"დახლის ქვეშ ორი დროშა აქვთ ამოდებული და რომელიც გაიმარჯვებს, იმას ააფრიალებენ“ - კვირის პალიტრა

"დახლის ქვეშ ორი დროშა აქვთ ამოდებული და რომელიც გაიმარჯვებს, იმას ააფრიალებენ“

"ქართული პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოს ინტერესებზე კი არ ზრუნავს, „პოლიტიკური ჭიდაობით“ არის გართული. მათ ქვეყანა საჭიდაო არენად აქციეს“

მოვლენა, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს ერთიანობის მიზეზი გახდა, საქართველოში კიდევ ერთი დაპირისპირების საგნად იქცა. ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ჯერ ვერ შეთანხმდა, უნდა მივესალმოთ თუ არა რუსეთის ეკონომიკურ აქტივობას საქართველოში, უკრაინელი ლტოლვილები უნდა მივიღოთ თუ პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსები, პრეზიდენტი ზელენსკი გმირია თუ არა, შეგვიძლია აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება თუ ამაზე საუბარი ახლა პროვოკაციაა... რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას ქართული პოლიტიკური სპექტრის შეუთანხმებელი პოზიციები, ვის მხარეს არის სიმართლე და სად არის გამოსავალი? გვესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

- ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ორ რადიკალურ მონოლოგთან. ოპოზიცია მუდმივად აპელირებს ხელისუფლების კაპიტულანტურ პოლიტიკაზე და ბრალს სდებს მას კოლაბორაციონიზმში, ხელისუფლებამ კი თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია ყოვლის მომცველი შიში ძლიერთა მიმართ, არადა, არც ერთის პოზიცია არ არის სახელმწიფ­ოებრივი. ქართული პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოს ინტერესებზე კი არ ზრუნავს, "პოლიტიკური ჭიდაობით" არის გართული. მათ ქვეყანა საჭიდაო არენად აქციეს. ოპოზიცია ცდება, როდესაც ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს. სინამდვილეში, არც პრორუსულია და არც პროდასავლური. მათი ფასეულობა ძალაუფლებაა. ამიტომ გადაწყვიტეს, მიჰყვნენ დინებას და რომელ ნაპირზეც გაირიყებიან, იმ ნაპირზე არსებული წესებით იცხოვრონ. ახლა ელიან და ვინც გლობალურ ომში გაიმარჯვებს, იმის დროშას ააფ­რიალებენ. პოლიტიკური ქვაკუთხედად შიშის გადაქცევა კი სახელმწიფოსთვის საზიანოა. ასეთი ტიპის პოლიტიკა ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც რუსებს სურთ და მოსწონთ. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ რუსები არ გავაღიზიანოთ და მათ თავი მოვაწონოთ, ე.ი. უკვე მათი ლუკმა ვართ. რუსების ამოცანა სულაც არ არის ქართველებისთვის თავის შეყვარება, მათი ამოცანაა, გვეშინოდეს და ჩვენ ამ ამოცანას ვასრულებთ. ამიტომაც ამოგვიღეს არამეგობარი ქვეყნების სიიდან. დღეს ჩვენი ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთისთვის სასურველ პოლიტიკას ატარებს, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ პოლიტიკას. შესაბამისად, ჩნდება პარადოქსი - ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც რუსეთს სურს და განაცხადს ვაკეთებთ ევროკავშირის წევრობაზე. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. როდესაც ხელისუფლება კოლაბორაციონიზმის ზღვარზეა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი როგორ შეაქვთ?! სიურრეალიზმში გვაცხოვრებს­ "ქართული ოცნება".

- მმართველი გუნდის ლიდერების, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის ვერსიით, ოპოზი­ცია ხელისუფლების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა და ამით ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს.

- ამ ზღაპრებს ერთმანეთს მოუყვნენ. თუ ოპოზიცია არ გააკრიტიკებს ხელისუფლებას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერაფერს გაიგებენ? ყველა ქვეყანას ჰყავს­ აქ თავისი წარმომადგენელი, ელჩი და ყველაფერს ხედავენ. ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა. თუ ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთთან პრობლემები აქვს, ამის მიზეზი ოპოზიციის კრიტიკა კი არა, მათივე შეცდომებია. სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ რუსეთისთვის მწვანის ანთებას ცდილობდა, ამაზე ოპოზიციას რომ არ ეყვირა, დასავლეთი ვერ გაიგებდა?! რატომ ჰგონიათ, რომ ის ხალხი მხოლოდ უგულავასა და ბოკერიას უსმენს?!

