რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ ბიოლოგიური იარაღის "ძველი ზღაპრები" გაიხსენა - კვირის პალიტრა

რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ ბიოლოგიური იარაღის "ძველი ზღაპრები" გაიხსენა

დღეს ბიოლოგიურ იარაღზე ვისაუბროთ და, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ მიმართა შანტაჟის ამ მეთოდს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და ტერორისტული სახელმწიფოების მიერ (რუსეთი, რომ ტერორისტული სახელმწიფოა არც ერთ ნორმალურ ადამიანს, მგონი, ეჭვი უკვე აღარ ეპარება) ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ალბათობა ძალზე დიდია.

რა არის ბიოლოგიური იარაღი და როგორ იყენებდნენ მას?

ბიოლოგიური, იგივე ბაქტერიოლოგიური იარაღი, ესაა სპეციალურად “გაწვრთნილი” ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების და მათი გავრცელების ტექნოლოგიების ერთობლიობა. ის გაცილებით საშიშია, ვიდრე დღემდე არსებული სხვა მასობრივი განადგურების საშუალება - ბირთვული და ქიმიური იარაღი. ის შეიძლება გავრცელდეს, ფაქტობრივად, ნებისმიერი გზით: სასუნთქი ორგანოებიდან, კანიდან, მწერების და მღრღნელების ნაკბენიდან და ა.შ. ამ უხილავ, უსუნო და ყოველმხრივ ფარულ იარაღს შეუძლია ეპიდემიის გამოწვევა და მილიონობით ადამიანი დაავადება.

სასიკვდილო ბაქტერიების და ვირუსების ფარულად გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ: თვითმფრინავებიდან გადმოასხურებენ ან კონტეინერს, სადაც ვირუსებით დაავადებული მღრღნელებია მოთავსებული, თვითმფრინავიდან აგდებენ. დედამიწაზე დაცემის შედეგად კონტეინერი იმსხვრევა, თაგვები და ვირთხები გარბიან და სასიკვდილო ვირუსებს ირგვლივ ავრცელებენ. ამავე დროს, არსებობს ბიოიარაღის გავრცელების უფრო თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიებიც, კერძოდ, ბაქტერიოლოგიური რაკეტები, საავიაციო და საარტილერიო ჭურვები და სხვ.

სპეცსამსახურებისა და ტერორისტებისთვის ხელსაყრელი ადგილი ხალხმრავალი ადგილებია (მეტრო, ბაზარი და ა.შ.), სადაც იოლია სასიკვდილო ვირუსის ფარულად გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს მიიღო ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის განადგურების და წარმოების აკრძალვის კონვენცია, დღესაც ბევრი ქვეყანა არა მარტო აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით, არამედ - საიმედოდ ინახავს ძველ და ფარულად ქმნის ახალ ბიოიარაღს.

მათი მიზანია მოწინააღმდეგის არა მარტო ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოყვანა, არამედ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, პირუტყვის და ნათესების განადგურებაც. ბიოლოგიურ იარაღს ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში იყენებდნენ. მაშინდელი მეთოდები მართლაც რომ დროის შესაფერი იყო. თავად განსაჯეთ - ალყაშემორტყმულ ციხე-ქალაქებში ტიფით ან ციმბირის წყლულით გარდაცვლილი ადამიანის ან ცხოველის გვამის გადასროლა რამდენად მორალური იყო. ამგვარი ბიოლოგიური შეტევა, ციხის დამცველებს შორის პანიკასთან ერთად, სასიკვდილო ვირუსის გავრცელებასაც იწვევდა.

მომდევნო საუკუნეებში ბაქტერიების და ვირუსების გავრცელების მეთოდები და ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა. დღეისათვის ცნობილია ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება:

1916 წელს, როცა პირველმა მსოფლიო ომმა აპოგეას მიაღწია, გერმანიის სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბიოიარაღი გამოეყენებინათ. ამ ოპერაციაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ერთ დღეს ესპანეთში გერმანიის ელჩმა მაქსიმილიან ფონ რატიბორმა ბერლინიდან ძალზე საინტერესო ამანათი მიიღო. ეს იყო ლამაზად შეფუთული საპონი. მხოლოდ ელჩმა და რამდენიმე პირმა იცოდნენ, რომ ამ საპნების შიგნით მინიატურულ მინის სინჯარებში გერმანიის სამხედრო-ვეტერინარულ აკადემიაში გამოყვანილი ციმბირული წყლულის ბაქტერიები იყო მოთავსებული. გეგმის თანახმად, არგენტინასა და აშშ-ში მოქმედ გერმანიის აგენტებს ამ სასიკვდილო ბაქტერიებით უნდა დაეავადებინათ ის ცხენები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთში უნდა გაეგზავნათ. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პოლიციის ყურადღების წყალობით ეს ოპერაცია ჩაიშალა, თუმც გერმანიის სპეცსამსახურები მაინც ეძებდნენ სხვა გზებს.

