ისრაელის უპილოტოები უკრაინელებს დღეს ძალიან წაადგებოდათ, თუმცა ლიცენზირებული ისრაელის დრონებით რუსები პირიქით იქით ბომბავენ უკრაინელებს...
ისრაელის უპილოტოები უკრაინელებს დღეს ძალიან წაადგებოდათ, თუმცა ლიცენზირებული ისრაელის დრონებით რუსები პირიქით, იქით ბომბავენ უკრაინელებს...
უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეუწყვეტლივ უწევს მეტ-ნაკლებად შედეგიანი ბრძოლა რუსული თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ფრთოსანი რაკეტებისა თუ დრონების საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად და 15 მარტისთვის ფოტოვიდეომასალებით უტყუარად დადასტურებულია რუსული 13 თვითმფრინავის,15 შვეულმფრენისა და 8 დრონის ჩამოგდება-დაზიანება (სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ავიაციის დანაკარგი მეტია, უბრალოდ, ამის ზუსტად დამამტკიცებელი ფოტოვიდეომასალა ჯერჯერობით არ მოიპოვება).
საინტერესოა, რომ ჩამოგდებული რუსული დრონებიდან ერთ-ერთის ფრაგმენტზე ძალიან კარგად იკითხებოდა
Israel Aerospace Industries Tamam Division ანუ ისრაელის ცნობილი საიარაღო კორპორაციის ერთ-ერთი შვილობილი ფირმის სახელი, რომელიც დრონებისთვის მაღალტექნოლოგიურ ელექტროოპტიკურ სათვალთვალო სისტემებს ამზადებს...

რა გამოდის?
ნუთუ ისრაელის ლეგენდარულმა დაზვერვამ უკრაინის ცაში გამოაგზავნა თავისი დრონი, რომ რუსი აგრესორების მიერ უკრაინის მიწაზე ჩადენილი ცოდვები მომავალი ჰააგის ტრიბუნალისთვის შეეგროვებინა და უკრაინელმა მეზენიტეებმა ის შეცდომით ჩამოაგდეს?
არა, ეს დრონი შეცდომით არავის ჩამოუგდია - მას ფრთებზე დიდი წითელი ვარსკვლავები ეხატა და მისი საშუალებით რუსი სამხედროები არა მარტო ზვერავდნენ, არამედ - ზუსტად ბომბავდნენ კიდეც უკრაინის დამცველების პოზიციებს...
მაშინ როგორ აღმოჩნდა ისრაელის წარმოების მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების ტექნიკა რუსი გენერლების ხელში, ნუთუ ვერაგმა „გე-რე-უმ“ მოჰპარა ასე ფრთხილ ისრაელს?
არაფერი ამის მაგვარი, პირიქით - ისრაელმა ოფიციალურად და დიდი სიხარულითაც მიჰყიდა რუსეთს თავისი დრონები და მათი ლიცენზირებული წარმოების უფლება რუსეთს და, თანაც, ეს პროცესი რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან და ქართული ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაციიდან სულ რაღაც ერთ წელში დაიწყო...
ისტორია მოკლედ ასეთია - აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე საქართველომ ისრაელისგან იყიდა იმ დროისთვის თანამედროვე „ჰერმეს-450“ ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები და „სპაიდერის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, პარალელურად, განხორციელდა ქართული ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მოდერნიზაცია ისრაელის ფირმების თანამედროვე ტექნოლოგიებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი საბრძოლო შესაძლებლობები.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს საზენიტო „სპაიდერებმა“ კარგად „იმუშავეს“, მოდერნიზებული ქართული ტანკებიც მიზანს არ აცილებდნენ და... ისრაელმა უცბად შეწყვიტა ყოველგვარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, რატომ?
იმიტომ, რომ კრემლის თხოვნა-მოთხოვნის გათვალისწინებით დაიდო რუსეთ-ისრაელის ფარული გარიგება: ისრაელი აღარ აწვდის სამხედრო ტექნიკას ქართულ არმიას, სამაგიეროდ - რუსეთი ირანს არ მიჰყიდის С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს...
