სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები? - კვირის პალიტრა

სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?

თუკი პუტინი უკრაინაში დაწყებულ სამხედრო აგრესიას ომის ნაცვლად "სპეცოპერაციას" უწოდებს, უნდა ჩაითვალონ თუ არა უკრაინელების მიერ დაკავებული რუსი სამხედროები სამხედრო ტყვეებად?

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო დიდ მასშტაბს იღებს და მასში უკვე ერთვებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მებრძოლები, რომლებიც არ არიან არც რუსეთისა და არც უკრაინის მოქალაქეები.

თავისი ქვეყნის გასარჩენად მებრძოლი უკრაინელები ამაყად აცხადებენ, რომ მათ დასახმარებლად უკრაინაში უკვე ჩავიდა მსოფლიოს 52 ქვეყნის 20 ათასამდე მოქალაქე, რომლებიც, იარაღით ხელში, მხარში ამოუდგებიან უკრაინელებს.

კრემლი კი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე 16 ათასმა სირიელმა მებრძოლმა მზადყოფნა გამოხატა უკრაინაში რუსეთის არმიის მხარდამხარ საბრძოლველად.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ინტერნაციონალიზმი ისტორიულად ცნობილია, საუკუნეების განმავლობაში თითქმის ყველა ომში ასე ხდებოდა, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ მასშტაბს იღებს ასეთი არაოფიციალური საერთაშორისო სამხედრო დახმარება კონკრეტულ შეიარაღებულ კონფლიქტში.

სიმართლე რომ ითქვას, ამ ომში დაპირისპირებული მხარეების - უკრაინელებისა და რუსების დასახელებული ციფრები მათი დამხმარე უცხოელი მებრძოლების თაობაზე გაზვიადებულს ჰგავს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის დასაცავად მართლაც ყოველდღიურად ჩადიან უცხოელები და არც ის იმალება, რომ 11 წელი სამოქალაქო ომში მყოფ ასადის სირიელებს კრემლიდან უკრაინაში რუსეთის არმიასთან ერთად ადვილ გამარჯვებას და უკრაინელი მანდილოსნების სილამაზის ნახვას ჰპირდებიან.

სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს რომ თავი დავანებოთ, დღეს უკრაინის დამცველთა გვერდით რამდენიმე ათეული (შეიძლება ასეულიც კი) საქართველოს მოქალაქეც ვაჟკაცურად იბრძვის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, დონბასში რვაწლიან უწყვეტ რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებაში ათეულობით ქართველი ფეხმოუცვლელად ომობდა და ბრძოლას ახლაც აგრძელებს, რამდენიმე ქართველი კი გმირულად დაიღუპა უკრაინის მიწაზე.

თუ თემას შევეხეთ, სათქმელიც ბოლომდე ვთქვათ - განვლილი რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები მეორე მხარეს, პრორუს დონბასელებს შორისაც იბრძოდნენ და იბრძვიან. საბედნიეროდ, მათი რიცხვი გაცილებით მცირეა, ვიდრე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველებისა, თუმცა მათაც ქართული გვარები აქვთ და ემსახურებიან იმ იმპერიის ნამსხვრევებს, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული.

ომში ყველაფერი ხდება და, სამწუხაროდ, არც ტყვეობაა გამორიცხული. ხელყუმბარას ხელში ყველა ვერ აიფეთქებს და ვერც ბოლო ტყვიას დაიხლის - ტყვედ ჩავარდნილს სიცოცხლის გაგრძელებისა და ადრე თუ გვიან გათავისუფლების შანსი ეძლევა, მაგრამ ჟენევის 1949 წლის კონვენციის თანახმად, მიეცემათ თუ არა სამხედრო ტყვის სტატუსი იარაღით ხელში დაკავებულ მოწინააღმდეგე მხარის იმ მებრძოლებს, რომლებიც არ არიან ომში მონაწილე ქვეყნის, ამ შემთხვევაში - უკრაინის მოქალაქეები?

samx2-1647200139.jpg
რუსი სამხედროები ტყვედ უკრაინელ გლეხებსაც კი ჰბარდებიან და ალაფად ასეთ, ძალზე ძვირად ღირებულ საზენიტო-სარაკეტო "ტორსაც" უტოვებენ

ვინ არიან ისინი - მოხალისეები თუ დაქირავებული მებრძოლები?

ეს მტკივნეული საკითხი ძალიან აწუხებთ მათ, რომელთა მამები, ქმრები თუ შვილები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უკრაინის დასაცავად ჩავიდნენ. ბუნებრივია, ამ მხრივ საქართველოში ვერც ისინი იგრძნობენ თავს მშვიდად, ვისი ახლობელიც ახლა შეუპოვრად იბრძვის უკრაინაში უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც.

ჟენევის კონვენცია კომბატანტს უწოდებს კონკრეტული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ადამიანს, ხოლო არაკომბატანტს - ასევე შეიარაღებულ ძალებში მყოფ პირს, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს იარაღი თავდაცვის მიზნით (არაკომბატანტებად ითვლებიან: სამხედრო-სამედიცინო პერსონალი, ლოჯისტიკის სფეროს სამხედროები, სამხედრო იურისტები, სამხედრო კორესპონდენტები და სამხედროებთან მყოფი სასულიერო პირები).

