"ვცვლი ჩვენს პოლიტიკოსებს კილოგრამ მაკარონში" - კვირის პალიტრა

"ვცვლი ჩვენს პოლიტიკოსებს კილოგრამ მაკარონში"

სათაურად ერთ-ერთ დემონსტრაციაზე დანახული პლაკატიდან კი დავწერე ფრაზა, მაგრამ იმან, რაც დღეს მინდა გითხრათ, მწერალ ნინო ხარატიშვილის სიტყვები გამახსენა: „მართლა ძალიან ჭკვიანურად განსაჯა მამიკო რუსეთმა, როცა თავის პატარა, ცოტა არ იყოს თავაშვებულ შვილიკო საქართველოს ყველა სისუსტე წააქეზა და სიძლიერედ შერაცხა, რადგან შვილმა შეიფერა, დაიჯერა, რომ მამას აჯობა ეშმაკობით, მის ძალაუფლებას დაუსხლტა და ვერც კი შეამჩნია - ისე ცდილობდა, მამის სიყვარული და შექება დაემსახურებინა - როგორ იქცა ნამდვილ მეძავად...“

კი, ასეა! რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი კი არა, ჩვენი ტვინები აქვს ოკუპირებული კარგა ხანია და, ალბათ, ამიტომ ყოველ ჯერზე მშვიდად უმზერს ჩვენს ე. წ განრისხებას, „რაღაცისთვის“ ფაფხურს და, ალბათ, ოდნავ ირონიულად იღიმის, როცა ერთმანეთს დავერევით ხოლმე.

იყო „ოპოზიცია“ დღევანდელ საქართველოში ნიშნავს - ცილი დასწამო, მტრად გამოაცხადო, დეზინფორმაცია ავრცელო, შეურაცხყო... იყო ხელისუფლება ნიშნავს - ყველა სათქმელი თავისმართლებით დაიწყო, შეჯიბრებითობის პრინციპი გაამყარო, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი დამალო, არათანმიმდევრული იყო... ფაქტი ერთია, პოლიტიკოსები ერთმანეთის მტრობაზე მაღლა სამშობლოს ვერ აყენებენ!

სწორედ ამიტომ გათვალა მამიკო რუსეთმა თავის დროზე ყველაფერი კარგად. ჩვენი ფსიქიკა შეისწავლა და დღეს, ისე როგორც მაშინ, საბჭოეთში, დარბიან საზღვარგარეთ, როგორც მეძავები, შიდა ამბების ჩასატანად, ერთმანეთის დასასმენად, სხვის „ჩასაჩოჩებლად“... გაიგეთ ადამიანებო, უცხოა ასეთი აზროვნება ევროპისთვის. ზუსტად ასეთი ქმედებები გვაფერხებს, რათა თავის სრულფასოვან წევრად გვაღიაროს. რაც მეტად გინდა გული აუჩუყო დასავლეთს, მით მეტად შორს დაიჭერს თავს. დაიჯერეთ! როცა შიდა პრობლემები გარეთ გაგაქვთ, ეშინიათ ასეთი რამის. ჩვენ გვთვლიან ჩამოუყალიბებელ, უპრინციპო ქვეყნად, რომელიც განვითარებისთვის მიცემულ რეკომენდაციებსაც არ ითვალისწინებს...

ისე, რა მაგის პასუხია და, გაოგნებული კი ვარ „ნაცების“ მიზანდასახულობით: ყველაფერს აკეთებენ, თუნდაც ასეთ ვითარებაში, რომ თავიანთი დანაშაული გადაფარონ და სათავეში მოვიდნენ...

ჰო, იმას ვამბობდი, რომ ამ შიდა გაჭირვების და გარე ომის დროს პოლიტიკური მანიპულაციები უფრო ძნელი ასატანია ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის! ვხვდებით, რომ უზნეობა იდეოლოგიის რანგში გაქვთ აყვანილი!

სურვილი მაქვს, მივიდე პოლიტიკოსებთან და გამოკითხვა ჩავატარო, რას ვიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსით? გგონიათ, ერთ ღამეში, თავისით, გადავარდება ვიწრო პარტიული მტრობა, გამდიდრდება ქვეყანა, აღმოიფხვრება კორუფცია, ჩვენი უწყებები თანამედროვე ევროსისტემას მორგებულ სტრუქტურად გადაიქცევა?...

