პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის „შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას „ახარჯავს“?! - კვირის პალიტრა

პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის „შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას „ახარჯავს“?!

იცით პუტინი კიდევ რითი წააგავს ჰიტლერს, გარდა იმისა, რომ ბლიცკრიგი ჩაეშალა?

ისევე როგორც გაჭირვებულმა ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ ლონდონის, პარიზის, ანტვერპენის თუ ბრიუსელის დაბომბვა დაიწყო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე „ვუნდერვაფეებით“ („შურისძიების იარაღი“) - ფრთოსანი „ფაუ-1“ და ბალისტიკური „ფაუ-2“ რაკეტებით, პუტინმაც აერობალისტიკური „ისკანდერებითა“ და ფრთოსანი „კალიბრებით“ დაწყებული უკრაინის ქალაქების დაბომბვა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტებით გააგრძელა...

13 მარტს, დილაუთენია, უკრაინაში, ქალაქ ლვოვთან, რუსულმა რაკეტებმა იერიში „მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე“ მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა...

იმის ფონზე, როდესააც ალყაში მოქცეულ მარიუპოლს მტერი დაუნდობლად ანადგურებს, ბომბავს ხარკოვს, დნიპროსა თუ ჩერნიგოვს, ლვოვთან, იავოროვსკის პოლიგონის დაბომბვა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანდეს, მაგრამ ეს ასე არ არის სამი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველი - იავოროვსკის პოლიგონზე ბოლო წლებია ფუნქციონირებს „მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი“, სადაც უცხოელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ და რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულ 35 და დაჭრილ 134 ადამიანში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალურად გამოგზავნილი სამხედრო ჩინოსნები და სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინის დასახმარებლად ჩასული მოხალისეებიც შეიძლება იყვნენ.

მეორე - ლვოვის სიახლოვეს დაბომბვა ნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა საჰაერო დარტყმები მიაყენოს ნატოს იმ საავტომობილო კოლონებს, რომლებსაც იარაღი და საბრძოლო საჭურველი გადმოაქვთ დასავლეთ უკრაინაში პოლონეთიდან.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კმ-ში, ანუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა პირველად დაბომბა უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს...

მაგრამ რა კლასისა და ტიპის იარაღი გამოიყენა პუტინის არმიამ ასეთი სიზუსტით და ამ სიშორეზე (კიევთან შეჭრილი რუსი ოკუპანტების პოზიციებიდან იავოროვსკამდე პირდაპირი ხაზით თითქმის 500 კმ-ია)?

2-1647244840.jpg

Ту-95МС ბომბდამშენის პილონებზე ჩამოკიდებული Х-101-ები დაკეცილი ფრთებით

იმ, რამდენიმე ვიდეოკადრში, რომელიც უკრაინის ხუტორების მაცხოვრებლებმა გადაიღეს, როდესაც მათ სახლებს დაბალ სიმაღლეზე დიდი ხმით რამდენიმე ობიექტმა გადაუფრინა იავოროვსკის მიმართულებით, შეიძლება ახალი რუსული სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტების Х-101-ების ამოცნობა, ისრისებრი ფრთების საშუალებით.

ეს არის „სტელსის“ ტექნოლოგიით დამზადებული სტრატეგიული დანიშნულების „ჰაერი-მიწა“ კლასის ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაშვება ხდება მხოლოდ Ту-95МС (ფრთებისქვეშა პილონებზე 8 ასეთი რაკეტა ეკიდება)და Ту-160 (ბომბნაკვეთურში 12 ფრთოსანი რაკეტა დოლურაზე თავსდება) ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან.

7,4 მ-ის სიგრძისა და 2,4 ტონა მასის ამ ფრთოსან რაკეტას 400 კგ-იანი საბრძოლო ქობინის გადატანა 700-800 კმ/სთ სიჩქარით თითქმის 5 ათასს კმ-ზე შეუძლია, თანაც მიზანთან 10 მ-ის სიზუსტის მოხვედრით...

