არის თუ არა საქართველოში შაქარსა და მარილზემოთხოვნის გაზრდა "სასურსათო ომის“ დასაწყისი
აჟიოტაჟური ქცევა ადვილად გადამდებია. ვიღაცამ რომდაინახა, თაროები ცარიელია, მასაც გაუჩნდა განცდა, რომრაღაც უნდა იყიდოს, მიუხედავად იმისა, ძალიან სჭირდებათუ არა ეს რაღაც. ასე მოხდა პანდემიის დაწყებისასაც,როდესაც დახლებიდან სხვადასხვა საქონელი გაქრა, მათშორის - ტუალეტის ქაღალდიც...
ბოლო დღეებში საქართველოში განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა შაქარსა და მარილზე, რამაც ეს პროდუქცია გააძვირა და მაღაზიებში თაროები დააცარიელა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, მოსახლეობა მაინც ცდილობს პროდუქტის მომარაგებას. რატომ გაიზარდა მოთხოვნა მაინცდამაინც იმ პროდუქციაზე, რომლის ძირითადი იმპორტიორები არ არიან არც რუსეთი და არც - უკრაინა და შეიძლება თუ არა ეს საქციელი გადაიზარდოს "სასურსათო ომში"? "კვირის პალიტრა" პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
- აჟიოტაჟის შექმნასა და პანიკას დიდი ჭკუა არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია მცდარი ინფორმაციის გავრცელება და ხალხის ქცევაც ხშირად არაპროგნოზირებადი ხდება. ჩვენი მეზობელი რუსეთი რომ თავს დაესხა ჩვენს მეგობარ უკრაინას და იქ ახლა გააფთრებული ომი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ყველასთვის დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. საქართველოში, ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ ფიქრობდეს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე ჩვენთანაც, ამიტომ ყველა დაძაბული ვართ და ამ ვითარებაში ბევრს, ნებსით თუ უნებლიეთ, ახსენდება, რომ საქართველოს აქვს უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი, რომ ის მოწყვლადია ნებისმიერი საერთაშორისო მასშტაბის მოვლენის მიმართ, იქნება ეს კრიზისი რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად, მოუსავლიანობის გამო, თუ სადღაც საომარი მდგომარეობით გამოწვეული სირთულეები. თუ რომელიმე ასეთ ქვეყანასთან ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება მთელ საგარეო სავაჭრო ბალანსზე. მოსახლეობამ იცის, რომ საქართველო არის ხორბლის, შაქრის და სხვა ძალიან ბევრი პროდუქტის იმპორტიორი და ხვდება, რომ ამ დაძაბულ, რთულ ვითარებაში გაჭირდება პროდუქტების იმპორტი უკრაინიდან, რუსეთიდან, მაგრამ ყველამ არ იცის, რომელი ქვეყნიდან რა შემოგვაქვს. ასეთი ქცევა ბუნებრივია ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც რაღაც კრიზისი იჩენს თავს.
- ასეთი ქცევა გასაგებია, მაგრამ საქართველოში მოთხოვნა უპირველესად ფქვილზე უნდა გაზრდილიყო. რატომ გაჩნდა ასეთი მოთხოვნა პროდუქციაზე, რომლის ძირითადი მომწოდებელი არც რუსეთია და არც - უკრაინა?
- შაქრის ასეთი შესყიდვა მართლაც გაუგებარია. ზაფხულში, როგორც წესი, ხილს აკონსერვებენ და შაქარზე მოთხოვნაც იზრდება, მაგრამ ახლა ამდენი შაქარი რისთვის სჭირდებათ? თანაც რამდენი მარაგიც უნდა შექმნა, უსაზღვროდ მაინც ხომ არ გეყოფა?! ამიტომ ეს ქცევა გაუგებარიც არის და მცდარიც!
- ხელისუფლება აცხადებს, რომ მარაგი არის და, რაც მთავარია, გავრცელდა ინფორმაცია, რომელი ქვეყნებიდან შემოდის შაქარი და მარილი. რატომ არ იმოქმედა ამან მოთხოვნაზე?