ჟენევის მესამე კონვენცია როგორც კომბატანტს, ისე - არაკომბატანტს ანიჭებს სამხედრო ტყვის სტატუსს და ომში მონაწილე მხარეებისგან მოითხოვს მათი უფლებების დაცვას, მაგრამ მწარე რეალობამ ჯერ იუგოსლავიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წამოქმნილმა სისხლისმღვრელმა კონფლიქტებმა დაგვანახა, რომ სამხედრო ტყვეების უფლებები ხშირად უხეშად ირღვევა და მაშ, რა მოელით მათ, ვისაც დატყვევებისას არც კომბატანტის სტატუსი ექნება და არც - არაკომბატანტის? შეიძლება ისინი „უკანონო კომბატანტებად“ ჩაითვალონ, რადგან ომში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეები არ არიან? ისეთი ძლიერი ქვეყანაც კი, როგორიც აშშ-ია და რომელსაც თავისი მოქალაქეების ტყვეობიდან გამოსახსნელად სპეციალური ოპერაციებიც კი ჩაუტარებია, განსაკუთრებით აფრთხილებს უკრაინელების დასახმარებლად საბრძოლველად წასულ თავის მოქალაქეებს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში რუსები მათ „დაქირავებულ მებრძოლებად“ ჩათვლიან და სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული ჟენევის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად არ მოექცევიან, ხოლო აშშ-ს არ ექნება მათი უკრაინიდან ევაკუაციის საშუალება.

ფაქტობრივად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებს, რომ რუსებთან ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში მათ სახელმწიფო ვერ დაიცავს.

იმისათვის, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისე ტყვედ ჩაგდებისას მოწინააღმდეგემ დაქირავებულ მებრძოლად არ ჩათვალოს და მის მიმართ წამების მეთოდები ან დახვრეტა არ გამოიყენოს, უკრაინა მის დასაცავად ჩასულ უცხოელ მებრძოლებს სთავაზობს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, რის შემდეგაც დატყვევების შემთხვევაში, ის სრულად ისარგებლებს ჟენევის კონვენციით განსაზღვრული კომბატანტის უფლებებით, მაგრამ დაიცავს კი რუსეთი ჟენევის კონვენციის მოთხოვნებს სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით? საეჭვოა...ისე, თუკი ჟენევის კონვენციას იურიდიულად მივუდგებით, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დღეს უკრაინელებს ჰყავთ დაკავებული (არადა, ასეთი დაახლოებით ორი ათასია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რადგან ბევრი რუსი ჯარისკაცი თუ ოფიცერი უაზრო სიკვდილს ტყვედ ჩაბარებასა და გადარჩენას ამჯობინებს), არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ კომბატანტად, რადგან რუსეთს უკრაინისთვის ოფიციალურად ომი არ გამოუცხადებია და კრემლი „სპეცოპერაციას“ ატარებს.

სამხედრო ტყვე დაკითხვაზე ვალდებულია, განაცხადოს მხოლოდ...

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეს ავალდებულებს, დაკითხვაზე აუცილებლად განაცხადოს თავისი გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სამხედრო წოდება და პირადი ნომერი. კონვენცია ამას იმიტომ მოითხოვს, რომ სამხედრო ტყვემ ეს მონაცემები არ ჩათვალოს თავისი ქვეყნის არმიის სამხედრო საიდუმლოდ და ამ მონაცემების (რომლებიც რეალურად არ წამოადგენენ რაიმე მნიშვნელობის სამხედრო საიდუმლოებას) დამალვით არ გამოიწვიოს მოწინააღმდეგე მხარის აგრესია, დახვრეტის ჩათვლითაც კი.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის მილიონობით ჯარისკაცი და ოფიცერი მოხვდა გერმანელთა ტყვეობაში. ჟენევის კონვენციის ამ სტატიის უცოდინარობის გამო ბევრი მათგანი სამხედრო საიდუმლოს გაუთქმელობის შიშით თავის ვინაობასა და წოდებას მალავდა, რის გამოც საშინელ წამებას იღებდნენ, ბევრი კი დახვრეტასაც ვერ გადაურჩა.

საბჭოთა კავშირმა ხელი არ მოაწერა ჟენევის ხელშეკრულებას, რის გამოც გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში საბჭოთა სამხედრო ტყვეებს ულმობლად ეპყრობოდნენ და შიმშილით ხოცავდნენ, მაშინ, როცა იმავე საკონცენტრაციო ბანაკებში ამერიკელი სამხედრო ტყვეებისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ამერიკიდან, მათი ოჯახებიდან გამოგზავნილი წერილები და ამანათები სისტემატურად ჩაჰქონდა.

ნუღარ გავიხსენებთ, რას უკეთებდნენ გერმანელ სამხედრო ტყვეებს ციმბირის საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში. ამასთანავე, ის საბჭოთა სამხედრო ტყვეები, რომლებიც განაწილებული ჰყავდათ მეურნეობებში გერმანელი ფერმერების დასახმარებლად, გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ, ისევე, როგორც ის გერმანელი ტყვეები, რომლებიც თუნდაც თბილისში ომის დროს და მის შემდეგაც საცხოვრებელ სახლებსა და ქარხნებს აშენებდნენ, რადგან მათ თითო ნაჭერ პურს თითქმის ყველა გამვლელი ქართველი (და არა მარტო) აწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასთან ომში საყვარელი ადამიანი ჰყავდათ დაღუპული.