ამითაც აიხსნება იავოროვსკის პოლიგონზე ყაზარმების ზუსტი დაზიანება, როდესაც რუსეთის სარატოვის ოლქის ენგელსის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა-რაკეტმზიდებმა აზოვისა და შავი ზღვების თავზე ფრენისას ეს Х-101 ტიპის რაკეტები დაახლოებით ათასი კმ-ის სიშორიდან გაუშვეს.

14032022-1146-1647244887.21_REC.png
იავოროვსკის პოლიგონის ყაზარმის შენობაზე რუსული სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტის ზუსტი მოხვედრის შედეგი...

უკრაინელმა მეზენიტეებმა ორი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შესძლეს.

ამ ფრთოსანი რაკეტის მეორე მოდიფიკაციას Х-102 ეწოდება და ის რამდენიმე ასეული კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინითაა აღჭურვილი და რუსული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს შახტებში, მობილურ დანადგარებსა და წყალქვეშა ნავებზე განთავსებულ ბალისტიკურ ბირთვულქობინიან რაკეტებთან ერთად.

Х-101 და Х-102 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები კრემლის სტრატეგილ მარაგს წარმოადგენს, რომელიც რუსეთს მეორე ბირთვულ ზესახელმწიფოსთან - აშშ-თან სერიოზული სამხედრო დაპირისპირებისთვის აქვს შემონახული და ნიუ-იორკისა თუ ლოს-ანჯელესისთვის „გადანახული“ ამ რაკეტების უკრაინის იავოროვსკის პოლიგონზე „დახარჯვა“, შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ პუტინის არმიას ზუსტი და „ჭკვიანი“ რაკეტების მარაგი ეწურება და იძულებულია „ხელუხლებელი მარაგიდან“ გახარჯოს...

პ.ს. უკრაინაში შეჭრიდან მე-19 დღეს ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთი ჩინეთს შეიარაღებითა და საბრძოლო საჭურვლით დახმარებას სთხოვს. ამერიკული მასმედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ჩინელები უარყოფენ, მაგრამ ადასტურებენ თეთრი სახლის კულუარებში, ამასთან, ამერიკელი დიპლომატები ოფიციალურად აფრთხილებენ პეკინს, რომ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარების გაწევის შემთხვევაში, აშშ-ში ადეკვატურ ზომებს მიიღებენ...

პ.ს.ს. რაც შეეხება იავოროვსკის პოლიგონს, რომელთანაც ამ ბლოგის ავტორს ტკბილი მოგონებები აკავშირებს...

1997 წელს უკრაინაში, იავოროვსკის სამხედრო პოლიგონზე გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ერთ-ერთი პირველი მონაწილეობა მიიღო ქართული არმიის სადაზვერვო ოცეულმა, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორიც ახლდა.

მარტო თბილისიდან ლვოვში ჩაფრენა, სამხედრო-სატრანსპორტო "Ан-12"-ის არაჰერმეტიულ სატრანსპორტო ნაკვეთურში, როდესაც ჟანგბადი არ გვყოფნიდა სუნთქვისთვის, ერთ რამედ ღირს.

უშულოდ იავოროვსკის პოლიგონზე სამხედრო სწავლების რამდენიმე ეპიზოდში მივიღეთ მონაწილეობა.

მე, უკრაინელ მედესანტეებთან ერთად, ვიდოკამერით ხელში „ვუტევდი“ ამერიკელების ბლოკ-პოსტს. უკრაინელმა სამხედროებმა ხელის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის "РПГ-26"-ის უკვე გასროლილი ტუბუსიდან საკვამლო კოჭების ისე ზუსტად ტყორცნა „დაამუღამეს“, რომ ამერიკელებმა „ნიჩურტი“ აიღეს-ოღონდ ეგენი არ გვესროლოთო...

სანამ ვიდეოკამერაზე ამ საინტერესო პერიპეტიებს ვიღებდი, მოულოდნელად ამერიკელი რეინჯერები ზურგიდან მოგვეპარნენ და უკრაინელ მედესანტეებთან ერთად ქართველი სამხედრო ჟურნალისტიც, М16-ების სამიზნეში ამოგვიღეს...

მაშინ ეს ყველაფერი სამხერდო თამაშებად გვეჩვენებოდა, ეხლა კი ნამდვილი ომის მწარე რეალობად გადაიქცა...