ერთი წლის შემდეგ, 1917 წლის იანვარში, ფინეთისა და შვედეთის საზღვართან დააკავეს “ტურისტების” ჯგუფი, რომელსაც გერმანელი ბარონი ოტო კარლ ფომ როზენი ხელმძღვანელობდა. მალევე გაირკვა, რომ მათ სურდათ ციმბირული წყლულის ვირუსი გაევრცელებინათ . . . ირმებში. “ბიოლოგიურ” დივერსანტებს თან აღმოაჩნდათ ამ სასიკვდილო ვირუსით მოწამლული შაქრის ნატეხები, რომლებიც, თავის მხრივ, დახუფულ ხორცის კონსერვის ქილებში იყო მოთავსებული. სპეცოპერაციის მიხედვით, შაქრის ნატეხები იმ შინაური ირმებისთვის უნდა დაეყარათ, რომლებსაც მარხილებით რუსეთში გადაჰქონდათ ინგლისური იარაღი. ზამთრის პერიოდში ეს იყო ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს საბრძოლო მასალებს და იარაღს აწვდიდა.

1930-იან წლების დასაწყისში ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით თავი იაპონიამ “გამოიჩინა”. ამ ქვეყნის ავიაციამ ჩინეთის ქალაქებსა და სოფლებში რამდენჯერმე ჩამოყარა შავი ჭირის მატარებელი რწყილებით დაავადებული ხორბალი და ბრინჯი. ცნობილია იაპონიის ე.წ. “731-ე რაზმის”, რომელიც 1932 წელს შეიქმნა, დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ.

b2-1647331846.jpg

ჰირო ისიი, იაპონიის არმიის

ბიოლოგიური იარაღის სამმართველოს უფროსი

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია ბიოლოგიური იარაღის უფრო მასშტაბურ გამოყენებას შეუდგა. კვანტუნის არმიამ ოკუპირებულ მანჯურიაში ადამიანებზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებისთვის სუპერსაიდუმლო დანაყოფი – “731-ე რაზმი” შექმნა. ოფიციალურად ეს რაზმი ჩინეთის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის კეთილშობილურ მისიას ასრულებდა, სინამდვილეში კი ეს დანაყოფი, რომლის შემადგენლობაში 1945 წლის დასაწყისში ორიათას კაცზე მეტი იყო, ახორციელებდა ფართომასშტაბიან ბაქტერიოლოგიურ ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ მიზნით იაპონელები იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს - თვითმფრინავებიდან ჰყრიდნენ ბაქტერიებით “დატენილ” ჭურვებს, ნათესებსა და საძოვრებს ასხურებდნენ ბაქტერიაშემცველ სითხეს, საარტილერიო დანადგარებიდან ისროდნენ ვირუსებითა და ბაქტერიებით სავსე ჭურვებს და ა.შ. მანჯურიის ტერიტორიაზე მოქმედებდა, აგრეთვე, ორი საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ცდებს ადამიანებზე, კერძოდ კი - ჩინელ ტყვეებზე ატარებდნენ.

საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის შექმნა 1926 წელს დაიწყო, როცა წითელი არმიის სამხედრო-ქიმიური სამსახურის სტრუქტურაში გასაიდუმლოებული სპეცლაბორატორია შეიქმნა. სტალინის პირადი დავალებით საიდუმლო სამუშაოები განსაკუთრებით 1928 წლიდან გააქტიურდა. რამდენიმე წელიწადში პირველი საბჭოთა ბიოლოგიური იარაღიც შეიქმნა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს კვლევები საწყისშივე შემტევ და არა - თავდაცვით ხასიათს ატარებდა.

წითელმა არმიამ 1936 წელს ჩაატარა ფართომასშტაბიანი საარმიო სწავლება, სადაც დაიხვეწა ბიოიარაღის (უპირველესად - შავი ჭირის და ციმბირის წყლულის) გამოყენების ტაქტიკა და მეთოდიკა. ცნობილი რუსი მეცნიერის, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევ ფიოდოროვის მტკიცებით, სტალინმა ბიოლოგიური იარაღი 1942 წელს პაულიუსის არმიის წინააღმდეგ გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ძალზე გაფართოვდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც საბჭოთა დიქტატორი “ცივ ომში” გამარჯვებას ყველანაირი ხერხით გეგმავდა. ქალაქი სვერდლოვსკი ბიოიარაღის კვლევების და წარმოების ცენტრად იქცა. მიწისქვეშა ბუნკერებში განთავსებული იყო საიდუმლო ლაბორატორიები და საწარმოო საამქროები.

