პუტინს უკრაინის გასანადგურებლად ტაქტიკური ბირთვული იარაღიღა დარჩა?! - კვირის პალიტრა

პუტინს უკრაინის გასანადგურებლად ტაქტიკური ბირთვული იარაღიღა დარჩა?!

ჰიტლერმა ვერ მოასწრო ატომური ბომბის დამზადება, სტალინმა კი რუსეთს მთელი მსოფლიოს დასაშინებლად ბირთვული არსენალი დაუტოვა, რომელში შემავალი ტაქტიკური ბირთვული ბომბები და რაკეტები შეიძლება პუტინმა უკრაინის ქალაქების გასანადგურებლად გამოიყენოს

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მე-18 დღეს, 13 მარტს, გამოიკვეთა რუსეთის გენერალიტეტის მოქმედების ახალი ტაქტიკა - ბლიცკრიგის ოპერაციის ჩაშლის შემდეგ რუსეთის გენშტაბის ოპერატიულმა მთავარმა სამმართველომ შეტევის ახალი ფორმები და მიმართულებები დაგეგმა, კერძოდ, რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ნებისმიერ იერიშს წინ უძღვის სამიზნის სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო გამანადგურებელი დაბომბვა, მიუხედავად იმისა, ეს იქნება უკრაინელი სამხედროების თავდაცვის ზღუდე გაშლილ მინდორში თუ ქალაქების საცხოვრებელი უბნები...

ეს არის უკრაინის სტრატეგიული ობიექტებისა და ქალაქების ტოტალური განადგურების ტაქტიკა, რასაც ბრეჟნევ-გორბაჩოვის საბჭოთა არმია მრავალი წელი იყენებდა ავღანეთის ომში, მერე ელცინმა გადმოიღო ჩეჩნეთის პირველ ომში და გააგრძელა პუტინმა ისევ ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების შემდეგ.

ქალაქებსა და სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის არაერთი ფაქტი გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, მაგრამ მაშინ საბრძოლო მოქმედებების სწრაფად დამთავრებამ საქართველოს მოსახლეობას გაცილებით მეტი მსხვერპლი თავიდან აარიდა.

ომის 18 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ გამოიყენა საბრძოლო დაზიანების აბსოლუტურად ყველა საიარაღო სისტემა, რაც კი დღეს არის რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში - ტანკები, არტილერია, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები, წყალზედა ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, საფრონტო ბომბდამშენები 500 და 1 500 კგ კალიბრის ბომბებით, სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენებიდან ნასროლი "ჰაერი-მიწა" კლასის ფრთოსანი რაკეტები...

რაღა დარჩა? - მასობრივი განადგურების იარაღი ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დამაზიანებელი ფაქტორებით.

alada2-1647200962.jpg
რუსული სარაკეტო ტაქტიკური ბირთვული ქობინი

არაპროგნოზირებადი პუტინი ნატოსა­ და აშშ-ს კი აშინებს სტრატეგიული ბირთვ­ული იარაღით, რასაც უფრო კრემლის დიდი აფიორის სუნი ასდის, მაგრამ მისი "შვილობილის" - რუსული ტაქტიკური ბირთვული ბომბებისა და რაკეტების უკრაინული ქალაქების გასანადგურებლად გამოყენების ალბათობა, უკრაინის ფრონტებზე რუსეთის არმიის წარუმატებლობის პარალელურად, სამწუხაროდ, ნელ-ნელა იზრდება.

რას წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებაში არსებული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი?

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება განსაზღვრულია საბრძოლო მოქმედებების თეატრში, ფრონტის ხაზზე და მოწინააღმდეგის ახლო ზურგში. მისი სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტით შედარებით მცირეა (განისაზღვრება რამდენიმე ათეული კოლოტონით) და მეტი ყურადღება მიზანში მოხვედრის სიზუსტეს ეთმობა.

საბჭოთა ტაქტიკური ბირთვული არსენალიდან (რომელიც ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში და ორ ათეულ ათას ერთეულს აღემატებოდა, საიდანაც 350 ტაქტიკური ბირთვული მუხტი რაკეტის ქობინის, საავიაციო ბომბის, საარტილერიო ჭურვისა და ნაღმის სახით 1989 წლის გაზაფხულამდე საქართველოს ტერიტორიაზეც ინახებოდა) რუსეთს დღეისათვის არანაკლებ ორი ათასამდე ასეთი მუხტი დარჩა, რომელთა დაყენება შეიძლება აერობალისტიკური "ისკანდერებისა" თუ ფრთოსანი "კალიბრების" ქობინებში.

თუკი ჰიროსიმაში ამერიკელების ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონამდე იყო, თანამედროვე რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკურ აერობალისტიკურ რაკეტა "ისკანდერ მ“-ზე 50 კილოტონა, ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის დაყენება შეიძლება,­ რომლის ინიცირების შედეგად ყველაფერი სრულად განადგურდება არანაკლებ 30 კმ-ის რადიუსში, ამ სიმძლავრის ერთ ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი საშუალო ქალაქის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია.

გაბედავს თუ არ კუთხეში მიმწყვდეული პუტინი, როდესაც მისი არმია უკრაინის ომის ჭაობში ჩაეფლობა, საერთაშორისო სანქციები კი რუსეთის ეკონომიკას სრული განადგურების პირას მიიყვანს, უკრაინასთან გამარჯვებისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას? ასევე დაუჯერებელი ჩანდა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე, შეზღუდული ბირთვული ომის კონცეფციას კი საბჭოთა სამხედრო სტრატეგები ამუშავებდნენ პირველი ცივი ომის დროს და რა დაუშლის კრემლის ბინადარს, მეორე ცივ ომში ფრთები შეასხას ამ საშინელ ჩანაფიქრს, მით უმეტეს, რომ იცის, მისი ხელის შემშლელი ვერც ნატო იქნება და ვერც - აშშ, პირიქით, უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით პუტინი კიდევ უფრო დააშინებს ისედაც "გაბედულ" დასავლეთს, კრემლმა ბირთვული ომი ჩვენც არ გამოგვიცხადოსო.