"საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებს, უპირველესად რადიკალური ოპოზიცია, ეს ქვეყნის ღალატია!“ - კვირის პალიტრა

"საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებს, უპირველესად რადიკალური ოპოზიცია, ეს ქვეყნის ღალატია!“

"დღეს საქართველოში­ დაახლოებით 120 რუსული კომპანიაა. არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანი საფრთხეს წარმოადგენდეს. ისე, "ხრამ 1“-ისა და „ხრამ 2“-ის თემას ჩაუღრმავდნენ ვიღაც-ვიღაცები და გაიგებენ, რაშია საქმე... მეხუთე კოლონამ აქ დიდი ხნის წინ დაიწყო მუშაობა...“

"საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და მთელმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს", - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ხელისუფლების მაქსიმალური მოქნილობა და სიფრთხილეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება­ საქართველოს ძალიან მძიმე დღეები დაუდგეს. რას გულისხმობს უსაფრთხოების ექსპერტი, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და რა შეცდომებს უშვებენ ხელისუფლებისა­ და ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა არეშიძე ვრცლად გვესაუბრება.

areshidze.jpg

- საქართველოს ირგვლივ მძიმე პროცესები ვითარდება - ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა და ამის შესახებ, ფართო­ საზოგად­ოებამ ჯერ არ იცის. იქ ისეთი შეხლა-შემოხლაა, მტრისას და რუსი "სამშვი­დ­ო­ბოები" ვერაფერს ახერხებენ. როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებს გადაწყვეტილი­ აქვთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიკავონ სომხეთის მფლობელობაში დარჩენილი ყარაბაღის ნაწილი. მათი ტაქტიკა ასეთია: ცდილობენ, იქაური სომეხი მოსახლეობა დააშინონ და სახლების მიტოვება აიძულონ. ავტომობილებით მიდიან დასახლებასთან ახლოს და მეგაფონით მიმართავენ, დატოვონ ტერიტორია, რადგან შეტევას იწყებენ. შემდეგ ნაღმტყორცნებით იწყებენ ამ ტერიტორიის დაბომბვას. მისცვივდებიან რუსი "სამშვიდობოები" - აზერბაიჯანელები­ გაჩერდებიან; წავლენ რუსები - ისევ აგრძელებენ­ დაბომბვას. რამდენიმე დღის წინ მთელი ყარაბაღი­ გაზის გარეშე დატოვეს, რუსე­თიდან შემავალი გაზის მილი დააზიანეს. ნელ-ნელა აიძულებენ მოსახლეობას, სახლ-კარი დატოვონ... ჩვენ ვართ ამიერკავკასიის კვანძი, ამიტომ განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ვართ. ხელისუფლებამ სიდინჯე უნდა გამოიჩინოს, მაგრამ, ამავე დროს, ჯიუტად განაგრძოს გზა ევროკავშირისკენ. დიახ, ევროკავშირისკენ და არა - ნატოსკენ. ნატოს კარი "საიმედოდ" ჩაუკეტეს უკრაინასაც კი, რომელიც ახლა ასეთ დღეშია. ჩვენი ერთადერთი გზაა ევროკავშირისკენ, თუმცა ამ გზაზე დიდი სიფრთხილე გვმართებს, რასაც ვერ მოვახერხებთ­, თუ ერი და ბერი არ გაერთიანდება. ზოგიე­რთი პოლიტიკური ძალა კი ამ დროს პროვოკაციებზე მუშაობს. საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებს, უპირველესად­ რადიკალური­ ოპოზიცია, ეს ქვეყნის ღალატია! დასავლურ თუ უკრაინულ მედიასთან ქვეყნის იმიჯს აზიანებენ ის ლობისტური­ ორგანიზაციებიც, რომლებიც უკრაინაში ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობენ, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ნებისმიერ წვრილმანზე ქუჩაში გამორბიან და ახალგაზრდებს აგიჟებენ... თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას - განიხილება ევროსტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაწევრება-არგაწევრების საკითხი. შეგახსენებთ, 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში ომი იყო, ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ოპოზიცია. მეც ვიყავი ოპოზიციაში და ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მეც ვხვდებოდი­ დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ჩვენი თავისთვის არასდროს მიგვიცია უფლება, გვეკეთებინა განცხადებები, რომლებიც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას გამოიწვევდა.­ კი, ჩვენ ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, მაგრამ ქვეყნის დისკრედიტაცია არასდროს გვიცდია. ერთმა­ ბალტიისპირელმა ჟურნალისტმა, იცით, რა მკითხა? ოპოზიციის რა ნაწილი მუშაობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდო... რატომ მეკითხებით-მეთქი და, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნის ისეთ გარემოს, ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდესო­.

