"ღარიბაშვილს ვინ ეკითხება განხეთქილებას, ბიძინა ივანიშვილი როგორც ეტყვის, ისე მოიქცევა" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილს ვინ ეკითხება განხეთქილებას, ბიძინა ივანიშვილი როგორც ეტყვის, ისე მოიქცევა"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში ექსპერტები დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ მან ყველა აქცენტი სწორად დასვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სწორი აქცენტები ჰქონდა დასმული. როდესაც ის პარლამენტში უკრაინის წარმომადგენელთან ერთად შემოვიდა, ემოციურად სწორი იყო. რაც შეეხება განცხადების შეფასებით ნაწილს, რაც ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს ეხება, აქაც საკამათო არაფერი მაქვს. ძალიან ზუსტი იყო შეფასებებში, ობიექტური, როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის მისამართით. ყველაზე სკანდალური კი მისი განცხადება იყო ვიზიტებთან დაკავშირებით. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, ამ ქმედებაში კარგად ჩანს ხელისუფლების უცნაური მოქმედებები, როდესაც ასეთი კრიზისია, როცა ჩვენი საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით აქტიურად უნდა მუშაობდეს, სრულფასოვანი თავდაცვის უზრუნველსაყოფად... ასევე, შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენების მიმართულებით ვიზიტების შეზღუდვა, ეს სახელმწიფოებრივი საბოტაჟის მაგვარია. ასე რომ, ეს თემა კარგად შესასწავლია.

- სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის საპასუხო კრიტიკა, ამაზე რას იტყვით?

- საქართველოში ხომ ასე წესად დამკვიდრდა, თუ ისეთ რამეს ამბობ, რაც არ მოსწონს "ნაცებს" და "ქოცებს", ე.ი. სწორ გზას ადგახარ. ეს უნივერსალურ ფორმულად იქცა საქართველოში, სამწუხაროდ. ჩვენთან ინსტიტუტები არ არსებობს, არის ერთი კაცი და მის კარზე მყოფი ეს მასა, მეტი არაფერი არსებობს. ღარიბაშვილს ვინ ეკითხება განხეთქილებას, ბიძინა ივანიშვილი როგორც ეტყვის, ისე მოიქცევა.

- მდინარაძემ თქვა,ზურაბიშვილი "ნაციონალების" ბულინგის ქვეშ მოექცაო...

- ვინც ჩვენთან არ არის, ის "ნაცია", ისინი ხომ ამ ფორმულით მოქმედებენ. მეტი ფანტაზია ამ ხალხს არ აქვს. სამყარო შედგება ორი ნაწილისგან - "ქოცები" და "ნაცები", ვინც "ქოცი" არ არის, ის ავტომატურად "ნაცია".

- სალომე ზურაბიშვილმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტსაც და სთხოვა, ელჩის უკან დაბრუნება, ამას გამოეხმაურება უკრაინა?

- ეს არის მისი განწყობა და დააფიქსირა. სალომე ზურაბიშვილთან არც ჰქონია ზელენსკის პრობლემა, მას პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებასთან.

- დღეს სალომე ზურაბიშვილი ხალხთან დგას?

- ცოტა ზევით რჩება მაინც, ხალხთან დგომა უნდა მოხდეს ქმედებით და არა მხოლოდ სწორი შეფასებებით. სალომე ზურაბიშვილი სწორ შეფასებებს აკეთებს, მაგრამ არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ხალხთან დგომაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ყველაზე მნიშვნელოვანს უნდა მიექცეს ყურადღება, ვიზიტებთან დაკავშირებით, რაც მან თქვა, ეს არის საბოტაჟი და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ბრწყინვალე გამოსვლა პარლამენტში და კარგა ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მე ასეთი გამოვლა არ მინახავს. ეს იყო იმ პრეზიდენტის გამოსვლა, როგორიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, ის არ იყო რომელიმე პარტიის პრეზიდენტი, ის ზოგადად ქვეყნის პრეზიდენტი როგორიც უნდა იყოს, ისეთი იყო. ობიექტურია მისი შეფასებები და ვიზიარებ ამ შეფასებებს. კრიტიკული იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით და ასეც უნდა ყოფილიყო. ვთვლი, რომ ეს არის მისი ყველაზე კარგი გამოსვლა და კარგი პოზიცია, რაც მას აქვს. ამ პოზიციას თუ შეინარჩუნებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა მისი მხრიდან. ვეთანხმები მის ყველა ნათქვამს.

- სიძულვილის ენა დაგმო, რამდენად მიიღებს მის რჩევებს პოლიტიკური სპექტრი?

- სიძულვილის ენა ახალი არ არის ამ ქვეყანაში. 30 წელია ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და ვერ გავექეცით იარლიყების მიკერებას. დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ერთმანეთის შეურაცხყოფა. ძალიან კარგი იქნება თუ ამას გავექცევით, მაგრამ ამას რომ გავექცეთ, პოლიტიკური სპექტრს გაცილებით მეტი მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე და ჩახედვა იმ პროცესებში, რაც ხდება. რუსეთის აგენტი ხარო, ამის თქმას არაფერი უნდა, თან ხომ არავინ ითხოვს ამაზე არგუმენტებს. ამიტომ, ზოგი რუსეთის აგენტია, ზოგი მოღალატე. ვხედავთ, პოლიტიკური სპექტრი გადასულია შეურაცხყოფის მიყენებაზე, ძირითადად. არაფრად დაგიდევენ იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში და სტრიქონებს შორის რა ამოიღონ, ამას ცდილობენ. არგუმენტირებული კამათი მოითხოვს აზროვნებას, მუშაობას და რატომ შეიწუხებს თავს, როცა აგერ იტყვის, ის არის პუტინის აგენტი და მორჩა.

