„რამდენად მზად არის რუსეთის პრეზიდენტი ომის გაგრძელება-გაფართოებისათვის“ - SPIEGEL - კვირის პალიტრა

„რამდენად მზად არის რუსეთის პრეზიდენტი ომის გაგრძელება-გაფართოებისათვის“ - SPIEGEL

გერმანული ჟურნალი „შპიგელი“ (Der Spiegel) თავის 12 მარტის ნომერში აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით - „რამდენად მზად არის რუსეთის პრეზიდენტი ომის გაგრძელება-გაფართოებისათვის“ (ავტორი - ქრისტიან ნიფი).

პუბლიკაცია იწყება 2001 წლის 25 სექტემბერს მომხდარი ფაქტის გახსენებით, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არჩევიდან წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოვიდა:

„იმ დღეს ვლადიმერ პუტინს მუქი პიჯაკი ეცვა და ვერცხლისფერი ჰალტუხი ეკეთა. იგი, დღევანდელთან შედარებით, გამხდარი გამოიყურებოდა. დეპუტატების გარდა, მას დარბაზში პრეზიდენტი იოჰანეს რაუ, კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და ბუნდესტაგის თავმჯდომარე ვოლფგანგ ტისე უსმენდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ქება-დიდებას უძღვნიდა ევროპას, ლაპარაკობდა ევროპული დემოკრატიის იდეების ერთგულებაზე, ხალხთა მეგობრობაზე, მშვიდობის დაცვაზე... მას სიტყვით გამოსვლა ტაშით 16-ჯერ გააწყვეტინეს, ხოლო დასრულებისას ყველა ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტებმა იგრიალა“.

დღეს კი რუსეთის ლიდერს გერმანიაში არავინ ტაშს არ დაუკრავს. პუტინის წვლილი საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში მისი დაბომბვით გამოიხატა. არავისთვის აღარაა მისი სახელი დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან გაიგივებული. ვლადიმერ პუტინმა გაბედა ის, რის გაკეთებას ვერავინ ბედავდა ევროპაში, ადოლფ ჰიტლერის შემდეგ: იგი თავს დაესხა ევროპის ცენტრში მდებარე სახელმწიფოს თავისი 100-ათასიანი არმიით და ავიაციით.

დღევანდელი გადასახედიდან, გერმანელი დეპუტატების 2001 წლის ეიფორია უადგილო იყო. მათ საკუთარი თვალები დაიბრმავეს. როგორც ჩანს, დეპუტატებმა მასში მეორე გორბაჩოვი დაინახეს ან, შესაძლოა, მათ ვერ შენიშნეს მის გამოსვლაში დამალული აზრი, რომ ევროპამ ზურგი უნდა აქციოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ნატოს ლოიალობა პრობლემატურია და რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემა რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება.

გერმანიის ხელმძღვანელები და დეპუტატები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ - იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ბერლინში ჩასვლის წინ „ცხვრის ტყავში გამოეწყო“, თავისი პრეზიდენტობის დასაწყისი მკაცრი ნაბიჯით აღინიშნა - ჩეჩნეთის ომით. უკრაინის ომი იმის გაგრძელებაა, რაც 2000 წლის პირველი იანვრის დილას ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში დაიწყო - რუსეთის ჯარების შეჭრით ანუ რუსეთის აღორძინებით, როგორც ეს პუტინს მიაჩნია.

კავკასიური რესპუბლიკა „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგად ნანგრევებად იქცა, დაიღუპა ასი ათასობით ადამიანი. რუსეთის ჯარი წარმოუდგენელი სისასტიკით მოქმედებდა. გუდერმესის აღებამ დასაბამი მისცა „რუსეთის აღორძინებას“ და იმ ადამიანის კარიერის დაწყებას, რომლის შესახებაც მისმა დამრიგებელმა, სანქტ-პეტერბურგის ყოფილმა მერმა ერთხელ თქვა, - მას თავისი დაწყებული ყოველი საქმე ბოლომდე მიჰყავსო.

ავტორი მიმოიხილავს ვლადიმერ პუტინის იმდროინდელ საგარეო პოლიტიკას, როგორც ევროპის, ასევე - უშუალოდ უკრაინის მიმართ, როცა ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტად არჩევით უკმაყოფილო კრემლმა კიევს გაზის მიწოდება შეუწყვეტა, თანაც 2006 წლის პირველ იანვარს. ეს იყო მსოფლიოსათვის აშკარა მინიშნება იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა და მისმა ხალხმა იცოდა იმ კარტების მნიშვნელობა, რომელიც მათ ხელში ჰქონდათ და მზად იყვნენ, ყველანაირი სვლა განეხორციელებინათ.

ამრიგად, დასავლეთისა და რუსეთის გეოსტრატეგიული დაპირისპირება, ფაქტობრივად, 16 წლის წინ დაიწყო, მაგრამ დასავლურ აზროვნებაზე მას გავლენა არ მოუხდენია...

ვლადიმერ პუტინმა აღადგინა რუსეთის დაკარგული გავლენა ბევრ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე, კავშირები გააბა ჩინეთთან, ინდოეთთან და პაკისტანთან. რუსულმა საგარეო პოლიტიკამ შეძლო სისუსტის პოზიციის შეცვლა ძალის პოზიციით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ განცდილი დამცირება წარსულში დარჩა.

ქვეყნის კონსტიტუცია რომ უხეშად არ დაერღვია, ვლადიმერ პუტინმა, მცირე ხნით, პრეზიდენტობა 2008 წელს დიმიტრი მედვედევს დაუთმო. იმ დროს მსოფლიო თვლიდა, რომ მას გარკვეული ლიბერალური გადახრები აქვსო, მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ პრეზიდენტად „დანიშნულმა“ კაცმა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ მსოფლიომ მის მიმართ გამოხატული ნდობა ინანა.

2008 წლის აგვისტოში მან ქართულ-რუსული ომის პროვოცირება მოახდინა - კრემლმა თავის პირველ ნამდვილ ომს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, უწოდა „ოპერაცია მშვიდობის იძულებით დასამყარებლად“. საბოლოო ჯამში, ეს იყო საქართველოს დასჯა, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რუსეთს ზურგი აქცია და პირი დასავლეთისაკენ იბრუნა. რუსები საქართველოს ბომბავდნენ, მათ შორის - გორს, ქალაქს, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა. დასავლეთი ისევე უღონო აღმოჩნდა რუსული ნეოიმპერიალიზმის წინაშე, როგორც ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის დროს.

პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისთანავე ვლადიმერ პუტინმა მტკიცედ გააგრძელა „მუხლებზე დაჩოქილი რუსეთის წამოყენების“ პოლიტიკა. მან აიძულა ვიქტორ იანუკოვიჩი, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის გამოც უკრაინაში მღელვარება დაიწყო. პუტინმა ისარგებლა ქაოსით და ყირიმის ოკუპაცია განახორციელა, დონბასში კი სეპარატიზმი გააძლიერა. პრეზიდენტის ასეთი მოქმედებით რუს ხალხში გაიღვიძა არაადამიანურმა, შურისძიების დემონურმა კომპლექსებმა, თვითდამკვიდრებამ სიძულვილის გზით.

ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ ახლა, როცა ექსპერტები და პოლიტიკოსები ცდილობენ, იპოვონ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების მოტივი უკრაინაში შეჭრის შესახებ და უკვირთ, თურმე, რამდენად სახიფათო ყოფილა იგი. ომის მესამე კვირის დასაწყისში იბადება კითხვები - შეცდა თუ არა ვლადიმერ პუტინი ამჯერად? რამდენად შორს არის იგი სიტუაციის რეალურად აღქმისაგან?

რუსეთის ჯარები წინ ნელა მიდიან. ვრცელდება ინფორმაციები, რომ მოკლულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა ოთხნიშნა ციფრით გამოიხატება. დაღუპულია რამდენიმე გენერალიც. ეკონომიკური ზარალი იმაზე უფრო დიდია, რასაც კრემლი რუსული საზოგადოების წინაშე აღიარებს. თვით სახელმწიფო მასმედიაშიც კი გაკრთა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის 980 სამგზავრო თვითმფრინავიდან 777 იჯარით აქვს აღებული დასავლური კომპანიებისგან. მათი გამოყენება უკვე აკრძალულია. თვითონ რუსეთში მხოლოდ 150 თვითმფრინავია აწყობილი, თუმცა მათი მომსახურებაც ახლა უკვე პრობლემატურია - სათადარიგო ნაწილების იმპორტი დასავლეთიდან ხდება. ასე რომ, რუსეთში ავიამიმოსვლის კოლაფსი მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სადაზვერვო ორგანოებმა, განსაკუთრებით კი - საგარეო დაზვერვის სამსახურმა, ვერ გაართვა თავი მის წინაშე დასმულ ამოცანებს? ან იქნებ ვლადიმერ პუტინმა დაზვერვის მიერ მომზადებულ შეფასებებს ყურადღება არ მიაქცია?