მე ბევრი ოპოზიციონერის ბიოგრაფია­ ვიცი, თითქმის ყველასი, ვინც 40 წელს არის გადაცილებული. ზოგიერთ ოპოზიციონერზე ენა არ მომიბრუნდება, ვთქვა, რომ სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს, ვიცი, რომ მცდარი წარმოდგენებით მოქმედებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ბიოგრაფია ვიცი და მათზე ბევრი რამის თქმა შემიძლია... კარგი იქნება, თუ თქვენი მკითხველი დაინტერესდება, ვინ შეუწყო ხელი საქართველოში იგორ ივანოვის ჩამოსვლას. ახლა არ მინდა ვინაობის დასახელება, მაგრამ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შესახებ ყველაფერი ვიცი.დღეს გამოდიან და გულში მჯიღს იცემენ, არადა, მათგან ორი კაცის ოჯახის წევრები იგორ ივანოვის თვითმფრინავში­ ისხდნენ. შემთხვევით კი არ მოხვდნენ იქ, ეს ივანოვის ამალა იყო. ორგანიზატორი კი სხვა გახლდათ. დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მესიჯბოქსს კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით ქმნიან. დათო უსუფაშვილი ის ადამიანია, რომელზეც ენა არ მომიბრუნდება, ვთქვა, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთით მუშაობს. ის გონიერი ადამიანია და ამას არ იზამს, მაგრამ ასეთ ადამიანებსაც ითრევენ საერთო სქემაში. მათი მიზანია ჩვენი ქვეყნის რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევა. აქ მხოლოდ ომზე არ არის ლაპარაკი, სავაჭრო კონფლიქტიც კი საქართველოზე დამღუპველად იმოქმედებს... როდესაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, კრემლში მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, ბარემ ბოლომდე მოვასუფთაოთ­ პოსტსაბჭოთა სივრცეო, ცხადია, ბალტიისპირეთის გარდა. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ სამომავლოდ იოლად გააფართოონ თავიანთი გავლენის სფერო­. დააკვირდით, როგორ შეიცვალა ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი განცხადებები, ასევე გაიხსენეთ, რომ ალიევი ომის დაწყების დღეს მოსკოვში ჩავიდა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს ინფორმირებული ხალხია და იცოდნენ, რომ მოსკოვში ასეთი გეგმა არსებობდა. ომის გაჭიანურებასთან ერთად, მოსკოვში ამ რადიკალური ჯგუფის გავლენა იზრდება. ისინი ამბობენ, მაინც დისკრედიტირებულები ვართ და ბარემ ბოლომდე მივაწვეთო. ახლა კრემლი ყველანაირად ცდილობს, ისეთი სიტუაცია შექმნას, რომ საქართველოზე აგრესია გამართლებული იყოს. მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ არის ასეთი ამბავი, იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით - ყირგიზეთსა და ყაზახეთში. არც ერევანშია ამ თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე. ჩემი მეგობრების ინფორმაციით, ერევანში ყარაბაღის თემის ასე ძალიან გამწვავებაც ამ დიდი სქემის შემადგენელი ნაწილია... ნახეთ, როგორ თანამიმდევრულად მოქმედ­ებს ჩვენი ოპოზიცია და რა გულმოდგინედ­ ამღვრევს წყალს მეგობარ უკრაინაში. მეგობარი ქვეყნის ლიდერები იძულებული არიან, ამ გაგანია ომში ჩვენი ხელისუფლების მისამართით განცხადებები აკეთონ, ეს ნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია გამალებული მუშაობს ქვეყნის საზიანოდ. ქალაქები ალყაშია, იბომბება და რადას წარმომადგენლები, ქალაქების მერები ვიდეომიმართვებს წერენ ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მათი, ასე ვთქვათ, დაბომბვა სათანადო ინფორმაციით. ამ სვლების ავტორებმა კარგად იციან, რომ ეს დასავლურ პოლიტელიტაზეც მოქმედებს. ნახეთ, "ნაციონალებს" დაქვემდებარებული ტელევიზიები­ როგორ მოქმედებენ, არ უშვებენ შანსს, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. ხომ ნახეთ, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თავისი შეკითხვით როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი! ამ ჟურნალისტმა საერთაშორისო მასშტაბით ილაპარაკა, რა ცუდია საქართველოს ხელისუფლება, რომ ზელენსკის ის ამორალურად მიაჩნია, რომ რუსეთთან შეკრულია და ა.შ. ასეთ დაძაბულ ვითარებაში, დავიჯერო, ვერ მიხვდა, რომ ეს საკუთარი ქვეყნის დისკრედიტირება იყო?! რა თქმა უნდა, მას ყველაფერი გაანალიზებული ჰქონდა და მისი მიზანი სწორედ ამ ინფორმაციის გახმაურება იყო. დაიჯერებდნენ თუ არა, ეს მაინც უნდა მოესმინათ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს. მათთვის მთავარია, დავალება შეასრულონ და ქვეყანა სულ არ ადარდებთ.რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ, რაც შეიძლება სწრაფად, დღესვე და ნებისმიერ ფასად!

