კრემლის ახალი პროპაგანდა - "ბიოლოგიური იარაღი“ უკრაინასა და საქართველოში (?!) - კვირის პალიტრა

კრემლის ახალი პროპაგანდა - "ბიოლოგიური იარაღი“ უკრაინასა და საქართველოში (?!)

რუსებმა დასავლეთი გადაიმტერეს და ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსნენ. დარჩა ეკონომიკურად გარიყული, სამხედრო თვალსაზრისით შერცხვენილი, პრესტიჟდაკარგული სახელმწიფო, რომელთანაც მხოლოდ რამდენიმე ოდიოზური ფსიქოპათი დიქტატორი და მათივე შექმნილი სეპარატისტული რეჟიმები მეგობრობენ...

სამშვიდობო ობიექტებზე იერიშის კვალდაკვალ, კრემლი თავის საყვარელ თემაზე - "სამეზობლოში ბიოლოგიურ იარა­ღის წარმოებაზე" ალაპარაკდა. პრორუსული მედიის ცნობით, "უკრაინაში მოქმედი­ ამერიკული ლაბორატორიები ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ­ და თანაც, ეთნიკური ნიშნით მოქმედს, კონკრეტულად, რუსების წინააღმდეგ". რას ემსახურება კრემლის ნარატივი? გვესაუბრება­ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე.

- რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ვერსიებით გაამართლოს ის, რასაც უკრაინაში აკეთებს. ცდილობენ, ისეთივე სცენარი გაათამაშონ, როგორიც 2003 წელს ამერიკის ერაყში ინტერვენციას უძღოდა წინ. მაშინაც თითქოს ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა და ამის გამო შევიდნენ იქ. მოსკოვში კარგად იციან, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარა­ღს არ ამზადებს, მაგრამ რუსეთის თავდაცის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი კონაშენკოვი უტიფრად აცხადებს, რომ უკრაინული ჯარები ლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, რომლითაც ადამიანებს ფრინველებისა და ქვეწარმავლების მეშვეობით აინფიცირებენ­. მხოლოდ ბიოლოგიურზე კი არა, ბირთვულ იარაღზეც ლაპარაკობენ - თითქოს უკრაინა საშუალო სიშორის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარ­აღს ქმნიდა, ტექნოლოგიებზე მუშაობდა და ამ თავდასხმით რუსეთის ფედერაციას უკრაინაში ამერიკული რაკეტების განთავსების საფრთხე აარიდეს. ასეთი განცხადებების მიზანი ის არის, რომ რუსეთმა მესამე­ ქვეყანაში "ლეგიტიმური სამიზნეები" მონიშნოს. ახლა უკრაინას, სამხედროსთან­ ერთად, საინფორმაციო დარტყმას აყენებენ,­ რადგან თავისი აგრესიის გამართლება სჭირდებათ. ამის უსუსური ცდა იყო ლავროვის განცხადება ანტალიაში, როცა მოსაზღვრე ქვეყნები ახსენა და ირიბად საქართველოზეც მიანიშნა.­ ლუგარის ლაბორატორია ხომ არაერთხელ გამხდარა დარტყმის ობიექტი: ხან შეიარაღების წარმოებაზე ლაპარაკობენ, ხან - ღამურებსა და ქვეწარმავლებზე. "ღორის გრიპიც" საქართველოში შექმნილ ვირუსად გაასაღეს, არადა, თბილისის ლუგარის ლაბორატორია­ უსაფრთხოების მეოთხე დონის ლაბორატორიაა, რომელიც ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის არ გამოდგება, თუმცა ჩვენი ლაბორატორია რეგიონის ერთადერთი ფარია, რომელსაც­ ჩვენი ან მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ­ გამოყენებული ბიოლოგიური იარაღის იდენტიფიკაცია შეეძლება. ანუ დიაგნოსტირება­ შეგვიძლია, წარმოება - არა. ეს არის ნახევრად ღია დაწესებულება, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები პრაქტიკასაც კი გადიან. ლაბორატორიაში არაერთი უცხოელი მეცნიერი მიუწვევიათ და მტკიცება, რომ იქ რაღაც აკრძალულზე მუშაობენ, საქართველოსა და მისი მოკავშირე­ ქვეყნების დისკრედიტაციას ემსახურება. რუსებმა, რომლებიც ყველანაირი მომაკვდინებელი იარაღის შემქმნელები არიან, ძალიან კარგად იციან, რაც ლუგარში, ან სულაც უკრაინის ლაბორატორიებში ხდება, მაგრამ ასე სჭირდებათ. ამერიკას თავის ლაბორატორიებში გაცილებით ძლიერი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია მაინც იყიდება იმ აუდიტორიაში, რომელსაც რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის კონსპიროლოგიის მითის სჯერა...

