"ვერიკოს შვილიშვილი მწერდა - ვეკო, რომ ქალი ფოტოზე მისი ბებია იყო" - ვინ არის გოგონა, რომელმაც ბებიას მეგობრობის დღიურში ნანახი მეგობარი აპოვნინა - კვირის პალიტრა

"ვერიკოს შვილიშვილი მწერდა - ვეკო, რომ ქალი ფოტოზე მისი ბებია იყო" - ვინ არის გოგონა, რომელმაც ბებიას მეგობრობის დღიურში ნანახი მეგობარი აპოვნინა

ხშირად, როდესაც მეგობრობაზე ვსაუბრობთ, ვთანხმდებით, რომ მეგობრობა უსასრულო და მარადიულია, ამას კი ჩვენ ირგვლივ ადამიანები და მათი ლამაზი ისტორიებიც გვიდასტურებს. ცოტა ხნის წინ მოზარდებისთვის პოპულარულ სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკში” 23 წლის გოგონას, მარიამ მეტრეველის ვიდეოს შევხვდი, მარიამი თავის გამომწერებს ერთ საკითხში დახმარებას სთხოვდა. ის ეძებდა ქალს, ძველი დღიურის ფურცლებიდან, ქალს, რომელიც წლების წინ მისი ბებოს მეგობარი იყო - “თუ შენს ბებოს ჰქვია ვერიკო, არის 68 წლის, სოფელ ალიდან და ძველ ფოტოებში ასე გამოიყურება, გთხოვ, მომწერე”. ამ ვიდეოს ნახვიდან 2-3 დღეში, მარიამის გვერდზე ახალი ვიდეო გამოჩნდა - “ვიპოვეთ, ვერიკო ნოზაძე ვიპოვეთ”. მივხვდი, ამ ამბის მიღმა, რაღაც, ძალიან ლამაზი ისტორია იმალებოდა, რომლის მოსასმენად მარიამს დავუკავშირდი.

- მარიამ, სანამ ისტორიას მოგვიყვები, ჩვენს მკითხველს გაეცანი…

- 23 წლის ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი სფერო არ არის და ახლა ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, ოპერაციების მენეჯერად.

- მოგვიყევი რამე ბებოზე, გაგვაცანი შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი.

- ჩემი ბებო, ნინო გობეჯიშვილი ყველაზე ტკბილი ადამიანია, ყველაზე გემრიელი ხაჭაპურებით, რომელიც ჩემ გარდა, ჩემს მეგობრებსაც ძალიან უყვართ. ყველასთვის ხომ ბებო გამორჩეულად ტკბილია და, თითქოს, სულ თბილი დამოკიდებულება გვაქვს ბებოების მიმართ, მაგრამ ჩემი ნინო უბრალოდ ბებოს გარდა, კარგი მეგობარია.

ნინო მაისში 68 წლის გახდება და ჩემთვის სულ ასეა, რომ რამხელაც ვარ მე, იმხელაა ბებოც. ბავშვობაში თუ დედა რამეს არ მისრულებდა ან ჩემთან ვინმე არ თამაშობდა, ბებო ყოველთვის იყო იმის ხასიათზე, რომ მე გავერთე, ერთად დავდიოთ ხოლმე ძროხების სამწყემსად, არასდროს მსჯიდა და სულ მემეგობრებოდა.

ნინო თავს ყოველთვის დიდად მაგრძნობინებდა. სოფელში დაქალებთან რომ მიდიოდა მეც მივყავდი და სულ ვგრძნობდი, რომ მეც მასავით დიდი ვიყავი. ბებოს კარგი თვისება აქვს, ყოველთვის შეუძლია თავი მნიშვნელოვნად გაგრძნობინოს.

79382425-3088332517864852-3683512284040134656-n-1647428637.jpg

ჩვენი ურთიერთობა გამორჩეულია, შეიძლება რაიმე დედას არ ვუთხრა და ბებოს ვუთხრა. იმ დღეს ნინო მეუბნებოდა, შენ ყველაზე მეტად მე მგავხარო, ნამდვილად ასეა.

- რით ჰგავხარ ბებოს?

- ყველაფრით - ხასიათით, უცნაური რაღაცების სიყვარულით. არ მინახავს ადამიანი, ვინც პურს და შოკოლადს ჭამს ერთად, მინახავს შოკოლადის კარაქი და პური, მაგრამ ჩვენ პური და შოკოლადი გვიყვარს. ნინო შენიშვნას რომ მაძლევს ხოლმე, ვახსენებ, რომ ეგ ხასიათი მისგან მაქვს.

- მოგვიყევი სოციალურ ქსელში ცნობილი ამბავი, როგორ იპოვე ბებოს დაკარგული მეგობარი და როგორ დაიწყო მთელი ეს ისტორია?