- რუსეთის მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლა არის თუ არა ის საკითხი, რომ­ელზეც ოპოზიციას განგაში უნდა აეტეხა?

- ოპოზიციას შეეძლო ხელისუფლებისთვის იმ პირთა სია მოეთხოვა, ვინც საზღვარი გადმოკვეთა, გაერკვიათ მათი ვინაობა,­ წარმოშობა და მერე აეტეხათ ყვირილი, მათ კი წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყეს ხალხის გაგიჟება - რუსეთიდან დივერსანტები და აგენტები შემოდიანო. ამ 25 000 კაცში ძალიან­ ბევრი იყო ეროვნებით ქართველი, რუსეთის მოქალაქე.­ იყვნენ ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდანაც, რომლებიც მოსკოვში "გაეჩხირნენ". ისინი სტამბოლში ჩაფრი­ნდნენ და მერე თავიანთ რეგიონებში გაემგზავრნენ. 40 თუ 50 ახალგაზრდა ბელარუსიდან ჩამოვიდა, რათა სამხედრო სამსახურში არ გაეწვიათ. ყველა­ ეს ადამიანი რუსებს მიათვალეს. რაც შეეხება­ ეთნიკურ რუსებს, მათ შორის ბევრია "აიტიშნიკი", რომლებსაც აქ კონტაქტები აქვთ, თვალდახუჭულები კი არ მოადგნენ საქართველოს საზღვარს... 5-6% იქნება სულ, ვისაც აქ არავინ ელოდა...

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული­ კომპანიები ნამდვილად რეგისტრირდებოდნენ საქართველოში, მათ შორის - რუსთავში.­ კონკრეტული მისამართის თქმაც შემიძლია.

- მეც ვიცი, მაგრამ გასათვალის­წინებელია, რამხელა კომპანიებია. მე არ მსმენია, ბოლო პერიოდში­ აქ მსხვილი რუსული კომპანია დარეგისტრირებულიყოს. თუ რომელიმე სერიოზული­ რუსული კომპანიაა დღეს საქართველოში, ყველა დარეგისტრირებულია 2009-2011 წლებში. დღეს საქართველოში­ დაახლოებით 120 რუსული კომპანიაა. ზოგიერთი ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული და ფილიალი­ საქართველოში აქვს. არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანი საფრთხეს წარმოადგენდეს. ისე, "ხრამ 1"-ისა და "ხრამ 2"-ის თემას ჩაუღრმავდნენ ვიღაც-ვიღაცები და გაიგებენ, რაშია საქმე. მე ახლა არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. დღეს იმის თქმა, რომ 65-კაციანი დივერსანტთა ჯგუფი შემოიყვანეს საქართველოში, იდიოტიზმია! მეხუთე კოლონამ აქ დიდი ხნის წინ დაიწყო მუშაობა. ეს ხალხი ქუჩაში კი არ გამოდის და ყვირის, ჩუმად მუშაობს.

- შესაძლებელია, საქართველოს შავ ხვრელად გამოყენების ვერსიებმა, რუსეთთან ერთად,­ ჩვენც მოგვაყოლოს სანქციებში?

- ეს შესაძლებლობა არსებობს. ევროპაში უფრო მასშტაბური და მძლავრი რუსული კომპანიები ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ ისეთი პატარა ქვეყანა გვაქვს და იმდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ გაცილებით მეტი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთმა უსინდისო ჩინოვნიკმა და ბიზნესმენმა არ დაიწყონ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით თავიანთი საქმის კეთება. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

ხათუნა ბახტურიძე