"საფრანგეთში ყოფნისას რუსეთმა ლამის ინსულტამდე მიმიყვანა და ახლა ხომ ნამდვილად ჩამოეხსნათ ნიღაბი" - კვირის პალიტრა

"საფრანგეთში ყოფნისას რუსეთმა ლამის ინსულტამდე მიმიყვანა და ახლა ხომ ნამდვილად ჩამოეხსნათ ნიღაბი"

"ძალიან გული მწყდება და გაკვირვებული ვარ, რასაც რუსეთი სჩადის... გასაგებია, რომ მთავრობა იქცევა ასე, მაგრამ რუსი ხალხი როგორ უშვებს ამხელა სისასტიკეს?! 21-ე საუკუნეა, ხალხო, და რა დროს ბომბები, ჯარის გაგზავნა და ბავშვების, ხალხის ჟლეტაა?!" - ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი... იგი პოლიტიკაში არასოდეს ერევა, მაგრამ ამჯერად აღშფოთება ვერ დამალა და თავისი უდიდესი ტკივილი "კვირის პალიტრას" გაგვიზიარა...

- ვიცით, რომ უკრაინაში არა ერთი გამოფენა გქონდათ... როგორია თქვენი წარმოდგენა უკრაინაზე, უკრაინელ ხალხზე?

- დიახ, უკრაინაში პირველად, 2013 წელს ვიყავი, კიევის მუზეუმში მქონდა გამოფენა, შემდეგ კი - ოდესაში. უკრაინა საოცრად დადებითად მახსენდება, ძალიან ლამაზია, კიევი ფანტასტიკური ქალაქია, არაჩვეულებრივი ხალხია უკრაინელები, ძალიან თბილი და კომუნიკაბელური... გამოფენებზე ბევრი ხალხი მოვიდა, იქაური ელიტა, ტელევიზიები, მეტად სასიამოვნო გამოხმაურება ჰქონდა. მათგან უზარმაზარი სითბო და ყურადღება მივიღე. ძალიან საინტერესო ადამიანები არიან და ქართველები რომ განსაკუთრებულად ვუყვარვართ, ეს ყველგან იგრძნობა. ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, როდესაც სხვა ქვეყანაში ამხელა კეთილგანწყობას იგრძნობ?!

ოდესაში, ჩემს გამოფენაზე, იქაური წარმატებული მხატვრები დაპატიჟეს, შემდეგ მეც ვიყავი მათ გამოფენებზე, მართლაც უნიჭიერესები არიან...

რაც ყველაზე უცნაურად დამამახსოვრდა, სულ მეუბნებოდნენ, ქართველები რა ყოჩაღები ხართო... თავის დროზე ქართული ენა დაიცავით, მერე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდით, მერე - ომები, უბედურება და, როგორ ყოჩაღად იდექით, ჩვენ მხოლოდ ვოხრავთო... წარმოიდგინეთ, ამას მეუბნებოდა 2013 წელს ის ხალხი, რომელიც დღეს ასე მედგრად დგას და იბრძვის. გაოცებული ვარ, როგორი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ! ძალიან გაერთიანებულნი არიან სულიერად და ფიზიკურად!

მე რომ ვიყავი, მაშინაც ყველაფერს აკეთებდნენ ქვეყნის განსავითარებლად და იყო კიდევაც უკრაინა აღმშენებლობით სწრაფი ტემპით მზარდი ქვეყანა.

- რუსეთში თუ გქონიათ გამოფენები?

- რუსეთში გამოფენა დიდი ხნის წინ მქონდა, როცა ჯერ კიდევ 12 წლის ვიყავი. ძალიან დიდი გამოფენა იყო, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი... ამ გამოფენის საფუძველზე გაიმართა შემდეგ ჩემი გამოფენა პარიზში...