- ეს ამბავი ზღაპრულია. ჩემი ბებო რაჭაში, ონში ცხოვრობდა, იქვე ონში სწავლობდა, კალათბურთს თამაშობდა და აქტიური მოსწავლე იყო.

სოფელში ძველი ნივთების თვალიერება, ქექვა მიყვარს და ნინო არასდროს მიშლიდა, შემეძლო, ყველაფერი მენახა, რაც მინდოდა, ბებოს ღილების კოლექცია ჰქონდა, გადმოვალაგებდი ამ ღილებს, რესტორანს ვაწყობდი და მერე უკან ვალაგებდი ხოლმე. ღილების გარდა, წიგნებში ვიქექებოდი და ერთხელ წიგნებში რამდენიმე რვეული ვიპოვე.

bebos-dgiuri-7-1647428873.jpg

ერთი რვეული ბებოს ახალგაზრდობის დროინდელი სასიყვარულო ლექსების კრებულია, ძველებური და მაღალფარდოვანი სასიყვარულო ლექსებია შეკრებილი, მთელი რვეული ხელით არის გადაწერილი. ნინოს რომ ვკითხე, ასე ადრე ხშირად ხდებოდა, ერთ რვეულს იღებდნენ და ხელით წერდნენ ხოლმეო...

bebos-dgiuri-1647428682.jpg

მეორე რვეული მეგობრობის დღიური იყო, თუ გახსოვთ ჩვენს ბავშვობაში ერთ გვერდზე კითხვები ეწერა და მეორე გვერდზე პასუხებს ვწერდით, ამ რვეულში სხვანაირად არის, ერთ გვერდზე კითხვა წერია, ქვევით ყველა პასუხი, შემდეგ - სხვა კითხვა ყველა პასუხით და ნომრით არჩევ, ვინ რა დაგიწერა შევსების დროს. რვეულს შეგვიძლია დღიურიც ვუწოდოთ. დღიურში პირველ გვერდზე ახალგაზრდა გოგონას ფოტო ვნახე, მივხვდი, რომ ბებო არ იყო და ვკითხე, ვის ფოტოს ინახავდა. ბებო ისტორიას მომიყვა, სწორედ ეს ამბავია ჯადოსნური. ბავშვობაში, 1967 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბებოს სკოლაში წერილი მიუვიდა:

bebos-dgiuri-2-1647428715.jpg

“ონის მეორე საშუალო სკოლის მეშვიდე პირველი კლასის მოსწავლეს, სიით მეექვსეს. გამარჯობა, გოგონა ხარ თუ ბიჭი ხარ, მინდა ვიმეგობროთ, მომწერე პასუხი”.

ბებო მაშინ მეშვიდე კლასში იყო და ნუმერაციით წერილი მას ეკუთვნოდა. დაინტერესდა, ვინ იყო ადრესატი და სრულიად უცნობ ადამიანს საპასუხო წერილი დაუწერა, მალევე ნინომ გაიცნო გოგონა, სახელად ვერიკო, რომელიც ბებოს სოფელ ალიდან სწერდა წერილებს.

bebos-dgiuri-6-1647428757.jpg

- ასე უცხომ უეცრად მისწერა წერილი?

- დიახ, ვერიკო და ნინო ერთმანეთს არ იცნობდნენ, ვერიკო სოფელ ალში, მეორე საშუალო სკოლაში სწავლობდა, სიით ზუსტად მეექვსე იყო და სხვა სოფელში მისი მსგავსი ნუმერაციის ადამიანს წერილი მისწერა, შემთხვევით ეგ ადამიანი ჩემი ბებო აღმოჩნდა. ხაშურიდან გაგზავნა წერილი ონში, ფოსტალიონს გაატანა, არაფერი დააბარა, მთავარი იყო, რიგითობა დამთხვეოდა. ამ წერილზე ბებომ მალევე უპასუხა და დაიწყეს მიწერ-მოწერა, ერთმანეთის გაცნობა. რამდენიმე წერილის შემდეგ ფოტოები გაცვალეს და 2 წელი ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ვერიკომ ნინოს თავისი მეგობარიც გააცნო და შემდეგ მასაც სწერდა ბებო წერილებს.

ერთ დღეს ბებოს ვერიკომ დღიური გამოუგზავნა. თუ ადამიანს გსურს ეპოქაზე რამე გაიგო, ალბათ, ეს დღიური საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. შეგიძლია ნახო, რას უსმენდნენ მაშინ, რაზე საუბრობდნენ იმდროინდელი ახალგაზრდები, რა უყვარდათ.

bebos-dgiuri-5-1647428786.jpg

ამ დღიურში ბაბუაჩემის პასუხებიც წერია, მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ და კითხვაზე - რა არის სიყვარული, ბაბუას პასუხი აქვს გაცემული: ადამიანის კიბო. მეცინება ამათ პასუხებზე. ასეთი კითხვაა, როგორი გარეგნობის ქალი და კაცი მოგწონთო? და ბაბუას პასუხი წერია, - ქალი, როგორიც თქვენ, ნინო და კაცი, როგორიც მე.

