. რუსეთმა რომ გაიმარჯვოს, უკრაინელი ხალხი უნდა გატეხოს, ეს კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

- რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულებზე საუბარი არ წყდება. რეალურია, პუტინის გარემოცვას სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგომამ მოუწიოს?

- იმისთვის, რომ საქმე ჰააგის სასამართლომდე მივიდეს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და პუტინის გარემოცვა სასამართლოს დამარცხებულ რუსეთში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს.­ რუსეთის ტერიტორიაზე ომს არავინ დაი­წყებს, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა და ბირთვული შეკავების უნარი­ აქვს. ამ შემთხვევაში ჰააგის სასამართლოს­ უფრო ემოციური და სამართლებრივი ფუნქცია აქვს, რათა მსოფლიოს აჩვენონ, რა საშინელებას სჩადის რუსეთის არმია უკრაინაში.­ თუმცა, არ გამორციხავ, ლუგანსკისა და დონეცკის, ასევე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელები მართლაც წარდგნენ­ ჰააგაში.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, კერძოდ, სატანკო ბატალიონი გაჰყავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. გავრცელდა ყარაბაღიდან რუსი სამხედროების გასვლის კადრებიც...

- ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის 25% განადგურებულია და არც ადამიანური რესურსი ჰყოფნით. კიევის, ხარკოვის, მარიუპოლის, ოდესის აღებასა და შენარჩუნებას კარგად გაწვრთნილი პირადი შემადგენლობა სჭირდება, რუსეთს კი ასეთი ძალა არ ჰყავს. თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი­ უკრაინაში შეიყვანა. ბოლო რეფორმის მიხედვით, შეიარაღებული ძალები ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებზე გადაიყვანა. დაახლოებით 168 ბატალიონი ჰყავს­. ერთ ბატალიონში 800 კაცამდეა. ავიაციას, ლოჯისტიკასა და სხვა ნაწილებს არ ვთვლი. ერთი სიტყვით, რუსეთს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 90%-ზე მეტი უკრაინაში ჰყავს. სომხეთში, გიუმრის ბაზაზეც ჰყავს სამხედრო ნაწილები, მაგრამ ის საბრძოლო ბაზა არ არის, უფრო ლოჯისტიკაზე გათვლილი მეწინავე ბაზაა, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებენ. ამიტომ გამოჰყავს ე.წ. სამშვიდობოები სხვადასხვა რეგიონიდან. ახალწვეულების შეკრება შეუძლია, მაგრამ ისინი უკრაინის ასჯერ უკეთ მომზადებული, გააფთრებული სამხედროებისთვის საზარბაზნე ხორცი­ იქნებიან. ამის გარდა, უკრაინაში უამრავი უცხოელი მოხალისე ჩავიდა ბრიტანეთიდან, კანადიდან, იქ არიან ქართველებიც და კიდევ მეტი ჩავა, რადგან­ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის. ახლა რუსეთს უკრაინელების მიყენებული დანაკარგის შევსება აფხაზეთიდან, ყარაბაღიდან და სხვა რეგიონებიდან სურს. ამავდროულად, ცდილობს ხალხის დემორალიზებას და ისეთ სამოქალაქო პუნქტებზე მიიტანა­ სარაკეტო იერიში, რომელთა გარშემო­ სამხედრო დანიშნულების ობიექტები არ არის. მისი მთავარი მიზანია, უკრაინის ხელისუფლება და ხალხი გატეხოს და ამას სასტიკი მეთოდებით ცდილობს. მარიუპოლს ალყა შემოარტყეს და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. მწვანე დერეფნებს არ აძლევენ, რაც სამხედრო დანაშაული კი არა, თემურ-ლენგის შუასაუკუნოვანი ტაქტიკაა მოწინააღმდეგის გასატეხად. საკვებისა და წყლის მარაგი ხომ იმდენი არ არის, რომ სამოქალაქოებიც გამოიკვებონ და სამხედროებიც, რომლებიც ქალაქს იცავენ, ამიტომ ცდილობენ, აშიმშილონ, სასმელი წყლის გარეშე დატოვონ, რათა როგორმე აიძულონ, დანებდნენ. ამაზეა გათვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაც. იდეალური ჯარისკაცი ის არის, ვისაც თავგანწირვა შეუძლია, რუსეთს კი ასეთები არ ჰყავს, უკრაინისგან განსხვავებით, რომელსაც მოხალისეც ასეთი ჰყავს და მშვიდობიანი მოსახლეობაც უპრეცედენტო თავგანწირვის მაგალითს აჩვენებს. რუსეთმა ეს ფაქტორიც ვერ გაითვალისწინა.

ყველამ ნახა რუსი ტყვეების ვიდეომიმართვები, რომ თითქოს არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ყველამ კარგად იცოდა, სადაც მიდიოდა და ეგონათ, უეჭველად გაიმარჯვებდნენ, თუმცა ტყვედ ჩაცვივდნენ და ახლა თავის გადარჩენას უნიჭო, გულის ამაჩუყებელი სცენებით ცდილობენ... თუმცა ელიტური ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ანტიპუტინისტური განწყობაც ვნახეთ. ძალზე გულაცრუებული არიან. თანაც გენერალიტეტში განხეთქილება უკვე დაწყებულია, ეს კი გამარჯვების კიდევ­ ერთი ნიშანია. გასაგებია, რომ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისინიც ადამიანები არიან და ხედავენ, როგორ ფაშისტურად უწევთ მოქმედება: ესვრიან ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს... რაც მთავარია, დაინახეს, რომ უკრაინაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა - რუსულ არმიას ყვავილებითა და ბუშტებით არავინ დახვედრია, არადა, რუსული იდეოლოგია სწორედ ამაში ცდილობდა მათ დარწმუნებას... ასე რომ, დემოტივაციისთვის უამრავი მიზეზი აქვთ.