- რასაც თქვენ სიურრეალიზმს უწოდებთ,­ "ოცნება" პრაგმატულ პოლიტიკად მიიჩნევს...

- პრაგმატულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს იმას, რასაც "ოცნება" აკეთებს. მე არ ვამბობ, რომ ფრონტის წინა ხაზზე უნდა გავიჭრათ, მაგრამ უნდა დავემორჩილოთ იმ სამყაროს თამაშის წესებს, რომლის წევრობაც გვინდა. გასაგებია, რომ დასავლეთი რაღაცებზე აწესებს სანქციებს, რაღაცებზე არ აწესებს და ჩვენც ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ არ უნდა გავცუროთ. გასაგებია, რომ რუსოფობია, ისევე, როგორც ყველა სხვა ფობია, ცუდია და ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, ისიც გასაგებია, რომ რადიკალური ზომების მიღება არ უნდათ, მაგრამ არ მესმის, რატომ არ უნდა ვიმოქმედოთ საერთაშორისო დიპლომატიური ნორმებით, რომელთა მიხედვით თუ ერთი ქვეყანა მეორეს სავიზო რეჟიმს უწესებს, მეორე ქვეყანას უფლება აქვს, სარკისებური­ ეფექტი აამოქმედოს და თავადაც დააწესოს სავიზო რეჟიმი. როცა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და მოსკოვს ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული, რა პრობლემაა ჩვენგან შესაბამისი ზომების მიღება, მით უფრო მაშინ, როცა შეიძლება საქართველოში რუსების უკონტროლო მიგრაცია ესკალაციის საფრთხესაც შეიცავდეს?! ჩვენი ხელისუფლება ხომ ამბობს, რომ რუსული ესკალაციის ეშინია და რატომ აძლევს­ მოსკოვს საბაბს?! ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს იღებს, ჩვენ რუსებს ვმასპინძლობთ. ევროკავშირი ზელენსკის გმირად აცხადებს, ჩვენ ნაცს ვეძახით და ვლანძღავთ, ან ვამბობთ, ახლა არ გავლანძღავთ, ომშია და იმიტომო. დახლის ქვეშ ორი დროშა აქვთ ამოდებული და რომელიც გაიმარჯვებს, იმის დროშას ააფრიალებენ.

- უვიზო რეჟიმი, რომელიც ახლა ოპოზიციამ სალაპარაკოდ აქცია, სააკაშვილის მმართველობის დროს არის შემოღებული.

- კი ბატონო, ნამდვილად ასეა, მაგრამ რადგან "ნაციონალებმა" შემოიღეს, ამიტომ არ აუქმებენ? ამბობენ, რომ "ნაციონალების" გაკეთებული არაფერი მოსწონთ და რაღა რუსეთთან უვიზო რეჟიმს ვერ ელევიან?! სიფრთხილე მხოლოდ რუსეთთან კი არა, ყველასთან საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება ეს კაპიტულაციაში გადაზარდო.

- გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- კონსოლიდაცია. ჩვენი პოლიტიკური ელიტა შიდაპოლიტიკურ პრიზმაში უყურებს ყველა საკითხს, მათ შორის - უკრაინა-რუსეთის ომს, გლობალურ პოლიტიკას, რეგიონულ საფრთხეებს... ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, სამართლიანობის განცდა უნდა გვქონდეს. ევროკავშირის წევრობაზე შეგვაქვს განაცხადი და ისეთი ელემენტარული პირობების შესრულებაზეც კი უარს ვამბობთ, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა. კითხვებს გვისვამენ და უტიფრად ვპასუხობთ, თქვენ ვინ გეკითხებათო. ჩვენი ხელისუფლების გზავნილი დასავლეთისთვის ასეთია: მე კი მინდა შენს ოჯახში ვიცხოვრო, მაგრამ რომ შემოვალ, მინდა მაგიდაზე ვიცეკვებ, მინდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს მოვიყვან, მინდა მარიხუანას მოვწევ და შენ არავინ გეკითხებაო. ეს ხომ მარაზმია?! ამით სარგებლობს­ ოპოზიციაც და უფრო ამუქებს სიტუაციას. მოიქცეს ხელისუფლება ადეკვატურად, სახელმწიფოებრივად და იყვიროს ოპოზიციამ, რამდენიც უნდა, არავინ მიაქცევს ყურადღებას.

ხათუნა ბახტურიძე