შეიქმნა ერთიანი კომპლექსი, რომელიც ოფიციალურ მიმოწერაში მე-19 სამხედრო ქალაქად მოიხსენიებოდა. ვირუსოლოგიისა და ტოქსინების მიმართულებით მუშაობდა ქალაქ ზაგორსკში მდებარე საიდუმლო ინსტიტუტი (ზაგორსკი-6).1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალი, ძირითადად, სამ ქალაქში იყო თავმოყრილი: სვერდლოვსკში ბაქტერიების“მოთვინიერებაზე” და მის საბრძოლო ბიომასად ფორმირების დანადგარებზე მუშაობდნენ; კიროვში შავი ჭირის შტამები გამოჰყავდათ, ხოლო ზაგორსკში “შავი ყვავილის” ბაქტერიებს ზრდიდნენ. ასე რომ, საბჭოთა კავშირს ბიოლოგიური იარაღის რაოდენობითა და მრავალფეროვნებით ვერავინ წაართმევდა ლიდერობას.

ნებისმიერი სამეცნიერო კვლევა, მით უფრო - ბიოლოგიაში, საცდელ პოლიგონს საჭიროებს, სადაც თეორიული აღმოჩენები პრაქტიკული შედეგებით უნდა დადასტურდეს. საბჭოთა კავშირსაც სჭირდებოდა ამგვარი პოლიგონები. 1930-იანი წლების ბოლოს არალის ზღვაში მდებარე უდაბურ კუნძულ ვოზროჟდენიაზე მშენებლები გამოჩნდნენ. სულ ორიოდე წელი დასჭირდათ, რათა მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების მთელი კომპლექსი აეშენებინათ. კუნძული ისე დატოვეს, რომ თავადაც არ იცოდნენ, რა მიზნებს უნდა მომსახურებოდა ეს ქალაქი.

თავდაპირველად კუნძული წითელი არმიის საიდუმლო სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაიკავეს, თანდათანობით კი ექიმებს ბიოლოგები ცვლიდნენ. სახელიც “საინტერესო” მოუძებნეს - არალსკი-7. საიდუმლო ქალაქს საკუთარი ასაფრენი ზოლი ჰქონდა. ორ და სამსართულიან ყაზარმებში წვევამდელები (რომელთაც მხოლოდ გარე პერიმეტრის დაცვას ანდობდნენ), ხოლო შორიახლოს მდგომ კოტეჯებში - ზევადიანი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობდნენ.

b3-1647332216.jpg
ასე გამოყურება დღეს კუნძული ვოზროჟდენია

ქალაქისგან რამდენიმე კილომეტრის დაცილებით საიდუმლო ლაბორატორიები და საცდელი პოლიგონი მდებარეობდა. ისინი მაღალი მავთულხლართებიანი ბადის ორი ზოლით იყო შემოღობილი. კუნძულს ავტონომიური ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, რასაც იქ მდებარე ორი ელექტროსადგური უზრუნველყოფდა. კუნძულის საზღვაო აკვატორიის დაცვას სამხედრო კატარღები და თვითმფრინავები უზრუნველყოფდნენ. ორმოცდაათ წელზე მეტი ამ კუნძულის საიდუმლოს შესახებ მხოლოდ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა პირებმა იცოდნენ.

1972 წელს საბჭოთა კავშირის კპ ცკ-მ სპეციალური დადგენილება მიიღო მოლეკულური ბიოლოგიის აღორძინების ღონისძიებათა შესახებ, თუმცა ამ გადაწყვეტილების უკან საბჭოთა გენერლების შორსმიმავალი სამხედრო მიზნები იმალებოდა.

საბჭოთა კავშირი ფულს არ იშურებდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გასაფართოებლად. მოსკოვთან და ნოვოსიბირსკთან ახლოს შეიქმნა მძლავრი ვირუსოლოგიური კვლევის სამეცნიერო-სამრეწველო ცენტრები, ლენინგრადში კი ამ პროფილის ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა. ყველაზე მეტად ყაზახეთს “გაუმართლა”. უდაბურ სტეპებთან ახლოს აშენდა მიკრობიოლოგიური კვლევების მთელი ქალაქი - სტეპნოგორსკი. იქ მიმდინარე თეორიული კვლევების შედეგები არალის ზღვაში მდებარე კუნძულ ვოზროჟდენიის საცდელ პოლიგონზე მოწმდებოდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)