"როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოექცა "ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოექცა "ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ"

ფაქტებს სჭირდება შესწავლა და თუ ნებისმიერი პირის მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და კანონთან, ასეთ შემთხვევაში ამას ადეკვატური და შესაბამისი მოქმედებები მოჰყვება, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმის გამო, რომ მან უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც განახორციელა.

რაც შეეხება უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენების შინაარსს, ღუდუშაურის თქმით, პრეზიდენტისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტაციო პოზიციონირება დაინახეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ მოჰყვა.

„როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მისი განცხადებები და ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, მაშინ ეს შესწავლას საჭიროებს და თუ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუცია დარღვეული, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არის უპირველესი და უზენაესი. საკითხი, რაზეც მან ისაუბრა და მასში მოყვანილი ფაქტები საჭიროებს შესწავლას და თუ ეს მართლაც ასეა, ასეთ შემთხვევაში ვისი საქმიანობაც მოვა კონსტიტუციასთან და კანონთან წინააღმდეგობაში, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა, მით უფრო მაშინ, როცა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია. თუ ეს ფაქტები რეალობაა და პირდაპირ დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში ცხადია, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი ...“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას მისი საერთაშორისო საქმიანობის მიმართ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა და ამას გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, 26 თებერვალს მას უარი ეთქვა პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია. კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განხორციელდა, გამოდის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, რაშიც გაერკვევიან.

IPN