"გამოვლინდა სავარაუდო ნეპოტიზმის, შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის სამინისტრო ეროვნულ კინოცენტრზე
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ კინოცენტრში კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები,ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აუდიტორული შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათიც.
უწყების ცნობით, ფინანსური აუდიტი, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
„კულტურის სამინისტრო აქვეყნებს იმ დარღვევების მოკლე ჩამონათვალს, რაც აუდიტორული შემოწმების შედეგად კინოცენტრში გამოვლინდა და რომელთა ნაწილიც, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს:
მთელ რიგ შემთხვევებში, კინოცენტრის დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N101 ბრძანების ,,ფილმის პროექტის დაფინანსების, შექმნის და დასრულების ეტაპების აღწერილობის დამტკიცების თაობაზე“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით, კინოცენტრმა განახორციელა კონკურსში გამარჯვებული პირების მიერ შეძენილი ძირითადი საშუალებების დაფინანსება, რაც, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს;
კინოცენტრის მიერ არასრულად ხორციელდებოდა კინოპროექტებისათვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების სათანადო კონტროლი (ხარჯთაღრიცხვის მუხლების ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის კონტროლი); რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წარმოებაში ჩაშვებული ფილმებისათვის წესის დარღვევითა და დაუსაბუთებლად დამატებითი თანხების გაცემას; ადგილი ჰქონდა საკონკურსო პირობებით დადგენილი წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ ისეთი პროექტის რეგისტრაციის ფაქტს, რომელიც გახდა კონკურსის გამარჯვებული;
შესამოწმებელ პერიოდში, პროექტების განხილვაში მონაწილეობდა კინოცენტრის დირექტორი გ. ჩხეიძე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა ერთ-ერთი პროექტის, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს და, აგრეთვე, ამ პროექტის დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის - ა(ა)იპ „პრომეთე“ დირექტორს. არ არის გამორიცხული, მოცემულ ინტერესთა კონფლიქტს შეექმნა ხელსაყრელი წინაპირობები და გავლენა მოეხდინა კინოცენტრის გადაწყვეტილებაზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გ. ჩხეიძის ქმედებებში შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს;
უმეტეს შემთხვევებში, კინოცენტრის მიერ ფილმის წარმოებისთვის დაფინანსება განხორციელდა ისე, რომ დაფინანსების მიმღებ კანდიდატს საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი ალტერნატიული დაფინანსების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, არ დასტურდებოდა ფილმის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 25%-ის ალტერნატიული დაფინანსების არსებობა, რითაც დარღვეულია „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით „სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის დაფინანსებისას არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-ს“;
რიგ შემთხვევებში, ფილმის წარმოების საკონკურსო პირობები იყო ბუნდოვანი, რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა;
-2020 წლებში გამარტივებული შესყიდვების საშუალებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისას, კინოცენტრს საქონლის ან მომსახურების საბაზრო ფასის და სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, არ ჰქონდა ჩატარებული ბაზრის კვლევები“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IPN