"რამზან კადიროვი დღეს ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფეა, ის გარანტიას ქმნის, რომ ისლამისტები რუსეთს არ შეაწუხებენ" - კვირის პალიტრა

"რამზან კადიროვი დღეს ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფეა, ის გარანტიას ქმნის, რომ ისლამისტები რუსეთს არ შეაწუხებენ"

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარეს უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იბრძვის, მათ შორის არიან ეთნიკური ჩეჩნებიც, რომელთაც ჩეჩნეთის ტერიტორია წლებია, დატოვეს. მეორე მხრივ, რუსულ არმიასთან ერთად კადიროვის ჯარი იბრძვის.

თუ "კადიროველები" რუსეთს უჭერენ მხარს, უკრაინის მხარეს შეიხ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონები იბრძვიან. ისინი კიევის უსაფრთხოებას იცავენ. აქამდე, 2014 წელს ეს ორი ბატალიონი უკვე იბრძოდა დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც პუტინის ბრძანებით რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა, ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუკი უკრაინული მხარე ოფიციალურად დასთანხმდებოდა უკრაინაში მათ ლეგალურად ჩასვლას და შემდეგ მებრძოლებს ექსტრადაციას არ მოუწყობდნენ და ჩეჩნეთს არ გადასცემდნენ.

ამ ამბავმა კადიროვის გაბრაზება გამოიწვია. ჩეჩნეთის ლიდერმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა, მათი ლიდერის თავისთვის კი - ჯილდო დააწესა. მუქარის მიუხედავად, ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები უარს არ ამბობენ უკრაინის მხარეს ბრძოლაზე და მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.

შეიხ მანსურის ბატალიონის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ორი ბატალიონი სრულად ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ ბატალიონთან ერთად იბრძოლებენ, სრულიად ლეგალურად იქნებიან უკრაინაში. ბატალიონის მეთაურმა მუსლიმ ჩებერლოევსკმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა რუსეთის ჩეჩნეთში შეჭრას შეადარა.

checheni-1647336151.jpg
მუსლიმ ჩებერლოვსკი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის

თუ რატომ იბრძვის ჩეჩენ მებრძოლთა ერთი ნაწილი უკრაინის, ხოლო მეორე ნაწილი - რუსეთის არმიის მხარეს, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- უკრაინის მხარეს ახლა ორი ბატალიონი იბრძვის - ჯოხარ დუდაევის სახელობის და შეიხ მანსურის სახელობის. ეს ბატალიონები 2014 წელს შეიქმნა და მათი შექმნის ინიციატორი იჩქერიელი საველე მეთაური ისა მუნაევი იყო. როცა რუსებმა, პრაქტიკულად, ომი დაასრულეს ჩეჩნეთში, მათ სწორედ მაშინ დატოვეს ქვეყანა, გაერიდნენ იქაურობას და ევროპაში დაიმკვიდრეს ადგილი. ისინი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

ისა მუნაევმა 2000-იანი წლების მიწურულს დანიაში ორგანიზაცია „თავისუფალი კავკასია“ დააარსა, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო თავად, მოადგილედ კი ჰყავდა ერთი აზერბაიჯანელი და ერთი ქართველი. სწორედ ამ ორგანიზაციის საშუალებით მოხდა იმ ჩეჩნების მობილიზება, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას დასთანხმდნენ. 2014 წელს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მუნაევმა ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი ჩამოაყალიბა და უკრაინაში საომრად ჩავიდა. ისა მუნაევი რამდენიმე წელში გარდაიცვალა - მის მოსაკლავად დაწესებული იყო ჯილდო, მოუწყვეს პროვოკაცია და თავდასხმისას დაიღუპა.

შემდეგ ის სხვებმა შეცვალეს და ეს ბატალიონი დღემდე არსებობს. ეს არ არის მრავალრიცხოვანი ბატალიონი, ჩემი ცნობით, ამ ბატალიონში ქართველებიც არიან.

ისინი რუსეთის პოლიტიკას და იმ რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, რომელიც ახლა ჩეჩნეთშია, ანუ კადიროვის დღისწესრიგს. ამჟამად ევროპაში, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე ჩრდილო-კავკასიელია ემიგრირებული, აქედან ძალიან ბევრი - ჩეჩენია.

- აღსანიშნავია, რომ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რამზან კადიროვი ყველაზე მეტადაა ჩართული ამ ომში, აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებასა თუ მოწოდებას. მან პრეზიდენტ ზელენსკის დანებებისკენაც მოუწოდა.

- ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საყრდენი იყო ჩრდილოეთ ოსეთი. ჩეჩნები ყოველთვის არაკონტროლირებადი და იმპერიისთვის სახიფათო ხალხი იყო. პუტინმა მოახერხა მდგომარეობის შეცვლა და რამზან კადიროვის გალიდერება.

დღეს ჩეჩნეთი რუსეთის მთავარი საყრდენია. დღეს რამზან კადიროვი და მისი რეჟიმი გარანტორია, რომ რუსეთს ისლამისტები არ შეაწუხებენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე, ჩეჩნეთი ყველაზე მეტ თანხას იღებს მოსკოვიდან, ჩეჩნეთი ყველაზე უფრო წელში გამართულია, რამზან კადიროვი, პრაქტიკულად, მილიარდერია, ეს არის ერთადერთი ადამიანი ჩრდილოეთ კავკასიის ხელმძღვანელებიდან, რომელსაც 80 ათას კაცამდე ჰყავს შეიარაღებული, ისინი სხვადასხვა ოფიციალურ სივრცეში არიან გაერთიანებულნი, ძირითადად, ეროვნულ გვარდიასა და შსს სამინისტროში. რამზან კადიროვი დღეს ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფეა, ის გარანტიას ქმნის, რომ ისლამისტები რუსეთს არ შეაწუხებენ.