- ეს ძალიან კარგი კითხვაა და მისი პასუხი დღეს ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ. იმის გამო, რომ უკრაინაში ომია, საქართველოში იმართება აქციები, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში. ეს გასაგებია, რადგან ადამიანები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ, მაგრამ საქართველოში ოპოზიცია ცდილობს, ვითარება დაძაბოს და ქვეყანა როგორმე საომარ კონფლიქტში ჩაითრიოს. ამას მოსახლეობა ხომ ხედავს? ვის მოსწონს და ვის არა "ქართული ოცნება", ან ვინ არის და ვინ - არა ოპოზიციის მხარდამჭერი, მეორეხარისხოვანი ხდება და პირველ ადგილზე იწევს პოლიტიკური დაძაბულობა. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე იყო განცდა, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა. ახლა ეს განცდა შესუსტდა. ოპოზიცია თავიდანვე ცდილობდა, უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო აქციები ტრანსფორმირებულიყო ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებად, ასეთ პირობებში კი პანიკის ჩასახვა და განვითარება გაცილებით ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით გამოდიან ოფიციალური პირები თუ ბიზნესის წარმომადგენლები და ხალხს ამშვიდებენ, რომ მარაგი არის, პროდუქციის მიწოდებისას პრობლემა მაინც შეიქმნა, აჟიოტაჟური ქცევა კი ადვილად გადამდებია. ვიღაცამ რომ დაინახა, თაროები ცარიელია, მასაც გაუჩნდა განცდა, რომ რაღაც უნდა იყიდოს, მიუხედავად იმისა, ძალიან სჭირდება თუ არა ეს რაღაც. გაიხსენეთ, ასე მოხდა პანდემიის დაწყებისასაც, როდესაც დახლებიდან სხვადასხვა საქონელი გაქრა, მათ შორის - ტუალეტის ქაღალდიც...
- დღეს საქართველოში არის თუ არა რომელიმე პროდუქციის დეფიციტის საფრთხე? ცხადია, არ გთხოვთ პროდუქციის დასახელებას, ისევ პანიკური მოთხოვნა რომ არ გაჩნდეს...
- რა თქმა უნდა, ამ თემაზე ინფორმაცია მთავრობის წევრებს უნდა ჰქონდეთ და მე ამაზე კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში სავაჭრო მარაგი ყოველთვის არსებობდა და არსებობს, დროებით დაცარიელებული დახლებიც მალე შეივსება, მაგრამ კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნის ასეთი ზრდა გარდაუვალია და ეს ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
- გარდაუვალია ადამიანების ქცევის, თუ მოწოდების დეფიციტის გამო?
- ისტერიკა დამატებითი კომპონენტია. ფასების ზრდას იწვევს მოთხოვნის ზრდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამას არ ვგულისხმობდი. ეს აჟიოტაჟური მოთხოვნაა, რომელიც მალე ჩაცხრება. პრობლემა სხვა რამეა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი მსოფლიოს ბაზარზე სურსათის სერიოზული მწარმოებელია და ახლა, როცა ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, ის, ალბათ, საერთოდ აკრძალავს მარცვლეულის ექსპორტს, ან ძალიან გააძვირებს. თუ გააძვირებს, ბუნებრივია, ყველა ქვეყანას, რომელიც რუსეთიდან იმპორტირებულ მარცვლეულსა და მის პროდუქციას იყენებს, პური და პურპროდუქტები გაუძვირდება. ამასთან, თუ მიწოდება შემცირდება, ფასიც გაიზრდება. ანუ პურისა და პურპროდუქტების გაძვირება თითქმის გარდაუვალია. ეს შეიძლება შეეხოს სხვა პროდუქტებსაც.
რამდენიმე დღის წინ ერთ ძალიან ცნობილ ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, რომლის სათაურია "სასურსათო ომი", ანუ ახალი ტერმინიც კი გაჩნდა, ამ ახალ რეალობაში კი რუსეთის მდგომარეობა მომგებიანია. მათ ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის შედეგად დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე გაზარდეს ხორბლისა და მარცვლეულის წარმოება და ახლა მსოფლიოში წარმოებული ხორბლის 10% რუსეთზე მოდის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას მსოფლიოში ხორბლის მარაგის 4% მოჰყავს, თუმცა ომის გამო ამ ქვეყნიდან ექსპორტი შეწყვეტილია, რუსეთისა და უკრაინის ხორბლის ჯამური ექსპორტი კი მსოფლიოს ექსპორტის თითქმის მეოთხედია...
- რუსეთისთვის სანქციების დაწესება რა გავლენას მოახდენს რუსეთისა და საერთაშორისო ბაზრებზე?
- რუსეთში უკვე დაიწყო სავალუტო კრიზისი. რუსული რუბლი კატასტროფულად ეცემა, დაიხურა საფონდო ბაზარი, ეს კი უკვე საფინანსო კრიზისად იქცევა და ეკონომისტებმა კარგად ვიცით, რომ ფინანსური კრიზისი, ადრე თუ გვიან, ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება. ეკონომისტებს გვაქვს ასეთი კრიტერიუმი - ზედიზედ სამი კვარტალი უნდა იყოს ეკონომიკური ვარდნა, რათა ჩაითვალოს, რომ დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ამიტომ რუსეთის ეკონომიკურ კრიზისზე ფორმალურად ჯერ ვერ ვილაპარაკებთ. ეს რომ ვთქვათ, ცხრა თვე მაინც უნდა იყოს გასული, მაგრამ რაც დღეს ეკონომიკური სანქციების ფონზე რუსეთში ხდება, ცხადყოფს, რომ კრიზისი გარდაუვალია - ამაზე საუბარი ნამდვილად შეიძლება.