თემას რომ არ გადავუხვიო, ბებო და ვერიკო აგრძელებდნენ მიმოწერას, თუმცა რამდენიმე წელში მათ საცხოვრებელი სახლი შეიცვალეს, წერილების მიმოწერა შეწყდა, მათი კავშირი დაიკარგა და ამის შემდეგ ბებოს და ვერიკოს ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონიათ. ბებო მაინც ცდილობდა, მეგობარი მოეძებნა. რომ გაიგებდა, ვინმე ალიდან იყო ან რამე კავშირი ჰქონდა სოფელთან, ეკითხებოდა ვერიკოზე, მაგრამ ვერსად იპოვა.

ერთხელ, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, მოესმა, რომ ვიღაც ალიდან იყო, იმასაც ჰკითხა და, სამწუხაროდ, არავინ იცნობდა ალში ვერიკოს. ამ დღიურის ნახვის შემდეგ მეც მინდოდა, მეპოვა, მაგრამ რაღაც დამეწერა ან ვინმესთვის მეთქვა, არ იყო საკმარისი და როდესაც "ტიკ-ტოკზე" მცირე რაოდენობის ხალხი შემოვიკრიბე, მომეცა შანსი, ეს ამბავი ჩემი გამომწერებისთვის მომეყოლა და ბებოსგან დამოუკიდებლად, ვიდეო ჩავწერე.

bebos-dgiuri-4-1647428823.jpg

ვიდეოს ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. მოვყევი ამბავი და მალე ათობით კომენტარი დავინახე, ხალხი მწერდა, რომ ალში ნათესავები ჰყავდათ, მომეხმარებოდნენ. ერთი ყველაზე გულსატკენი კომენტარიც შემხვდა, ვიღაცამ დამიწერა, რომ ვერიკოს იცნობდა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. რატომ იბოროტა, არ ვიცი, ეს რომ წავიკითხე, წამიერად თავზე ჩამომენგრა ყველაფერი, მეგონა, ტყუილად ვეძებდი, ვეღარ ვიპოვიდი და არც ბებოს ვეტყოდი, რომ ძებნა დავიწყე, თუმცა რამდენიმე დღეში ვერიკო ვიპოვეთ!

- ბებოს, ალბათ, აღარ ჰქონდა ვერიკოს მოძებნის იმედი, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ ეძებდი და შემდეგ - როდესაც იპოვე?

- უცნაური რეაქცია ჰქონდა, შოკისგან ვერაფერს მეუბნებოდა. როდესაც მომწერეს, რომ ვერიკო ცოცხალი იყო და იცნობდნენ, შემდეგ ვუთხარი, რომ მისი მეგობარი ვიპოვე.

ვიდეოს დადების წამიდან სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მწერდა. მეუბნებოდნენ, რომ მეგობრებს ჰკითხავდნენ, ალში ნათესავები ჰყავდათ და გაიკითხავდნენ, ყველას უნდოდა, რომ დამხმარებოდა და ჩვენ ასე, შორი გზებით ვცდილობდით კვალზე გასვლას. ორ-სამ დღეში, დილით მესიჯი შემოვიდა და დაგროვებულ "ესემესებში" მხოლოდ ამ ერთს ვუპასუხე, მგონი, გულმა მიგრძნო, რომ იმ ერთში საინტერესო პასუხი მელოდებოდა. ძილ-ბურანში ვიყავი და წამოვხტი, სოციალურ ქსელში ვერიკოს შვილიშვილი მწერდა, ვეკო, რომელმაც დადასტურებით იცოდა, რომ ქალი ფოტოზე მისი ბებია იყო!

- რა ინფორმაციით იპოვეთ ვერიკო ალიდან?

- მქონდა ფოტო, ვიცოდი სავარაუდო დაბადების თარიღი, სახელი და რომელი სოფლიდან იყო. შვილიშვილთან საუბრით გაირკვა, რომ ვერიკო წლების შემდეგ სხვაგან გათხოვდა, გვარიც შეიცვალა და მეუღლის გვარზე გადავიდა.

- როგორი იყო ვერიკოს და ნინო ბებოს შეხვედრა?