- როცა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ვიზიტებზე, მან თქვა, რომ პირადი ურთიერთობები გამოიყენა საუბრებისთვის, კობახიძემ კი თქვა, ეს საკითხი შესასწავლია, გამოდის კონსტიტუცია დაარღვიაო.

- ზურაბიშვილი არ ყოფილა ოფიციალური წარმომადგენელი. მან თქვა, კერძო ვიზიტით ვიყავი, კერძო კონტაქტები გამოვიყენეო, ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. ოფიციალური განცხადებებიც არ გაუკეთებია და კონსტიტუციის დარღვევა ვერ იქნება.

- ოპოზიცია და ხელისუფლება, ორივე მხარე აკრიტიკებს მას ამ გამოსვლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ყველა არ აკრიტიკებს. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა დავით უსუფაშვილს. აკრიტიკებენ სწორედ ისინი, ვინც გააკრიტიკა. სიძულვილის ენაზე თუ არის საუბარი, ვინც ამ ენას იყენებს დღეს, ხელისუფლება ერთის მხრივ და "ნაცმოძრაობა", მეორეს მხრივ. სულ იყო 5 გამოვლა - პრეზიდენტი, უსუფაშვილი, ხვიჩია, ბეჟაშვილი და მდინარაძე. პირველი სამი გამოსვლა იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. შემდეგი ორი კი იყო ერთმანეთის ლანძღვა-გინება, მათ გამოსვლას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სახელმწიფოს პრობლემებთან. არცერთი თემა, რაზეც ხვიჩიამ და უსუფაშვილმა ილაპარაკა, არც მდინარაძეს და არც ბეჟაშვილს არ უხსენებია. ეკონომიკური და სოციალური პრობლემები იქნება ეს, თუ რეალური საფრთხეები. შეფასება არ მომხდარა მათი მხრიდან, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს აბრალებენ, ვის მხარეს არის ახლა პრეზიდენტი და პრობლემები არ აინტერესებთ. სახელმწიფოს რაც სჭირდება და რა საფრთხეებიც არის, ამ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ამაზე არ ულაპარაკია, ესაა ჩვენი უბედურება, ზოგადად. კრიტიკას ვერ იღებს ვერც ყოფილი, ვერც დღევანდელი ხელისუფლება. იმას კი არ თვლის, რომ ვიღაც შეიძლება ობიექტურად აკრიტიკებდეს. თვლის, ჩემს მხარეს თუ არ ხარ, მაშინ ჩემი მტერი ხარ, ეს ლოზუნგი აქვს ერთაც და მეორესაც. ეს არის უბედურება.

- უსუფაშვილმა თქვა მჭლე სამიანი დაგვიწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ვაღიაროთ ამას ვიმსახურებთო?

- ერთადერთი საკითხია, რაშიც ვერ დავეთანხმები დავით უსუფაშვილს. ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკური სპექტრი მჭლე სამიანს არ იმსახურებს, იმსახურებს ორიანს. მთლიანობაში, ეს ხალხი ვერც ამინდს ქმნის პოლიტიკაში და პოლიტიკური სპექტრი ორიანს იმსახურებს. სამიანი მაინც სამია, მე ორიანს დავუწერდი.

- თქვენი აზრით, უკრაინის ელჩი საქართველოში დაბრუნდება?

- ზელენსკი ობიექტურად თუ შეაფასებს, ვფიქრობ უნდა დაბრუნდეს ელჩი. ახლა ისეთი ვითარებაა ვერ მოსთხოვ მას ნიუანსებში ჩასწვდეს. ვხედავთ დასავლეთსაც როგორ ელაპარაკება, პირდაპირ ეუბნება ყველა დაღვრილი სისხლი თქვენს კისერზეაო. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ 1989 წლიდან 2008 წლის ბოლომდე ჩვენ ცხელი ომი გვქონდა რუსეთთან. ჩვენი ვითარება სრულიად სხვა იყო. არანაირად არ ვამართლებ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას და საერთოდ ქართულმა ოცნებამ დროა ისწავლოს სად რა უნდა თქვას, მაგრამ კიდევ ვერ ისწავლეს. უკრაინელები იბრძოდნენ საქართველოში მართლა, მაგრამ არ მახსენდება უკრაინის აეროპორტიდან ეს მოხალისეები რომელიმე ხელისუფლების ხელმძღვანელს ტაშ-ფანდურით გამოეცილებინა. მაგრამ ესეც ხომ პიარისთვის გაკეთდა. ღარიბაშვილს კი ეს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. პოლიტიკა მეტი არაფერია, თუ არა საუბარი. ნებისმიერი ქვეყნის პოზიციას ვაფასებთ იმის მიხედვით ქვეყნის პირველი პირი რა განცხადებებს გააკეთებს. როდესაც დგახარ იუნკრების საფლავთან და თან ასეთ განცხადებას აკეთებ, ეს არ არის სწორი.

- ღარიბაშვილმა ფაქტობრივად, პრეზიდენტს დღეს ზურგი აქცია, განხეთქილებაა ამ ორ ინსტიტუტს შორის?

- ინსტიტუტებს შორის განხეთქილება არ არის და არც შეიძლება იყოს. ჩვენთან პოლიტიკური კულტურა რა დონეზეა, ეს გამოჩნდა, როგორ შეიძლება, პრეზიდენტი გამოდის და ზურგი შეაქცია, ეს არ შეიძლება.

(სპეციალურად საიტისთვის)