რუსეთის ტელევიზიით გადაცემული პუტინის უშიშროების საბჭოს სხდომის ამსახველი ვიდეომასალები საშუალებას გვაძლევს, გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. პრეზიდენტმა სერგეი ნარიშკინი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სკოლის მოსწავლესავით „კუთხეში დააყენა“ (რასაც არასოდეს გაუკეთებდა ომის მხარდამჭერს), ასევე, უხეშად მოექცა დიმიტრი კოზაკს, თავის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. საბჭოს დანარჩენი წევრები უბრალო სტატისტებივით ისხდნენ, ოთხი პიროვნების - თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, შიდადაზვერვის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბორტნიკოვის, მისი წინამორბედის, ნიკოლაი პატრუშევისა და ეროვნული გვარდიის უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის გარდა. მათი სტრუქტურები უშუალოდ ემსახურებიან, როგორც ვლადიმერ პუტინის ნების განხორციელებას, ასევე - ქვეყანაში ანტიპუტინური გამოსვლების ჩახშობას. მათი უფლებამოსილების საკითხებში ჩარევის უფლება პუტინის გარდა, სხვას არავის აქვს. როგორც ჩანს, ამჟამად პრეზიდენტი მხოლოდ თავის უახლოეს გარემოცვას უსმენს - ისეთებს, როგორებიც სერგეი შოიგუ და ნიკოლაი პატრუშევია. ისინი ვლადიმერ პუტინს იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც მას სურს და მათგან არც ერთს არ შეაქვს ეჭვი პრეზიდენტის ნათქვამში.

პუტინს რომ ომი ორი დღის განმავლობაში მოეგო, იგი, ალბათ, რუსეთის საზოგადოებაში და პოლიტიკურ ელიტაში განუზომელი მხარდაჭერით ისარგებლებდა. მაგრამ „ბლიცკრიგი“ („ელვისებური ომი“) ჩაიშალა. რასაკვირველია, პრეზიდენტი უკმაყოფილოა, მას იმედები გაუცრუვდა. და რაც ბოლო ორმა ათეულმა წელმა აჩვენა, იგი თავის იმედგაცრუებას სიმკაცრის გაძლიერებით უმკლავდება.

სრულიად შესაძლებელია, რომ „სპეციალური ოპერაციის“ დაყოვნებული სტარტი, ახალი სირთულეების გათვალისწინებით, უახლოეს ხანში ძლიერი დარტყმებით შეიცვალოს, მაგალითად, კიევის მიმართულებით. თუ გავიხსენებთ იმას, რომ რუსეთის ლიდერმა უკრაინას ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, ხოლო დასავლეთს - მისი ხელშემწყობი, სიტუაციის შემდგომი ესკალაცია გარდაუვალი ჩანს.

არმიის დაბრუნება რუსეთში გამარჯვების გარეშე, გამორიცხულია. არმია რომ დამარცხდეს, ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება, რაღაც უთხრას რუსეთის მოსახლეობას, თავის გამართლების მიზნით, მაგრამ არავინ დაუჯერებს. ამჟამად ყველაზე უფრო სავარაუდო ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავის არმიას დნეპრის მარცხენა ნაპირზე შეაჩერებს და დასავლეთისაკენ აღარ გადაადგილდება, თუმცა კარგად იცის, რომ ამით არანაირი მშვიდობა არ დამყარდება, არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ, იმავდროულად, რუსი საზოგადოების წინაშე პრეზიდენტს თავისი ნაბიჯის გამართლების შესაძლებლობა ექნებოდა - იტყოდა, რომ სპეცოპერაციის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის დაცვა იყო. ანტირუსულად განწყობილი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციას კი აუცილებლად პარტიზანული ომი მოჰყვებოდა.

რუსეთის წინაშე მდგომი დილემის გადასაწყვეტად ვლადიმერ პუტინმა, შეიძლება, გარკვეული პროპაგანდისტული ხერხი გამოიყენოს - ვთქვათ, იგი მოულოდნელად გამოაცხადებს პროგრესის მიღწევას უკრაინელებთან მოლაპარაკების დროს და ცეცხლს შეწყვეტს, რის შედეგადაც მას დრო ექნება სხვადასხვა ვარიანტების ძიებისათვის.