ქართულ მხარეს ძალიან სწორი პოზიცია უჭირავს. სრულიად გამჭვირვალედ მუშაობს, რათა მსოფლიოს დაანახოს, რომ აქ საიდუმლო არაფერია, თუმცა რუსებს­ სიმართლე არასდროს აინტერესებდათ. მთავარია, შინ და გარეთ, მათ შორის - საქართველოშიც ის დაიჯერონ, რაც კრემლს სურს. ქართული მხარე ამბობს, ლაბორატორია 2018 წლიდან ჯანდაცვის ბალანს­ზეაო, მაგრამ რუსეთი მაინც უტიფრად აცხადებს­, იქ ამერიკელები მუშაობენო. საქართველოში არც ერთი ამერიკული ლაბორატორია არ არსებობს, მხოლოდ დაგვეხმარნენ მის აშენებაში, ისევე, როგორც სხვა რამეებში. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობას­ ან რომელიმე სამსახურს ისინი მართავენ. მითოლოგიურმა აზროვნებამ რუსეთი უკვე გარია ისეთ უბედურებაში, რომლისგანაც, არავინ იცის, ოდესმე თავს დაიხსნის­ თუ არა. ახლა ამ უბედურებაში უკრაინაც ჩაითრიეს. ცრუ შიშით ცხოვრებამ და იმის დაუშვებლობამ, რომ მათ გარდა ვინმე­ სხვაც შეიძლება მართალი იყოს, ისეთ უტოპიურ წარმოდგენებში ჩაძირა, რომ დღეს უკრაინას ებრძვის, რითაც თავისი მომავალიც დაასამარა. სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ რუსები ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. შესაძლოა, ამიტომაც იხევენ უკან რუსული ტაქტიკური ნაწილები. შეიძლება გადაჯგუფება ხდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, დაზიანების არეალს ერიდებოდნენ. რაც უნდა მოხდეს, უდავოა, რომ უკრაინა გადარჩება, მაგრამ გადარჩენასა და წარმატებულ მომავალს შორის დიდი განსხვავებაა. უკრაინელ ხალხს ომის შემდგომ ტრავმებს ვინ მოუშუშებს?! ამიტომაც "აჯანჯღარებს" უკრაინის პრეზიდენტი ნატოს, ამერიკას, დასავლეთს... თუ აგრძნობინა, რომ კმაყოფილია მხარდაჭერით, აქტიურობას აღარ გააგრძელებენ­. მათ მუდმივად უნდა შეახსენო, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც ევროპაში უმძიმესი კრიზისის დროს ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. მის ნაცვლად შეიძლებოდა ევროკავშირის ან ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყანა ყოფილიყო. უკრაინა რუსეთის ახალი ექსპანსიონისტური გეგმების ობიექტი აღმოჩნდა. პუტინს ერთადერთი მიზანი­ აქვს - უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა, რათა მსოფლიოს დაანახოს, რომ ასე დაემართება ყველა ქვეყანას, რომელიც რუსული ორბიტიდან გასვლას ეცდება.

- თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი სწორედ უკრაინასთან ომს შეეწირება.

- დიახ! არასწორი ხედვა, მცდარი სად­აზვერვო ინფორმაცია და თავიანთ შესაძლებლობზე­ გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ. ეგონათ, დასავლეთი რაღაცებს ვერ გაბედავდა, მაგრამ გაბედეს. რუსებმა მთელი დასავლეთი­ გადაიმტერეს და ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსნენ. დარჩა ეკონომიკურად გარიყული, სამხედრო თვალსაზრისით შერცხვენილი, პრესტიჟდაკარგული სახელმწიფო, რომელთანაც მხოლოდ რამდენიმე ოდიოზური ფსიქოპათი დიქტატორი და მათივე შექმნილი სეპარატისტული რეჟიმები­ მეგობრობენ. დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმის, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერებისა და ბაშარ ასადის ამარა არიან დარჩენილი.

- საქართველოს პოზიცია შინ და გარეთ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ ომში ჩვენს ჩათრევას აპირებს, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი უღირსად იქცევა.

- ოპოზიცია ცდილობს, უკრაინის თემით საზოგადოების პოლარიზება გაამწვავოს, სამთავრობო გუნდმა კი სრულიად უთავმოყვარეო პოზა აირჩია. ამასთან, შინ და გარეთ გავაგრძელეთ ერთმანეთის ჭამა, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით და შესაძლებლობის ფანჯარა ისევ ერთმანეთის ჩაძირვის ცდას გადავაყოლეთ. უკრაინაში, სადაც ჭურვები ცვივა, პოლიტიკოსებმა შეძლეს და პოზიცია-ოპოზიცია დაივიწყეს. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ეს ვერ შეძლო, არადა, შეეძლოთ, ახლა მაინც ერთად დამდგარიყვნენ და საქართველოს ინტერესები საერთაშორისო არენაზე გაეტენათ. ის მაინც ეცადათ, ტალიავინის სამარცხვინო დასკვნა ევროკავშირს უკან წაეღო, თუმცა ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი, ეღიარებინა, სისულელე ვთქვით, როდესაც გვეგონა, რომ პროვოკაციებს წამოვეგეთო, ოპოზიცია კი ვერ მიხვდა, რომ როდესაც სახელმწიფო დანის პირზე დადის, საკუთარ სკამებზე ფიქრი არ შეიძლება და არც ის, საერთაშორისო ჰუმანიტარული კრიზისი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად თუ მხარდამჭერების გასამრავლებლად გამოიყენო! ვერც ერთი მხარე ვერ აცნობიერებს, რომ მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები კი არ გველის, არამედ საქართველოს სახელმწიფოდ არსებობას ემუქრება საფრთხე. რუსეთი რომ დაიშალოს, რა გარანტია გვაქვს, რომ მის ნანგრევებში არ მოვყვებით?!. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ რუსეთმა გაიმარჯვა, რას ვაკეთებთ, რომ ჩვენ არ მოგვიტრიალდეს?!. ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს.