უკრაინა უარყოფს ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, რომ იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედროებმა იერიშის დროს 180-მდე უცხოელი დაქირავებული მოკლეს
უკრაინა უარყოფს ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, რომ ლვოვთან, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედროებმა იერიშის დროს 180-მდე უცხოელი დაქირავებული მოკლეს , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელiს მარკიან ლუბკივსკიზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
„ეს არ არის სიმართლე. სუფთა რუსული პროპაგანდა“, - აღნიშნა ლუბკოვსკიმ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში.
მან ასევე თქვა, რომ იავორივის სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა შორის ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ცნობა არცერთი უცხოელის გარდაცვალების შესახებ.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 13 მარტს, დილით, მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღით შეტევა განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრებზე სოფელ სტარიჩში და იავორივის სამხედრო ბაზაზე.
ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, ამ ობიექტებზე კიევმა უცხოელი დაქირავებული მებრძოლების წვრთნისა და საბრძოლო კოორდინაციისთვის პუნქტი განათავსა, სანამ მათ გაგზავნიდნენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების რაიონებში. აგრეთვე რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ აღნიშნული ობიექტები უცხოური იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესანახი ბაზა იყო. კონაშენკოვის მტკიცებით, ავიადარტყმის შედეგად 180-მდე უცხოელი დაქირავებული მოკლეს და უცხოური იარაღის დიდი პარტია გაანადგურეს. რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩასული უცხოელი დაქირავებულების განადგურება გაგრძელდება.
IPN