მაგრამ ეს ვარიანტები არ გამორიცხავს ბზარს რუსულ მმართველ ვერტიკალში. ამას წინათ რუსეთში დარჩენილმა ზოგიერთმა ოპოზიციურმა მასმედიამ გაიხსენა იმპერატორ პავლე პირველის - დიდი ეკატერინეს შვილის მკვლელობის ისტორია. მძიმე ბავშვობის გამო იგი უკიდურესად ეჭვიანი იყო თავისი უახლოესი გარემოცვის მიმართაც კი, იმავდროულად, უზომოდ უყვარდა ყოველივე ის, რაც სამხედრო სფეროს უკავშირდებოდა. როცა პავლე პირველმა, ფრანგებთან ერთად, ბრიტანეთის ინდოეთზე თავდასხმის წინადადება წამოაყენა, რუსულმა არისტოკრატიამ ჩათვალა, რომ იგი ჭკუიდან შეიშალა და მისი მკვლელობა მოამზადა.

ამჟამად რუსეთში, როგორც ჩანს, ამგვარი შეთქმულების მონაწილეები არ არსებობენ. მაგრამ ბევრ რუსს გაუჩნდა კითხვა - რა იქნება პუტინის შემდეგ? არავინ იცის, რას გააკეთებს პუტინი თავისი წასვლის შემდეგ, მაგრამ მას რამდენიმე ფავორიტი უკვე ჰყავს. სავარაუდო კანდიდატებში არ იგულისხმება არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც მოსკოვის მერი. თვით თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც კი არ შედის სავარაუდო მემკვიდრეთა სიაში - იგი თავისი პოპულარობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.

მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომლის სახელმა რუსულ წრეებში უკვე გაიჟღერა, როგორც დიდი იმედების მომცემმა მემკვიდრემ. ადრე ის პუტინთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იგი მოსკოვიდან პროვინციაში გადაიყვანეს. ამ ადამიანის სახელი და გვარია ალექსეი დიუმინი, იგი დღეს ტულის ოლქის გუბერნატორია, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით, 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ალექსეი დიუმინი 1999 წლიდან პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ანუ სწორედ იმ დროიდან, როცა ვლადიმერ პუტინი ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ, სულ მალე - პრეზიდენტიც. როცა ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს ისევ აიღო ხელში პრემიერ-მინისტრის სადავეები, ალექსეი დიუმინი უკვე მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და თანაშემწე (ადიუტანტი) გახდა. იგი კრემლში 2012 წელს ვლადიმერ პუტინთან ერთად დაბრუნდა, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილის რანგში. ალექსეი დიუმინი იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ყირიმის ანექსიის ოპერაციაში. მოგვიანებით იგი დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და დღეს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება აქვს.

იმ ფაქტმა, რომ პუტინმა დიუმინი 2016 წელს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან რამდენიმე თვეში, ტულის ოლქის გუბერნატორად გადაიყვანა, ბევრი გააკვირვა, მათ შორის - თვით ალექსეი დიუმინიც. მაგრამ პუტინის ამ ნაბიჯში შეიძლება გარკვეული ლოგიკა იმალება - იმიტომ, რომ მოსკოვურ პოლიტიკურ სივრცეში, როგორი დამაინტრიგებელნიც უნდა იყონ, იმედისმომცემი ადამიანები „სწრაფად იწვებიან“, იფიტებიან. პრეზიდენტი ალექსეი დიუმინში აფასებს მის ლოიალობას, ახლო კავშირს სადაზვერვო სტრუქტურებთან და მის გამოცდილებას რთული პოლიტიკური ოპერაციების შესრულების დროს. უფრო მეტიც - ალექსეი დიუმინი, რომელიც ვლადიმერ პუტინზე 20 წლით უმცროსია, კრემლის უმაღლეს ხელისუფალთა წრეში შეიძლებოდა ახალ ძალადაც კი ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელსაც წინა ისტებლიშმენტთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ რადგანაც თვითონ ვლადიმერ პუტინმაც არ იცის ზუსტად, თუ როდის დატოვებს პოლიტიკურ სცენას, ალექსეი დიუმინი ტულაში რჩება.

პუტინის მომავალი კი, როგორც ჩანს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი შედეგით დასრულდება უკრაინასთან ომი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