გარდა ამისა, რუსი სამხედროები აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან დაინტერესდნენ ისრაელის წარმოების დრონებით და 2009 წლის აპრილში 12 მლნ დოლარად Searcher II ტიპის ორი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შეიძინეს გამოსაცდელად, რომელსაც სწორედ ისრაელის ცნობილი ავიაკოსმოსური კონცერნი - Israel Aerospace Industries აწარმოებდა.
რუსეთის გენერალიტეტს მოეწონა ისრაელის სადაზვერვო დრონები და მალევე, 2010 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა 300 მლნ-დოლარიან კონტრაქტს, რომელიც რუსეთის ყაზანის შვეულმფრენების ქარხანაში ისრაელიდან ჩატანილი დეტალების საშუალებით Searcher II ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ლიცენზირებული სერიული წარმოების დაწყებას ითვალისწინებდა.
2012 წლიდან კი უკვე „სამოქალაქო ავიაციის ურალის ქარხანამ“ დაიწყო ისრაელის დრონების სერიული აწყობა, „ფორპოსტის“ სახელწოდებით.
2017 წლისთვის რუსეთის არმიის შეირაღებაში „ფორპოსტის“ 30-მდე კომპლექსი იყო - თითოეულ კომპლექსში მართვის ცენტრი და სამი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შედიოდა და ყველა მათგანი ისრაელიდან მიწოდებული მაკოპლექტებელი დეტალებისაგან იყო აწყობილი რუსეთის ტერიტორიაზე.

ის, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა აქტიურად იყენებდა, ფაქტობრივად, ისრაელში დაპროექტებულ და ისრაელში წარმოებული დეტალებისგან აწყობილ, მაგრამ რუსულად გადანათლულ „ფორპოსტებს“, ჯერ კიდევ 2015 წლის 20 მაისს გამოჩნდა, როდესაც უკრაინელებმა პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონეცკთან რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს და ხელში, ფაქტობრივად, ისრაელის წარმოების დეტალების გროვა შერჩათ...
ამის შემდეგ ისევ დონბასში უკრაინელ მეზენიტეებს კიდევ ოთხჯერ გაუღიმათ ბედმა და ისრაელ-რუსეთის ოთხი „ფორპოსტი“ „დაამიწეს“...
მაგრამ ბედის ირონია, იცით, რაშია?
2018 წლის 11 ივლისს ისრაელის „ცახალმა“ ამაყად განაცხადა, რომ სირიის მხრიდან მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, მაგრამ მისი ფრაგმენტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის... რუსების „ფორპოსტი“ გახლდათ, თავად ისრაელიდან რუსეთში გაგზავნილი დეტალებით აწყობილი...
ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბუმერანგის პრინციპმა“ იმუშავა, თანაც რუსეთმა ირანს მაინც მიჰყიდა С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები...
აღსანიშნავია, რომ ეხლა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მოდერნიზებულ „ფორპოსტებსაც“ იყენებს, რომლებსაც სადაზვერვოს გარდა, დამრტყმელი ფუნქციებიც აქვს და ლაზერული დამიზნების კორექტირებად 20 კგ-იანი „ჭკვიანი“ მინიბომბებით შეუძლია მიზნის ზუსტი დაზიანება.
რომ არა ისრაელის სერიოზული სამხედრო-ტექნიკური დახმარება აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატების ტექნიკური განვითარების დონე ბევრად დაბალ საფეხურზე იქნებოდა და ის ნაკლებად დაემუქრებოდა დღეს უკრაინას და ვინ იცის, ხვალ კიდევ ვის...
საქმე ის არის, რომ დასავლეთმა და მათ შორის- ისრაელმაც უნდა გაათვიცნობიერონ, რომ როდესაც მაღალტექნოლოგიურ, მით უმეტეს - სამხედრო დანიშნულების პროდუქციას ყიდდნენ „ბოროტების იმპერიის“- საბჭოთა კავშირის მთავარ მემკვიდრეზე, რუსეთზე, ამით ისინი მომავალში უდიდეს პრობლემას უქმნიდნენ ისევ თავის თავს და - მთელ მსოფლიოსაც...