რუსეთზეც ერთი უცნაური რამ მახსენდება... მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო და რუსებისთვის ამ გამოფენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თავისუფალი თემა იყო - ანგელოზები, ჯვარცმა, ნათლობა და ასე შემდეგ... მათთვის, როგორც "ამოსასუნთქი წყარო" იყო. გამოფენა ორი კვირის მანძილზე იყო დაგეგმილი და სამი თვე ვერ დახურეს, იმდენად ბევრი, ზღვა დამთვალიერებელი ჩამოდიოდა სხვადასხვა ქალაქიდან... საელჩოებიდანაც ბევრი ხალხი მოვიდა.

გამოფენებზე კეთილგანწყობილი ხალხი მოდიოდა, მოსკოვში დედაჩემს ბევრი მეგობარი ჰყავდა და ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. იქ ყოფნა სასიამოვნოდ დამამახსოვრდა...

ძალიან გული მწყდება და გაკვირვებული ვარ, რასაც რუსეთი სჩადის... გასაგებია, რომ მთავრობა იქცევა ასე, მაგრამ რუსი ხალხი როგორ უშვებს ამხელა სისასტიკეს?! 21-ე საუკუნეა, ხალხო, და რა დროს ბომბები, ჯარის გაგზავნა და ბავშვების, ხალხის ჟლეტაა?! საქართველოში რაც მოხდა, ხომ დავიშოკე, მაგრამ დღეს, მგონი, კიდევ უარესად ვარ... სასწაულად დიდი მასშტაბი მიიღო უკვე. უკრაინელები ხომ მეცოდებიან, მაგრამ, რუსი ხალხიც მეცოდება, რადგან ამდენად დიდ სასჯელს თავის თავზე იღებენ... ამდენად დიდი განსაცდელი რომ მოუვლინეს, როგორ იღებენ თავზე ამხელა ტვირთს?! ბოლოს ხომ ადამიანს ყველაფერი მოგეკითხება?! არაფერი ქრება - ხმლის ამომღები, ხმლითვე იგმირებაო... ლამაზი, მებრძოლი უკრაინელები როგორი სიყვარულით ექცევიან ტყვეებს, პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ!

- ისევ რუსეთს და თქვენს შემოქმედებით კავშირს რომ დავუბრუნდეთ, 12 წლის მერე რომ არ ყოფილხართ, ეს შემთხვევით მოხდა?

- რამდენიმე გამოფენა დაიგეგმა და მერე ჩაიშალა. გულწრფელად გითხრათ, ჩასვლის მიზეზიც არ მახსოვს... რა თქმა უნდა, 9 აპრილის შემდეგ სურვილი არ მქონდა და ძალიან ნაწყენი ვიყავი. პატარა, ქრისტიანული ქვეყანა - საქართველო ამდენი საუკუნე უძალიანდება და ეწინააღმდეგება იმას, რომ გზაჯვარედინზეა და სულ ტერიტორიების წართმევა ემუქრება... 21-ე საუკუნეში კიდევ ისეთ დღეში აგდებ, რომ თავის დაცვა მოუხდეს, თავისზე ათჯერ და ასჯერ დიდი ქვეყნისგან... როგორ შეიძლება ქვეყნის მესამედი წააგლიჯო, ეს ხომ საშინელი უსინდისობაა?!

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საფრანგეთში ვიყავი და ენით ვერ აღვწერ, რაც იქ დეზინფორმაცია მიდიოდა რუსეთიდან საქართველოს მიმართ... გეფიცებით, არ მეგონა, ინსულტს თუ არ მივიღებდი და მოვკვდებოდი. პრესკონფერენციებს ვაწყობდი, განუწყვეტლივ ვამტკიცებდი, რომ რასაც ამბობდნენ, სიმართლე არ იყო... ვცდილობდი, ხმა ყველასთვის მიმეწვდინა, მაგრამ მათგან ზღვა დეზინფორმაცია მოედინებოდა - დეზინფორმაციის დიდოსტატები არიან.

მადლობა ღმერთს, დღეს ყველამ ყველაფერი დაინახა, თორემ მაშინ მტკიცება მიწევდა და წარმოიდგინეთ ჩემი ტკივილი, როცა არ მიჯერებდნენ და მოვლენებს ეჭვის თვალით უყურებდნენ... 2008 წელს ვერ ჩამოეხსნა რუსეთს ნიღაბი, ახლა კი! მაშინ ბევრს ჩვენ ვეგონეთ დამნაშავე, რადგან რუსეთს ევროპის გაზეთებსა და ტელევიზიებში თავისთვის სასურველი ინფორმაცია გაჰქონდა...

- ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია თქმა, რომ ორი რუსეთი არსებობს?

- დარწმუნებული ვარ, რუსეთის მესამედს არ მოსწონს, რაც ხდება, ვიღაცები პროტესტით გამოვიდნენ, მაგრამ გამოსვლასაც, ალბათ, ბევრი იმიტომ ვერ ბედავს, რომ ეშინიათ. თუ თვითონ რუსეთმა არ გააპროტესტა ეს ყველაფერი, გარედან ჩარევა ვერ მოხდება. თავად რუსებმა უნდა დაგმონ რუსეთის ამხელა აგრესია სხვა ქვეყნების მიმართ!

- აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა რუსების საქართველოში ჩამოსვლას...

- მეც მაგ დღეში ვარ... თან მეცოდებიან ისინი, ვინც გამოექცნენ და ამ სიტუაციაში ყოფნა არ უნდათ... მეორეს მხრივ, მიკვირს, რუსებს გამოსაქცევი რა სჭირდათ, მესმის უკრაინელები მოდიოდნენ.

თუ ქრისტიანი ხარ, ყველას მოყვრულად უნდა მოექცე, მაგრამ ამ შემთხვევაში კეთილგონიერებამ და სიბრძნემ არ უნდა გვიღალატოს... კეთილთან ერთად ძალიან ბრძენიც უნდა იყო, ამ ყველაფერში ოქროს შუალედი დაინახო. სიბრიყვე უნდა გამოირიცხოს, მაგრამ იმდენად ძნელი მოსაძებნია ეს ოქროს შუალედი, ისევ ვიმეორებ, ძალიან დიდი სიბრძნე გვჭირდება, შეცდომა არ დავუშვათ.

- დღეს უკრაინას აქვს მსოფლიოს მხარდაჭერა?

- მე როგორც ვხედავ, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს... კიდევ ვიმეორებ, რაც ხდება, იმდენად დიდი საშინელება და აბსურდია, ადამიანი შეიძლება სასოწარკვეთილებამდე მივიდეს ასეთი უგუნური საქციელის გამო, რასაც რუსეთი სჩადის! ერთმორწმუნე ქვეყანა მეორე ქვეყანას ხალხს უკლავს და ტაძრებს უბომბავს...

- იმ ქართველ ხელოვანებზე რას იტყოდით, რომლებიც დღეს რუსეთის მხარეს დგანან?

- სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ვინც დგანან... დედას ვფიცავ, არც მჯერა, ასეთი ქართველები თუ არსებობენ. მე ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მიმართ განხორციელდა, რუსეთიდან უნდა წამოსულიყვნენ. მე, მაგალითად, რუსეთში ვეღარაფრით დავრჩებოდი... თუ შენი ქვეყანა გიყვარს, იქ მუდმივ სატანჯველში გიწევს ყოფნა და შენი ქვეყნის დაცვა. თან შენს ქვეყანას ვერანაირად ვერ დაიცავ, რადგან მათთან გამორიცხულია რამის მტკიცება. მაინც არ მჯერა, რომ დღეს თუნდაც რუსეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანები შეიძლება რუსეთის მხარეს იყვნენ.

- საქართველოდან რამდენად იყო უკრაინის მიმართ მხარდაჭერა?

- ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია, რომ ხალხისგან ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს ყველანაირად გამოიხატა... ჩვენმა საახლობლომაც მატერიალური დახმარება გავიღეთ, რაც კი შეგვეძლო...

ღმერთმა ქნას, რუსებს სიკეთე ჩაეღვაროს გულში, კეთილგონიერება მიეცეთ და მსოფლიო დამშვიდდეს. სიმშვიდის გარეშე ყველაფერს აზრი ეკარგება!

(სპეციალურად საიტისთვის)