რუსული ფრთოსანი რაკეტები უკვე ნატოს საზღვართან ფეთქდება, მარიუპოლს კი პუტინი ისე სასტიკად ანგრევს, რომ ჰიტლერი სტალინგრადით უკანა პლანზე ინაცვლებს - კვირის პალიტრა

რუსული ფრთოსანი რაკეტები უკვე ნატოს საზღვართან ფეთქდება, მარიუპოლს კი პუტინი ისე სასტიკად ანგრევს, რომ ჰიტლერი სტალინგრადით უკანა პლანზე ინაცვლებს

13 მარტს, დილაუთენია, უკრაინაში, ქალაქ ლვოვთან, რუსულმა რაკეტებმა იერიში მიიტანეს "მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე", რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

იმ ფონზე, როდესაც ალყაში მოქცეულ მარიუპოლს მტერი დაუნდობლად ანადგურებს, ბომბავს ხარკოვს, დნიპროსა თუ ჩერნიგოვს, ლვოვთან, იავოროვსკის პოლიგონის (სადაც თავის დროზე მეც ვმონაწილეობდი სამხედრო სწავლებებში) დაბომბვა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩანდეს, მაგრამ ასე არ არის სამი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველი: იავოროვსის პოლიგონზე, ბოლო წლებია, ფუნქციონირებს "მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი", სადაც უკრაინელ სამხედროებს უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებენ და რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულ 35 და დაჭრილ 134 ადამიანს შორის შეიძლება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალურად გამოგზავნილი სამხედრო ჩინოსნებიც იყვნენ.

მეორე: ლვოვის სიახლოვეს დაბომბვა ნიშნავს, რომ რუსეთი მზად არის, საჰაერო დარტყმები მიაყენოს ნატოს იმ საავტომობილო კოლონებს, რომლებსაც პოლონეთიდან დასავლეთ უკრაინაში იარაღი და საბრძოლო საჭურველი გადმოაქვთ.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კმ-ში, ანუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა პირველად დაბომბა ტერიტორია ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პუტინის სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინის სრულ ოკუპაციას გულისხმობს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და რუმინეთის ანუ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე რუსული ჯარის გასვლის ჩათვლით.

ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კრემლი თავის სამიზნედ უკვე აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებს აქცევს და სანამ ნატოში ერთიანობა არ არის და პუტინის შიშით ბევრ ევროპელ ლიდერს დღემდე აცახცახებს, მათ "ჩაყლაპვასაც" სათითაოდ ეცდება.

უკრაინა დღეს სისხლს ღვრის იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის რუსულმა ფაშიზმა აღმოსავლეთიდან არ შეუტიოს ევროპას და ნატოს, იმის მაგივრად, უკრაინელებს ცის ჩაკეტვაში სწრაფად დაეხმაროს, თავისი შიშით გზას უხსნის პუტინის აგრესიას.წესით, დღეს უნდა დუღდეს მთელი მსოფლიო, გაეროსა და ნატოს ჩათვლით, თუნდაც მარტო იმის გამო, როგორ გენოციდს აწყობს რუსეთის საოკუპაციო ჯარი ალყაშემორტყმულ მარიუპოლში. ჰიტლერს არ უქნია სტალინგრადში ის, რასაც დღეს პუტინი მარიუპოლში აკეთებს! ამ დროისთვის მარიუპოლში 400 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრებია ალყაში მოქცეული და დანგრეულ, ცეცხლწაკიდებულ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა დაწყებული, რადგან რუსი აგრესორები ყველანაირად აფერხებენ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას.

მარიუპოლის დაცემით უკრაინა დრო­ებით კარგავს გასასვლელს აზოვის ზღვაზე, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი მარიუპოლელთა სიცოცხლის გადარჩენაა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიის მიერ ქალაქის დაბომბვების შედეგად დაღუპული 1 400-მდე მარიუპოლელი სპეციალურად გაჭრილ ტრანშეებში, საძმო სასაფლაოებზე დამარხეს, ჩასასვენებლების გარეშე, კიდევ ასობით, შეიძლება ათასობითაც ქალაქის მცხოვრების ცხედრები კი რუსული ბომბებისგან ჩამოშლილი კორპუსების ნანგრევებშია მოქცეული და მათ ამოსაყვანად და გასაპატიოსნებლად ქალაქის დამცველებს არც საშუალება გააჩნიათ და არც - ძალა.

სხვა რომ არაფერი, მარტო მარიუპოლის ასეთი სისასტიკით დანგრევისთვის ელის პუტინს ჰიტლერის ბედი.