აღვირახსნილმა თვითნებობამ, უპრინციპობამ, დიპლომატიის უგულებელყოფამ, მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე დამყარებულმა აზროვნებამ და ამ ბრმა "ურა-პატრიოტიზმმა" ჩაგვაგდო იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვართ. ეს არის ქაოსი და მთლიანობაში - ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერია. ამ დროს გამალებით ვაზიარებთ სოცქსელში და ვაწერთ ხელს დოკუმენტს, იქნებ ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანა გავხდეთ. იმის ნაცვლად, რომ ვისხდეთ და სერიოზულ კითხვებს ვსვამდეთ - რა გვჭირდება ამ ტალახიდან ამოსასვლელად?

ევროპელებს არ უყვართ რუსები. არ სცემენ პატივს. ბევრჯერ მინახავს ქუჩაში ფულისთვის, გიტარაზე მღერის რუსი და ზურგს უკან შუა თითს უჩვენებს ადგილობრივი. დიახ, ზურგს უკან, მალულად, რადგან კანონი მის ქვეყანაში ამ რუსსაც იცავს, რადგან მიიღეს და ემიგრანტად აღიარეს. ჩვენ კი, წამოწოლილებს, კლავიატურასთან ომის მოგება გვინდა.

მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს აზრი, მაგრამ ვინ შემოვა, რამდენი და, საერთოდ, რა რესურსი აქვს ქვეყანას ამისთვის, ხელისუფლება წყვეტს. ჩვენ, ხალხი კი ინფორმირებული უნდა ვიყოთ. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყანა ემიგრანტებისგანაც კი სარგებელს თვითონ იღებს. ჩვენ რას მოგვცემს, არა მხოლოდ რუსის შემოდინება, არავინ არაფერს აკვირდება, არ განიხილავს. მთელი მედია აბსოლუტური უაზრობით არის დაკავებული.

ამასთანავე, ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ადგილი: როგორ ცხოვრობს, რამდენად შეესაბამება მისი შესაძლებლობები თანამედროვე მოთხოვნებს, რამდენად დაცულია მისი, როგორც ადამიანის უფლებები, როგორია საზოგადოების ან, თუნდაც, მის ირგვლივ მყოფი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა? გაინტერესებთ ეს საკითხები? რა თქმა უნდა - არა, რადგან ეს ამბავი ყოველთვის დარღვეულია ჩვენს ქვეყანაში. ხალხს მხოლოდ დასაცინად იგდებთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა და ეკონომიკური ხედვა იმისა, თუ როგორი ქვეყანა გვინდა დავტოვოთ. ვერ ვხედავ ე. წ ექსპერტებს მუდმივი განსჯით, რა კუთხით რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხსნათ „საბჭოეთს“.

მსოფლიოსთვის ამ ურთულეს სიტუაციაში, ჩვენთან ყველაზე მთავარია პოლიტიკური სტაბილურობა და ამ დროს, როცა ერის პოლარიზებისთვის ყველაფერს აკეთებ, ეს პრორუსული სვლაა. ქვეყნის შიგნით შუღლის გაღვივება და ხალხის დაქსაქსვა არ არის სამართლიანი ბრძოლა! აშკარაა, დღეს ქართველი პოლიტიკოსები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

რაც არის ოპოზიცია - გავიგეთ, მაგრამ ქვეყნის განვითარებაზე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. მან უნდა გვითხრას, რა ელის ქვეყანას მომავალში. უნდა შეწყვიტოს ქაოსი. პოლიტიკური მმართველობის არაეფექტიანობა და ეს პოლიტიკური კულტურა მან უნდა შეცვალოს. მან, ხელისუფლებამ უნდა დააყენოს ქვეყანა განვითარების გზაზე!

სახელმწიფოს თუ პიროვნების თავისუფლება პასუხისმგებლობით დასტურდება და არა - თვითნებობით. დაფიქრდით, ვინ რა პასუხისმგებლობას იღებთ ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ ერთ დღეს პასუხი მწარედ მოგეთხოვებათ!