- ვეკომ მომწერა, ბებოსთან არ ვარ, მალე ჩავალ მის სანახავად და შეხვედრა მოვაწყოთო. ვერიკო თბილისში არ ცხოვრობს, შეხვედრის ონლაინმოწყობამ მოგვიწია. ბებოს გვერდით ვეჯექი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ახალი წლის წინა დღეები იყო, როდესაც "ზუმში" მეც და ბებოც მის, წლების წინ დაკარგულ მეგობარს ველოდებოდით.

ვერიკო შემოვიდა და ბებოს უთხრა - არაფერი მითხრა, მიპასუხე, ნამდვილად ნინო გობეჯიშვილი ხარო? და როდესაც ბებომ უთხრა კი, დაიწყეს ერთმანეთის მოკითხვა - როგორ ხარ, რამდენი წელი გავიდა და ა.შ. ბავშვობა გაიხსენეს. ბებო თითქოს არ იმჩნევდა ემოციებს, მაგრამ ფეხს ვერ აჩერებდა, ნერვიულობდა. ჩემთვის ყველაზე ემოციური ერთი მომენტი იყო - ნინომ და ვერიკომ ერთმანეთს უთხრეს, რომ წლების წინ ორივემ დაკარგა შვილი, ამ თემაზე საუბარი და ამის მოსმენა რთული აღმოჩნდა, თითქოს ამ ლაღი ბავშვობიდან ორივეს ერთი ტკივილი აერთიანებდა.

272722081-445992167312920-2404659366706849161-n-1647428924.jpg
ნინო ბებო

შეხვედრის ბოლოს ბებომ და ვერიკომ ნომრები გაცვალეს და პირობა დადეს, რომ როდესაც ერთმანეთისკენ მოხვდებიან, აუცილებლად პირისპირაც შეხვდებიან. ვერიკო ბორჯომში ცხოვრობს, უსაყვარლესი ოჯახი ჰყავს. იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი მალე მოხდება და მეც მომსწრე ვიქნები მათი შეხვედრის. ვერიკომ ბებოს უთხრა, მინდა, ჩვენი შვილიშვილებიც მეგობრები გახდნენო.

- საუბრისას დღიური ხომ არ გაიხსენეს?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიხსენეს, ბებო ამბობდა, გახსოვს ეს დღიური როდის გამომიგზავნეო? რამდენიმე ფურცელიც წაიკითხეს.

123100018-3959785774052851-7257393402945079544-n-1647428980.jpg

- როგორი გოგო იყო ბებო, რას ამბობს ხოლმე თავის ახალგაზრდობაზე?

- ბებო ყველაზე აქტიური გოგო იყო, ამბობს ხოლმე, ორი დიდი ნაწნავი მქონდა და სულ დავრბოდიო. კალათბურთს თამაშობდა, სიცოცხლით სავსე და ლაღი იყო. შემტევი ხასიათი ჰქონდა და ეს ხასიათი დღემდე გამოჰყვა... გვიყვარს ისეთ საკითხებზე ლაპარაკი, რომელიც თაობების კონფლიქტს იწვევს და ნინო ყოველთვის ამ თაობის აზრზეა ხოლმე. ჩემთვის ბებო ახალგაზრდულია, თინეიჯერია.

- როგორ გგონია, როგორ გაგრძელდება ბებოს და ვერიკოს ურთიერთობა, როდესაც ერთმანეთს პირისპირ გაიცნობენ?

- პირველი შეხვედრა ემოციური იქნება, ეს ყველაფერი ონლაინ არ დამთავრდება, რადგან მეგობრობა, რომელიც ასეთი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო და კვლავ გაგრძელდა, ნიშანია იმისა, რომ სამუდამოდ იქნება, მგონია, იმიტომ ვიპოვეთ ჩვენ ვერიკო, რომ მათი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს. ამდენი ტკივილი, ამდენი ისტორია გამოიარეს და მაინც შეახვედრა ცხოვრებამ ერთმანეთს. ვფიქრობ, როგორც ბავშვობაში ჰქონდათ საერთო რაღაცები, ახლაც ბევრი საერთო აქვთ და ამ ყველაფერს ერთი შეხვედრით ვერ ამოწურავენ.

134494702-4125386010826159-7660413726235377121-n-1647429050.jpg

- სანამ საუბარს დავასრულებთ, გაგვიზიარე, რა წერია დღიურში….

- ძალიან საინტერესო დღიურია, წერია - სახსოვრად დაიკო ნინოს ვერიკოსგან, არ არის ნივთი, მაგრამ ნივთზე კარგია მოგონებებისთვისო.

დღიურში ასეთი კითხვაა, სად და როდის გამიცანი? ამ კითხვაზე ვერიკოს უწერია - 1965 წელს გაგიცანი, ადგილი - არ ვიცი.

(სპეციალურად საიტისთვის)