„როგორ დასრულდება? უკრაინის ომიდან გამოსავალი ილუზიურია“ - The New York Times
ამერიკული გაზეთის - „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 14 მარტის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „როგორ დასრულდება? უკრაინის ომიდან გამოსავალი ილუზიურია“, რომელშიც ავტორები - დევიდ სანგერი და ერიკ შმიტი - მსჯელობენ ომის სავარაუდო სცენარებზე, მის ვადებზე და ფინალზე.
პუბლიკაციაში განხილულია რამდენიმე საკითხი (ქვესათაურებით):
ა) დიპლომატია: პუტინთან უშედეგო შეხვედრები;
ბ) უარესი ალტერნატივა: ქალაქების ხანგრძლივი ალყა;
გ) უკრაინის დანაწილება;
დ) ყველაზე ცუდი სცენარი: ომის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ.
შესაბამისად, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პენტაგონი მსჯელობს სამომავლო მოვლენების რამდენიმე მოდელზე, რომელთა შორისაა გაჭიანურებული კონფლიქტი დიდი რაოდენობით დაღუპულებით და ნგრევით, აგრეთვე, ვარიანტი, როცა რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, დაკმაყოფილდება თავდაპირველი მიზნის მიღწევით - უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთი ნაწილების შემაერთებელი ზღვისპირა ზოლის დაკავებით ანუ რუსეთი უზრუნველყოფილი იქნება ისეთი სახმელეთო დერეფნით, რომელიც 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან დააკავშირებს. უკრაინა, სავარაუდოდ, ოდესას დაკარგავს და, აქედან გამომდინარე, მას შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელი აღარ ექნება. არის კიდევ ერთი სცენარი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირდაპირი ჩართვა ომში.
როგოც გაზეთი წერს, დღეს ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკები ერთ საკითხში თანხმდებიან: „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ნაქებმა არმიამ უკრაინაში შეჭრის დროს შეცდომები დაუშვა და საომარი მოქმედებების გეგმა არასწორად შეადგინა, მომდევნო ორ-სამ კვირას შეუძლია გვაჩვენოს, შეძლებს თუ არა უკრაინა გადარჩეს, როგორც სახელმწიფო და შეუთანხმდება თუ არა რუსეთს ომის შეწყვეტაზე“.
გარდა ამისა, მაღალჩინოსნები კერძო საუბრების დროს შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ვაითუ, რუსეთმა მოლდოვასა და საქართველოს სრული ოკუპირებაც განახორციელოსო. არის კიდევ ერთი რისკი: ვლადიმერ პუტინს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი იარაღი გამოიყენოს - ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული... აგრეთვე, შური იძიოს აშშ-ზე კიბერშეტევების მეშვეობით, სანქციების გამოცხადების გამო.
ამჟამად საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის ლიდერების მცდელობები, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაში დაარწმუნონ, წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ევროპასა და ამერიკაში მაინც იმედოვნებენ, რომ კრემლის მეთაური, მკაცრი დასავლური სანქციების გავლენით, მოლაპარაკების პირობებს და თავის პოზიციას ასე თუ ისე მაინც შეარბილებს.
უკვე მომდევნო კვირაში კიევში შეიძლება „კულმინაციური ბრძოლა“ დაიწყოს, რომელიც ორივე მხრიდან მრავალათასიან მსხვერპლს გამოიწვევს: რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქს აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მჭიდროდ უახლოვდებიან და, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის დაკვირვებით, ორი კვირის შემდეგ ქალაქი მთლიანად ალყაში აღმოჩნდება. ამის შემდეგ, როცა კიევს მომარაგება შეუწყდება და კომუნიკაციები გადაეჭრება, ქალაქი ალყას მხოლოდ ათი დღიდან ერთ თვემდე გაუძლებს: ასეთ პროგნოზებს აკეთებენ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ანალიტიკოსები.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის შემდგომ გეგმებს, ექსპერტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაციას მოახდენს, სადაც რუსეთის ჯარი ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. გარდა ამისა, არის აზრი, რომ მოსკოვს შეუძლია უკრაინის დასავლეთი ნაწილის ოკუპაციაც განახორციელოს - ამას მოწმობს დასავლეთუკრაინული ქალაქების დაბომბვა და ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა.
„სამწუხაროდ, ომის ყველაზე სავარაუდო ფინალს უკრაინის დანაწილება წარმოადგენს“, - ციტირებს „ნიუ-იორკ თაიმსი“ გადამდგარი ადმირლის - ჯეიმს სტავრიდისის სიტყვებს, რომელიც ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების სარდალი იყო. იგი თავის პროგნოზში 1990-იანი წლების ბალკანეთის საომარ გამოცდილებას ეყრდნობა.
„ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაიპყრობს, სადაც ყველაზე მეტი რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს“, - ამბობს ჯეიმს სტავრიდისი, - „დანარჩენები კი, უმეტესად უკრაინელები, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას გააგრძელებენ“. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