"ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ეს ბატალიონი ალყაში მოექცა და თითქმის ყველა დაიღუპა. მათი სახეები დღემდე მახსოვს" - კვირის პალიტრა

"ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ეს ბატალიონი ალყაში მოექცა და თითქმის ყველა დაიღუპა. მათი სახეები დღემდე მახსოვს"

უკრაინაში არა მხოლოდ მათი, ჩვენი მომავალიც წყდება. როდესაც ეს სიმღერა ჩაიწერა, მაშინ საქართველოსაც იგივე მტერი ჰყავდა... იმედი გვაქვს, ახლა ეს სიმღერა უკრაინელი ჯარისკაცებისთვისაც ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორიც ქართველებისთვის იყო და მჯერა, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!

აფხაზეთის ომი ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი ფურცელია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომზე ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის სიმღერაა. ომის კადრებით აწყობილი კლიპი და საოცარი მუსიკა იმდროინდელ საქართველოში თითქოს ჰიმნად იქცა, რომელიც ომით მიყენებულ ტკივილს ოდნავ გვიამებდა.

გიგი გეგელაშვილი: - სოხუმი ახალი დაცემული იყო, ჩვენი ჯარი უკან იხევდა. ეს ინფორმაცია გავიდა ტელევიზიით და მამამ, რომელიც პროფესიით ფიზიკოსია, როგორც კი ეს მოისმინა, დაჯდა პიანინოსთან და ორ საათში მუსიკაც და ტექსტიც მზად ჰქონდა. სიმღერის შექმნის მეორე თუ მესამე დღეს წავედით ჩასაწერად მაშინდელ "მელოდიაში". იმდროინდელი აპარატურა არ იძლეოდა საშუალებას, მონაკვეთებად ჩაწერილიყო სიმღერა და მერე გაგვეერთიანებინა, თუ რამე შეცდომა იქნებოდა, თავიდან მოგვიწევდა მთელი სიმღერის ჩაწერა, მაგრამ აქაც საოცარი რამ მოხდა - მიუხედავად ჩემი ასაკისა, ერთი ამოსუნთქვით ჩავწერეთ სიმღერა. მერე მზა სიმღერას დაადეს ომის კადრები და "მოამბეში"”შედგა პრემიერა.

- ჯარისკაცებს როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ სიმღერაზე?

- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ერთმა ექიმმა თქვა, სახლში ვიყავი, როდესაც ამ სიმღერას მოვუსმინე და ისე დავიმუხტე, ავიღე ჩანთა და პირდაპირ წინა ხაზზე წავედიო. ერთმა მებრძოლმა გვითხრა, ტამიშში შეტაკების დროს უკან ვიხევდით, როცა ამ სიმღერას მოვუსმინეთ და ისეთი ძალა შეგვმატა, შევუტიეთ და უპირატესობაც მოვიპოვეთო.

- უშუალოდ ბრძოლის ველზე თუ მოგიწიათ ამ სიმღერის შესრულებამ?

- როცა შემოგვთავაზეს წასვლა, ბუნებრივია, გვითხრეს, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნებოდა დაცული, მაგრამ მშობლისთვის მაინც რთულია, ფრონტის წინა ხაზზე წაიყვანო ცხრა წლის შვილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, არც დედა და არც მამა ერთი წამით არ დაფიქრებულან და მაშინვე დავთანხმდით. სწორედ ტამიშთან ვიყავით. კარგად მახსოვს, ჯარისკაცებს მორები რომ გამოჰქონდათ, იმაზე სხდებოდნენ და ისე გვისმენდნენ.

- რა შეცვალა პატარა გიგი გეგელაშვილში ამ სიმღერამ?

- ახალი ჩაწერილი იყო ეს სიმღერა, როდესაც თბილისში ომში მიმავალი ერთ-ერთი ბატალიონის ჯარისკაცებთან ვიმღერეთ. თითქმის ყველა მეფერებოდა პატარა ბიჭს, რომელიც ასეთ საბრძოლო სიმღერას მღეროდა. ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ეს ბატალიონი ალყაში მოექცა და თითქმის ყველა დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მათი სახეები დღემდე მახსოვს. მაშინ გავაცნობიერე, რა იყო ომი. ბავშვი, რომელიც ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, უცებ ძალიან მწარე რეალობას შევეჩეხე. მე, დევნილი ბავშვებისგან განსხვავებით, მთებზე გადმოსვლა არ დამჭირვებია და არც ცხვირწინ ამფეთქებია ბომბები, მაგრამ ვიგრძენი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმღერამ უცებ გამზარდა.

- სიმღერა უკრაინულადაც ჩაწერეთ...

- უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.­ იქ, არა მხოლოდ მათი, არამედ ჩვენი მომავალიც წყდება. როდესაც ეს სიმღერა ჩაიწერა, მაშინ საქართველოსაც იგივე მტერი ჰყავდა, ვინც დღეს ჰყავს უკრაინას. ქართველი ჯარისკაცებისგან რაც მოგვისმენია და ხალხისგან რა დამოკიდებულებაც გვიგრძნია, იმის მიხედვით ვიტყვი, რომ ეს სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ. მან ადამიანებს გამარჯვების იმედი გაუჩინა. უკრაინულად თარგმნა იყო მხარდაჭერის გამოხატვა. იმედი გვაქვს, მას უკრაინელი ჯარისკაცებიც მოისმენენ, მათთვისაც ისეთი შთამაგონებელი იქნება, როგორიც ქართველებისთვის იყო და მჯერა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ერთად გავიმარჯვებთ.

ლადო გოგოლაძე