- რუსეთის სავალუტო და ფინანსური კრიზისი როგორ აისახება საქართველოზე? ვიცით, რომ რუსეთიდან გადმორიცხვების წილი დიდი იყო...
- გავლენა იქნება აშკარად უარყოფითი. 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსეთიდან გზავნილები გზავნილების 60%-ს შეადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომამდე ეს გზავნილები 15-20%-ის ფარგლებში მერყეობდა. მართალია, ეს მაჩვენებელი 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ 15-20%-იც ძალიან ბევრია. ნახეთ, როგორი სიტუაციაა: თუ რუსეთში შეიქმნა ეკონომიკური კრიზისი და ის აუცილებლად შეიქმნება, რუსეთში დასაქმებულ ადამიანებს შეუმცირდებათ შემოსავალი და, ცხადია, გადასარიცხი თანხაც ცოტა ექნებათ. ამას ემატება ტექნიკური მხარე - ფულის გადარიცხვა ვალუტაში. ვიცით, რომ რუსეთმა უკვე აკრძალა უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გატანა, ამიტომ ეს გადარიცხვებიც შეიზღუდება. ასე რომ, ამ მხრივ სერიოზული პრობლემები იქნება.
- თუკი რუბლი გადმოირიცხება, ეს ხომ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მოახდენს უარყოფით გავლენას და რა შეიძლება გაკეთდეს ამის პრევენციისთვის?
- ეს საკითხი დიდი სიფრთხილეს მოითხოვს და აქ აუცილებლად უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი, რადგან ახლა ჩვენ რუბლის მიღება ხელს არ გვაძლევს. ეს მეტისმეტად არასაიმედო ვალუტაა, რაც ჩვენს სავალუტო ბაზარს აშკარად დააზარალებს!
- საქართველოში ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რუბლით ვაჭრობენ, რადგან ეს ოფიციალურად არ არის აკრძალული. ხომ არ დააგვიანა ეროვნულმა ბანკმა ამ მხრივ რეაგირება?
- 9 მარტს ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა აჩვენა. მეც მოვუსმინე... ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მირეკავდა და მეკითხებოდა, რა თქვა, ვერაფერი გავიგეთო და მეც ასეთივე განცდა დამრჩა. ჩემი ახლობლები მთხოვდნენ, გვენეტაძის თარჯიმანი ვყოფილიყავი, რაც ვერ შევძელი, რადგან ვერც მე გავიგე კარგად, რისი თქმა უნდოდა.
- ამ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების ყოველდღიური დაგვიანება რა ზიანს მოგვიტანს?
- როდესაც საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია, ცხადია, ეს ზიანის მომტანია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლაზე უკვე ვთქვი, მაგრამ იმავე დღეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებიც გამოვიდნენ და ძალიან გასაგებად ილაპარაკეს. როდესაც ხალხს მიმართავ ძალიან მგრძნობიარე საკითხზე, არ უნდა ილაპარაკო გაუგებარი ტერმინებით და არ უნდა ეცადო, მსმენელს შეუქმნა განცდა, თითქოს რაღაც იცი, მაშინ, როცა ამ სიტყვების რახარუხით არავის არაფერს ეუბნები. როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ ვალუტას, გადამცვლელ პუნქტებს, ეს ეროვნული ბანკის საქმეა და აუცილებელია, იყოს ოფიციალური პირი, ვინც ეროვნული ბანკის სახელით საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკებს...
- ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, გარდა იმისა, რომ საზოგადოებისთვის გასაგები განცხადებები მოვისმინოთ?
- ბიზნესს უნდა მისცეს კონკრეტული მითითებები, რომ ყველამ, ვინც საქმიანობს რუსეთში, ოპერაციების რუბლით განხორციელებისგან თავი შეიკავოს, რადგან რუბლის გაუფასურების გამო ძალიან იზარალებს. ეს უკვე გადატანილი გვაქვს 1998 წელს. ბიზნესასოციაციებს სხვა ბაზრებზე გასვლის რეკომენდაციები უნდა მისცეს და დაეხმაროს სხვა ბაზრების მოძიებასა და ხელშეკრულებების გაფორმებაში. რაც მთავარია, ეს სწრაფად უნდა გაკეთდეს და ყველანაირად შეუწყოს ხელი, რომ პროცედურები არ გაჭიანურდეს. აუცილებელია საქართველოში სოფლის მეურნეობის მეტი მხარდაჭერა! უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი სიტუაცია არ გახლავთ ჩვეულებრივი, ეს ფორსმაჟორია, უმთავრესი კი ის არის, რომ გამოვიყენოთ ევროკავშირში ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით დაწყებული პროცედურები და აქტიური მოლაპარაკებები დავიწყოთ.
რუსა მაჩაიძე