"რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის მაშინ, როდესაც კარგად დაინახავს თავის სისუსტეს“
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მოხერხდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებისთვის და არა - კაპიტულაციისთვის. რა გავლენას მოახდენს ეს შეხვედრა მოლაპარაკების პროცესზე და არის თუ არა შესაძლებელი ომის მოლაპარაკებებით დასრულება, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება.
- ამ შეხვედრამ დაადასტურა რუსეთის ცინიკური დამოკიდებულება. არა მგონია, დღეს რუსეთი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. უკრაინა კი არის ამისთვის მზად, მაგრამ მას არაფერი აქვს დასათმობი, დასათმობი აქვს რუსეთს. მართალია, განცდა, რომ მათ უნდა დათმონ, ჯერ არ აქვთ, მაგრამ აუცილებლად გაუჩნდებათ. დღეს მოლაპარაკებები ჩაშლისთვის არის განწირული, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება. ჯერჯერობით მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, პოზიციური ბრძოლა, ძალების მოსინჯვა შემდგომი ვაჭრობისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს საუბარი უნდა არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან და იქაც - მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან.
- დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა?
- რუსეთმა მოახერხა ის, რაც ძნელი მოსახერხებელი იყო - თავისი მეგობარი სახელმწიფოებიც კი, თუ მოწინააღმდეგეებად არა, სკეპტიკოსებად მაინც აქცია. მაგალითად, წარმოუდგენელი იყო, რომ გერმანია სამხედრო დახმარებას გაუწევდა უკრაინას, შვეიცარია შეუერთდებოდა სანქციებს და ა.შ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ თანაბარი სითამამე გამოიჩინა. არსებობენ შედარებით ფრთხილები და შედარებით გაბედულები, ისევე, როგორც მეტი და ნაკლები შესაძლებლობის მქონე ქვეყნები, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ რუსეთმა ჩადენილისთვის ძალიან დიდი ფასი უნდა გადაიხადოს და ის ამ ფასს უკვე იხდის.
- მიუხედავად ამისა, რუსეთი არ ჩერდება და ადამიანები იხოცებიან. კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?
- პუტინმა ხელი მოაწერა მოხალისეების ომში ჩართვას, ანუ, რეალურად, დაქირავებულების მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. ასე რომ, ვერ გეტყვით, თითქოს მალე ველოდები რუსეთის საბოდიშო გადაწყვეტილებებს.
- რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთი მზად იყოს მოლაპარაკებისა და დათმობისთვის?
- ძალიან მტკივნეულად უნდა იგრძნოს ზეწოლის შედეგი. ჯერჯერობით ამას ვერ გრძნობს, რადგან ყველაფერი ახლა დაიწყო. ეს უკვე იგრძნეს ოლიგარქებმა, მაგრამ სახელმწიფო მანქანა, რომლითაც სულდგმულობს კრემლი, ჯერჯერობით ამას ისე მტკივნეულად ვერ გრძნობს. უნდა გაიზარდოს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერაც. ასე რომ, რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის მაშინ, როცა კარგად დაინახავს თავის სისუსტეს.
- სანამ რუსეთი დასათმობად მზად არ არის, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის თაობაზე უკრაინის შეთავაზება მნიშვნელოვანია?
- ეს სწორია. ზელენსკი ყოველთვის აცხადებს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, ის არ ხურავს დიალოგის სივრცეს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ ნიშნავს კაპიტულაციას.
- ზელენსკიმ ნეიტრალიტეტი ახსენა. ეს რას ნიშნავს?
- ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია გულისხმობს. ბუქარესტის მემორანდუმის ხელმოწერიდან 20 წლის შემდეგ უკრაინას ტერიტორია ჩამოაჭრეს, ამიტომ ამ ქვეყანამ უკვე ძალიან კარგად დაინახა, რას ნიშნავს სიტყვიერი გარანტიები, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნები, მაგალითად, შვედეთი და ფინეთი, ამბობენ, რომ უნდა შევიდნენ ნატოში, ამიტომ ახლა უკრაინის მსგავსი ტიპის ნეიტრალიტეტი არ განიხილება. თუ ჯერჯერობით ნატოში არ მიიღებენ, ქვეყანა ითხოვს სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს მაინც, მერე კი თანახმაა, ილაპარაკოს, შევა თუ არ შევა ალიანსში, ან როდის შევა. უკრაინას ახლა სჭირდება თავდაუსხმელობის გარანტია და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.
- რა როლს ასრულებს ამ პროცესში ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომელიც ომამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა უკრაინის დასაცავად? რა აჩვენა ამ ალიანსმა, შესაძლებელია, ნატოს წევრმა ქვეყანამ ნატოს გარეშე მოახერხოს თავდაცვა?
- ეს მექანიზმი მუშაობს და ვხედავთ, რომ ბევრ საკითხში, მაგალითად, სამხედრო დახმარებაში, გადამწყვეტ როლსაც თამაშობს. ზუსტად ეს მიანიშნებს, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის კოალიციების შექმნა და ახალი შესაძლებლობების ძიება, ასე რომ, ეს ნამდვილად სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო. ეს ალიანსი ქმნის ახალი ლენდ-ლიზის შესაძლებლობას, ამიტომ აქ კოორდინაცია მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამ ქვეყნებს დახმარება დამოუკიდებლადაც გაეწიათ, მაგრამ ეს არ იქნებოდა კოორდინირებული და ვერც ასეთი ეფექტიანი.
- ვერსალში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. რა როლს თამაშობს ეს შეხვედრა მიმდინარე მოვლენებში?
- ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმით, რომ განიხილეს არაერთგვაროვანი პოზიციები, რომლებიც არის ევროკავშირში. უკრაინა დიდი ქვეყანაა და, ცხადია, როდესაც ევროკავშირში წევრობის განხილვა იწყება, ყველას ერთნაირი პოზიცია ვერ ექნება. მართალია, უკრაინას კანდიდატის ოფიციალური სტატუსი არ მიუღია, მაგრამ პროცესი დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუშინ თუ გუშინწინ ესეც არარეალურად მიიჩნეოდა.
რუსა მაჩაიძე